ბავშვთა ფსიქოლოგიაქართველი ფსიქოლოგები

ქრისტინე კარანაია – შიშები ბავშვებში და მასთან გამკლავების გზები

შიში არის ადამიანის ბუნებრივი  ემოცია და ის გვეხმარება გადარჩენაში, გვიცავს პოტენციური საფრთხისგან. ზრდასრულებს გვაქვს  გამოცდილება და ცოდნა, რაც ხელს გვიწყობს, რაციონალურად შევაფასოთ სიტუაცია და გამოვარჩიოთ რეალური საფრთხე, ბავშვები კი ყველაფერს უფრო მწვავედ განიცდიან და ჩვენთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება მათში სერიოზული შფოთვა გამოიწვიოს.

თითოეული ბავშვი პერიოდულად განიცდის შფოთვებს, მოუსვენრობას, შიშებს, ეს მათი ზრდის თითქმის გარდაუვალი ნაწილია. ყველა ასაკს მისთვის დამახასიათებელი შიშები აქვს.  კვლევები ადასტურებს, რომ სტატისტიკურად ყველაზე გავრცელებული შიში – სიბნელის შიშია, რაც სიკვდილის გაცნობიერების პროცესს უკავშირდება.

თუ ბავშვი ჩივის, რომ მას რაღაცის ეშინია, ეს არ შეიძლება დაცინვის ან პანიკის მიზეზი გახდეს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს  ბავშვთან საუბარი და  შიშის მიზეზის გამორკვევაა. ბავშვების შიშების უმეტესობა დროებით ხასიათს ატარებს, უფროსების მხრიდან შიშების დროულად იდენტიფიცირებით და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულებით ისინი მალევე გაქრება, კვალის გარეშე. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შიშებიც, რომლებიც აფერხებენ ბავშვის ნორმალურ განვითარებას – ამ შემთხვევაში, უმჯობესია, დასახმარებლად მივმართოთ სპეციალისტს.

ბავშვებს არ შეუძლიათ ფანტაზიასა და რეალობას შორის ზღვარის გავლება, ამიტომ თუ უბრალოდ ვეტყვით, რომ საწოლის ქვეშ მონსტრები არ ბინადრობენ და არაფერია საშიში, ასეთი ფრაზებით ჩვენ ვერ დავამარცხებთ შიშს, სამაგიეროდ ვაჩვენებთ ბავშვს, რომ მისი გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი. ამის სანაცვლოდ, შეგვიძლია ერთად დავათვალიეროთ ოთახის ყველა წერტილი, შევიხედოთ საწოლის ქვეშ, ერთად დავრწმუნდეთ, რომ მანდ არაფერია.

ბავშვების შიშის სპეციფიკა ისაა, რომ, როგორც წესი, ისინი პირდაპირ კავშირში არ არიან რეალურ საფრთხესთან. ბავშვების შიშები იმ ინფორმაციას ემყარება, რომელსაც ისინი ზრდასრულებისგან იღებენ და თავიანთი მდიდარი ფანტაზიისა და წარმოსახვის პრიზმაში ატარებენ, ანუ, გამოდის, რომ ხშირად მათი შიშები მშობლებისგან არის დასწავლილი. თუ დედას ეშინია ლიფტში შესვლის, ან მოუწოდებს ბავშვს სიფრთხილისკნ, როცა ძაღლს ხედავს, ცხადია, ბავშვი ამ შიშებს სწავლობს. თუ მშობელი მუდმივად აფრთხილებს ბავშვს ყველა კუთხე-კუნჭულში არსებული საფრთხის შესახებ, ეს, ბუნებრივია, ამძაფრებს მათში შიშის განცდას და თანდათანობით სამყაროს მიმართ უნდობლობაც უყალიბდებათ.

არც თუ ისე იშვიათად, ბავშვებში შფოთვის და შიშების გამომწვევი ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები ხდება, როცა უფროსები თავს უფლებას აძლევენ საკუთარი  ბრაზი აგრესიულად გამოხატონ , როგორც ბავშვის, ისე ერთმანეთის მიმართ; ისინი ვეღარ აღიქმებიან ბავშვისთვის ადამიანებად, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავენ და მის გვერდით იქნებიან, დაუცველობის შეგრძნება კი სხვადასხვანაირი შიშების მაპროვოცირებელი ხდება. დაუცველობის შეგრძნება, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ურთიერთობების დეფიციტმა, როცა მშობლები ვერ ახერხებენ გადატვირთული რეჟიმის გამო ბავშვებისთვის საკმარისი დროის დათმობას და შესაბამისად, ამ დეფიციტის შევსება ვერ ხდება.

 

როგორ შევამციროთ შფოთვა და დავძლიოთ შიშები?

აუცილებელია, დღეში მინიმუმ ნახევარი საათი გააატაროთ ბავშვებთან ისე, რომ იყოთ მხოლოდ მათი – ხატოთ მათთან ერთად, ისეირნოთ, ირბინოთ, აკეთოთ ის, რაც მათ უყვართ. ხშირად ჩაეხუტოთ ზურგიდან, რადგან ეს აყალიბებს უსაფრთხოების შეგრძნებას, განცდას, რომ ზურგს საყვარელი ადამიანი უმაგრებს.

დახატეთ შიში. ხატვა ბევრი ბავშვისთვის საყვარელი აქტივობაა. კარგი იქნება, თუ მშობელი ჩაერთვება ხატვის პროცესში. სთხოვეთ ბავშვს, დახატოს მისი შიში და მოაყოლეთ დეტალურად, როგორია ეს შიში, რა უნდა მისგან, რის გამო მოვიდა, რისი გაკეთება შეუძლია, რა უყვარს, რას აკეთებს ყველაზე ხშირად. ამის შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვს, ფერადი ფანქრებით ეს შიში გადააქციოს სასაცილო ან კეთილ არსებად, გააფერადოს, გაამხიარულოს ისე, რომ მოსწონდეს მისი ყურება, და ამჯერადაც ჰკითხეთ, როგორ შეიცვალა ეს არსება, ახლა რა უნდა, როგორია, რისი კეთება მოსწონს, მეგობრები თუ გაიჩინა. ან შეგიძლიათ შესთავაზოთ, დაწვას ან დააქუცმაცოს ფურცელზე გადატანილი თავისი  შიში.

ზღაპარი: შეარჩიოთ ზღაპარი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ბავშვის მდგომარეობას. კარგია, თუ ის დატვირთული იქნება საშიში გმირებით. ამბის თხრობა შეწყვიტეთ შუა ნაწილში და სთხოვეთ ბავშვს, დაასრულოს ზღაპარი. მას საშუალება ეძლევა, ზღაპრის საშიში გმირები დაამარცხოს, გაანადგუროს, კეთილ პერსონაჟად გარდაქმნას და ამბავი მისთვის მისაღები ინტერპრეტაციით დაასრულოს, რაც შფოთვის ხარისხის შემცირებაში დაეხმარება.

ნიღაბი:  დაეხმარეთ ბავშვს, თაბახის ფურცლიდან გამოჭრას სუპერძლიერი ადამიანის ნიღაბი, გააფერადოს და გააფორმოს თავისი სურვილისამებრ. შემდეგ აიფაროს ეს ნიღაბი და ვკითხოთ, როგორ გრძნობს თავს, რისგან იცავს ეს ნიღაბი, რისი გაკეთება შეუძლია, როგორ შეუძლია ამ ნიღაბს დაიცვას, მისი შიში როგორ მოიქცევა ამ ნიღბის წინაშე, როგორ შეუძლია ამ ყოვლისშემძლე ნიღბის დახმარებით დაამარცხოს საკუთარი შიშები; შიში რას იგრძნობს, როცა ამ ნიღბიან ადამიანს დაინახავს.

ასევე ეფექტურია, თუ გამოჭრის ნიღაბს, რომელიც მის შიშს უკეთია. მოირგოს თავად და სცადოს იმ შიშის თვალებით ყურება; აბა, წარმოიდგინოს, რას გრძნობს ეს შიში, რის გამო მოდის ის ბავშვებთან, რა მიზანი აქვს, სინამდვილეში მართლა ასეთი საშიშია? მართლა ასეთი ცუდია? თუ უყვარს ვინმე, თუ უყვარს თამაში, რისი კეთება უყვარს, როგორ გრძნობს თავს, როცა ხედავს, რომ ასე ეშინიათ ბავშვებს მისი. როგორ ხასიათზეა?

ამ სავარჯიშოებით ბავშვებს საშუალება ეძლევათ, უკეთესად გაიცნონ საკუთარი ემოციები, შეამცირონ შფოთვა, შეარბილონ კონკრეტული შიშის მიმართ დამოკიდებულება, უფრო ხელშესახები გახადონ, გარდაქმნან და დაძლიონ ისინი.