კატეგორიის გარეშე

რენატა ცომაია – „ორორას გამოქვაბულის თავგადასავალი“

          ემოციური ინტელექტის განვითარების ინოვანიური სამაგიდო თამაში

წარმოიდგინეთ საიდუმლო გამოქვაბული დაბურულ ტყეში, სადაც ოთხი მონსტრი ცხოვრობს თავის მეგობრებთან, ხვლიკებთან და პეპლებთან ერთად. მონსტრების ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით: ისინი ეჯიბრებიან მეზობელი ტომის წითელ ჯუჯებს, სწავლობენ მთასვლელობას, გადიან სირთულეებს „ვაკა სოკოების“ ტერიტორიაზე და მონაწილეობენ ხის რობოტებზე რბოლებში.

მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, მონსტრები ხატავენ და ძერწავენ შინაგანი კონცენტრაციისა და განათების სახელოსნოში, იკვლევენ ერთობლივი წარმოსახვის ზღვას და მედიტირებენ მზის ჩასვლისას.

„ორორას გამოქვაბულის თავგადასავლები“ არის უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელიც 8-დან 16 წლამდე ბავშვებს ასწავლის ემოციების მექანიზმებს, მათ გაცნობიერებასა და მართვას, ქცევის კონტროლს რთულ სიტუაციებში, ემოციურად დატვირთულ თემებზე თავისუფალ მსჯელობას, სხეულის ექსპრესიას, თანაგრძნობის არსსა და მის სწორ გამოხატვას.

თამაში ასევე ეხმარება ბავშვს შეისწავლოს სიტყვები, რომლებითაც უკეთ გამოხატავს საკუთარ განცდებს. გარდა ამისა, იგი მოიცავს სპეციალურ სივრცეს, სადაც ბავშვი სწავლობს სახის გამომეტყველებების ამოცნობას.

თამაშს აქვს უამრავი სახალისო ელემენტი: უჩინარი პასუხები, ჯადოსნური ფანარი, საიდუმლო კონვერტები და სხვა, რაც დინამიკასა და აზარტთან ერთად ინარჩუნებს ბავშვის ინტერესს მთელი თამაშის განმავლობაში.

გარდა ამისა, თამაში მოიცავს ემოციური ინტელექტის ტესტს და 12 ვიდეოლექციას, სადაც ბავშვისთვის მარტივ ენაზე ახსნილია ემოციური ინტელექტის ძირითადი კონცეფციები.

ბავშვისთვის ემოციური ინტელექტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს არა მხოლოდ მის ქცევას, არამედ მომავალ ურთიერთობებს, სწავლასა და ცხოვრებისეულ წარმატებას.

რა არის ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი ნიშნავს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობას, გაგებას, მართვას და სწორად გამოხატვას.

მაგალითად: მეოთხე კლასელ დათოს უჭირს მათემატიკა, ვერ იგებს მასწავლებლის ახსნილს და უჭირს საშინაო დავალებების შესრულება. ასეთ სიტუაციაში ზოგი ბავშვი იკეტება, არ ითხოვს დახმარებას და საკუთარ თავს უუნაროდ თვლის.

ემოციური ინტელექტი დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის რეაგირებას სირთულეებზე და ეხმარება მას სწორად ნავიგაციაში.

დათოს შემთხვევაში, განვითარებული ემოციური ინტელექტი დაეხმარებოდა მას:

  • გააცნობიეროს, რომ სირთულე გადალახვადია და არა მისი პიროვნების ნაწილი
  • გაიგოს, რომ დავალებების იგნორირება ან ბრაზი/იმედგაცრუება არ არის კონსტრუქციული გამოსავალი
  • გაუზიაროს თავისი სირთულეები დედას
  • თუ დედა ახსნის დროს ზედმეტად მომთხოვნი იქნება, გააცნობიეროს, რომ მისი მიზანი დახმარებაა და სთხოვოს უფრო ნელა ახსნა
  • მიმართოს მასწავლებელს გაკვეთილის წინ და სთხოვოს დახმარება სირცხვილის ნაცვლად

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?

  1. ემოციების მართვა

ბავშვი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ბრაზს, შიშს, იმედგაცრუებასა და სტრესს. ეს ამცირებს აგრესიულ ქცევას და ეხმარება მშვიდად გადაწყვეტილებების მიღებაში.

  1. უკეთესი ურთიერთობები

ემოციური ინტელექტი ავითარებს ემპათიას, ბავშვი სწავლობს სხვისი გრძნობების გაგებას, რაც ეხმარება მეგობრობის შენარჩუნებას და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.

  1. აკადემიური წარმატება

კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი ხშირად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატებაში, ვიდრე მხოლოდ IQ.

  1. მაღალი თვითშეფასება

ბავშვი, რომელიც საკუთარ ემოციებს იცნობს და მართავს, უფრო თავდაჯერებულია და უკეთ უმკლავდება წარუმატებლობას.

  1. ფსიქიკური ჯანმრთელობა

ემოციური ინტელექტი ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის რისკს და ეხმარება ბავშვს სტრესულ სიტუაციებთან ადაპტაციაში.

„ორორას გამოქვაბულის თავგადასავლები“ გადიოდა ხანგრძლივ ტესტირებას სხვადასხვა ასაკის ბავშვებში. ტესტირების პროცესში შევამჩნიეთ, რომ თამაშის შემდეგ ბავშვები იხსენებდნენ თამაშის კარტებიდან სხვადასხვა სიტუაციებს და მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ.

ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა:

„ახლა სასკოლო პროექტებს ვაკეთებ როგორც მონსტრი ტორო, ვყოფ ნაწილებად და წინასწარ ვგეგმავ, რამდენი დრო მჭირდება შესრულებისთვის.“

სხვა მონაწილე:

„როცა არაფრის კეთების ხასიათზე ვარ, მახსენდება, რას აკეთებდა მონსტრი მიკა ასეთ დროს და მერე იდეები მომდის, რა ვქნა ასეთ სიტუაციაში.“

კიდევ ერთი მონაწილე:

„ბევრად უფრო ყურადღებით ვაკვირდები სხვა ადამიანების ემოციებს და ეს ძალიან მართობს.“

ემოციური ინტელექტის განვითარება ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია, რაც მშობელს შეუძლია თავის ბავშვს აჩუქოს. ეს არის უნარი, რომელიც ადამიანს ეხმარება მეტი სიმშვიდითა და უკეთესი განწყობით შეხვდეს გამოწვევებს, მიიღოს უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები და დაამყაროს ხარისხიანი სოციალური ურთიერთობები.