ქართველი ფსიქოლოგები

“პოზიტიური აზროვნება განვითარების და შემოქმედობითობის წინაპირობაა”-მარინა კაჭარავა

მარინა კაჭარავაფსიქოთერაპევტი, ადიქციის კვლევის და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელი.

მარტივი არ არის, თუმცა არც შეუძლებელი, ვიფიქროთ პოზიტიურად. როგორ ფიქრობთ, ადამიანისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისია თუ არა, იმისათვის, რომ ეს მოახერხოს. როგორ შევძლოთ, სურვილის შესაბამის ხარისხში აყვანა  და ჩვენი აზროვნების პოზიტიურ სისტემაში მოქცევა?

მეტად საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხია. ამისთვის პანდემია და ინფოდემია არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა თავისი აზროვნება პოზიტიურად გადააწყოს. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანებს ყოველთვის გვჭირდება.

პოზიტიური აზროვნება განვითარების და შემოქმედობითობის წინაპირობაა. ეს არის უნარი, იპოვო დადებითი გამოსავალი და გადაჭრის გზები. ის თავდაპირველად იწყება რეალობის  მიღებით. რა თქმა უნდა, ამ რეალობაში უნდა ვეცადოთ დავინახოთ ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია და რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, მასთან ვიწყებთ ადაპტაციური რესურსების გამოყენებას. ზოგადად, პოზიტიური ჩარჩო მნიშვნელოვანია, როგორც წარსულთან მიმართებაში, ისე დღევანდელ და მომავალ დროსთან. წარსული არის დრო, რომელიც აღარ ბრუნდება. მისგან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები და ვისწავლოთ თუ რა და როგორ შეიძლება სამომავლოდ ან დღეს გამოვიყენოთ. ჩვენ წარსულში ვცხოვრობდით „იქ და იმჟამად“ და მაშინ თუ რამე შეგვეშალა, ადამიანები ვართ. მაგრამ რა გვასწავლა ამ შეცდომამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი და გზავნილი წარსულიდან.

ერთადერთი დრო არსებობს -„აქ და ამჟამად“. მომავალი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მომავლისადმი გავუშვათ: ნდობა, სიყვარული და იმედი. ნდობა-თუ ღმერთის გწამს-ღმერთის, თუ არადა-სამყაროსი, მაგრამ ბაზისური ნდობაა მთავარი; სიყვარული-რომლის ინტერპრეტაციაც ყველას თავისებური აქვს და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე რომ დღეს ვარ იმედით, რწმენით და სიყვარულით, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღე  მშვიდი და ლამაზი მაქვს, მეტად ვარ მონდომებული, რომ რაც შემიძლია, ვიშრომო ოპტიმიზმით, რომელიც ერთის მხრივ, არის ადაპტაციური და მეორეს მხრივ-იმუნური რესურსი. იმუნიტეტი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ცნება. ის ფსიქოლოგიური ცნებაცაა. ასეთი იმუნიტეტი მეტი აქვს ისეთ ადამიანს, ვინც პოზიტიურად აზროვნებს. რა თქმა უნდა, თუ ოპტიმიზმი არის უსაფუძვლო, ზოგ შემთხვევაში ის ფრუსტრაციით მთავრდება. ადამიანს შეუძლია, რომ  საკუთარ თავს ასწავლოს პოზიტიური ფიქრი და მიმართებები. პოზიტიური აზროვნების საფუძველში დევს მადლიერება. ნეიროფიზიოლოგებმა და ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს ,რომ მადლიერების დროს თავის ტვინში ნეირომედიატორულ დონეზე ხდება ცვლილებები. მადლიერება არ ნიშნავს იმას, რომ თუ რამე „ცუდი“ ხდება ან კრიზისია, ასეთ დრო არაადეკვატურები ვიყოთ. მაგრამ კრიზისში  თუ ჩვენ დავინახავთ გამოწვევას, რომლის შედეგადაც მე შეიძლება განვითარდე, მეტი ვისწავლო და ამ ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვახდინო ჩემი პიროვნების აქტუალიზაცია, მაშინ შეიძლება ეს კრიზისი წამადგეს და ჩემთვის გახდეს პოზიტიური. მადლიერება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან, ფსიქოსომატურ მდგომარეობასთან და მის ბიოლოგიურ მდგომარეობასთანაც, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ძალით  ჩვენ თავს უნდა ვასწავლოთ მადლობის თქმა. მე რომ თქვენ გასიამოვნებთ და კარგს გისურვებთ, მე ხომ ეს ბუმერანგის სახით დამიბრუნდება. ეს სამყაროს წესი და კანონია. თუ გაუშვებ პოზიტივს, აუცილებლად პოზიტივი დაბრუნდება. ასევე მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდის უნარი, რომელსაც საოცარი სიამოვნება და განთავისუფლება მოაქვს.

პოზიტიური აზროვნება ნიშნავს მივიღო რეალობა, ვეცადო დავინახო პოზიტივი, ვიყო მადლიერი, შემეძლოს ჩემი შეცდომების აღიარება. და სამომავლოდ მქონდეს: რწმენა, იმედი და სიყვარული.

როგორ ფიქრობთ, პოზიტიური  ფიქრი ,ეს არის უნარი, რომელიც ყველა ადამიანს არ გააჩნია, თუმცა მისი დასწავლა შესაძლებელია თუ არა?

რა თქმა უნდა, დასწავლაც შესაძლებელია, რადგან ჩვენ თითქმის ყველაფერი დასწავლილი გვაქვს. ადამიანი არის არსება, რომელიც სწავლობს. მათ შორის, ჭამა-სმა, რომელიც არის ინსტიქტური ქცევა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ყველა ერთნაირად არ ჭამს და არ სვამს. ჩვენ ვსწავლობთ მანერებს, ქცევებს. წარმოიდგინეთ ადამიანი ტყეში რომ გაიზარდოს, მაუგლი იქნება. მაუგლიც ხომ მითია. ადამიანს 6-7 წლამდე თუ არ ექნება ურთიერთობა სხვებთან, მისგან ადამიანი არასოდეს დადგება. ანუ სოციალური ელემენტი მნიშვნელოვანი და მძლავრია. ის კი არა, ვინ ვარ მე და როგორი ვარ, ესეც დასწავლილი მაქვს უმეტესობა, ვიდრე მე თვითონ ვარ მიხვედრილი და მაქვს გააზრებული. სანამ გააზრებას დავიწყებ ვინ ვარ და როგორი ვარ მე, წარმოდგენები ჩემ შესახებ უკვე მაქვს, ეს არის სოციუმისგან, მშობლებისგან, საზოგადოებისგან ჩამოწოდებული. თუ უნებლიეთ, ანუ არაცნობიერში მოხდა მისი შემოტანა და ჩემი თვითშეფასების ნაწილი გახდა, მე უკვე შემიძლია ეს ცნობიერით შევცვალო. პიროვნებას შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მიზნის დასახვა და მის განსახორციელებლად საჭირო ქცევის შესრულება.

როგორ აისახება  და რა გავლენას ახდენს პოზიტიური ფიქრი თვითშეფასებაზე?

პოზიტიური ფიქრი ადამიანის გუნება-განწყობილებას ამაღლებს და მისი ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი უგემურად, უფრო დამძიმებულად ცხოვრობს. თითქოს უსაგნო ნივთებით სავსე ტვირთი მიაქვს, რომელიც მას არ სჭირდება. პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი კი არის მსუბუქი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადარჩე. სიმსუბუქე ნიშნავს იმას, რომ მიმღებლობა მაქვს რეალობისადმი და არ ვიწყებ მასთან „ჭიდაობას“.

რაც შეეხება, თვითშეფასებას. ის სამგვარი არსებობს: ადეკვატური, დაბალი და მაღალი. საკუთარი თავის მიღებით იწყება ყველაფერი. მე თუ ჩემი თავი ვერ მივიღე ისეთი, როგორიც ვარ, მე სამყაროს ვეღარ მივიღებ. სწორედ ჩემი დამოკიდებულება შედის „მე“ კონცეფციაში სამყაროსადმი. თუ მაქვს მადლიერების განცდა,“ ვინ ვარ და როგორი ვარ“, ეს არის პოზიტიური „სტარტი“ ,რომლითაც ვიწყებ ცხოვრებას. დაბალ თვითშეფასებას ძირითადად სამი  შემადგენელი აქვს: გარეგნობა, ინტელექტი და წარმომავლობა. სიმშვიდის წინაპირობაა, როცა შემიძლია რაიმეს შეცვლა ან გაუმჯობესება და ამას ვაკეთებ, რისიც არა  – ადაპტაციურ რესურსებს ვიყენებ და მოცემულობას ვიღებ. სწორედ ეს სიმშვიდე გვეხმარება სირთულეების დაძლევაში და ყველა იმ ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარებაში, რომელიც წინ შეიძლება დაგვხვდეს. ეს სიმსუბუქე გამოიხატება, როგორც  საკუთარი თავის, ისე სამყაროს მიღებით. მე შემიძლია ვიოცნებო, არავინ დამიშლის ამას, თუმცა რეალობის მიღება უმნიშვნელოვანესია. არავინ არ არის დაზღვეული გაჭირვებისგან, არც კრიზისისგან. მაგრამ გადატანის რესურსი ადამიანს აქვს და უნდა გამოიყენოს. თუ საჭირო იქნება, იგლოვოს კიდეც და შემდგომ გამოვიდეს პოზიტივში, განაგრძოს ცხოვრება.

წყარო ჩვენი ენერგიისა და რესურსისა ადამიანმა კი არ უნდა დაახშოს, არამედ მოუშვას და ამ დინებაში გამოიყენოს ყველა ის პოზიტივი, რომელიც არის მასში. ისწავლოს, განვითარდეს. „ყველაფერი რთული და გენიალური არის ძალიან მარტივი“ სინამდვილეში. ადამიანი თვითონ ართულებს ყველაფერს, ორკესტრირებას უკეთებს და ამძიმებს მას.

ყველა ემოცია, რომელიც მოცემული გვაქვს, გვჭირდება ფუნქციონირებისთვის, გადარჩენისთვის, განვითარებისთვის, ადამინებთან, გარკვეულ ჯგუფებთან ,სოციუმთან და საკუთარ ოჯახთან ურთიერთობისთვის. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მას. სევდის გენერალიზაციას გავაკეთებ და დეპრესიაში ჩავვარდები, ბრაზის და აგრესორი გავხდები თუ სიხარულის და – აჟიტირებული, ეს უკვე ჩვენს ხელშია. „ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების დირიჟორები“.

როგორც ამბობენ, ჩვენი აზრები ქმნიან ჩვენ რეალობას. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება.

ადამიანები ეჩვევიან სქემებით აზროვნებას. მაგალითად, a=b და b=c, გამოდის, რომ a პირდაპირ უდრის c-ს და აღარ გვინდა შუალედური b(ეს მათემატიკაში). აზროვნების შემთხვევაში კი   იწვევს კოგნიტურ შეცდომას. თუ ადამიანს დამახსოვრებული აქვს სქემებით რაღაც უდრისები, ამის გამო ის ძალიან მარტივად აკეთებს მცდარ დასკვნებს. ვეღარ ფიქრობს და ვერც ანალიზს აკეთებს. აზრების შედეგად ჩნდება  მოლოდინები, რომლებიც თითქმის ყოველთვის ტენდენციურია. მოლოდინი განკარგავს შედეგს. ნეგატივზე ჩაციკვლა და ფიქრი იმის შესახებ, რომ ცუდი მოხდება, იწვევს პანიკას, დაბლა წევს იმუნიტეტს, რესურსების მოძიების და გამოყენების უნარს. პანიკის დროს ადამიანს აღარ აქვს უნარი სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს ანალიზი, ამიტომ იმპულსური ქცევით პასუხობს. პიროვნებას აქვს რესურსი, რომ ყველაფერში დაინახოს პოზიტიური. მოცემულ კრიზისშიც კი, როგორი გლობალურიც არ უნდა იყოს ის.

იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, ერთერთი საუკეთესო მეთოდი არისმოვუწოდოთ საკუთარ თავს, შევაფასოთ ის დადებითად და პოზიტიური ფიქრებით დავიწყოთ პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა მოცემულ სიტუაციაში შეიძლება ვერ ვახერხებდეთ ამას. რას ურჩევთ ასეთ დროს ადამიანებს, რომ საკუთარი თავის მოტივირება ბუნებრივს გავდეს და რეალობასთან იყოს ახლოს, ვიდრე ხელოვნურად აღიქმებოდეს ის?

ძალიან ინდივიდუალურია ის, რაც თქვენ თქვით. სამ კითხვას გასცეს ადამიანმა პასუხი თავის თავთან მიმართებაში. რა მინდა? რა მჭირდება? რა შემიძლია? შეიძლება ბევრი რამ მინდა, მაგრამ არ მჭირდება ის, ბევრი რამ მჭირდება, მაგრამ არ მინდა. ზოგჯერ რაღაცები მინდა და მჭირდება, მაგრამ არ შემიძლია და პირიქით. ეს არის უმნიშვნელოვანესი სამი კითხვა, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას და გამოხშიროს რა შეუძლია, რა რესურსები აქვს. ეს რესურსი ყველანაირი მიმართულებით შეიძლება ჩამოწეროს. შეიძლება კარგად ვცეკვავ, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენად მჭირდება. ადამიანმა თავისთვის უნდა გამოიყვანოს ფორმულა. აუცილებელია, რომ ჩემი „მინდა“ მიზნად ვაქციო. ზოგადად „მინდა“ ძალიან ბევრია: ოცნება, სურვილი, მოთხოვნილებები. ის ფართო სპექტრისაა, მაგრამ მე თუ ოცნებაში დავახარჯე დრო, ასე ვერაფერს ვიზამ. როცა ადამიანი ამ სამ კითხვას პასუხს გასცემს, უნდა დაუკვირდეს თავის თავს.

ხშირად ადამიანი სწავლობს და აღმოაჩენს, რომ სხვაგან აღმოჩნდა იმიტომ, რომ მოდას აყვა, ან თავის თავს არ მოუსმინა. ამას კი გვიან ხვდება. მიზანი არის ის, რაც კონკრეტულია. რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, რომ „მინდა ვიყო ბედნიერი“, „მინდა ვიყო განათლებული“- ეს ოცნებებია. მიზნის თქმა კონკრეტულად ერთ წინადადებაში უნდა შემეძლოს, რომლის რესურსიც მაქვს. აქ შედის დრო, ნიჭი, ფინანსური ფაქტორი. ყველაფერი ის, რაც მიზნის მისაღწევად საჭიროა. აუცილებელია დავგეგმო ნაბიჯები, რათა გავიგო რამდენ ნაბიჯში შეიძლება ამ მიზნის, რომ ჩავშალო პირველ ეტაპზე გასვლა. დანარჩენ შემთხვევაში შეიძლება ბევრი რამ მინდოდეს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთო ცხოვრებაში იმიტომ, რომ არ დავაკონკრეტე, არ დავარქვი სახელი და არც ჩავშალე.

რა გავლენას ახდენს პოზიტიურ ფიქრებზე წარსული გამოცდილება და ნეგატიური ინფორმაცია, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები დიდი დოზით გადმოგვცემენ?

ჩვენ წარსულიდან მოვდივართ და წარსული არის ის, რაც დღეს ჩვენში აისახა ყველაფერი. ჩვენი ჩასახვიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს გამოცდილება არამარტო საკუთარი, არამედ  ჩვენი წინაპრებისაც. ის მნიშვნელოვანია ჩვენი ამ დროის კონტინიუმზე ისევე, როგორც მომავალი, მაგრამ დღეს არც ერთი არ არსებობს. წარსული უკვე იყო.თუ მისკენ მიბრუნებული ვიცხოვრებ,ვერ წავალ წინ. ეს ერთგვარი ბაზაა, რომელზედაც ვდგევარ, მაგრამ უნდა შემეძლოს დასკვნის გამოტანა. როგორც პოზიტიურმა, ისე ნეგატიურმა გამოცდილებამაც უნდა მასწავლოს. რომ არ არსებობდეს შეცდომა, ადამიანი არ დაჭკვიანდებოდა. რომ წავიქეცი, ორმოში ჩავვარდი, ეს მე მაადამიანებს. მე რომ მეშლება, ამით ვარ ადამიანი, რადგან რაღაცა ვისწავლე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში შეცდომას არ დავუშვებ, თუმცა დღეს უფრო მეტი ვიცი, ვიდრე წლების წინ. შეგიძლია იცხოვრო წარსულით, მაგრამ გამოდის, რომ  ცხოვრობ „იქ და იმჟამად“, რაც უკვე არ არის რეალობა.

და, რაც შეეხება, მედია საშუალებებს, ეს არის გავლენის ფსიქოლოგიის სფეროდან, რომელიც გახლავთ ადამიანების მასად ქცევის ძალიან მძლავრი იარაღი. მასას პიროვნებისგან განსხვავებით არ აქვს პასუხისმგებლობა. ის შეიძლება გახდეს მგლოვიარე, მოზეიმე, მებრძოლი და ა.შ. საინფორმაციო საშუალებები გაერთმნიშვნელიანებას  უწყობს ხელს. რაღაც კუთხით კარგია, ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას რომ ვიღებთ, რადგან ვხვდებით, რომ სამყარო არ არის ისეთი, როგორც ამბობს ან ხედავს ერთი ვინმე. მთავარია, ვეცადოთ, რომ გავლენისგან ნაკლებად დავზიანდეთ. რაც ნაკლებს მოისმენს ადამიანი, მითუმეტეს ასეთი პანდემიის დროს, რამაც დღეს მსოფლიო მოიცვა, უკეთესია. ეს შოკისმომგვრელია, რის მერეც მოდის უარყოფა, სიბრაზე, სევდა და ბოლოს შეგუება. საზოგადოება გადის ამ კანონზომიერებას, მთავარია, მანიპულირებადი არ გახდეს. ადამიანს აქვს უნარი  თვითონ  გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

რას ურჩევთ პესიმისტ ადამიანებს, როგორ შეძლონ დადებით ფიქრებზე და შეხედულებებზე მიმართონ ყურადღება?

თუ თვითონ ვერ ახერხებს, ვინმეს მიმართოს და თუ თავისი რესურსი აქვს ეცადოს, რომ გააკეთოს ერთი სავარჯიშო. რასაც და ვისაც ვერ იტანს, ეს შეიძლება იყოს მოვლენაც, დაინახოს პოზიტივი. ისწავლოს პოზიტივის დანახვა მისთვის მიუღებელ შინაარსებში და პიროვნებებში. ამ ვარჯიშით შეიძლება უფრო ადამიანური გახდეს, მეტი მიმღებლობა ჰქონდეს. ერთი რაკურსით ნუ შეხედავს, დაატრიალოს ეს „მოვლენა“ და სხვა მხრიდანაც დაინახოს, იქნებ არ არის შავბნელი და სხვა მხრიდან არის ფერადი. თუ თავად ვერ შეძლებს, მიმართოს სპეციალისტს.

პოზიტიური აზროვნება ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს და „აქ და ამჟამად“ ცხოვრებას ხდის საინტერესოს და სავსეს.

წარმატებას გისურვებთ!

მოამზადა სალომე სისაურმა