“კოკასა შიგან რაცა დგას”
ოცდამეერთე საუკუნემ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი. სტრესი, უსიამოვნო მოვლენები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. აჩქარებული და დაძაბული რიტმი, აგრესიული ურთიერთობები და კონფლიქტური დამოკიდებულება, ძალადობა და შემზარავი ინფორმაციები და ა.შ. აჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ ემოციას ჩვენში. რა ხდება მათი გაჩენის რეალური მიზეზი? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი აქვს ამერიკელ ფსიქოთერაპევტს და ფსიქოლოგს ვირჯინია სატირის. ეს ქალბატონი თვლის, რომ პრობლემა, რომელსაც ჩვენ ზედაპირულად ვხედავთ ადამიანებთან ურთიერთობაში ქცევის სახით, თავისთავად იშვიათად წარმოადგენს რეალურ პრობლემას. სინამდვილეში ფესვები ღრმა ბავშვობაშია. ის ადამიანის ტვინს განიხილავს როგორც ჭურჭელს, სადაც უზარმაზარი ინფორმაცია ინახება და მას მოიხსენიებს, როგორც „ემოციების ქოთანს“. რაც უფრო ნეგატიურია ეს ინფორმაცია, მით მეტია რისკი გაჩნდეს ე. წ. დამანგრეველი ძალა: ბრაზი, ბოროტება და აგრესია.
ვირჯინია სატირის მიერ შექმნილი ეს მოდელი მოგვიანებით დაამუშავა ი. გიპენრეიტერმა წიგნში – „ბავშვთან ურთიერთობა- როგორ?“ ეს წიგნი არის პასუხი იმაზე, თუ საიდან იღებს სათავეს დამანგრეველი ძალა. ჩვენი ქმედებები ცნობილი ფსიქოლოგის თქმით, მთლიანად დამოკიდებულია ამ ქოთნის შიგთავსზე ანუ მდგომარეობაზე. რითიც შეივსება ადამიანის ტვინი ემბრიონის მდგომარეობიდან მოყოლებული ცხოვრების პირველ ეტაპზე, ეს ინფორმაცია იქნება ამ ადამიანის საქციელის განმსაზღვრელი უკვე მომდევნო პერიოდებში. იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაწყდებით, მხოლოდ ამ ქოთნიდან გადმოსული შიგთავსით განპირობებული ქცევაა. თითოეულ ადამიანს განსხვავებული ემოციების ქოთანი აქვს, ამიტომ სანამ ქცევას შევაფასებთ, საინტერესო იქნება ვიცოდეთ რა იწვევს ამ ქცევას რა არის რეალური მიზეზი.
„ემოციების ქოთანში“ გამოიყო 4 ძირითადი ზონა, სადაც შევსება ფსკერიდან იწყება.
- „მე ვარსებობ“
- დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები
- განცდითი(მტანჯველი) ემოციები
- დამანგრეველი ემოციები
მოდით მივყვეთ თითოეულს. ერთი მეორეს განაპირობებს.
- „მე ვარსებობ“ არის პირველი შრე ემოციების ქოთანში, რომელიც თავისთავდ საწყისია და მოიცავს შემდეგ ბაზისურ მისწრაფებებს:
მე საყვარელი ვარ
მე კარგი ვარ
მე შემიძლია
- თუკი მშობელი უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავს ახალშობილი შვილის მიმართ და ამ დროს ყურადღება აკლდება უფროსს,
- თუკი მშობელი ადარებს სხვას – „ნახე რა კარგი გოგოა/ბიჭია“
- მაგალითად მოჰყავს სხვა ბავშვი „მიბაძე… ნახე რა კარგად იქცევა“
- თუკი მშობელი განვითარების შესაბამის ეტაპზე არ აძლევს საშუალებას ბავშვს დამოუკიდებლად ჩაიცვას, ჭამოს, და ა.შ.
ასევე ფრაზები:
„შენ რა ცუდი გოგო/ბიჭი ხარ!“
„,აღარ მიყვარხარ“,
„შენ ვერ გააკეთებ,
„დაისვრები, მომეცი მე გაჭმევ“
„შენ პატარა ხარ და ვერ შეძლებ“
ეს ყოველივე პირდაპირ კლავს „მე“ -ს კონცეფციას ბავშვში.
ბავშვობის ამ ეტაპზე ჩვენ თავზე წარმოდგენას მშობლების აზრით ვიქმნით, რადგანაც საკუთარ თავზე დაკვირვება არ შემიძლია, ამიტომ საკუთარ თავს აღვიქვამ ისეთად, როგორადაც მშობლები მხედავენ. მშობელი აკრავს ბავშვს „იარლიყს“ და ბავშვი ფიქრობს – „მე არ ვარ საყვერლი, „მე ცუდი ვარ და „მე ვერ გავაკეთებ, რადგანაც არ შემიძლია“ და ამით ემოციების ქოთანში ნეგატიურ ინფორმაციას აყალიბებს. შემდგომში ბავშვი ეცდება ეს ყოველივე ან გაამართლოს, ან ჯიბრზე დაგიმტკიცოს, რომ ასე არაა და მას „შეუძლია“. ამით მომზადდება საფუძველი,რომ გაჩნდეს ე.წ. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები.
- დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები:
როცა მოთხოვნილებებზე ვსაუბრობთ, აქ გამოიყოფა ორი ტიპის მოთხოვნილება:
პირველი მოთხოვნილება – საკვები, ძილი, დაცულობაა, რომელიც ცხოვრებაში მეტ- ნაკლებად მიიღწევა.
მნიშვნელოვანია მეორე მოთხოვნილება, რომელიც ჩნდება სოციუმთან მიმართებაში- ვიყო აღიარებული, რეალიზებული, მიმიღონ და მცემდნენ პატივს (მნიშვნელოვანია პატივისცემა არა მარტო სხვისი მხრიდან, არამედ საკუთარი თავის პატივისცემაც), ადამიანი იწყებს „თვითღირებულების“ გაცნობიერებას-თუ რას წარმოვადგენს იგი საზოგადოებაში, რადგანაც ვუყვარდე საზოგადოებას და ვიყო მიღებული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მჭირდება ყურადღება, სითბო, წარმატება, გაგება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, აღიარება და ა.შ.
თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ვერ მოიპოვა ადამიანმა, ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ეწყება ე.წ. განცდითი (მტანჯველი) ემოციები, რომელიც უკვე მესამე შრეს დაიკავებს ემოციების ქოთანში.
- განცდითი(მტანჯველი) ემოციები- ტკივილი, წყენა და შიში. ეს ის ემოციებია, რომელსაც ადამიანი არ გამოხატავს, იკავებს და აგროვებს „ქოთანში“, რადანაც ბავშვობაში ასწავეს, რომ „უნდა მოითმინოს“,
„ხმა არ ამოიღო“
„არ გაბედო პასუხის გაცემა“
„ბიჭები არ ტირიან“,
“ რისი გეშინია კაცი არ ხარ?“ და ა.შ.
მათი ხანგრძლივი შეკავება რისკის შემცველია, ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და აყალიბებს საფუძველს მეოთხე შრისთვის, რომელსაც დამანგრეველი ენერგიის სახით მივიღებთ.
- დამანგრეველი ემოციები
მრისხანება, ბოროტება, აგრესია 21 საუკუნის ყოველდღიურობის თანმდევია და მათ ნამდვილად აქვთ დამანგრეველი ძალა. ისინი ადამიანს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე ანადგურებენ. ანადგურებენ არა მარტო სამიზნე ობიექტს, არამედ ურთიერთობის ორივე მხარეს.
თუ არ გვინდა , რომ ჩვენი შვილების ფსიქიკაში თავი იჩინოს ამ დამანგრეველმა ძალამ, მაშინ
- მიიღეთ უპირობოდ -ისეთებად როგორებიც არიან, განურჩევლად უმცროსი -უფროსი წარმატებული და წარუმატებელი
- მოუსმინეთ მათ განცდებს და სურვილებს
- იყავით მათთან- ერთად წიგნების კითხვა, ერთად თამაში, ერთად სეირნობა
- ნუ ჩაერევი, თუკი ხედავ რომ თავს გაართმევს
- მიეცი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება
- მიეცი თავისუფლება შენი სიმშვიდის ხარჯზე და თუ საჭიროა- იყავი მისი საიმედო საყრდენი
- დაეხმარე როცა გთხოვს
- გაუზიარე შენი ემოციები
- შესთავაზე -„მოდი სადმე წავიდეთ“
- უთხარი-„რა კარგია რომ მყავხარ“
- გამოიყენე ფრაზები: „მიყვარხარ,შეძლებ, კარგი ხარ, გენდობი, შენთან ერთად კარგად ვგრძნობ თავს, მე მომწონს შენი არჩევანი … და ა. შ“
და გახსოვდეთ რითაც შეავსებ „ემოციების ქოთანს“ …