ვირჯინია სატირი იყო ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, რომელიც დღეს ცნობილია როგორც „ოჯახური თერაპიის დედა“. ის გამოირჩეოდა განსხვავებული, იმ დროისათვის სრულიად ახლებური მიდგომებით პაციენტებისადმი. მისი გავლენა იგრძნობა თანამედროვე ფსიქოლოგიის მრავალ მიმდინარეობებში, განსაკუთრებით კი საოჯახო თერაპიაში.
ვირჯინია სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად და პირველად სწორედ სკოლაში, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობისას დაინახა ოჯახის მნიშვნელობა ადამიანის განვითარებაში. მან დაინახა, რომ მშობლების მხარდაჭერა არა მხოლოდ საკლასო წარმატებას განაპირობებდა მოსწავლეებში, არამედ ეხმარებოდა მათ ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. ვირჯინია განიხილავდა ოჯახს, როგორც სამყაროს შემადგენელ მიკროორგანიზმს. მისმა ოჯახებთან მუშაობისადმი ინტრესმა განაპირობა სწავლის გაგრძელება სოციალური სამუშაოს განხრით. მალევე ვირჯინიამ კერძო პრაქტიკაც დაიწყო და საკმაოდ დიდი მიღწევებითაც გამოირჩეოდა.
ვირჯინია სატირის მთელი სამუშაო მოქცეული იყო ერთი იდეის ქვეშ – თუ როგორ გამხდარიყვნენ ადამიანები საკუთარი თავის უფრო სრულფასოვანი ვარიანტები. მას მიაჩნდა, რომ თუ ოჯახების „განკურნებას“ შეძლებდა შემდეგ მსოფლიოს დახმარებასაც მოახერხებდა. მის მთავარ მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა – დამხარებოდა ადამიანებს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ის საკმაოდ ბევრს მუშაობდა ამ მიმართულებით და საოჯახო თერაპიის შესახებ წიგნებსაც აქტიურად წერდა. მათ მარტივად მოიპოვეს პოპულარობა, რამაც მთელ მსოფლიოში ვირჯინიას ცნობადობა საკმაოდ გაზარდა. ამ ყველაფერმა სატირს საშუალება მისცა ჩაეტარებინა ასობით ვორქშოფი თუ ტრენინგი საოჯახო თერაპიის მეთოდების შესახებ. ვირჯინია მიიჩნევდა, რომ ზედაპირული პრობლემები ნიღბავენ რეალურ პრობლემას და მათი დაძლევისას თავად პრობლემაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა გზებით უმკლავდება მას ადამიანი. ის მიიჩნევდა, რომ ზოგადად ფსიქიკური პრობლემების მიზეზი ოჯახში არსებული ნეგატიური გამოცდილებები და როლები ხდებოდა, სწორედ ამიტომ მიაჩნდა, რომ „მკურნალობა“ უნდა მომხდარიყო არა ინდივიდუალურად, არამედ მთელ ოჯახთან ერთობლივი თერაპიის გზით. მან ასევე შეიმუშავა „სატირის ზრდის მეთოდი“ რასაც აქტიურად გამოიყენებდა მუშაობის დროს. მეთოდი მიზნად ისახავდა ურთიერთობების და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ოჯახებში, ეს ყველაფერი კი პიროვნების მიერ საკუთარი არჩევანის და სიტუაციების გაანალიზების და თვითრეალიზაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. საინტერესო და აღსანიშნავია ვირჯინიას დამოკიდებულება, რომ ყველა ადამიანი დაკავშირებულია უნივერსალური ცხოვრების ენერგიასთან, რითაც ისინი პოზიტიურ ენერგიას ავითარებენ საკუთარ თავში.
ვირჯინია ასევე ცნობილია მისი შექმნილი „ვირჯინია სატირის ცვლილებათა პროცესის მოდელის“ შექმნისათვის. ეს მოდელი შეიქმნა კლინიკური კვლევების საფუძველზე და თავდაპირველად მხოლოდ საოჯახო თერაპიაში გამოიყენებოდა, მაგრამ მალე მისი გამოყენება დაიწყეს მენეჯერებმა და ლიდერებმა. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციებში მენეჯმენტის სპეციალისტების მიერ. მოდელის შექმნის მიზანი იყო ადამიანებს გაადვილებოდათ სხვადასხვა მოულოდნელ ცვლილებებთან გამკლავება და უფრო სწრაფად და ეფექტურად დაეძლიათ ისინი. მოდელში გაწერილია ის ეტაპები, რაც ადამიანებმა უნდა გაიარონ ცვლილებების მისაღებად.
სატირი აქტიურად ცდილობდა საკუთარი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინა წიგნების, ლექციების თუ სხვა საშუალებებით. და მის პიროვნებას და მისი ნაშრომების მიმართულებას სრულიად გამოხატავს ვირჯინიას ფრაზა: „მე მინდა აღფრთოვანებული იყოთ იმის გამო თუ ვინ ხართ, რა ხართ, რა გაქვთ და რა შეიძლება იყოს თქვენთვის. მინდა შთაგაგონოთ, რომ შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ ვიდრე ამჟამად ხართ“.
მოამზადა ნატო არჩაიამ