დავით ანდღულაძე – როგორ გავხდეთ წარმატებულები და მიზანმიმართულნი

0

დავით ანდღულაძე – ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი.  ფსიქოსოცილური კვლევის და მომსახურების ცენტრი  “ნება” _ დამფუძნებელი

თქვენი ფორმულირებით რა არის წარმატებისა და მიღწევის  გასაღები?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წარმატება მიზნის მიღწევას  ვიწრო გაგებით წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მიზნის მიღწევა. წარმატების გასაღები კი, ცოდნა და გამოცდილებაა. თუ პიროვნება კარგად გაიაზრებს საკუთარ მიზანს, სწორად დაგეგმავასაც შეეცდება, საკუთარი ცოდნა-გამოცდილების შესაბამისად. რაც უფრო მეტად განვითარებულია პიროვნება, რაც უფრო მეტი ცოდნა-გამოცდილება აქვს, მით უფრო მეტი სიცხადით დასახავს, წარმოიდგენს მიზნის მიღწევის, გეგმის განხორციელების გზებსაც. სასურველი მიზნის მისაღწევად, სწორი დაგეგმვის გარდა,ადამიანს სჭირდება შესაბამისი რესურსების მოძიება, მათი მობილიზება. ცხადია, მნიშვნელოვანია მოტივაციაც. როცა ადამიანი მიზანს ისახავს, უკვე თავისთავად იგულისხმება, რომ ამის სურვილი აქვს, რაღაც ფაქტორმა განაპირობა ეს აქტივობა, ანუ უკვე მოტივირებულიც არის. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს განმაპირობებელი ფაქტორები, რაც უფრო მეტი ემოციური მუხტის მატარებელია, რაც უფრო დიდ ან რაოდენობრივად ბევრ სარგებელს ელის ადამიანი მიზნის მიღწევის შემთხვაში, მით უფრო დიდია მოტივაცია და,შესაბამისად, უფრო აქტიურად წარიმართება დასახული გეგმის შესაბამისი აქტივობა.      ასევე მნიშვნელოვანია  ადამინს ჰქონდეს სწორი თვითშეფასება. გადაჭარბებული ან დაქვეითებული თვითშეფასება დამაბრკოლებელია მიზნის მიღწევის გზაზე იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ადამიანს სჭირდებოდა ის რესურსები, რომელიც ობიექტურად კი აქვს, მაგრამ თვითონ ადამიანს ეს არ სჯერა, არ ენდობა თავს, არ აღიარებს, ჰგონია რომ არ აქვს. ასეთი რესურსი რეალურად ფუჭია და ადამიანი ვერაფერში იყენებს. ამის მიზეზი კი დაქვეითებული თვითსეფასებაა. მეორე  უკიდურესობაა გადაჭარბებული თვითშეფასება. ამ შემთხვევაში ადამიანი თვლის, რომ იმაზე მეტი შეუძლია, იმაზე მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ასეთი ადამიანი შეუფერებლად დიდ გეგმებს სახავს, რაც ჩაშლისთვის არის განწირული. ხელმოცარული ადამიანი კი ამ დროს იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია, შესაძლოა საერთოდ ხელი ჩაიქნიოს მომავალ მცდელობებზე, რაც ასევე შეცდომაა.
ანუ, რომ შევაჯამოთ, მიზნის მისაღწევად საჭიროა მიზნის სწორად და ნათლად ფორმულირება, სწორი თვითშეფასების ფონზე რესურსების მობილიზება და განხორციელების პროცესში ჩართვა იმის განცდით, რომ მოქმედება მიმდინარეობს შესაძლებლობის ფარგლებში ოპტიმალურად და თუ რამე ისე ვერ განხორციელდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს იქნება ახალი გამოცდილების მიღების საფუძველი, ზრდის ფაქტორი და არა კატასტროფა.

ხშირად მშობლები,რომლებიც თავად ვერ აღწევენ მიზანს,ცდილობენ,შვილებში განახორციელონ ის, რის გამოც,ბავშვებს შთააგონებენ ხოლმე.როგორ მივხვდეთ,რომ მიზანი ნამდვილია და ჩვენ გვეკუთვნის ის?

სამწუხაროდ,ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და მშობლები ცდებიან,როცა ფიქრობენ,რომ მათ ზუსტად იციან რა არის ბავშვისთვის კარგი.მათ შეიძლება უკეთ იციან რა იქნებოდა თვითონ მათთვის კარგი,მაგრამ არა-ბავშვისთვის. იმისთვის,რომ გავარკვიოთ ბავშვისთვის რა არის კარგი,მას საკმარისად კარგად უნდა ვიცნობდეთ,რაც ხშირად ვერ ხერხდება. და საერთოდაც,ბავშვმა და უკვე ახალგზარდამ, სრულწლოვანებას მიახლოებულმა, პროფესიის არჩევანზე რომ მიდგება საქმე,მნიშვნელოვანია,რომ თავად გააკეთოს  არჩევანი, კარგად გააცნობიეროს რატომ ირჩევს ამა თუ იმ პროფესიას.რჩევის ბრმად მიყოლაზე უფრო სასარგებლო იქნება, უკეთ გაიაზროს და არა მხოლოდ გარე ფაქტორების გათვალისწინებით და ლოგიკური მსჯელობით,არამედ იმ თავისებურებების გარკვევით,რომელიც საკუთარ თავში უნდა „გაარკვიოს“. თვითშემეცნების პროცესში აღმოაჩინოს რა ნიჭი,რა უნარები აქვს და მათ შორის,რომელი არის ისეთი, რომლის რეალიზებაც უფრო მომგებიანი იქნება მისთვის, როგორც ემოციური და სულიერი,ისე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არჩევანი ბავშვმა და ახალგაზრდამ,რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს. მშობელს შეუძლია თავისი გამოცდილება გაუზიაროს.ბავშვი ასევე ბევრი სხვა ადამიანის გამოცდილებასაც გაიაზრებს,მათ შორის,მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების,ზოგ მათგანს,რომ რაღაც ცნობილი უნივერსიტეტები დაუმთავრებია,ზოგს უნივერსიტეტში სწავლა შუაგზაზე მიუტოვებია და მაინც დიდად წარმატებული გამხდარა და ა.შ. ამ ყველაფერს გადახედავს,გაიაზრებს საკუთარ სურვილებს,მისწრაფებებს,შინაგან მოთხოვნილებებს,უნარებს და ამის შემდეგ მომწიფდება გადაწყვეტილებისთვის. ფატალური შეცდომა არ არის,თუ პირველი გადაწყვეტილება მცდარი იქნება. შეიძლება უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე ადამიანმა ისეთი არჩევანი გააკეთოს,რომელიც მისი საბოლოო პროფესია არ აღმოჩნდება,მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა ფაკულტეტზე გადასვლა. ეს პირველივე კურსის შემდეგ იქნება,თუ ცოტა მოგვიანებითაც.მთავარია,რომ მან გააკეთოს ეს არჩევანი,რაზეც ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს. პასუხისმგებლობა არ ნიშნავს იმას,რომ  თუ შეცდომა მოუვა,დამნაშავედ აღიქვას თავი.უნდა ვთქვათ,რომ ამ შემთხვევაში შეცდომა არ არსებობს. თუ ადამიანი სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და რამდენადაც შეუძლია მაქსიმალურად ითვალისწინებს ყველა იმ ცოდნას,რაც იმ დროისთვის მიღებული აქვს,ყველა იმ გამოცდილებას,რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია გასაზიარებლად მშობლისგან,ნათესავისგან თუ ცნობილი საჯარო პირისგან, ეს ყველაფერი თუ სწორად შეაჯამა და იმ ეტაპზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება,მაშინ გამოდის,რომ ის გადაწყვეტილება იმ დროისთვის ყოფილა ერთადერთი სწორი.მოგვიანებით თუ სხვანაირად გამოჩნდა,ეს უკვე ახალი აღმოჩენაა და არ ნიშნავს ძველი გადაწყვეტილების სიმცდარეს. ახალი ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანი უკვე ახალ გადაწყვეტილებას იღებს და იცვლის მიმართულებას,მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით უნდა აკეთებდეს ამას და არ უნდა იყოს ნაძალადევი, თავს მოხვეული.

რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის?

უმნიშვნელოვანესია და ემოციური ინტელექტი სწორედ ამ მცდელობების დროს ყალიბდება. ამის გარეშე არც ვითარდება ის. მიზნის მიღწევის მცდელობისას,რაღაც კონკრეტული ამოცანის განხორციელების მცდელობისას,გარემოსთან და საკუთარ თავთან ურთიერთობაში.  წინააღმდეგობების დაძლევის მცდელობაში ყალიბდება ემოციური ინტელექტი და,რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მხოლოდ ცოდნა, გარკვეული ინფორამაციების ფლობა ან მხოლოდ ძალის ან სხვა ცალკეული რესურსების ქონა. ყველა რესურსის სწორად გამოყენებას და სწორ აქტოვობას, სწორედ ემოციური ინტელექტი სჭირდება.

გარკვეული შიში ახლავს ხოლმე მიზნისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. როგორ დავძლიოთ ის,რომ ხელი არ შეგვიშალოს?

თუ შიში საფუძვლიანია,თუ ჩვენ თვითონ გვეშინია,რომ რაღაც არ გამოვა და ვიცით რატომაც,მაშინ კარგად უნდა დავაკვირდეთ ამ ფაქტორს. მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და დავგეგმოთ, როგორ ავირიდოთ ესა თუ ის რეალურად მოსალოდნელი წინააღმდეგობა; მაგრამ თუ მოცემულ ეტაპზე ჩვენი ცოდნა-გამოცდილებით ვხვდებით,რომ საშიში არ არის,მაშინ ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართული უნდა იყოს მიმდინარე გეგმის იმ დეტალებისკენ,რომელსაც ახლა ვახორციელებთ. თუ საქმეზე ვარ ორინტირებული,მაშინ რეალობის მიღმა არსებული უსაფუძვლო შიში ვეღარ იქნება იმ დოზით ჩვენი ყურადღების ველში და შიშის განცდაც გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურად საშიშროებას ვამჩნევთ, რა თქმა უნდა,ვითვალისწინებთ კიდეც.არსებობს ობიექტური საშიშროება, რომ რაღაც ისე არ  გამოვა,როგორც ჩვენ ვგეგმავთ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ შევეცადოთ განხორციელებას.მთავარია, გავარკვიოთ ისევ ცოდნა-გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუ  რა ალბათობა არსებობს იმისა,რომ რაღაც ისე ვერ გამოვიდეს და ამ „ისე ვერ გამოსვლის“ შემთხვევაში,ანუ წარმატებით ვერ განხორციელებისას, რა სახით და რამდენად მნიშვნელოვნად შეიძლება დავზარალდეთ. ზარალის სახე იქნება ეკონომიკური,ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, სოციალურ კეთილდღეობასთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებული,ამას წინასწარ განვსაზღვრავთ. შესაძლოა, რისკი საკმაოდ მცირე იყოს, მაგალითად, 1%-იანი,მაგრამ იმ 1%-ში ადამიანი იღებდეს  არა პირობითად 500 დოლარის ზარალს,არამედ სიცოცხლის რისკი დგებოდეს. მაშინ,რა თქმა უნდა, იმ 1%-ით არ გავრისკავთ. საფრთხეს სჭირდება სწორი შეფასება, გაზომვა და სწორი გაზომვის შემთხვევაში თუ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას,რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი ობიექტურად არ არის,არსებული შიში გაქრება,რადგან გაცნობიერებული აქვს და ამის შემდეგ უკვე საქმეზე არის ორიენტირებული. მაგრამ თუ ადამიანს ზედმეტი ირაციონალური,უსაფუძვლო შიშები,ანუ ფობიები აწუხებს და მისთვის ჩვეული რამ არის,ამას სხვანაირი დახმარება სჭირდება. საჭიროა შესაბამისი ფსიქოთერაპიული ტექნიკის ათვისება,რაც შესაძლებელი და მარტივად მიღწევადია, მაგრამ ეს არ არის ბიზნესის კეთებისას ჩვეული წინააღმდეგობა და მასთან დაკავშირებულ რჩევას უკვე აღარ ეხება.

წარმატებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი შესაძლებლობებისა და მიღწეული წარმატების აღიარება?

ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი შესაძლებლობისა და მიღწეული წარმატების აღიარება. თუ ადამიანი ისწრაფის წარმატებისკენ და ამ დროს შურის ან ამპარტავნების გამო არ აღიარებს სხვის წარმატებას,მაშინ ის კარგავს იმის შესაძლებლობას, რომ სხვისგან ისწავლოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სვლა. თუკი ჩვილი ბავშვი მოინდომებს ფეხზე დადგომას და გავლას ან სხვა რამე ისეთი აქტივობის ათვისებას, რომელსაც ადამიანი გარე მაგალითებზე მიბაძვით სწავლობს, მაგრამ ამ დროს მიბაძვის ობიექტი არ ეყოლება, მაშინ ვერც სწავლა მოხერხდება. ძუძუმწოვრებიც და უფრო დაბალგანვითრებული ორგანიზმებიც ძირითადად მიმბაძველობით სწავლობენ. ასევე მიმბაძველობით შეგვიძლია ვისწავლოთ წარმატებული ადამიანებისგან, როგორ ვიყოთ წარმატებულები. იმისთვის,რომ მივბაძოთ,უნდა ვაღიაროთ კიდეც წარმატებულად.თუ არ ვაღიარებთ,არც მისაბაძები იქნებიან ჩვენთვის და,შესაბამისად, წარმატების ნაკლები საშუალება გვექნება.

საკმაოდ რთულია, ადამიანი იყოს მოტივირებული,მაშინაც კი,როცა წარუმატებლობას წააყდება.რას ურჩევთ ასეთ ადამიანებს,როგორ შეინარჩუნონ მოტივაცია და თვითრწმენა?

არიან ადამიანები,რომელთაც მოტივაცია ეკარგებათ წინააღმდეგობებთან შეჯახებისას. თუმცა, კარგი ის არის,რომ ადამიანს დაბადებიდან მუდმივად ხვდება წინააღმდეგობები. ბავშვს უნდება, რაღაცას ხელით მისწვდეს და ვერ სწვდება, მთვარე იქნება ეს თუ სხვა შორეული საგანი. ასევე, სანამ ადგომას ისწავლის,უნდა წამოდგეს და ვერ ახერხებს, უნდა ფეხზე დადგეს და ვერა… ან ფეხზე კი დადგა როგორღაც,მაგრამ გავლა უნდა და ვერ დადის, მუხლები ეკეცება, ვარდება,იქცევა. უფრო სწრფად ან ღრმა წყლებში ცურვა უნდა,ფრენაც უნდა და ა.შ. ჩვენ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით არა ცუდი გაგებით წარუმატებლობას და საშინელ იმედგაცრუებას, არამედ წინააღმდეგობებს, იგივე წარუმატებლობებს, როგორც თქვენს შეკითხვაში იყო, ამიტომ ეს არ არის ჩვენთვის დამანგრევლი. წარუმატებლობა  შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდს მხოლოდ იმ ადამიანისთვის,რომელმაც დროთა განმავლობაში უსაფუძვლოდ დააჯერა თავი და ზედმეტად დაარწმუნა,რომ რაღაც კონკრეტულს აუცილებლად, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად მიაღწევდა ისე, როგორც  დაგეგმა და რა დროშიც განსაზღვრა, მიუხედვად იმისა,რომ არ ჰქონდა დეტალური,ეჭვნარევი ფიქრების ფონზე გადამოწმებული და შემუშავებული,გამოცდილებით განმტკიცებული სწორი გეგმა. ასეთი ადამიანი,რომელიც ბრმადაა წარმატებაში დარწმუნებული და ამ ფონზე წარუმატებლობა ხვდება,რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული, ფრუსტრირებული, სასოწარკვეთილი დაკარგავს მოტივაციას.

ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ წინააღმდეგობის ფონზე შესაძლოა ჩვენი ყოველი გეგმა ვერ განვახორციელოთ, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ, რომ ამჟამად მისაწვდომ რესურსებს სრულად ვიყენებთ და თუ მაინც ვერ გამოვა, ეს არ არის ჩვენი პირადი წარუმატებლობა, ეს უბრალოდ ფაქტია, რომ რაღაც ვერ მოხერხდა, მაგრამ რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ამ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მაშინ არც მოტივაცია იკარგება, არც თვითშეფასება ქვეითდება და არც მცდელობას ვწყვეტთ. ჩვენი ყოველი წინააღმდეგობა შეიძლება ვაქციოთ  ოპტიმიზაციის და ზრდის საფუძვლად.

ნებისმიერ სფროში მუშაობისას მნიშვნლოვანია გვქონდეს შინაგანი მოტივაცია.თუმცა ფინანსური ფაქტორის გათვალისწინებაც აუცილებელია,რადგან ის კეთილდღეობას გვანიჭებს. როგორ მოვხერხოთ ამ ორი ფაქტორის სწორად  განსაზღვრა?

კითხვაში ისე ჩანს, რომ თითქოს ფინანსური ფაქტორი მხოლოდ თანმხლები აუცილებლობაა, რომლის გათვალისწინებაც იძულებით გვიწევს. ბევრისთვის კი სწორედ ფინანსური ფაქტორია მთავარი მოტივატორი, ამისთვის სწავლობს და შრომობს, რომ დიდი ფულის მფლობელი გახდეს, რადგან ესაა მისთვის კეთილდღეობის, წარმატების და ბედნიერების საზომი. სხვებისთვის კი ფინანსური ფაქტორი სულაც არ არის მოტივატორი და გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე პირველი კატეგორიის ხალხის შემთხვევაში. იმის მიხდვით, რომელ ფაქტორს რა მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი, ის შესაბამისად ანაწილებს თავის რესურსებსაც, ამის შესაბამისად არის მოტივირებული თავის აქტივობაში, პირველხარისხოვანზე მიმართავს ყურადღებას და საბოლოოდ,ილექება გამოცდილება,რომელიც უჩვენებს, რომ მისცეს „კეისარს კეისრისა,ღმერთს-ღვთისა“. ანუ, მის რესურსებს და ძალისხმევას ანაწილებს მისგანვე მინიჭებული მნიშვნელოვნების მიხედვით, როგორც მისთვის რაღაც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ფინანსურ ინტერესზე. ამ ორ მიმართულებაზე ძალისხმევის თუ ყურადღების სწორად განაწილება როგორ მოვახერხოთ, ამას გამოცდილება გვიჩვენებს.ვერავინ გვეტყვის, ჩვენი დროის ან ძალისხმევის რა ნაწილი უნდა დავუთმო ერთ ან მეორე საკითხს. ამას მხოლოდ პირადი გამოცდილება განსაზღვრავს. თვითშემეცნების პროცესში უნდა გავარკვიო, რა არის  ჩემი განვითარების მოცემულ ეტაპზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, აქტუალური, რა არის მეორეხარისხოვანი და ა. შ.

წარმატებას გისურვებთ.

მოამზადა: სალომე სისაურმა

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე