თავისუფალი სკოლა სწავლის უჩვეულო მეთოდებით

0

ვალდორფის თავისუფალი სკოლა დღემდე ბევრ კითხვას ჰბადებს გარშემომყოფებისთვის. სწავლის მიზნები ნათელია სკოლის კურიკულუმში, მაგრამ მეთოდები უჩვეულოა არსებული საგანმანათლებლო სტანდარტებისთვის.

პირველად სკოლოა გერმანიაში გაიხსნა 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სკოლის პედაგოგიკა და სწავლის ფილოსოფია ეყრდნობოდა ცნობილ ანთროპოსოფის რუდულფ შტაინერის აზრებს და იდეებს, ვალდორფის სკოლას ხშირად „შტაინერის სკოლასაც“ ეძახიან.

ვალდორფის სკოლა ნამდვილად გამორჩეული და განსხვავებულია მისი მეთოდებით. საქართველოში პირველი სკოლა 1994 წელს ჩამოყალიბდა. წლები დასჭირდა, რომ სკოლას თავისი ინვენტარი, შენობა და სამინისტროსგან ავტორიზაცია ჰქონოდა.

სკოლა მიზნად ისახავს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას. ითვალისწინებს რა ბავშვის ზოგადი განვითარების კანონზომიერებებს, მას თავისი სპეციფიური მიდგომაც გააჩნია.

დავიწყოთ ადმინისტრაციის განხილვით- სკოლას არ ჰყავს დირექტორი, მას ჰყავს სწავლის პროცესის კოორდინატორი, რომელიც სკოლას მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად მართავს.

სკოლა მაქსიმალურად ცდილობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, სწავლის მათთვის სპეციფიური მიდგომების პარალელურად. მაგალითად „ეპოქის გაკვეთილები“, რომელიც გულისხმობს, რომ მოსწავლეები რამოდენიმე კვირის მანძილზე დილის საათებში უწყვეტად (ორი გაკვეთილის გადაბმის დროით) შეისწავლიან ერთ მთავარ საგანს სიღრმისეულად. ანუ ხდება ერთი რომელოიმე არჩეული მთავარი საგნის შესწავლა 3-4 კვირის მანძილზე სიღრმისეულად, ეს შეიძლება იყოს ფიზიკა, ქიმია, ისტორია ან მათემატიკა. ეპოქის საგნები ცხრილის მიხედვით ენაცვლებიან ერთმანეთს, რომლის პარალელურად სკოლას ასევე აქვს 45 წუთიანი გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ასევე საინტერესოა შეფასების სისტემაც. სკოლაში ნიშნებს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ. ვალდორფის სკოლა ინდივიდუალურ ზეპირ ან წერილობით დახასიათებას ანიჭებს უპირატესობას და აკვირდებოდა მოსწავლის განვითარებას, ადაპტაციას და ნების სრულყოფას. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოა შედეგი, კერძოდ შეფასების ნიშნები. სკოლა ხელს უწყობს მოტივაციის შინაგან მიმართულებას როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, ვიდრე მოტივაციის გარეგან ნიშნებს წახალისებას, ნიშნებს და დაჯილდოების ნებისმიერ სახეს.

სწავლის ხანგძლივობა შეადგენს  ჩვეულებრივ თორმეტ კლასს.  რაც შეეხება სასწავლო საგნებს, ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული სასწავლო პროგრამის პარალელურად ვალდორფის სკოლას ინდივიდუალური კურიკულუმი გააჩნია.

ვალდორფის სკოლა სტანდარტულ წიგნებს არ იყენებს სწავლის პროცესში, ისინი საგნისთვის საჭირო სახელმძღვანელოს თვითონ ქმნიან. იკერავენ მათთვის საჭირო ტანსაცმელს, ფორმებს და ფეხსაცმელსაც კი.

სკოლაში ცენტრირებულია „ევრითმიის ხელოვნება“- ეს არის ხელოვნება მეტყველების, ბგერების, ხმოვნების და მათი რიტმის  მოძრაობითი გადმოცემის, მოძრაობაში მოყვანის. ეს ხელოვნება ასევე დააფუძნა რუდოლფ შტაინერმა. ის ფიქრობდა, რომ ბავშვის განვითარების ნებისმიერ ასაკში საჭიროა ევრითმიის სხვადასხვა დონეზე დაუფლება. მოძრაობებს ერთიანობაში მოჰყავს ბავშვის, როგორც მშვინიერ-სულიერი ასევე ფიზიკური სხეული. მათთვის მეტყველება მოძრაობის ფორმაში მოყვანაა. როდესაც ადამიანს ესმის სიტყვა მას უჩნდება ამ სიტყვის შესაბამისი შინაგანი იმპულსი, რაც რუდოლფ შტაინერმა ჟესტებში, ცეკვის მოძრაობებში ანუ „ხილულ მეტყველებაში“ გადმოიტანა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით რთულდება დავალებებიც ბავშვებისთვის, თუ დასაწყისში მარტივი ბგერები მარტივი მოძრაობებით გამოიხატება, შემდეგ კლასებში მოსწავლე გარკვეული მოძრაობის მიხედვით დასკვნას აკეთებს ბგერების და მეტყველების შემადგენელი ნაწილების ამოცნობაზე.

ევრითმიის ჟესტების მარტივი მაგალითებია, როცა ბავშვი ქარის ქროლვაში „ს“ ბგერას გამოხატავს, წყლის ტალღურ მოძრაობაში “ ვ“ ბგერას, ხოლო მცენარის ზრდა, აღმოცენებაში  კი „ლ „ბგერის ასოციაცია ხდება.

ასევე „ფორმებით ხატვა“ ვალდორფის სწავლების მეთოდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსწავლეები იწყებენ მარტივი ფორმებით, როგორიცაა ხაზები, დასაწყისისთვის ხან სწორი ხან მრუდი ხაზები გამოიყენება და შემდეგ გადადიან კომპლექსურ ფიგურებზე როგორიცაა სამკუთხედი, მართკუთხედია და ა.შ დასაწყისისთვის მოსწავლეები ხაზებს ქმნიან საკუთარი სხეულით, ხელებით სივრცეში, ფეხებით იატაკზე, თითებით ქვიშაზე. ხდება ხაზების სხეულით შეგრძნება და შემდგომ მისი ფურცელზე დატანა. ვალდორფის სკოლაში მიიჩნევენ რომ ეს საგანი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბავშვის წერისთვის, გეომეტრიისთვის და მხატვრული შემოქმედებისთვის მომზადებას.

სკოლაში მე-9 კლასიდან იწყება სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა. ბავშვებს ასწავლიან როგორ ხდება ამა თუ იმ მცენარის დარგვა, მიწასთან მუშაობა, კავშირის დამყარება ბუნებასთან. სკოლაში მნიშვნელოვანია ხელგარჯილობის საგნები, როგორიცაა ქსოვა და კერვა. როგორც აღვნიშნეთ, ისინი თვითონ იკერავენ სკოლის ფორმებს, სასკოლო წარმოდგენებისთვის ტანსაცმელს. ნატიფი მოტორიკის განვითარება ბავშვებში გადამწყვეტ პირობას წარმოადგენს კოგნიტური განვითარებისთვის, ერთგვარ წინაპირობას კი. მაგალითად მოჰყავთ პიაჟეს „კოგნიტური განვითარების თეორია“  , რომელშიც სენსომოტორული სტადიის შემდგომ დგება  სიმბოლური თუ ფორმალურ ოპერაციული სტადია. საჭიროა დასაწყისისთვის ქმედების განმტკიცება, ქმედებების კოორდინაცია, რაც სკოლაში ევრითმიით და  ხელგარჯილობის საგნებით გამოიხატება. ეს საგნები ბავშვს განუმტკიცებენ კონცენტრაციის, ნებისყოფის, შემოქმედებით უნარებს.  რის შემდეგადაც ყალიბდება ლოგიკური აზროვნება, რადგან აზრები უკვე შემზადებულია პრაქტიკით, ქმედებებით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სკოლა ასევე მოიაზრებს ინკლუზიურ განათლებასაც. მშობლები ძირითადად სხვათა რეკომენდაციით ირჩევენ ყველასგან გამორჩეული მეთოდების მქონე ვალდორფის სკოლას. ხშირად სკოლის არჩევა განპირობებულია მოსწავლეების მშობლების საქმიანობითაც ანთროპოსოფიის სფეროში.

სტატისტიკურად კი, თუ რამ განაპირობა ვალდორფის სკოლის პოპულარობა დამატებით კვლევებს საჭიროებს, ჩვენ კი მხოლოდ ვარაუდოს დონეზე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა.

მოამზადა სოფო მელაძე

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი