თამარ ჩიჩუა – ტრიპარტიტული სიყვარული

0

თამარ ჩიჩუა, PCC, პროფესიონალი ქოუჩი,  ფსიქოლოგი, ტრენერი, ქოუჩინგის კომპანია გროუინის დამფუძნებელი და დირექტორი

ალბათ სიყვარული ის ფენომენია, რომელთან დაკავშირებითაც კაცობრიობაში ყველაზე ბევრი მითი და სტერეოტიპი არსებობს. საუკუნეების მანძილზე ხელოვნება სიყვარულის რომანტიზაციას ახდენდა, მეცნიერება კი მის განმარტებას ეძებდა – სხვადასხვა თეორიების მიხედვით სიყვარული ხან ემოციაა, ხან გრძნობა, ხან ქცევა, ხან მიზანია, ხანაც დაავადება. კლასიკოსების მემკვიდრეობას დაემატა თანამედროვე პოპ კულტურის გავლენა და დღეს საზოგადოებაში შეხვდებით პარადიგმების ფართო სპექტრს, რომელთა არსებობა იწვევს სხვადასხვაგვარ პრობლემებს ოჯახურ და წყვილურ ურთიერთობებში. ხშირად სტერეოტიპული გაგების გამო ამ ფენომენზე საუბარი მიუღებლად ან არასერიოზულად არის მიჩნეული, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში არსებულ ღია ან ფარულ სირთულეებს.

პირველი ეტაპისთვის, მინდა გავფანტო 3 ყველაზე პოპულარული მითი სიყვარულთან დაკავშირებით. მიუხედავად გავრცელებული და ღრმად გამჯდარი წარმოდგენებისა, სინამდვილეში:

#1. სიყვარული არ არის ლტოლვა

ხშირად სიყვარული გაიგივებულია ვნებასთან, დაიყვანება ფიზიოლოგიურ რეაქციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოვლინებებზე – თუ ადამიანი ფიზიკურად გვიზიდავს, გვაქვს მასთან სიახლოვის სურვილი, მის დანახვაზე გვიჩქარდება გული და “მუცელში პეპლებს” ვგრძნობთ – ვფიქრობთ რომ ის გვიყვარს. სინამდვილეში არა – ეს არის მხოლოდ სიყვარულის ერთერთი, ემოციური კომპონენტი. ემოციური კომპონენტი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის რომ სიყვარულზე ვისაუბროთ. ეს ვნებითი კომპონენტი დროებითია და ადრე თუ გვიან გაივლის, ან დასუსტდება. ასეთი მდგომარეობის გადავლის შემდეგ, ბევრ წყვილს გონია რომ აღარ უყვართ ერთმანეთი, სინამდვილეში ეს ჯერ არც ყოფილა სიყვარული. ეს მითი ძალიან მნიშნელოვან გაუგებრობებს და ბევრ ტკივილს იწვევს ადამიანებში.

#2. სიყვარული არ არის საჭიროების დაკმაყოფილება

ხშირად სიყვარულს ვეძახით საჭიროებას, და გვგონია რომ ვინც გვიყვარს ის გვჭირდება ბედნიერებისთვის, კარგ ხასიათზე ყოფნისთვის, ენერგიისთვის. სინამდვილეში სიყვარული სწორედ იმ ურთიერთობაშია, რომელიც არ ემსახურება არანაირი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ დროს გვახარებს მხოლოდ ობიექტის არსებობა და მისი კარგად ყოფნა. ნამდვილი სიყვარულის დროს ჩვენ ვართ არა მიღების, არამედ გაცემის რეჟიმში და ვფიქრობთ არა იმას, თუ რა მივიღოთ ობიექტისგან, არამედ რა მივცეთ მას იმისთვის რომ ის არსებობდეს და კიდევ უფრო უკეთესად იყოს.

#3. სიყვარული არ არის მიჯაჭვულობა

სიყვარულის ობიექტზე ფოკუსირება სიყვარულის გარდაუვალი წინაპირობაა. თუმცა ხშირად “ძლიერი” სიყვარული გვგონია ადამიანის აკვიატება – როდესაც მისგან ყურადღება ვერაფერზე გადაგვაქვს, სხვა არაფერი არ გვახალისებს, მასთან მიმართებაში მიზნები და პრიორიტეტები უფასურდება, ჩვენს იდენტობას და პრინციპებს ვკარგავთ, დიდხანს ვერ ვივიწყებთ. სინამდვილეში, ადამიანის მიერ სხვის გამო “საკუთარი თავის დაკარგვა” არ არის სიყვარული, ეს არის ავადმყოფური მიჯაჭვულობა ადამიანზე, ისევე როგორც არსებობს მიჯაჭვულობა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. მიჯაჭვულობას სხვადასხვა ფსიქოლოგიური საფუძველი შეიძლება ქონდეს. ასეთი მდგომარეობის დაძლევაში სასურველია პროფესიონალის კონსულტაციით სარგებლობა.

მაშინ როგორია ჯანსაღი სიყვარული, როგორ უნდა მივხვდეთ გვიყვარს თუ არა ადამიანი? მე განვიხილავ სიყვარულს, როგორც ობიექტის მიმართ განწყობას. ეს არის ტრიპარტიტული პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც მდგრადი სიყვარული მოიცავს გრძნობითი, აზრობრივი და ქცევითი კომპონენტების ერთობლიობას. ანუ ადამიანზე მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ გვიყვარს, თუ ობიექტის მიმართ გვაქვს სამი რამ:

1) ემოცია – იწვევს ჩვენში სხვადასხვა ემოციებს, ნდობას, სიხარულს, ინტერესს, და შესაბამის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს

2) ფიქრები – ვაღიარებთ, პატივს ვცემთ ობიექტს, ვთვლით რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, გვაქვს გაცნობიერებული განზრახვა რომ გვიყვარდეს, ან გადაწყვეტილება, რომ მას უპირობოდ ვღებულობთ, არ განვსჯით, არ ვადარებთ სხვას და ა.შ.

3) ქმედება – ვერბალურად გამოვხატავთ ან ფიზიკურად ვადასტურებთ ჩვენს ემოციებს და ფიქრებს, დროს ვუთმობთ ამ ადამიანს, განახორციელებთ შესაბამის ქცევას ან ქცევების ერთობლიობას

ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმე ერთის არარსებობის შემთხვევაში, სიყვარული ვერ იქნება მდგრადი და მასზე დაფუძნებული ურთიერთობები აუცილებლად დადგება გამოწვევების წინაშე. და ეს არ ეხება მხოლოდ რომანტიულ სიყვარულს.

მოსაზრება, თითქოს სიყვარული უმართავია, ეხება მხოლოდ სიყვარულის პირველ, ემოციურ კომპონენტს. ემოციების, ვნებების და იმპულსების მართვა მართლაც რთულია – მათი აღძვრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და სრულიად არაცნობიერი პროცესია (რასაც ყოველდღიურობაში “ქიმიას” ვეძახით), და ამას ბუნებრივია ვერ ვაკონტროლებთ. მაგრამ სიყვარული, როგორც განწყობა, მართვადია – ეს არის ყოველდღიური შრომა, ეს არის სიყვარულზე მუშაობა. როგორც ერიხ ფრომი ამბობს თავის ერთერთ ცნობილ ნაშრომში “სიყვარული არ არის ბუნებრივი რამ. ის მოითხოვს დისციპლინას, კონცენტრაციას, მოთმინებას, ერთგულებას და ნარცისიზმის დაძლევას ჩვენს თავში. სიყვარული არ არის გრძნობა, ეს არის პრაქტიკული ქმედება”.

მაგალითად, ცხოვრებაში დროდადრო ყველას გვაქვს კრიზისული პერიოდები და ურთიერთობისას წარმოიშვება სხვადასხვა სახის სირთულეები, რომლის გამოც იკლებს ლტოლვა, ან იმატებს ნეგატიური ემოციები. ასეთ შემთხვევაში, არსებითია მეორე კომპონენტის არსებობა – ჩვენ გვეხმარება ფიქრები, ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი გვიყვარდეს – ყოველ ჯერზე გონებრივად ვკონცენტრირდებით ჩვენს განზრახვაზე, რომ ეს ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია, და რომ მას პატივს ვცემთ მთელი რიგი მიზეზების გამო, ან ვღებულობთ მას სრულიად უპირობოდ. თუ არ გვაქვს ეს გადაწყვეტილება, სიყვარულიც არ გვაქვს.  ამიტომაც – სიყვარული არის არჩევანი, რომელსაც ყოველ დღე თავიდან ვაკეთებთ. შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არჩევანი, შეგვიძლია არა, ჩვენს ხელშია. გადაწყვეტილების შესაბამისად ასევე ვახორციელებთ მესამე კომპონენტსაც, ანუ  ჩვენი არჩევანის შესაბამის ქმედებას – ვპატიობთ, ვუთანაგრძნობთ, ვეხმარებით, დროს ვუთმობთ, სითბოს გამოვხატავთ მის მიმართ და ა.შ. და ეს ყოველივე თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ემოციებზეც. ანუ არა მხოლოდ ემოციები მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ გადაწყვეტილება და ქცევაც მოქმედებს ემოციებზე, ანუ განწყობა მართვადია. თუმცა ეს ამას ჭირდება გაცნობიერება და მუშაობა.

ვის შეუძლია ნამდვილი სრულყოფილი სიყვარული?  პიროვნულად ზრდასრულ, გაცნობიერებულ, ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს. ჯანსაღი სიყვარულისთვის აუცილებელია, რომ ადამიანს უპირობოდ მიღებული ყავდეს ჯერ საკუთარი თავი. მას ვისაც თავისი თავი არ უყვარს, ვერ ეყვარება სხვა – იმიტომ რომ ის საჭიროების, მიღების ფაზაშია, სხვა ჭირდება იმისთვის, რომ გარედან მიიღოს სიყვარული. ნამდვილი სიყვარული კი გაცემის ეტაპია. “საჭიროება” გამორიცხავს “სიყვარულს”. შეგიძლია გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმდენად სავსე ხარ, რომ შეგიძლია გასცე – მისცე პარტნიორს თავისუფლება, მიანიჭო სიამოვნება, გადასდო ემოცია, გაახმოვანო გრძნობები, გაუკეთო საჩუქარი, ყველაფერი ის რაც ობიექტის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. და ამის გაკეთება გსიამოვნებს, არ აყვედრი, იმიტომ რომ მისი ბედნიერება არის შენი უკუგება. ეს არის სიყვარული.

ქოუჩინგში, ურთიერთობები მოთხოვნადი თემაა. ხშირად მომმართავენ ეჭვიანობის თემით, კონფლიქტების თემით, მაგრამ სინამდვილეში ამის საფუძველი სიყვარულის არასწორი გაგება და პარტნიორისგან არასწორი მოლოდინებია. დღეს ადამიანების უმრავლესობა კონცენტრირებულია მიღებაზე, მუდმივად ითხოვს სხვისგან სიყვარულის სხვადასხვა სახით დადასტურებას, და თვითონ კი არ ფიქრობს სხვაზე. ასეთ სურათს იმდენად ხშირად ვაწყდები, რომ შემიძლია ვისაუბრო სიყვარულის კოლექტიურ დეფიციტზე, როგორც ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მნიშნელოვან გამოწვევაზე.

ტრიპარტიტული ხედვის და სხვა ჩემი მოდელების გამოყენებით ბევრ ადამიანს ვეხმარები ურთიერთობის დარეგულირებაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერი ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა ურთიერთობა შესანარჩუნებელია. სწორედ ამაში ეხმარება ქოუჩინგი ადამიანებს – გაერკვნენ საკუთარ გრძნობებში, ფიქრებში, ღირებულებებში, პრიორიტეტებში, მიზნებში და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები საუკეთესო ცხოვრებისეული შედეგების მისაღწევად.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი