თინათინ აფხაიძე – ადამიანზე დამოკიდებულება

0

თინათინ აფხაიძე- ფსიქოლოგი, სერთიფიცირებული ქოუჩი, ტრენერი,

როგორ მივხვდეთ, რომ ვართ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე დამოკიდებულები?
როდესაც ვინმეზე ვართ დამოკიდებული იმაზე მეტს გავცემთ ვიდრე ვიღებთ, სიყვარულზე და თავდადებაზე დამცირებით, უყურადღებობით და დაცინვით გვპასუხობენ.

რამდენად შესაძლებელია ადამიანებზე დამოკიდებულების თავიდან აცილება?
ბევრი რამ ბავშვობიდან მოდის… ადამიანზე დამოკიდებულება უარყოფით კონტექსტში მაშინ იგულისხმება, როცა სხვა ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, გვტანჯავს, გვიყენებს, თამაშობს ჩვენი გრძნობებით, გვღალატობს, გვატყუებს და მაინც ვერ ვიშორებთ, ერთხელ და სამუდამოდ ვერ ვაგდებთ ჩვენი ცხოვრებიდან. სხვაზე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულება ხშირად იმ ადამიანებს უყალიბდებათ, ვინც ბავშვობაში საკმარისი სითბო და სიყვარული ვერ მიიღო, ვინც იტანჯებოდა მშობლების უყურადღებობით, უსიყვარულობით, და-ძმის მიმართ ეჭვიანობით, ვინც მშობელს ხან უყვარდა, ხან მას უარყოფდა. ამიტომ შემდგომში ის უკვე ქვეცნობიერად ეძებს და შესაბამისად იზიდავს ისეთ ურთიერთობებს (საქმიანს, მეგობრულს, სასიყვარულოს), რომლებშიც ისევე იგრძნობს თავს, როგორც რომელიმე მშობელთან გრძნობდა (გოგონები- მამასთან, ბიჭები- დედასთან). ასეთმა ადამიანმა შეიძლება მოიზიდოს კარგი პარტნიორი, რომელიც მასთან ჰარმონიული, მშვიდი ურთიერთობის დამყარებას შეეცდება, თუმცა ასეთ ურთიერთობებში ის მალე იწყენს და თავადვე იწვევს პარტნიორს კონფლიქტებზე და ისეთივე ურთიერთობებზე რაზეც მიჩვეულია, რადგან სიყვარული მისთვის ტანჯვასთან არის ასოცირებული. მსგავსი დამოკიდებულების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ ადამიანი იმუშავებს ფსიქოთერაპევტთან თვითშეფასებაზე, და გაანალიზებს მშობლების გავლენას, მიიღებს მშობლებს ისეთებად როგორებიც არიან.

როგორ ან რატომ უჩნდება ადამიანს ასეთი ტიპის მიჯაჭვულობა სხვაზე?
ეს მაშინ ხდება როდესაც თვითშეფასება არაადექვატურად დაბალია. შესაბამისად საკუთარი თავის რეალურად, ანუ ადექვატურად დანახვა შველის ამ საკითხს და ასევე იმის მიხვედრა თუ რომელი მნიშვნელოვანი ადამიანის სასიყვარულო ისტორიას იმეორებ უნებლიედ. ამ საკითხს სწავლობს მეთოდი “გენოგრამა” რასაც წარმატებით ვიყენებ ჩემს კლიენტებთან უამრავი საკითხის გადასაწყვეტად – ფინანსური კეთილდღეობის, წარმატების მიღწევის, სასიყვარულო ურთიერთობებში სწორი არჩევანის გასაკეთებლად და ა.შ.

რა პრობლემებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მსგავსმა დამოკიდებულებებმა?
პირველ რიგში, მავნე ურთიერთობა ადამიანს ძალიან ბევრ ფსიქიკურ ენერგიას ახარჯინებს. ჩვენ ყველა ფსიქიკური ენერგიის გარკვეული მარაგით ვიბადებით და თუ მხოლოდ ერთ ადამიანს ამ მარაგის დიდ ნაწილს ვხარჯავთ და თანაც პასუხად ტკივილს ვიღებთ, შესაბამისად “ვცარიელდებით”, შედეგად ადამიანი შეიძლება გრძნობდეს გამოუვალობის-ჩიხში მომწყვდევის გრძნობას, გამოფიტულობას, უენერგიობას, სასოწარკვეთას. მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესი ნეგატიური – მიჯაჭვული ურთიერთობა გვახარჯინებს ყველაზე ფასეულს – დროს. ეს რესურსი შეუფასებელია, რადგან დრო არასდროს უკან არ ბრუნდება და ასევე (სანამ ასეთ პარტნიორზე ვართ ჩაციკლულები) იკარგება სხვა – ნამდვილად ჩვენი შესაფერისი, ჩვენი სულისკვეთების და როგორც იტყვიან ჩვენიანის შემოსვლის და მოზიდვის შანსი.

 

მოამზადა ქეთი კაცელაშვილმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81