რჩევები თამარ ჩიჩუასგან კორონა-სტრესის მართვისთვის

0

თამარ ჩიჩუა – პროფესიონალი ქოუჩი ECPC, PCC, საერთაშორისო ტრენერი, პირველი ქოუჩინგის კომპანია “გროუინის” თანადამფუძნებელი და დირექტორი. პროფესიით ფსიქოლოგი (MS), EQPC ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი და NLP პრაქტიკოსი.

რა არის ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი დააბალანსოს გრძნობები და ფიქრები ისე, რომ მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. ამისათვის საჭიროა ადამიანს განვითრებული ქონდეს სხვადასხვა კომპეტენციები. არსებობს ემოციური ინტელექტის სხვადასხვა მოდელები, რომელთა ავტორები ემოციური ინტელექტის კომპეტენციების სხვადასხვა რაოდენობას გვთავაზობენ. თუმცა ყველა მოდელში ფიგურირებს საერთო, ისეთი საბაზისო კომპეტენციები, როგორიცაა საკუთარი ემოციების გაცნობიერება, სხვისი ემოციების ამოცნობა, სხვის მდგომარეობაში შესვლის უნარი (ემპათია) და ა.შ.

 როგორ იზომება ემოციური ინტელექტი?

არსებობს ემოციური ინტელექტის ტესტები რომლებიც გაზომვის სხვადასხვა მიდგომებს იყენებს. მაგალითად, თვით-რეპორტინგის ტიპის ტესტები ეყრდნობა ადამიანის მიერ საკუთარი უნარების სუბიექტურ შეფასებას – იმას თუ როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ უნარებს. უფრო ზუსტ მეთოდად მიიჩნევა ის ტესტები, რომელშიც უშუალოდ ფასდება ადამიანის უნარი შეასრულოს ესა თუ ის დავალება (მაგალითად ამოიცნოს ემოცია) და არა გამოთქვას თავისი სუბიექტური აზრი.

 რა მნიშვნელობა აქვს ემოციურ ინტელექტს ადამიანისთვის და შეიძლება თუ არა მისი განვითარება?

ემოციური ინტელექტი განაპირობებს იმას, იქნება თუ არა პიროვნება წარმატებული, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში. ემოციური ინტელექტის უნარების განვითრების გარეშე, IQ, ნიჭი, ცოდნები, განათლება და ბევრი სხვა უპირატესობა, სრულიად უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს და ადამიანის სრულყოფილი რეალიზაცია ვერ მოხერხდეს. საბედნიეროდ, ემოციური ინტელექტის კომპეტენციების განვითარება შესაძლებელია, თუმცა ამას ჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა.

 იმის გათვალისწინებით,რომ ვირუსი მარტივად გადამდებია და თითქმის ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, როგორ შეიძლება სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ პანიკას?

პანიკა უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანმა ვერ მოახერხა ემოციების დაბალანსება. ემოციური ინტელექტი არის ბალანსი, ნებისმიერი ემოციის მართვა და შენარჩუნება ზომიერების ფარგლებში ისე, რომ ემოციების სიჭარბემ არ დაგვაკარგინოს რაციონალური აზოვნების უნარი. არსებობს ემოციების მართვის სხვადასხვა მეთოდები. თუ კონკრეტულ შემთხვევაში, ინტენსიური ემოციების გამოწვევის მიზეზია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის სტატისტიკა, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ საღი აზროვნების უნარი (რაც გამორიცხავს პანიკურ მდგომარეობას) მე გირჩევდით:

  • ეცადოთ ნაკლები სიხშირით ადევნოთ თვალი მიმდინარე სტატისტიკას და ფოკუსირდეთ რაიმე საინტერესოზე და პოზიტიურზე;
  • არ მიიღოთ ეს ციფრები უპირობოდ: გახსოვდეთ, რომ ეს სტატისტიკა მიახლოებითია და შესაძლოა გადაჭარბებულ ციფრებს შეიცავდეს;
  • გააცნობიეროთ, რომ ამ დაავადების მსუბუქად გადატანის ალბათობა თქვენთვის ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი გავრცელებული დაავადების;
  • აღიარეთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები: ეს დაავადება ამ არის მხოლოდ ერთი მცირე დამატებითი რისკი, რომელზე ბევრად უარესები ცხოვრებაში გადაგილახიათ ან აგირიდებიათ;
  • და ბოლოს, შეცვალეთ მოვლენების ხედვის რაკურსი. ნებისმიერ სიტუაციაში არის ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვერ ვცვლით, და ფაქტორები რომელზე ზემოქმედებაც შეგვიძლია. დაფიქრდით- აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რაც შეგიძლიათ – ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა, დისტანცირება და ა.შ. – იმისათვის რომ ეს სტატისტიკა გაუმჯობესდეს.

 პანიკური მდგომარეობა სტრესის გამწვავებას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება ადამიანებზე ეპიდემიის დროს. იქნებ გვითხრათ,ასეთ დროს რამდენად არის შესაძლებელი ვმართოთ სტრესი?

დიახ, შესაძლებელია და ზოგადად არსებობს სტრესის მართვის სხვადასხვა ქცევითი და კოგნიტური მეთოდები – ფიზიკური აქტივობები, პოზიტიური აზროვნება, მედიტაცია და ა.შ. ყველა მეთოდი შეიძლება კლასიფიცირდეს რამდენიმე სტრატეგიად: ან ვცდილობთ სტრეს ფაქტორები რამენაირად ავირიდოთ, ან ვდილობთ მასში რამე შევცვალოთ, რაც არ იცვლება იმას შევეგუოთ, და ჩვენ თვითონ მაქსიმალურად მოვერგოთ გამომწვევ სიტუაციას. მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს და შეაფასოს საკუთარი ემოციური მდგომარეობა და თვით-მართვის უნარი. თუ ხვდებით,რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით სტრესს და ეს ყოველივე უარყოფითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს – თერაპევტს, ქოუჩს ან ემოციური ინტელექტის სპეციალისტს.

მინდა გისურვოთ ფიზიკური ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე!

 

მოამზადა სალომე სისაურმა

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე