მედიაში სუიციდის თემის გაშუქების საერთაშორისო სტანდარტი

0

სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია – აღნიშნულია დართ ცენტრის მიერ. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არა მარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც (Dart center for journalism & trauma; 2014).

ნებისმიერ დისკუსიას ამ საკითხზე აჩრდილივით თან დასდევს ფენომენი რომელსაც “გადამდებ სუიციდს”(suicide contagion) უწოდებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სუიციდის შემთხვევების ზედაპირულმა, არა აკურატულმა გაშუქებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს სხვა ადამიანების გადაწყვეტილებას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ.

კვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.

უნდა გაშუქდეს თუ არა სუიციდი საერთოდ?

მნიშვნელოვანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ პასუხისმგებლიანი გაშუქება;

ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, დიდ როლს  თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს;

გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება გავრცელებული შეცდომაა;

☑თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.

☑სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა სუიციდს იმ ადგილას ან იმ მეთოდით მიმართა, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

☑დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ.

☑სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები. მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.

☑არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.

☑ფრთხილად იყავით, სანამ სუიციდის ცალკეულ შემთხვევებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას გადაწყვეტთ.

☑უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.

☑სუიციდი ზოგჯერ გაშუქებულია რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში. რელიგიებს, კულტურებს, სულიერ სწავლებებს აქვთ სხვადასხვა ჩვევები, რომლებიც ასოცირებულია სიკვდილთან: დასაფლავების, გლოვის რიტუალები. სუიციდის ცალკეული შემთხვევის გაშუქებისას მნიშვნელოვანია იმ რელიგიური და კულტურული გარემოს, კონტექსტის ცოდნა, სადაც სუიციდის მსხვერპლი ცხოვრობდა.

ვიზუალური მასალა:

☑ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით.

☑სათაურში მოერიდეთ სიტყვების “თვითმკვლელობა”, “სუიციდი” გამოყენებას.

☑ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.

☑იფიქრეთ სიტყვებზე, გაშუქების ენაზე, რასაც სუიციდის შესახებ სტატიაში ან სიუჟეტში გამოიყენებთ. თავი აარიდეთ სიტყვებს, სურათებს, ხატებს, რომლებმაც შესაძლოა სუიციდის გლამურულ, რომანტიკულ კონტექსტში წარმოჩენას შეუწყოს ხელი.

☑თავი აარიდეთ სენსაციურ გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას, ფოტოებს.

ახლობლებთან უერთიერთობა

☑მეგობრებს და ნათესავებს შესაძლებელია, ტანჯავდეთ დანაშაულის მძაფრი შეგრძნება ან გარდაცვლილის მიმართ განიცდიდნენ რისხვას.

☑ხანდახან შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოცემულ მომენტში უმჯობესია ნათესავებსა და მეგობრებს ახლოსაც არ გაეკაროთ.

☑ახლობლებს პირდაპირ არასდროს ჰკითხოთ “რატომ გააკეთა მან ეს?”

☑სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ.

☑გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს.

☑გადაამოწმეთ ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესპონდენტი არ არის სუიციდის მსხვერპლის ახლო ნათესავი, ასეთ დროს შესაძლებელია მას უბრალოდ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა უნდოდეს.

☑არ უთხრათ ტრავმირებულ ადამიანს, მსხვერპლის ოჯახს, რომ შენ იცი, რას გრძნობს ის ახლა, რადგან შენ არ გამოგიცდია, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.

 

გამოყენებული მასალა: ,,საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია’’;

,,სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო’’, თარგმანი: ნინო ჯაფიაშვილი, თიკო ცომაია

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81