ნინი ბრეგვაძე – როგორ ვითარდება ნებისყოფა

0

ნინი ბრეგვაძე – ფსიქოლოგიდღის ცენტრის “ბავშვი ოჯახის საზოგადოების” სპეცმასწავლებელი

ნებისყოფა ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიღწევები, უნებისყოფო ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია მართოს თავისი წუთიერი მოთხოვნილებები, იმპულსები და იმოქმედოს უფრო მნიშვნელოვანი შორეული მიზნების მისაღწევად. ნებისყოფა არის ადამიანის უნარი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ქმედებები.

ნებისყოფის განვითარება მეტნაკლებად შესაძლებელია ნებისმიერ დროს თუმცა მისი განვითარებისა და აღზრდისთვის საუკეთესოდ პერიოდი ადრეული ბავშვობაა, თუმცა ნებისყოფის განვითარებას, საკუთარი ფარგლები აქვს და ეს თანდაყოლილ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული (ზოგს შესაძლოა მეტად ძლიერი ან სუსტი ნებისყოფა ქონდეს). ნებისყოფის განვითარება იწყება 3-5 წლის პერიოდში. 3 წლამდე ნებისყოფაზე საუბარი უბრალოდ უაზრობაა, ბავშვს არ გააჩნია არანაირი ნებისყოფა ის მოქმედებს წამიერი იმპულსების და მოთხოვნილებების შესაბამისად და ეს მისთვის სრულიად ბუნებრივია, მას თვითცნობიერება ჯერ არ განვითარებია. თუ დაკვირვები ხართ 3 წლამდე ბავშვი ხშირად საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს (მაგ. ,,მე ეზოში უნდა წავიდეს“) ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას მეობა ჯერ არ განვითარებია. ხოლო სამი წლის შემდეგ მას უვითარდება კოგნიტური უნარები, ის  ნელ-ნელა იწყებს საკუთარი თავისა და გარემოს გამიჯვნას, გამოყოფს საკუთარ საზღვრებს გარემოსგან, არჩევს ,,მე“_სა და ,,არა მე“_ს, შესაბამისად საკუთარ თავსაც მესამე პირში აღარ მოიხსენიებს. სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ვხვდებით ნებისყოფის პირველ ჩანასახებს. რადგანაც ნებისყოფა კარგად გაცნობიერებული ქცევაა ის მოითხოვს კარგად განვითარებულ მეობასა და კოგნიტურ პროცესებს, ამის გარეშე ბავშვზე როგორც ნებისყოფის მქონე სუბიექტზე საუბარი უბრალოდ უაზრობაა. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს თითქოს უაზრო ჭირვეულობასა და ჟინიანობას ეს ამ ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია, ის ამ ყველაფერს აკეთებს იმის გამო, რომ ოჯახსა და გარემოში იწყებს თავის დაკვირვებას. სწორედ ამ პერიოდშია საჭირო აღმზრდელის დახმარება და სწორი მოქმედება.

პირველ რიგში ნებისყოფის ჩამოყალიბების მაჩვენებელია ის, რომ ბავშვი ახერხებს წუთიერი იმპულსების, მოთხოვნილებების დროებით შეკავებას უფრო მნიშვნელოვანი/ დიდი მიზნის მისაღწევად. მაგ. ბავშვს უნდა შოკოლადი მაგრამ დედა ეუბნება რომ, ის შოკოლადს მიიღებს მხოლოდ სადილის შემდეგ ან უნდა ეზოში წასვლა მაგრამ ჯერ დავალება უნდა დაწეროს ა.შ თუკი ბავშვი ახერხებს წუთიერი მოთხოვნილებების შეკავებას უფრო შორეული შედარებით დიდი მიზნის მისაღწევად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ნებისყოფა ვითარდება. ბავშვმა ნელ-ნელა უნდა მოახერხოს მოთხოვნილების გადავადებული დაკმაყოფილება. ეს პროცესი ცდისა და შეცდომის გზით მიმდინარეობს. ადვილად რომ ვთქვათ ბავშვის აქტუალური მოთხოვნილება უპირისპირდება არსებულ სიტუაციას მაგ. უნდა შოკოლადი მაგრამ გარემო (დედა) არ უკმაყოფილებს მას გარკვეული სულ მცირე დაბრკოლების გარშე (ჯერ საუზმე და შემდეგ შოკოლადი), შეიძლება ეს დაბრკოლება იყოს უფრო მცირე ან დიდი (ასაკის შესაბამისად). ამ შემთხვევაში ბავშვი აკეთებს არჩევანს წამიერ მცირე ჯილდოსა და შორეულ უფრო მნიშვნელოვან მიზანს შორის. ასეთ დაბრკოლებებს ბავშვი მუდმივად ხვდება თავისი ცხოვრების მანძილზე და სწავლობს პრიორიტეტების, ღირებულებების განსაზღვრას და მასზე დაყრდნობით იმპულსების შეკავებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბავშვს თავიდან არ შეუძლია იმოქმედოს ისე როგორც ნებისყოფის მქონე სუბიექტმა, მას უბრალოდ არ გააჩნია ნებისყოფა, შესაბამისად მისი ქცევა უფროსების მიერ კონტროლდება. მშობლები ბავშვებს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ მაგ. აკრძალვა, გაბრაზება, მოფერება, შექება და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვს აიძულებს საკუთარი იმპულსები მართოს და გააკეთოს ის რასაც მოითხოვენ მისგან უფროსები იმისთვის, რომ მომავალში მიიღოს მისთვის სასურველი ,,ჯილდო“, ეტაპობრივად ბავშვი ეჩვევა მსგავს ქცევას და უკვე არა უფროსების მოთხოვნით არამედ საკუთრი ნებით მოქმედებს და ითვალისწინებს ღირებულებებს, წონის მისი მოთხოვნილებებიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია და უკვე აღარ ჭირდება უფროსების მხრიდან დაძლევით მოქმედება. აქ მშობელს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს რადგან ბავშვის ყველა მოთხოვნის შეკავება საკმაოდ მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს, ზომიერების დაცვა საჭიროა იმის გამოც, რომ ხშირად საკუთარ მოთხოვნილებებს თავს ვახვევთ ბავშვებს და ვაკარგვინებთ საკუთარ ,,მე“_ს. მაგალითად ხშირია შემთხვეა შესცივდა მშობელს და ჩააცვა ბავშვს, მოშივდა დედას და აჭამა ბავშვს, მაგრამ შიოდა მას? ნამდვილად შესცივდა ბავშვს? არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვსაც გააჩნია საკუთარი შეგრძნებები, მოთხოვნილებები და მათაც უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების უფლება, მშობელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და კარგად აცნობიერებდეს საკუთარ მოთხოვნილებებს, რათა ნებისყოფის აღზრდის ნაცვლად არ გამოიწვიოს ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობა და საზღვრების დაკარგვა.

ნებისყოფის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, ეტაპობრივი სწავლება და უფროსების მაგალითები. ბავშვი აუცილებლად უნდა შევაჩვიოთ თავისი ასაკის შესაბამისი სირთულეების დაძლევას, საკუთარ თავზე ზრუნვას (მაგ. ჩაიცვას სვიტერი თავისით, აალაგოს თავისი სათამაშოები, თვითონ შეიკრას თასმები…) მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს ზომიერი, მისი ასაკის შესაბამისი მოთხოვნა, ის რისი შესრულებაც მას, როგორც ბავშვს ნამდვილად შეუძლია. თუკი ეს ყველაფერი გადაჭარბებული იქნება მაშინ აუცილებლად მივიღებთ უკურეაქციას. ნებისყოფის განვითარების საუკეთესო საშუალება დღის რეჟიმია მაგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დილით ვიბანთ პირს, ვსაუზმობთ, ვითამაშოთ, შემდეგ ვკითხულობთ ზღაპარს და ა.შ. ამით ბავშვი ერთის მხრივ თავს უფრო დაცულად გრძნობს, იცის რას მოელიან მისგან, მეორეს მხრივ კი ნებისყოფას ავარჯიშებს, უწევს ცოტახნით მოთოკოს წამიერი იმპულსები და გამოიჩინოს მოთმინება მაგ. დაელოდოს საკვების გამზადებას, ჯერ წაიკითხოს და შემდეგ წავიდეს სათამაშოდ ა.შ. ის ეჩვევა აქტივობების დაგეგმვას, წესრიგს და ბევრი ისეთი ჩვევა უყალიბდება, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ძალიან საჭირო რამ არის.

თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ნებისყოფის განვითარებასა და აღზრდაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ყველაფრის მთავარი ნაწილი, ეს არის უფროსების პირადი მაგალითი, თუკი უფროსები თვითონ გამოიჩენენ უნებისყოფობას, თუკი თვითონ არ შეუძლიათ მართონ საკუთარი იმპულსები მაშინ ბავშვისგან უბრალოდ ნუ მოვითხოვთ საპირისპიროს! ბავშვი იჩენს იმდენ მოთმინებას რამდენსაც მისი აღმზრდელი.  დაუშვებელია ბავშვისთვის ისეთი რამის დავალება, რის მაგალითსაც თვითონ უფროსები არ აძლევენ.  თუკი დედა არ ალაგებს ნივთებს, მაშინ არც მის შვილს  უნდა დაევალოს ეს. თუკი დედა ან მამა მთელი დღე მობილურში იცქირება,  არაბუნებრივია ბავშვისთვის მობილურის აკრძალვა.

ნებისყოფის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სკოლაც. ბავშვს უწევს დაესწროს გაკვეთილებს, დაემორჩილოს მასწავლებლის მოთხოვნებს, შეასრულოს დავალებები და ა.შ. ეს უდიდეს როლს ასრულებს ნებისყოფის განვითარებაში. თუმცა აქაც ზომიერებაა აუცილებელი, არასდროს უნდა მოეთხოვებოდეს ბავშვს ზედმეტი. ყველა მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს  (მაგ. პირველ კლასელ ბავშვს ნუ მოსთხოვთ არ ირბინოს ოთახში შესვენებაზე და მშვიდად იჯდეს, მან აუცილებლად უნდა ირბინოს, ითამაშოს შესვენებაზე, მაგრამ იგივეს აღარ უნდა აკეთებდეს 10 წლის ბავშვი), ზედმეტი, ბავშვისთვის რთული  (ასაკის შეუსაბამო ) მოთხოვნების წაყენება აუცილებლად ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

გვახსოვდეს, ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ, ზომიერი დაძაბვისა და თავშეკავების ფასად, სასიამოვნო შედეგებს მიაღწევს. ამიტომაც მნიშვნელოვანია შევაქოთ მისი სულ მცირე წარმატებაც კი და არ მოვახდინოთ მისი მიღწევის უგულვებელყოფა ან დამცირება (მაგ. ეცადა და დიდი ძალისხმევით დახატა ნახატი, მოინდომა და სანახევროდ მაგრამ მაინც დაალაგა დაყრილი სათამაშოები…) ბავშვის მონდომება აუცილებლად იმსახურებს შექებას, მას სჭირდება მოტივაცია იმისთვის, რომ მომავალშიდაც შეძლოს მცირედი დაძაბვისა და მოთმინების ხარჯზე მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. იმის გამო, რომ ბავშვს სუსტი ნებისყოფა აქვს მას ხშირად სჭირდება მოტივაცია იმისთვის რომ რაიმე აქტივობის შესრულება შეძლოს. ძალიან კარგია თუ მშობლები ბავშვთან ერთად შეასრულებენ მარტივ საქმეებს. მშობლებთან ერთად აქტივობა შექება, თამაში, წინააღმდეგობების ერთად დაძლევა ძალიან კარგი საშუალებაა ნებისყოფის განვითარებისთვის.

გახსოვდეთ ბავშვის ნაცვლად ნუ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც მას თვითონ შეუძლია, მცირედი ძალისხმევით მაგ. თვითონ დაალაგოს სათამაშოები, თვითონ ჩაალაგოს სასკოლო ჩანთა, თვითონ გაიხეხოს კბილები, თვითონ ჩაიცვას ფეხსაცმელი, თვითონ გააკეთოს არჩევანი… უფროსებს კი მოგვეთხოვება მივცეთ მაგალითი, შევაქოთ, წავახალისოთ და მოტივაცია შევუქმნათ.

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81