დიანა ნიკოლაიშვილი – ობსესიურ -კომპულსური აშლილობა

0

დიანა ნიკოლაიშვილი – ექიმი-ფსიქოთერაპევტი, „კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის“ დამფუძნებელი;

დიაგნოზი ობსესიურ-კომპულსური აშლილობა აერთიანებს აკვიატებულ მდგომარეობებს.
მათ შესახებ 17 საუკუნიდან არის ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში დამოკიდებულება ამ მდგომარეობის როგორც ეტიოლოგია-პათოგენეზის, ასევე მკურნალობის სტრატეგიების მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ეს არის ნევროტული სპექტრის დაავადება. მის მსვლელობაში შესაძლოა გამოვყოთ შემდეგი კლინიკური გამოვლინებები:
ობსესიური აზრები – აზრები, რომელიც ტივტივდება ადამიანის გონებაში მოგონებების სახით და რომლებსაც ის წინააღმდეგობას ვერ უწევს. ანუ თითქოს ერთდროულად ორი იმპულსი ჩნდება ადამიანის გონებაში – მოგონება და ამ მოგონების ჩახშობის სურვილი.
ეს მოგონებები შეიძლება იყოს ცალკეული სიტყვების, ფრაზების ფორმით წარმოდგენილი. ზოგჯერ უზნეო, ან ანტირელიგიური შინაარსის – რაც ეწინააღმდეგება პაციენტის ბუნებას და შოკისმომგვრელი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს.
ობსესიური ხატწარმოდგენები – ეს არის გონებაში შექმნილი ერთგვარი სურათები ან ფილმები, ხშირად სექსუალური შინაარსის, ძალადობის, ზიზღის გამომწვევი, რომელიც ძალიან ცოცხლად აღიქმება პაციენტის მიერ.
ობსესიური იმპულსები – ეს არის ნეგატიური, შემარცხვენელი, საზიანო, სოციალურად მიუღებელი ქმედებების განხორციელების მოთხოვნილება, როგორიც არის დაყვირების, შეგინების, სხვა ადამიანის დაზიანების სურვილი.
ობსესიური რიტუალები – შესაძლოა იყოს როგორც შინაგანი, სააზროვნო, ასევე გარეგანი – აზრს მოკლებული ქმედების სახით წარმოდგენილი.
შინაგანი არის: გონებაში სიტყვების, სიმღერის სტრიქონის, ფრაზების გამეორება, სპეციფიური თვლა; გარეგანი: ხელების ხშირი დაბანა, ხტუნაობა, უკუსვლით სიარული ნივთების გარკვეული სისტემით დალაგება…
რიტუალს ძირითადად წინ უსწრებს აკვიატებული აზრი – მაგალითად სიბინძურის განცდა – ხელების დაბანა, ზოგჯერ კი რიტუალს და აზრს შორის ლოგიკური კავშირი არ იძებნება. მაგალითად ბაბუა გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, თუ მინდა 90 წლამდე სიცოცხლე ყველაფერი 9ჯერ უნდა ვაკეთო – 9 ჯერ წამოვდგე სანამ ავდგები, 9ჯერ წავიკითხო ლოცვა, 9 ყლუპი ჩაი დავლიო და სხვა. პაციენტი ხშირად აღიქვამს ამ კავშირის არარსებობას, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს.
აკვიატებული აზროვნება, მსჯელობა – გონებრივი საღეჭი რეზინი – მუდმივი შინაგანი დებატები, ახალი და ახალი არგუმენტირება – ხშირია გაზქურის, უთოს გათიშვის, კარის ჩაკეტვის, მანქანის ტარებისას ავარიის არ დაშვების, სხვა ადამიანის დაზიანების ცოდვის ჩადენის – შიში.
კომპულსიური ქმედებები – ქმედებები, რომელიც მიმართულია გარკვეული ნეგატიური მოვლენების ასარიდებლად, დამცავი რიტუალები, რომლებსაც სტერეოტიპული ხასიათი აქვს. მაგალითად მიწისძვრის არიდების მიზნით სახლში შემოსვლისთანავე ყველა ოთახში შედის და გამოდის. გამოცდაზე მაღალი ქულის მიღების მიზნით იცვამს იმ სამოსს რომელშიც პირველი გამოცდა ჩააბარა, თან მიაქვს „ბედნიერი“ კალამი.
გარდა ამ კლინიკირი ფორმებისა ასევე ამ ჯგუფში გაერთიანებული შემდეგი სიმპტომთა ჯგუფები:
აკვიატებული ეჭვები – დაუსაბუთებელი ალოგიკური ეჭვიანობა, ფიქრები ჩაკეტა თუ არა კარი, გამორთო თუ არა უთო, სწორად შეავსო თუ არა საბუთები, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ხდება გადამოწმება, ეს ფიქრებს არ ცვლის და კვლავ და კვლავ ადამიანის გონებაში ტრიალებს.
აკვიატებული შიშები და ფობიები – აკვიატებული დაუძლეველი, უსაფუძვლო გაგიჟების, დაავადების, სიკვდილის, გარეთ გასვლის, სიმაღლის შიში და სხვა.
იპოქონდრიული ფობიები – რომელიმე დაავადებით დასნებოვნების შიში – კარდიოფობია გულის დაავადების შიში, კანცეროფობია – ავთვისებიანი სიმსივნის შიში. ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ექიმს, იტარებენ გამოკვლევებს, აბარებენ ანალიზებს.
დაბინძურების აკვიატებული იდეები – ამ დროს ხშირია სხვადასხვა „განწმენდის რიტუალები“ სიბინძურის, ჭუჭყის, შხამების, ტოქსინების მოცილების ან მათგან თავდაცვის მიზნით.
ასევე შეიძლება იყოს რელიგიური, ფილოსოფიური და სხვა შინაარსის ობსესიები და კომპულსიები – აკვიატებული ფიქრები და მოქმედებები.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის „ხერხი“ რომლის მეშვეობით ადამიანი აგროვებს, შემდეგ კი განტვირთავს მასში დაგროვილ შფოთვას, ენერგიას. ეს შფოთვა კი ჩნდება სიღრმისეული შინაგანი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად გაუპატიურების მცდელობის შემდეგ ქალბატონს დაეწყო ხელების დაბანის დაუძლეველი სურვილი, რომელიც თანდათან გავრცელდა და მტევნის გარდა მთლიან ხელს იბანდა, შემდეგ კი მთლიანად იღებდა შხაპს დღე-ღამეში 8 ჯერ. ეს ტრავმული გამოცდილება – გაუპატიურების მცდელობა, მისმა ქვეცნობიერმა სიბინძურესთან, ცოდვასთან დააკავშირა და მასში უზარმაზარ შფოთვას იწვევდა – მე ბინძური ვარ – ეს იყო ობსესია, ამ შფოთვის შემცირების მიზნით მან ხშირი ხელების დაბანა დაიყო – კომპულსია, რაც თავიდან ეხმარებოდა დროებით სისუფთავის განცდის შექმნაში და შფოთვის შემცირებაში, მერე კი საკმარისი არ აღმოჩნდა და მას უწევდა მთლიანად დაბანა.
21-ე საუკუნეში საკმაოდ გავრცელებულია ეს მდგომარეობა და სხვადასხვა მონაცემებით მისი პროცენტი 1,5-3%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
აკვიატებული აზრები ჩენს ყოველდღიურობაზე მოქმედებენ მათი ფუნქცია არის ადამიანის განწყობის შეცვლა, რეგულირება. სააზროვნო პროცესი ბევრ ენერგიას მოითხოვს და იმ შემთხვევაში, როდესაც უამრავი ენერგია ალოგიკურ, აკვიატებულ აზრებთან ჭიდილზე იხარჯება ეს რა თქმა უნდა აისახება ადამიანის განწყობაზე, აქვეითებს მას და ასევე ნეგატიურად აისახება მის შედეგიანობაზე და ეფექტურობაზე.
სიმპტომების გამოვლინება იწყება გარდატეხის ასაკში, სიმპტომების უმრავლესობა ვლინდება 10-25 წლამდე, თუმცა მათ შეიძლება ტრანზიტორული ხასიათი ჰქონდეს და ფსიქო-ემოციური და ჰორმონალური დაბალანსების შემდეგ შესაძლოა მათი ალაგება.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ნევროტული სპექტრის აშლილობა რეკომენდირებულია ფსიქოთერაპია და მძიმე მსვლელობის დროს ასევე მედიკამენტოზური თერაპია.მიდგომა ასეთ პაციენტებთან არის ინდივიდუალური და ბევრი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს.
ფსიქოთერაპიის შემთხვევაში ორი ხაზი შეიძლება გამოვყოთ:
1. სიღრმისეული ფსიქოთერაპია – რომელიც იმ შინაგანი კონფლიქტების მოგვარებას შეუწყობს ხელს, რომელიც იწვევს შფოთვას და რთავს ამ ობსესიების და კომპულსიების მექანიზმს ( მაგალითად იპოქონდრიული ფობიის შემთხვევაში, რომელიც ჩემს პაციენტს – ახალგაზრდა ქალბატონს აწუხებდა და აიძულებდა უამრავი კვლევების ჩატარებას აღმოვაჩინეთ, რომ მას აქვს სიკვდილის შიში, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც ის იყო 9 წლის და დედა გარდაეცვალა გულის პათოლოგიით, მას უამრავი ბრაზი ჰქონდა გარდაცვლილი დედის მიმართ, რომელმაც თავს არ მიხედა და მიატოვა ასეთ პატარა ასაკში. ის ამ ბრაზს უმკლავდებოდა მანამ სანამ მისი შვილი არ გახდა 9 წლის. ის ბრაზი რომელიც ჰქონდა შფოთვაში ტრანსფორმირდა, მას ეშინოდა რომ რამე სიმპტომი გამოეპარებოდა და ისიც მიატოვებდა საკუთარ შვილს. შფოთვის შემცირების მიზნით ის კვლავ და კვლავ აბარებდა ანალიზებს და ისმენდა ექიმებისგან რომ ჯანმრთელია, ეს გარკვეული დროით შვებას აძლევდა. დედასთან დაკავშირებული ტრავმის გაცნობიერების და მოგვარების შემდეგ გაქრა შფოთვა და ექიმებთან სიარულის აუცილებლობა.
2. მეორე – კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია – ეხმარება ადამიანს პროცესების გაცნობიერებაში, რაციონალიზაციაში შემდგომი კონტროლის მიზნით.
რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ფსიქოთერაპიის გარეში მისი ეფექტურობა ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან ქვეცნობიერში დარჩენილი ტრავმული გამოცდილება მომავალში კვლავ იჩენს თავს, როგორც კი პაციენტი მოხსნის პრეპარატს ან ახალ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება. როდესაც არის მძიმე სიმპტომატიკა, მედიკამენტი ფსიქოთერაპიასთან ერთად, დადებით შედეგს იძლევა და უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად ექიმი ფსიქიატრის მიერ!

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81