ნინო მინდორაშვილი – სტრესის შესახებ

0

ნინო მინდორაშვილი ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი

თანამედროვე ცხოვრებაში სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა გლობალური პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ჩნდება სტრესი ჩვენს ორგანიზმში, რისთვის ჩნდება, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს და რა სასარგებლო მიზანს ემსახურება ასევე ჩვენთვის.
სტრესი ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანის დაძაბულობის, რომელიც ჩნდება გარემოში არსებულ ჩვენთვის რთულ, გადაულახავ სიტუაციაში.
სტრესი ეს არის ჩვენი ორგანიზმული რეაქცია, რაღაც მოვლენის მიმართ, როდესაც გარემოში ხდება ისეთი რამ, რაც ჩვენთვის უუნარობის განცდაა, რომ ჩვენ ამ სირთულეს ან პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. გვერთვება განგაში, წინააღმდეგობა იმ მოვლენის მიმართ და ირღვევა წონასწორობა ჩვენში.

ეს არა მხოლოდ საშიში და არასასიამოვნო სიტუაციაა, არამედ რეაქცია ადამიანის ორგანიზმის. როდესაც რომელიმე ორგანული სისტემა ვერ ახერხებს გაუმკლავდეს გარეგან ფაქტორებს, მაშინ ჩნდება სტრესი.
სტრესი შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს ჩვენში. სტრესის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და მისგან დაზღვეული არავინ არ არის. პატარა სტრესი კი – სასარგებლოც კი არის. ის იწვევს ჩვენს ემოციების წამოწევას, ყურადღების გამახვილებას, ინტერესების გაღვიძებას მიზნების მისაღწევად. პატარა სტრესი ეს არის – ბიძგი, ძლიერი მოტივაცია მიაღწიო წარმატებას, საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
სტრესი არც ისე საშიშია, მთავარია ადამიანმა ისწავლოს სტრესული სიტუაციების მართვა, რომ სტრესი არ განვითარდეს და არ გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა. სტრესმა სარგებელიც კი შეიძლება მოგვიტანოს. პიროვნების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ კომფორტის ზონიდან გამოსვლისას და პიროვნების ზრდა

ყოველთვის დამოკიდებულია ახალი გამოცდილებების გადალახვაზე. ეს იქნება სამსახურებრივი, პირადი ცხოვრება თუ სხვა.
ყველა ფაქტორი სტრესულ სიტუაციაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თითოეული ინდივიდის შინაგან ფაქტორებზე. სტრესის რისკფაქტორის ქვეშ უმეტესად არიან ინდივიდები, რომელთაც უჭირთ საკუთარი თავის მართვა და საკუთარი საყრდენების განცდა საკუთარ თავში, იმ პასუხისმგებლობის აღება, იმ მოვლენებთან მიმართებაში, რაც ხდება მათ გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები მათთვის რთულია და დისკომფორტული, ინდივიდებს არ ძალუძთ გადალახონ, გადაჭრან, რაც მათში სტრესს იწვევს.
პატარა სტრესი ემსახურება ჩვენთვის სასარგებლო მიზანს, ფაქტობრივად მოგვიწოდებს მობილიზაციისკენ, მაგრამ შესაძლებელია ჩვენს გარემოში მოხდეს ისეთი რამ, რაც ჩვენთვის გადაულახავი, რთული აღმოჩნდეს, ჩვენი ინდივიდუალიზმიდან, ჩვენი უნარებიდან გამომდინარე და ისეთი სტრესი გამოიწვიოს, რომელიც რთული დასაძლევი აღმოჩნდეს ინდივიდისთვის.

სტრესი შეიძლება იყოს მწვავე, მაგალითად სიტუაციური, რომელიც დროებითია, ხასიათდება დაწყებისა და დასრულების პატერნით. ეს შეიძლება განვიცადოთ უცაბედი ისეთი მოვლენით, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელია და მიუღებელი. მწვავე სტრესი მცირე დოზებით ინდივიდის მობილიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, თუ მობილიზაცია განგაშის დროს, ადაპტური დაცვითი აქტივობა არ ასრულებს სტრესის მოქმედებას, მაშინ ირთვება სხვადასხვა შინაგანი გარდაქმნები მოქმედ სისტემურ ფუნქციებში. ხშირ შემთხვევაში მწვავე სტრესი გამოფიტვას და დაღლილობას იწვევს.
როდესაც ჩვენ ვაწყდებით სირთულეს ცხოვრებაში, მაშინ ორგანიზმში ირთვება ბრძოლისუნარიანობა, რომ გადალახოს საფრთხე არ გაიქცეს იქიდან.
სტრესის დროს კი ადამიანი განიცდის უუნარობას, უძლურობას გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას, რომელიც მის წინაშე დგას.

მწვავე სტრესი შეიძლება განვითარდეს და ქრონიკულშიც კი გადავიდეს. ეს პერიოდი გამოიხატება ადამიანში, როგორ ქმედუუნარობაში და ავადმყოფური ადამიანის მდგომარეობით.
მწვავე სტრესი ხანმოკლეა და არ აქვს ისეთი დამანგრეველი ზეგავლენა, როგორც ეს ხანგრძლივი სტრესისთვის არის დამახასიათებელი. მწვავე სტრესის დროს გავრცელებული სიმპტომებია ემოციური დისტრესი. ამ დროს განიცდის ადამიანი სიბრაზეს, გაღიზიანებას, შფოთვის და დეპრესიის კომბინაციას. ასევე სომატურად (ფიზიკურად) თან ახლავს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, თავის და ზურგის ტკივილები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. მწვავე სტრესი შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. ის მართვადია და ექვემდებარება მკურნალობას.

ქრონიკული სტრესი არის მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარემოდან წამოსული მოთხოვნილებების და ინდივიდის მიერ რესურსების შეუსაბამობის აღქმით. ანუ გარემოში ხვდება ისეთი რამ, რაც ჩვენს ძალებს, რესურსებს აღმატება. ეს არის მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან ინდივიდი აღიქვამს გარემოს მისი რესურსებისთვის შეუფერებლად მაღალს. როდესაც ხანგრძლივობა იზრდება, ქრონიკული სტრესი იწვევს გულის დაავადებებს, უძილობას, დეპრესიას, შფოთვით აშლილობას. ქრონიკული სტრესი შეიძლება განვითარდეს ფინანსური პრობლემების დროს, ოჯახში მუდმივი პრობლემების, დამთრგუნველი სამსახურის და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ხდება დიდი ხანგრძლივობით და ინდივიდისთვის გადაულახავია.

ასევე სტრესი შეიძლება იყოს ტრავმული, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რაც მასში შოკის მომგვრელია. მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, სამსახურის დაკარგვა, დაპატიმრება და სხვა. ეს იმხელა შოკის მომგვრელი შეიძლება გახდეს, მატრავმირებელი ინდივიდისთვის, რომ ის კარგავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს. შოკური მდგომარეობიდან გადალახვის შემდგომ, ადამიანი თითქოსდა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ იმდენად

მისთვის მიუღებელი და გადაულახავია ეს ყველაფერი, რომ ფაქტების გახსენება, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდო, უკან აბრუნებს.
სტრესი შეიძლება კარგი ემოციებითაც იყოს გამოწვეული ჩვენში, რომელსაც ეუსტრესი ეწოდება. შეიძლება მოხდეს კარგი რამ ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ჩვენგან მობილიზაციას ითხოვს. ეს მსუბუქი სტრესია.

განსხვავებით ეუსტრესისგან, დისტრესი ან უარყოფითი, ნეგატიური სტრესია, რომელთანაც გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანს, მორალურ ჯანმრთელობას, მძიმე სომატურ და ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს. დისტრესი ძლიერია, ორგანიზმი შეიძლება დაავადდეს და შეწყვიტოს ფუნქციონირება.

სტრესი ფუნქციაა ადამიანებში, ის უწყობს გადარჩენას ხელს. ის აიძულებს ორგანიზმს, რომ სწრაფად ადაპტირდეს გარემო პირობებთან. ჩვენგან მოითხოვს ადაპტაციას, პირველ რიგში მიმღებლობას იმისა, რაც ხდება ჩვენს გარემოში, იმის გააზრება-გაცნობიერებას და პასუხისმგებლობას აღებას, თუ რა არის ჩვენზე დამოკიდებული, კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სიტუაციაში, რომ ვიმოქმედოთ, ცვლილებები განვახორციელოთ ფიზიოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ დონეზე.

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება ინდივიდებში: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის დაკარგვით, წუხილით, გაღიზიანებით, მარტოსულობის განცდით. ასევე თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან ძილიანობაც კი, ოფლიანობის მომატება ან შემცირება, დიარეა, თრობისკენ მიდრეკილობა, ნევროზული ჩვევები.
იმისთვის, რომ სტრესის დონე გავიგოთ ადამიანში, ამისთვის არსებობს სტრესის საკვლევი ტესტები. სტრესის მართვა ინდივიდუალურადაც შესაძლებელია და ასევე ექვემდებარება მკურნალობასაც. გეშტალთერაპია ეხმარება ადამიანს „ნაწილებად დაშლილი პიროვნების“ გამთლიანებას, რომ შეძლოს პიროვნებამ საკუთარ თავთან თუ გარემოსთან დაპირისპირების გადალახვა, რომელიც ადამიანის ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური სფეროების ჰარმონიზაციაზეა მიმართული.

გეშტალტთერაპია ეხმარება ადამიანს შინაგანი კონფლიქტების გადაჭრაში, უცვლელი პრობლემური რეალობის მიმართ განწყობის შეცვლაში, შინაგანი სისუსტეების აღმოფხვრაში, პიროვნული რესურსების აქტივაციაში და მიზნების მიღწევაში. ადამიანი სწავლობს სტრესის მართვას, ემოციური დისკომფორტის გადალახვას, კონტაქტის აქ და ამჟამად განხორციელებას, წარმატებულ კომუნიკაციას, კონფლიქტების თავიდან აცილების და მოგვარების საშუალებებს. ადამიანი სწავლობს თვითრეგულაციის უნარის განვითარებას, ადამიანს გამოცდილებაში ეძლევა, თუ როგორ დაძლიოს შფოთვა, დისკომფორტი და შეუწყოს ხელი თავისი ბედნიერების განცდას და ჰარმონიით ცხოვრებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ სტრესის დროს ჩვენს მდგომარეობაზე და ცხადგრძნობაში ვიყოთ იმასთან, თუ როგორ რეაქციას იწვევს ჩვენში ის არსებული სტრესორი, რომელიც ასე მოქმედებს ჩვენზე. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ თუ რა არის ჩვენზე ამა თუ იმ კონკრეტულ სტრესულ სიტუაციაში ჩვენზე დამოკიდებული, და რა არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ამის ერთმანეთისგან გამიჯვნა ჩვენ ნათელს მოგვფენს, თუ როგორ ან რა გზით შეგვიძლია გადავლახოთ, გადავჭრათ ესა თუ ის ჩვენთვის რთული სიტუაცია. კარგად გავიაზროთ, რა გვიშლის ხელს და რა გვჭირდება იმისთვის, რომ დაძლევადი გახდეს სტრესი ჩვენთვის. რა პასუხისმგებლობებს მოითხოვს ჩვენგან არსებული გარემოებები, რა ძალა და რესურსები გვესაჭიროება ამისთვის?… ამ ყველაფრის გაცნობიერება გვეხმარება ამ დილემაში ოპტიმალური გზის გამონახვის. ასევე მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ, გამოვიკვლიოთ თუ რომელი რწმუნებულები დგას იმის უკან, რაღაც ჩვენ ხელს გვიშლის განვახორციელოთ რთულ სიტუაციებში ქმედება, რომ გადავჭრათ ისინი.

ყველანაირი სტრესი ჩვენგან მოითხოვს მობილიზაციის, აქტივობის განხორციელებას. ცხოვრება ყოველთვის ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, ზოგჯერ ყველაფერი კარგადაა, ზოგჯერ კი სირთულეები იჩენს თავს. მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება, რომ მიმღებლები ვიყოთ ყოველგვარი სიტუაციის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვტოვებდეთ ყველაფერს ისე, როგორც გარემო შემოგვთავაზებს. ჩვენ გვაქვს არჩევანი: შევეგუოთ თუ დავძლიოთ, გადაჭრავთ და შევცვალოთ ის რეალობა რომელიც ჩვენ გვსტრესავს.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან კონტაქტს ამყარებს, ის ცხადგრძნობაშია საკუთარ განცდებთან, ფიქრებთან, შეგრძნებებთან, რომელიც ეხმარება გარემოსთან ჯანსაღი კონტაქტის დამყარებაში. მან კარგად იცის რა უნდა, რა არ უნდა და რასთან დაამყაროს კონტაქტი, და რასთან არ დაამყაროს კონტაქტი. რა ქმედებები უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდეს, გადაჭრას მის წინაშე არსებული საკითხები საკუთარი თავის საკეთილდღეოდ, ასევე სხვის საკეთილდღეოდაც. როდესაც ადამიანი რთულ სიტუაციებს გადაჭრის და გაუმკლავდება, ის განიცდის პიროვნულ ზრდას, განსხვავებით სტრესისგან.
სტრესის დროს კარგია სუნთქვითი ვარჯიშები, მოდუნების სავარჯიშოები,
სპორტული აქტივობები, სუფთა ჰაერზე სეირნობა.
ხუთი-ათი წუთი კარგია სტრესის დროს მედიტირება, რომელიც სუნთქვითი ვარჯიშით იწყება. ეს ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში და აზრების დაწყობაში.
ასევე კარგია რუტინული ცხოვრებიდან გადართვა, მაგალითად მშვიდი ადგილების სტუმრობა, ბუნებაში ყოფნა.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81