ლიკა ბარაბაძე – პირველი ნაბიჯები

0

ლიკა ბარაბაძე-ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი

მახსოვს, სკოლაში ანატომიის სახელმძღვანელოს მთლიანად წინასწარ ვკითხულობდი, ყველაზე მეტად კი გენეტიკა და ცენტრალური ნერვული სისტემა მიტაცებდა. ჩემთვის ეს ახლაც პატარა სასწაულია – რომ ასეთი რთულები, მისტიურები ვართ, რომ თავის ტვინში სინაპსური კავშირების შედეგად წარმოქმნილი ელექტრო იმპულსები „ითარგმნება“ სიხარულად, სევდად, ბრაზად. მუდამ ვიცვლებით, რაღაცას ვკარგავთ, და რაღაცას ვიძენთ. ამიტომ, მიყვარს ამ პროცესის კლიენტთან ერთად „ქექვა“ და კვლევა.

ფსიქოთერაპიის, როგორც პროფესიის შესწავლა, საქართველოში შეუძლებელი იყო. სასწავლებლად ა.შ.შ.-ში წავედი. ბაკალავრიატი ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით დავამთავრე, შემდეგ კი სწავლა თსუ-ს მაგისტრატურაზე კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში გავაგრძელე. დავსაქმდი ინკლუზიური განათლების სფეროში. ზუსტად ამ პერიოდში, მეგობარმა შემომთავაზა დავსწრებოდი გეშტალტთერაპიის ტრენინგს, თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში. ამ დღეების შედეგად, ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეტრიალდა. მე „დაავვადდი“ გეშტალთთერაპიით, ჯერ როგორც კლიენტი, რომელიც ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის უამრავ საათს გადის, შემდეგ კი როგორც თერაპევტი.

ჩემთვის ფსიქოთერაპია, პირდაპირი მნიშვნელობით, – ფსიქო (სული) თერაპია (ზრუნვა) არის ზრუნვა შინაგან სამყაროზე. არა მკურნალობა, არამედ გაძლიერება, განვითარება, საკუთარ თავში აღმოჩენების გაკეთებაა. გეშტალტთერაპია ე.წ. ჰორიზონტალური თერაპიაა, როდესაც თერაპევტი კლიენტზე მაღლა კი არ დგას და აძლევს რჩევებს, რა არის საჭირო და რა არა, არამედ მასთან ერთად იკვლევს ფსიქიკურ პროცესებს.
არის გარკვეული საკითხები, ტრავმებთან დაკავშირებული, რომელთა გარჩევა და დალაგების მცდელობა მხოლოდ თერაპიაზეა შესაძლებელი. ბუნებრივია, მე ჩემი „ტარაკნები“ მყავს. თერაპიის გარეშე მათ უბრალოდ ვერც კი შევამჩნევდი. სესიებზე ტრავმებთან მუშაობისას, ჩემი ცხოვრებას იცვლება. ვეღარ ვარ ისეთი, როგორც მანამდე. ყველაზე ძვირფასი საათებია, რომელიც მე როგორც კლიენტმა მივიღე თერაპევტთან ერთად. მაგალითად, 4 წლის უშვილობის მკურნალობის შემდეგ გავაჩინე ბავშვი. ჩემი თერაპევტი რომ არა, მე ამას ვერ ვიზამდი. დანარჩენ, უფრო „ყოფით“ საკითხებში კი, თერაპია ჩემთვის დროისა და ენერგიის დაზოგვის გზაა. ის, რასაც თავად 6 თვეში გადავწვეტ, თერაპიაზე 6 კვირაში მოვაგვარებ.

დასაწყისი ყველასათვის რთულია. თავდაპირველად, სირთულეები უფრო ჩემში იყო, ვიდრე კლიენტში. მეშინოდა, რომ თავს ვერ გავართმევდი, ვერ ვიქნებოდი კარგი თერაპევტი, მეტიც, მეგონა დავაზიანებდი კლიენტს. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად, დამეხმარა ჩემი სუპერვიზორი, რომელმაც მომცა რწმენა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მოცემულ ეტაპზე ვერავის დავაზიანებდი. მირჩია ვყოფილიყავი ის, ვინც ვიყავი, ანუ – დამწყები თერაპევტი, რომელიც სესიის წინ ნერვიულობს. რომელსაც მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი. რომელიც კლიენტს იღებს და არ განსჯის. ახლაც მახსოვს ქალბატონი, რომელმაც 4 სესია იარა და ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მახსოვს, მაშინ მეშინოდა, 30 წლის გოგომ ჩემზე უფროსს ქალბატონს რა მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინო-მეთქი. მას მერე წლები გავიდა, ერთხელ ეს ქალბატონი სუპერმარკეტში შემთხვევით შემხვდა. როდესაც მითხრა, რომ ჩვენი სესიები მისი ცვლილების პირველი ნაბიჯი იყო, რა თქმა უნდა, ამის მოსმენა, ძალიან მესიამოვნა.
ფსიქოთერაპევტში, მე პირადად ვაფასებ სისხარტეს, მოქნილობას, ოდნავი ფრუსტრაციის უნარსა და გამბედაობას. კარგ ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს ტექნიკების მთელი სკივრი, გავლილი უამრავი ტრენინგი, მუდამ კითხულობდეს ახალ კვლევებს, იცოდეს ამ თამაშის წესები და იცით რატომ? თავად სესია არაწინასწარმეტყველებადი პროცესია, სესიაზე თეორიების „ფურცვლის“ დრო არ არის. სესიაზე თავისუფლები უნდა ვიყოთ, იქვე მოვიგონოთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, მივყვეთ კლიენტს ეგზისტენციურ დიალოგში.
ზოგადად, განსაკუთრებით ვარ გატაცებული ესტერ პერელით. ის ამერიკაში მოღვაწე წყვილებისა და ურთიერთობების თერაპევტია. მის სტატიებს, ბლოგებს, ვიდეო ჩანაწერებს „ვყლაპავ”.

პირადად ვისთანაც მიმუშავია კი – ბატონი ჯეი ლევინი, ამ სფეროში უკვე 35 წელი მოღვაწეობს. საქართველოში ჩამოსვლისას ვესწრები მის ტრენინგებს და ვხდები, რას ნიშანვს ღრმა, საფუძვლიანი გამოცდილება, ურთულესი ფენომენების მარტივად ახსნა.
ასევე, გვერდს ვერ ავუვლი ჩემი, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალის მხარდამჭერ სამ ბურჯს: არტურ დამბროვსკი – რიგის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორსა და ჩემი ჯგუფური თერაპიის თერაპევტს. ბრიგიტა კალეცკაიტე – ვილნიუსის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი და ჩემი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პირადი თერაპევტი. ირენა გოლუბა – ლატვიის ფსიქოთერაპიის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამავე ასოციაციის სუპერვიზიის კომიტეტის ხელმძღვანელი. ის ჩემი სუპერვიზორია, მის გარეშე ჩემი მუშაობა არც გამართული იქნებოდა და არც ეთიკური. მარად ვიქნები ამ სამი ადამიანის მადლობელი.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81