ირმა კვაჭაძე – პირველი ნაბიჯები

0

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ნლპ და ენეაგრამა მასტერი

ფსიქოთერაპევტს სჭირდება პიროვნული სიღრმე, სიღრმე რომელთან დაკონტაქტებითაც ის ადამიანებს მწვერვალებზე აიყვანს.

პროფესიისკენ შორიდან დავიწყე სვლა, შორიდან მაგრამ საიმედოდ, მტკიცე ნაბიჯებით და მყარი ფუნდამენტით, ვსწავლობდი სამედიცინოზე, რამაც კარგი კარკასი მისცა ჩემ ფსიქოთერაპიულ ცოდნას, შემდეგ იყო კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურა და სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის დამსახურებით (პრაღა, ვილნიუსი, პეტერბურგი, მოსკოვი) ფსიქოთერაპიის ბევრი საათი. ჩემ შემთხვევაში პროფესიის შერჩევა დაგეგმილი პროცესი არ ყოფილა, საბედნიეროდ მქონდა შესაძლებლობა მომესმინა საკუთარი თავისთვის და მეცადა is რაც მინდოდა, მქონდა ძალიან რესურსული და ხელშემწყობი გარემო, რისთვისაც ცხოვრების ბოლომდე მექნება მადლიერების გრძნობა სამყაროსადმი. ახლა კი ვგრძნობ რომ ზუსტად იქ ვარ, იმ ცოდნით და გამოცდილებით სადაც მინდა რომ ვიყო.
ნამდვილ ფსიქოთერაპიას არტის მეშვეობით შევეხე, ეს იყო პირველი გამოცდილება, პირველი აღმოჩენა, პირველი სიყვარული. დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ თერაპიას მუშაობის პროცესში, მიუხედავად იმისა რომ შემდეგ იყო ფსიქოსინთეზი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, ქოუჩინგი, nlp და ენეაგრამა მასტერი , ერიქსონის ჰიპნოზი და ა.შ.
ფსიქოთერაპია არის პროცესი რომლის შემდეგაც ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ხდება თავისი ყოველდღიურობის მთავარი პერსონაჟი. შინაგან რესურსებთან წვდომაა, წყალქვეშა ნაღმებისგან განთავისუფლებაა, ტრავმების ასიმილირება და მომავლის დასახვაა. საბოლოო ჯამში, რთული პროცესია, რომელსაც მშვიდ ცხოვრებამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი.
კარგი ფსიქოთერაპევტი პირველ რიგში კარგად იცნობს საკუთარ თავს მიღებული ყავს და უყვარს იგი, მხოლოდ ამ ორი კომპონენტის შემდეგ ადამიანს შეუძლია უპირობოდ, კრიტიკის გარეშე მიიღოს სხვა ადამიანი, რაც ფსიქოთერაპიის ფუნდამენტია. თეორიული ცოდნა, ადამიანური სიყვარულის შემდეგაა.
პირველი სირთულეები იყო შფოთვა, ზედმეტი პასუხისმგებლობა, ზედმეტი ჩართულობა და სარგებლის „მიყენების“ სურვილი. აი როდესაც გინდა რომ სწრაფად მივიდეს კლიენტი სასურველ შედეგამდე და ხშირად მზად რომ ხარ მის მაგივრად გააკეთო ბევრი რამ , ჰიპერმზრუნველი დედის არ იყოს. სირთულე მას შემდეგ გადავლახე რაც საკუთარ თერაპევტთან დავამუშავე თემა რომ ყველას, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ და ვერ ვიმოქმედებთ სხვა ადამიანის ნაცვლად, რაც არ უნდა კეთილი ზრახვებით იყოს განპირობებული ჩვენი ქმედებები.
ფსიქოთერაპიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რაიხი, მან პრინციპში გააერთიანა სამედიცინო და ფსიქოტერაპიული დისციპლინები, მოგვითხრო თითოეული ანატომიური კუნთის ფსიქოლოგიურ შიგთავსზე, პირველი იყო რომელმაც ფსიქოსომატიკასა და სხეულებრივ ბლოკებზე ისაუბრა, სამედიცინო განათლების მქონე პირისთვის, არსებითი ინსტრუმენტია, რაიხის მიგნებები ფსიქოთერაპევტად მუშაობის პროცესში.
ვთვლი რომ ძალიან ბედნიერია ის ადამიანი რომელმაც, საკუთარი ცხოვრების ფსიქოთერაპიისთვის მიძღვნა გადაწყვიტა, მისი ცხოვრება სავსე იქნება კრეატიული, შემოქმედებითი და მუდამ სიახლეებით სავსე პროცესებით. აქვე უნდა ითქვას ისიც რომ ფსიქოტერაპია როგორც განყენებული პროფესია – არ არსებობს, ის პიროვნების ნაწილია, პიროვნების არსი.
ფსიქოთერაპევტს სჭირდება პიროვნული სიღრმე, სიღრმე რომელთან დაკონტაქტებითაც ის ადამიანებს მწვერვალებზე აიყვანს.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81