„აქ და ამჟამად“ გეშტალტთერაპიაში

0

გეშტალტთერაპია მსოფლიოში დღესდღეობით ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული მიმდინარეობაა. იგი განეკუთვნება ჰუმანისტურ, ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიურ მიმართულებას, რომელიც ჰოლისტურად აღიქვამს სამყაროსა და ადამიანის ბუნებას. მას საფუძველი ჩაუყარა ებრაელმა ფსიქიატრმა ფრიც პერლზმა, თავის მეუღლე ლორა პერლზთან და პოლ  გუდმანთან ერთად, ოფიციალურად 1951წელს, როდესაც პირველად გამოქვეყნდა წიგნი -„გეშტალტთერაპია“. მას შემდეგ მრავალი წიგნი დაიბეჭდა და გამოიცა სხვადასხვა ავტორის მიერ, მაგრამ იმისათვის რომ ბოლომდე ჩაწვდე გეშტალტის სულს, არ არის საკმარისი მხოლოდ თეორიის შესწავლა, არამედ მუდმივად უნდა დააკვირდე და შეიგრძნო თუ როგორ იძენს ის ფორმას, როგორ მუშაობს იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც გახდნენ გეშტალტთერაპევტები, ტრენერები, მკვლევარები თუ ამ დარგის მწერლები.

 გეშტალტთერაპია ემყარება შემდეგ ძირითად  მახასიათებლებს:

  1. კონცენტრირება იმაზე, თუ რა ხდება აქ და ამჟამად, თერაპიული ურთიერთობის დროს-გაცნობიერების პროცესის, ფენომენოლოგიისა და პარადოქსული ცვლილებების თეორიის ჭრილში.
  2. დიალოგურ ურთიერთობას, დიალოგში კლიენტის ჩართვას.
  3. ხედვას, ველის თეორიის ჭრილში და პროცესის ჰოლისტურ აღქმას.
  4. შემოქმედებით მიდგომას, ექსპერიმენტირებას, როგორც პროცესის, ასევე  ცხოვრების მიმართ.
  5. როგორც ზემოთ  აღვნიშნეთ, გეშტალტთერაპიული პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ხდება ,,აქ და ამჟამად“. იმდენად დიდია მისი მნიშვნელობა, რომ ხშირად ის გეშტალტთერაპიიის ერთ-ერთ მთავარ ლოზუნგად აღიქმება.

ფრედერიკ პერლსის განმარტებით, მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს კონტაქტი იმასთან თუ რა ხდება ახლა, ,,თუკი ის ცხოვრობს რეალურად აწმყოში და არა ილუზორულ გამოგონილ სამყაროში. ,,აქ და ამჟამად“ მნიშვნელოვანი ცენტრალური იდეაა,  როგორც „ძენის“ მედიტაციაში, ასევე ფრიდლენდერის (ის იზიარებდა ჰეგელის მოძღვრებას) ფილოსოფიაში. პერლსმა თავის წიგნში ,,ეგო, შიმშილი და აგრესია“(1942) ორივე მათგანი გამოიყენა. ძენიდან მან აიღო სიცხადის ძიების აუცილებლობა, ხოლო  ფრიდლენდერიდან  კი – გამოუვალი სიტუაციების, ჩიხური მდგომარეობების სტრუქტურის ხედვა პოლარობებში და შემდგომში მათი გადაჭრის გზების ძიება.

თავდაპირველად პერლსის ფორმულირება იყო შემდეგი; ,,აქ და როგორ“? და ის ძალიან კარგად გამოხატავდა გეშტალტის არსს, განსხვავებით სხვა  ფსიქოთერაპიული მიმდინარეობების „აქ და ამჟამად“-ისგან. “აქ და ამჟამად“-მუშაობის დროს, ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო (მაგალითად ფსიქოანალიზში) -„გადატანის“ გაცოცხლებაზე აქ და ამჟამად ჭრილში. “აქ და როგორ“ კი ხაზს უსვამს გეშტალტის ფენომენოლოგიურ მიდგომას, კითხვა „როგორ“ და არა „რატომ“ ემსახურება ფენომენის აღწერას და არა მის ახსნას. ფენომენოლოგია ხაზს უსვამს სუბიექტური და ირაციონალური ფაქტორების მნიშვნელობას, განცდილ გამოცდილებას სხეულებრივ შეგრძნებებთან მიმართებაში, რომელიც უნიკალურია თითოეულისათვის. “როგორ“ გამოიხატება სწორედ პოზაში, მიმიკაში, ჟესტიკულაციაში, არაცნობიერ დონეზეც კი, სუნთქვასა და სხვადასხვა სხეულებრივ გამოვლინებებში. ქცევის იმპლიციტური მოდალობები და მეტყველება დომინირებენ მათ ექსპლიციტურ შინაარსებზე.

სრულებით ცხადია, რომ მუშაობა ,,აქ და ამჟამად“ თავის მხრივ არ უარყოფს და არ ბლოკავს მუშაობას მოგონებებთან, ფანტაზიებთან, შიშებთან თუ მომავლის  პროექტებთან. პროცესის დროს ისინი მოდიან კლიენტის აზრებში, მის შეგრძნებებში და კვებავენ მის ახლანდელ განცდებს, გამოცდილებას. ამავე დროს, ისინი იცვლიან შინაარს  მიმდინარე კონტექსტის გამო და არასოდეს წარმოადგენენ მხოლოდ „ისტორიულ სიმართლეს“. არ არის საჭირო, კლიენტი გამოამწყვდიო „აწმყოს ციხეში“  ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ატარებინო „არქეოლოგიური გათხრები“ წარსულთან მიმართებაში. უმჯობესია, კლიენტმა მოიწყოს თავისი სახლის პირველ სართულზე ერთი პატარა საცხოვრებელი ოთახი, ვიდრე შეეჭიდოს სარდაფში დაგროვილი ნაგვის ლაგებას, რომელიც მრავალ წელს მოითხოვს. მას ამის დრო ისევ ექნება-თუკი წარსულის აჩრდილები ისევ მტკივნეულად შეახსენებს თავს, მაგრამ იმისათვის რომ ეს შეძლოს აუცილებელია, აწმყოში, ახლანდელი ენერგიის აღდგენა.

ამრიგად, გეშტალტთერაპიის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი „აქ და ამჟამად“, ეს არ არის მხოლოდ სამუშაო ტექნიკა, არამედ ეს არის ფილოსოფიური ხედვა იმისა, რომ ერთადერთი რაც რეალურადა არსებობს არის ახლანდელი მომენტი, რომელშიც თავს იყრის და ერთიანდება როგორც წარსული, ასევე მომავალი. ეს არ არის გარკვეული წესი, არამედ თერაპევტის სამუშაო ინსტრუმენტია, რომელიც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარსული უინტერესოა ან მომავალი მხოლოდ ფანტაზიაა. ის ხაზს უსვამს კლიენტისთვის „ზუსტად ახლა რა ხდება როცა ამას იხსენებს“, როგორ ზემოქმედებს ეს მოგონება ახლანდელ მდგომარეობაზე და ასევე რა ცნობიერი სხივი შეაქვს ახლანდელი პერსპექტივით ამ მოგონებაში. სწორედ ეს არის კლიენტისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი, ერთგვარი პაემანი, რომელიც თავის მხრივ წინაპირობაა პიროვნული ზრდისა და განვითარების.

მოამზადა თამუნა ჩიხლაძემ

წყარო:

  1. Gestalt Therapy The Art of Contact , SERGE GINGER, 1995
  2. Phil Joyce and Charlotte Sills-gestalt therapy step by step, 2010
  3. Gestalt Therapy, PLIPIP BROWNELL, MDiv, PsyD 2010 Springer
  4. onlinelibrary.wiley.com

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81