სოფო გოგოუაძე – უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგიის“ და გეშტალტის ურთიერთმიმართება

0

გეშტალტის თეორიები,  უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგიის“ გარკვეულ პრინციპებს  ესადაგება. კონკრეტულად კი,  განწყობის ფსიქიკური აქტივობის თეორია, ზუსტად ასახავს გეშტალტის „ციკლ კონტაქტის“  ფაზებს.

განწყობა შუამავლის როლს თამაშობს ადამიანის ცნობიერებასა და გარემოს შორის. აშუქებს მათ ურთიერთობას, საფუძვლად ედება ადამიანის ქცევას, მისი მიზანშეწონილი განხორციელების საშუალებას ქმნის. განწყობა იქმნება  ადამიანის მოთხოვნილების, ამ მოთხოვნილების შესატყვისი საგნობრივი სინამდვილის ასახვისა და  საჭირო ქცევისთვის გამოსადეგ ოპერაციათა სისტემის მომზადებით.

„ განწყობის ფსიქოლოგიის“ მიხედვით, როდესაც ჩვენში რაიმე მოთხოვნილება აღიძვრება, მასთან მიმართებაში მყოფი ობიექტები და მოვლენები, ჩვენს მიმართ ერთგვარ ძალას იძენენ. ისინი გვაიძულებენ ვიმოქმედოთ გარკვეული მიმართულებით, თითქოს მოგვიწოდებენ მოქმედების გარკვეული აქტები შევასრულოთ. მაგ: პური იზიდავს მშიერს, სტაცოს მას ხელი და შეჭამოს, ლოგინი იზიდავს დაქანცულ ადამიანს მასში მოისვენოს, მაგრამ ეს გამომწვევი ძალა მხოლოდ გარკვეულ პირობებში ვლინდება, სახელდობრ მაშინ როდესაც სუბიექტს შესაფერისი მოთხოვნილება აქვს. საკმარისია ეს უკანასკნელი დაკმაყოფილდეს, რომ საგნებმა და მოვლენებმა თავისი „გამომწვევი“ძალა დაკარგონ.

გეშტალტის თეორიის მიხედვითაც, ადამიანში გარკვეული მოთხოვნილება იწვევს ორგანიზმში დისბალანსის წარმოქმნას, წონასწორობის  რღვევას და ადამიანისთვის აქტუალური მოთხოვნილებების წარმოჩენას. ეს სხეულში მიმდინარე პროცესია, რომელიც ფიგურა-ფონის თვალსაზრისით ფონს უკავშირდება.

კონტაქტირების ფაზაში, პროცესი ძიების სახით წარიმართება. ორგანიზმში აღძრულია მოთხოვნილება, რაც აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, მიიზიდება, ხოლო რაც არა-განიზიდება.

ფინალური კონტაქტის ფაზის დროს, გარემოში მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ფიგურა გამოკვეთილია, ის მკაფიო კონტურების სახითაა გამოკვეთილი ფონიდან, ხდება სუბიექტს და გარე ობიექტს შორის ფინალური, მთლიანი კონტაქტის განხორციელება, თითქოს დროებით იკარგება სუბიექტიც და ობიექტიც.

კონტაქტის შემდგომ ფაზაში კი, ხდება კონტაქტის დახურვა, მომხდარის შედეგის ასიმილირება. დროებით აღარ არსებობს ფიგურა და ფონი და შემდეგ ციკლამდე არაფერი აღარ განიცდება.

დიმიტრი უზნაძე წერდა, რომ მიუხედავად იმისა რომ კურტ ლევინის თეორია სწორი დაკვირვების შედეგს წარმოადგენს, მხოლოდ მოთხოვნილება არ კმარა. როდესაც მოთხოვნილების ფაქტთან ერთად მისი დაკმაყოფილების სიტუაციაც მოიპოვება, მაშინ-მხოლოდ მაშინ-აღიძვრის სუბიექტში კონკრეტული მოთხოვნილება, რომელიც მას გარკვეული ქცევის აქტისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტისა  და „განწყობის ფსიქოლოგიის“  თეორიების მიხედვით  ადამიანის ქცევას საფუძვლად მოთხოვნილება  უდევს,  განწყობის ანთროპული თეორიის მიხედვით, მოთხოვნილებების რაგვარობა განსაზღვრავს ადამიანის განვითარების სიმწიფეს. ინდივიდის განწყობებში -ბიოლოგიური მოთხოვნილებები, სუბიექტის განწყობებში-აზროვნება და პიროვნულში-ფასეულობები.

მხოლოდ სუბიექტის დონეზე მოქმედ ადამიანს აქვს უნარი ქცევა გააზრებული გახადოს, აამოქმედოს ცნობიერება და მოახდინოს ობიექტივაციის აქტი. დიმიტრი უზნაძე წერს, რომ „ობიექტივაციის აქტი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური შინაარსით ხასიათდება. ფიზიკური თვალსაზრისით იგი აქტივობის შეჩერებაა, მაგრამ ფსიქიკური თვალსაზრისით-ახალი სპეციფიკური ბუნების აქტივობის დაწყებაა. მისი დახმარებით ადამიანი უპირისპირდება სინამდვილეს და მასთან სპეციფიკურ-ადამიანურ შემეცნებით ურთიერთობას ამყარებს. ობიექტივაციის აქტს ადამიანი აზროვნებაზე გადაჰყავს. აზროვნებით მოპოვებული ინფორმაცია უნდა შევიდეს ადამიანის ქცევის განწყობაში, რათა მის საფუძველზე განხორციელდეს შეგნებული, გააზრებული მოქმედება.“

გეშტალტის მიხედვით კი, ადამიანი სამივე მათგანის მოთხოვნილებების მატარებელია და ინდივიდის განწყობებიც ისევე ითხოვს დაკმაყოფილებას, როგორც სუბიექტის. თვითობის განწყობაში ის მოთხოვნილება ამოდის ფოკუსში, რომელიც მთლიან ადამიანს აქვს მოცემული აქტუალურ მოთხოვნილებად, იერარქიულად გაცნობიერებული. თვითობა მას დირიჟორობს და მხოლოდ თვითობის არმქონე სუბიექტშია კონფლიქტში ეს განწყობები ერთმანეთთან, რადგან არ არიან ცნობიერ ურთიერთმიმართებაში, ამიტომაც ქმნიან კონფლიქტს. თვითობა ესაა „მეს“ ნაწილების ჯამზე მეტი მთლიანობა, რომელიც ადამიანის ქცევის საფუძველია. ის სპონტანურ წვდომებს, პასუხებს ბადებს და ის ნათლად აღიქვამს ,თუ რა დონის განწყობა რომელ სიტუაციაშია განსახორციელებელი. ასეთი ქცევა ნებელობითი ხანგრძლივი გადაწყვეტილებებით არ წარიმართება. თვითობის მქონე ადამიანი ადვილად აყალიბებს მსოფლმხედველობას, ადვილად ხედავს სტრატეგიას და მისი ქცევა მიზანშეწონილი და გააზრებულია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი უზნაძე აკრიტიკებდა მთელ რიგ ფსიქოლოგიურ თეორიებს, ის არ ეთანხმებოდა გეშტალტთეორიასაც იმაში,  რომ ის ფსიქიკურ მოვლენათა ურთიერთკავშირის უშუალობის თვალსაზრისზე  დგას. რომლის მიხედვითაც ადამიანის განცდათა არეში არა კერძო პროცესები ახდენენ ურთიერთზე გავლენას და ამ გზით  რთულ განცდებს ქმნიან, არამედ პირიქით, სწორედ ეს უკანასკნელნი განსაზღვრავენ კერძო, ცალკეულ ფსიქიკურ პროცესებს, რომელნიც ჩვენს ცნობიერებაში მიმდინარეობენ.

ის  თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური ქცევის საფუძველი ჩვენი განწყობაა და ის ყოვეთვის წინ უსწრებს ჩვენი ქცევის აქტებს, რომ ცნობიერი ფსიქიკური აქტების  კავშირი სინამდვილესთან უშუალო ხასიათის არაა და რომ ეს კავშირი განწყობის ფაქტორის მონაწილეობითაა გაშუალებული. სუბიექტის სინამდვილესთან ურთიერთობის შემთხვევაში, პირველ რიგში მისი განწყობა აქტუალიზირდება შესაფერისი მიმართულებით და მთელი მისი ქცევა, ცნობიერების შინაარსებითურთ, სწორედ ამ განწყობის საფუძველზე ჩნდება და ვითარდება. აქტების მიმართება სინამდვილისადმი უშუალო ხასიათის არაა და რომ ის სუბიექტის განწყობითაა გაშუალებული.

უზნაძე წერს, რომ ადამიანის ფსიქოლოგია მისი მთლიანი ფენომენის საფუძველზე უნდა აიგოს და მისი ცალკეული ფსიქიკური პროცესები, როგორებიცაა: დაკვირვება, წარმოდგენა, ყურადღება, მოგონება, აზროვნება, წარმოსახვა და ნებელობა, ის  ფსიქიკური პროცესებია, რომელიც ქცევის განწყობას, ფორმირებას და მოქმედებას ემსახურებიან. განწყობა სუბიექტის საერთო მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც არა მის ცალკეულ ორგანოებს, არამედ, მის როგორც მთლიანობის მოქმედებას ეხება.

მოამზადა სოფო გოგაუძემ

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81