ფრიდრიხ სოლომონ პერლსი

0

ფრიდრიხ სოლომონ პერლსი დაიბადა ბერლინში 1893 წელს საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები გერმანიაში ასიმილირებული ებრაელები არ იყვნენ ორთოდოქსი მორწმუნე იუდეველები. ფრიც პერლსის მოწოდება შემოქმედება და მეცნიერება იყო, ამას ეკავა ცენტრალური ადგილი მის ცხოვრებაში. ფრიცმა სამედიცინო განათლება გერმანიაში მიიღო, და სადოქტორო დისერტაცია ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიცვა. 1926 წელს პერლსი გახდა გამოჩენილი გეშტალტ ფსიქოლოგის კურტ გოლშტეინის ასისტენტი. ამავე დროს იგი ინტერესდება ფსიქოანალიზით.

ევროპაში ამ დროს ფსიქოანალიზის ბუმია. იგი კარენ ჰორნისთან, ოტო ფენიხელთან ერთად ვილჰელმ რაიხის ხელმძღვანელობით გადის ანალიზის კურსს. ამ პერიოდში პერლსი წარმატებული ფსიქოანალიტიკოსი პრაქტიკოსია. ზიგმუნდ ფროიდი მისი ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტი და კერპია. როგორც ბუნებით სკეპტიკოსს, მას დაუსწრებლად მუდმივი ღია და ფარული კამათი აქვს ფროიდის მოძღვრებასთან. როგორც არამორწმუნე ებრაელს პერლსისავე თქმით, ფსიქოანალიზმა მასთან რწმენის ფუნქცია და ადგილი დაიკავა. ეს ნიშანდობლივი იყო არა მარტო მისთვის, არამედ ევროპელ ფსიქოანალიტიკოსთა მთელი პლეადისთვის. 30-იან წლებში ევროპაში აპოკალიფსურ-კატასტროფული მოვლენები ხდება. გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოდიან. ამ დროისთვის პერლსი დაოჯახდა, მისი მეუღლე მომავალში ცნობილი გეშტალტთერაპევტი ლორა პერლსია. პერლსი დადებითად აფასებდა მის დროულ გადაწყვეტილებას, ემიგრირების თაობაზე. როგორც ეთნიკურ ებრაელს, მას გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკი და სიკვდილი ელოდა. იგი ოჯახთან ერთად ავეჯითა და ბიბლიოთეკით ჯერ ჰოლანდიაში, ხოლო შემდეგ ფროიდის თანამოაზრისა და ბიოგრაფისტის ერნესტ ჯონსის თაოსნობით, რომელიც ებრაელ ფსიქოანალიტიკოსებს მზრუნველობდა 1934 წელს სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა. იგი იოჰანესბურგში მეუღლესთან ერთად ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით იყო დაკავებული.

1936 წელს პერლსმა მიიღო მიწვევა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ კონგრესზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა. მას ესწრებოდა ფროიდი და მთელი ფსიქოანალიტიკური კოჰორტა. პერლსი ანთებული იყო ჟინით ეკამათა და დაემარცხებინა ფროიდი დისკუსიაში. მისი თქმით ეს გაღმერთებისა და თაყვანისცემიდან მომდინარეობდა, რომელიც მეტრის მიმართ გააჩნდა. პერლსი ისე იყო შემართული მოხსენების წასაკითხად, რომ სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში საჭესთან საკუთარი თვითმფრინავით აპირებდა ჩაფრენას, როგორც პირველი ფსიქოანალიტიკოსი მფრინავი. საბოლოოდ ეს ნატვრა მას არ აუხდა და ევროპაში გემით ჩავიდა. პერლსი იმედგაცრუებული დარჩა ფროიდთან შეხვედრითაც, რომელთანაც მხოლოდ ოთხი წუთი მოახერხა ზერელედ ურთიერთობა.

მაშინ, როდესაც ევროპაში ომი იყო გაჩაღებული, პერლსის სამხრეთ აფრიკული ცხოვრება იდილიად გამოიყურებოდა. იგი 50 წუთს პაციენტებთან სეანსებს ატარებს. ეუფლება თვითმფრინავით ფრენას და მარტო მოგზაურობს აფრიკისა და ინდოეთის ოკეანეში. პერლსმა გახსნა სამხრეთ აფრიკის ფსიქოანალიზური ინსტიტუტი. ფეშენებლურ რაიონში აიშენა სახლი კორტებით, აუზით, მომსახურე პერსონალით. მას ყინულის სასრიალო მოედანიც კი ჰქონდა. ეს ის დროა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში აპარტაიდის კანონებია და ევროპელი, შავკანიანისგან ყოველმხრივ განცალკევებული და პრივილეგირებულია, მათ ერთ სახლში არ სძინავთ, სხვადასხვა ტუალეტი და თავშეყრის ადგილები აქვთ. აქვე იწერება პერლსის ნაშრომი, „ეგო შიმშილი და აგრესია“, რომელიც პირველ გამოცემაში ატარებდა სახელს „ფროიდის თეორიისა და მეთოდის გადაფასება“, ხოლო მეორე გამოცემაში მოინათლა, როგორც „გეშტალტ თერაპიის შესავალი“. პერლსი ზუსტად იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ფსიქოანალიზთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა. ეს მისი თქმით მოხდა კეიპტჰაუნში, ბერძენი პრინცესა მარია ბონაპარტესთან საუბრისას, რომელიც ფროიდის ახლობელი და თანამოაზრე იყო. მასთან საუბარში პერლსმა გააკრიტიკა ფროიდის ლიბიდოს თეორია, რომელიც მისი თქმით უფრო რწმენის საკითხი იყო, ვიდრე მეცნიერების. შემდგომში პერლსი სექსუალურ ინსტინქტს, გეშტალტ თერაპიაში შიმშილის ინსტინქტს ჩაანაცვლებს. მიუხედავად ამისა, პერლსი ოფიციალურად კავშირს არ წყვეტს ფსიქოანალიზურ ასოციაციასთან.

1946 წელს პერლსი საცხოვრებლად და სამუშაოდ შეერთებულ შტატებში გადადის. ის მოღვაწეობს ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში. ძირითად მას ყოფნა კალიფორნიაში უწევს, იზელენში, სადაც ასწავლის და ცხოვრობს. პარალელურად მოგზაურობს იაპონიაში, სადაც ძენის სიბრძნეს ეუფლება. ამერიკაში იგი კომუნებში, საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც ჯგუფური თერაპიებით და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პროცესებითაა დაკავებული. 1952 წელს ნიუ-იორკში აარსებს გეშტალტ ინსტიტუტს, გეშტალტ თერაპიიის საფუძვლები მელიც ძალზედ პოპულარული ხდება. თავად პერლსი აღიარებული ფსიქოთერაპევტისა და ბრძენი გურუს რეპუტაციას იხვეჭს, რომლისთვისაც უცხო არაა თავისუფალი სექსი და L.შ.D-ს გამოყენება. მისი ცხოვრება და აღიარების პერიოდი ემთხვევა ამერიკაში 50-60-იანი წლების ახალგაზრდულ გამოსვლებს, სექსუალურ რევოლუციას და ჰიპურ მოძრაობას. ამგვარი ფონი ნაყოფიერი აღმოჩნდა მსოფლიოში მისი და გეშტალტ თერაპიის პოპულარიზაციისათვის. პერლს არ უყვარდა წერა, მას ეკუთვნის მხოლოდ რამდენიმე წიგნი, ისიც სხვებთან თანაავტორობით ამ წიგნებს მისი კონსულტაციით სხვები წერდნენ. ამავე სტილში მაგნიტოფონის ფირზე ჩანაწერებიდანაა შექმნილი მისი ავტობიოგრაფიული რომანიც, სახელად “ნაგვის ყუთის შიგნით და გარეთ”.

მისი სტიქია ადამიანებთან, ჯგუფთან უშუალო ურთიერთობა იყო, რაც ვიდეო-სეანსების სახით მრავალრიცხოვან ფირებზეა აღბეჭდილი, იგი ასევე გატაცებული იყო მხატვრობით. პერლსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ადგილსამყოფელი კანადის ვანკუვერნის კუნძული ბრიტანეთის კოლუმბიაში იყო, სადაც მან გეშტალტის საზოგადოება დააარსა. პერლსი იქვე გარდაიცვალა 1970 წელს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი