ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში

0

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მომხდარმა ტექნიკურმა რევოლუციამ დიდი ძვრები გამოიწვია, ინტერნეტის შექმნამ და ტექნიკური აღჭურვილობის დახვეწამ დააჩქარა გლობალიზაციის პროცესი. თანამედროვე სამყაროში ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა ეკრანისა და ინტერნეტის გარეშე. ეკრანი გახდა შემოსავლის, გართობის , კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო მოსახლეობისთვის. ეკრანის ხშირმა მოხმარებამ ბევრი ჩვენთაგანი მათზე დამოკიდებული გახდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდთა

დამოკიდებულება ეკრანზე, ინტერნეტზე, გაჯეტებსა და აზარტულ თამაშებზე. სამწუხაროდ, ინტერნეტსა და ეკრანზე დამოკიდებულებას უკვე XXI საუკუნის სენსაც უწოდებენ. ეკრანზე დამოკიდებულება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური არამედ ფიზიკურ დაავადებათა მაპროვოცირებელი ფაქტორიც შეიძლება გახდეს. ეკრანზე დამოკიდებული ადამიანი მოწყვეტილია რეალობას და იქმნის ვირტუალურ, არარეალურ სამყაროს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანისთვის კი ძნელი ხდება დაუბრუნდეს რეალობას.
როდესაც ეკრანდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ , არ უნდა დაგვავიწყდეს განვითარების ის ეტაპი , რომლის დროსაც მარტივად ყალიბდება დამოკიდებულებები. ბავშვობის ხანა მნიშვნელოვანი პერიოდია , განვითარების ამ ეტაპზე იწყება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. ამ დროს ბავშვის ფსიქიკა მოწყვლადია და მარტივად ყალიბდება არასასურველი, საზიანო ჩვევები.

ვინაიდან, ეკრან და ინტერნეტ დამოკიდებულებას ,,XXI საუკუნის სენს “ უწოდებენ, აღსანიშნავი ფაქტორია ბავშვების დამოკიდებულება მათზე, რადგან ჩვენ ირგვლივ მყოფი პატარების უმეტესობა სულ მცირე, ერთი წლის ასაკიდან საკმაოდ დიდ დროს ატარებს ეკრანთან. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობა.  ეკრანზე ადიქცია ( მიჯაჭვულობა ანუ არაჯანსაღი დამოკიდებულება) არის დისპოზიცია, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ეკრანი ინსტრუმენტის ნაცვლად ხდება სიამოვნების წყარო; ადამიანი თვითაქტიურობისა და სიამოვნების მიღების მოთხოვნილებას უპირატესად ეკრანით იკმაყოფილებს. ეკრანი შეიძლება იყოს: კომპიუტერის, მობილურის, ტელევიზორის, პლანშეტის, გაჯეტისა…  ეკრანის ხშირი გამოყენება პრობლემა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს აღარ შეუძლია მის გამოყენებაზე უარის თქმა და იგი ცდილობს, დამალოს ან შეარბილოს თავისი მდგომარეობის სერიოზულობა.

ეკრანზე დამოკიდებულების კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა დროის ფაქტორია: ეკრანზე დამოკიდებული ბავშვი ვერ გრძნობს თუ როგორ გადის დრო, ასეთ ადამიანს შეუძლია მთელი დღე გაატაროს ეკრანთან ,ისე რომ ვერ შეამჩნიოს დროის გასვლა, ისინი მოწყვეტილნი არიან რეალობას.
დღეისათვის არაერთი მეცნიერი, ფსიქოლოგი , ფსიქიატრი თუ ექიმი ინტერესდება ეკრანზე დამოკიდებული ადამიანებითა და ამ სინდრომით. მეცნიერები თამამად საუბრობენ იმ ფიზიკურ და ფსიქიკურ ცვლილებებზე , რომლის გამომწვევი ფაქტორი ეკრანდამოკიდებულება და მასთან დიდი დროის გატარებაა.  მაგალითისთვის , ამერიკელი ფსიქიატრი ვიქტორია ლ. დანქლი ერთ – ერთ თავის სამეცნიერო სტატიაში ეკრან დამოკიდებულებას (electronic screen syndrome: an unrecognized, modern-day disorder) ჯერ კიდევ არაღიარებულ , მაგრამ თანამედროვე დარღვევად მიიჩნევს და ყურადღებას ამახვილებს რიგ ფსიქიკურ და ფიზიკურ ცვლილებებზე , რომლის მთავარ მიზეზად ბავშვებში ეკრანთან დიდი დროის გატარებას ასახელებს : ფსიქიატრის აზრით, ეკრანის ხშირი მოხმარება სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს განწყობაზე, კოგნიციასა და ქცევაზე. ცვლილებები უკავშირდება ნერვულ სისტემაზე მიწოდებულ განმეორებით იმპულსებს , რომელიც სტრესად აღიქმება ნერვული სისტემის მიერ.  ვიქტორია დანქლი გამოყოფოს რამდენიმე მნიშვნელოვან , ყურადსაღებ ფაქტს, რომელიც უკავშირდება ეკრანდამოკიდებულებას და ვლინდება მოზარდებში მისი ხშირი მოხმარებისას:

  1. ბავშვს ახასიათებს ხასიათის , განწყობისა და ქცევის ხშირი და უეცარი ცვლილება. სიმპტომები , რომლებიც ეკრანდამოკიდებულ ბავშვს ახასიათებს ვლინდება ანტისოციალურ ქცევაში სკოლაში , სახლსა და სამეგობრო წრეში.
    ბავშვი არის მუდმივად გაღიზიანებული, აგრესიული, ახასიათებს ტანტრუმი , უძილობა , ლაბილურობა და ყურადღების გაფანტულობა.
    ბავშვებს პრობლემები ექმნება მოკლევადიან მეხსიერებასთან, ჩნდება თვალებთან დაკავშვირებული პრობლემები (მაგალითად თვალის გარსის სიმშრალე) და სხვა.
  2. ees (electronic screen syndrome) შეიძლება გახდეს სხვა სოციალური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგური დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი ან გაამწვავოს რომელიმე ფსიქოლოგიური სინდრომის ან დარღვევის ფორმა.
  3. ეკრან დამოკიდებულებამ შეიძლება გაამწვავოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ეკრანზე დამოკიდებულების აქტუალობას კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერი უსვამს ხაზს. დოქტორი ნიკოლას კარდარასი, რომელიც ავტორია წიგნისა ,, glow kids ”,ყურადღებას ამახვილებს თავის ტვინის მოქმედებასა და მის ცვლილებებზე ეკრანთან დიდი დროის გატარებისას. კვლევებით დადგინდა, რომ ეკრანდამოკიდებული ადამიანის თავის ტვინში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, როგორიც ნარკოდამოკიდებული ადამინის თავის ტვინში ხდება.
ასევე, 2011 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი : აკვირდებოდნენ მოზარდს , რომელიც გატაცებული იყო ძალადობრივი ვიდეო თამაშებით , თავის ტვინზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა ისეთივე ცვლილებები შუბლის წილში , როგორსაც თავის ტვინი განიცდის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისას.

აიოვას უნივერსიტეტის მონაცემებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვების 90 % ეკრანს იყენებს , ხოლო 2- 6 წლის ბავშვები დღის განმავლობაში ეკრანთან საშუალოდ 2-დან 4 საათამდე არიან. ეკრანთან დიდი დროის გატარება ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარების შეფერხებას, რის გამოც ხდება ბიოლოგიური სიმპტომების დისრეგულაცია .ნიკოლას კარდარასს მაგალითისთვის მოჰყავს ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული მოზარდი , რომელიც ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზეც კი ამბობს უარს ( მაგალითად ტუალეტის ფუნქციაზე ), რათა დრო ეკრანთან გაატაროს.

ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები

ფსიქიატრი ვიქტორია დანკლი სამეცნიერო სტატიაში წერს იმ სიმპტომების შესახებ , რომლებიც მიუთითებენ ეკრანზე დამოკიდებულებას. დასაწყისში ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს , რომლებიც ეკრანდამოკიდებულებას ახასიათებს , ესენია: შფოთვა , უხასიათობა , გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება , აგრესიული ქცევები ოჯახში , სკოლასა და თანატოლებთან.

ყურადსაღები სიმპტომებია :

  1. გუნება – განწყობის ხშირი ცვალებადობა
  2. გადაჭარბებული ტანტრუმი
  3. ცუდი თვითკონტროლი
  4. ქცევის დეზორგანიზაცია
  5. ძილთან დაკავშირებული პრობლემები
  6. სწავლის სირთულეები ( ბავშვებსა და მოზარდებში)
  7. დეპრესი

ეკრანზე დამოკიდებულების რისკფაქტორები შეიძლება გაზარდოს რამდენიმე ფაქტორმა, ესენია:

  • უმცროსი ასაკი
  • მამრობითი სქესი
  • ქცევით დარღვევები (მაგალითად: აუტისტური სპექტრი და ADHD)
  • დამოკიდებულების ტენდენციები
  • ფსიქოსოციალური სტრესები
  • ასთმა
  • კვებითი დარღვევები
  • სენსორული დისფუნქცია

შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ სასარგებლო რეკომენდაციებს, რომლებიც ეკრანთან გატარებული დროის შემცირებასა და  მის სასარგებლოდ  გამოყენებაში დაგეხმარებათ

თათია მჟავია
ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81