ეკატერინე ჩიგოგიძე – ყველა ადამიანს საკუთარი პერსონალური ქოუჩი სჭირდება

0

ეკატერინე ჩიგოგიძე – ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი
ICF ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგ პლატფორმის დამფუძნებელი www.ekaterine.ge
კომპანია “LifeSkills”-ის პარტნიორი.
კანტის აკადემიის და აინშტაინის სკოლის სპიკერი

  1. რა არის ზოგადად პერსონალური ქოუჩინგი?

სიტყვა ქოუჩინგი (to coach) ინგლისურად ნიშნავს წრთვნას, სწავლებას, მაგრამ თავისი არსით ქოუჩინგი ამ ცნებას სცდება. ეს არ არის სწავლება, კონსულტაცია ან თერაპია. ეს არის პირველ რიგში პარტნიორობა ორ მხარეს – ქოუჩსა და კლიენტს – შორის, როდესაც მხარეები თანხმდებიან კლიენტის წინაშე მდგარი პიროვნული თუ პროფესიული საკითხების, ამოცანების, სურვილების მიზნების ირგვლივ ერთობლივ თანამშრომლობაზე. ქოუჩინგის ფორმატში სპეციალური ტექნიკების და ძლიერი კითხვების დახმარებით ხდება ადამიანის საუკეთესო შემოქმედებითი აზროვნების და პოტენციალის გახსნა, გამოუვალ მდგომარეობაში ალტერნატიული გადაწყვეტილებების აღმოჩენა, განახლებული იდენტობის ფორმირება, რესურსულობის და პიროვნული ეფექტურობის გაზრდა იმ შედეგების მიღწევისთვის, რომლებიც მას სურს. როგორც პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინი „ქოუჩინგი“ მიღებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ და ყველა ენაში შესულია ასეთი სახით უცვლელად. ქართულ რეალობაში უცხოური ტერმინების დამკვიდრებას ხშირად კრიტიკის და აგრესიის სქელი ფენის გავლა უწევს, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც სიტყვა „ქოუჩინგს“ ენის შეურაცხყოფად იღებს, ქართული ენა ცოცხალი ორგანიზმია, მასში ყოველთვის შემოდიოდა და მომავალშიც შემოვა უცხოური ტერმინები, ეს ენას კი არ აზიანებს, არამედ ახალ ცნებებს აყალიბებს, უბრალოდ საჭიროა გახსნილობა და ჩარჩოს მიღმა შინაარსის დანახვა, რომ ჩვენივე სასარგებლოდ გამოვიყენოდ ახალი ტენდენციები, პროგრესული მეთოდები, ინოვაციური მიდგომები, რომელთაც მსოფლიო უკვე დიდი ხანია იყენებს.

რაც შეეხება პერსონალურ ქოუჩინგს, ეს ნიშნავს კლიენტთან ერთი ერთზე სამუშაო ფორმატს. ასევე არის კორპორატიული ქოუჩინგი, როდესაც ქოუჩი კომპანიასთან თანამშრომლობს და გუნდური ქოუჩინგი, როდესაც კლიენტი არის არა ერთი ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი.

  1. რა როლი აქვს ქოუჩს ადამიანის ცხოვრებაში , რა ხერხებით ცდილობს ქოუჩი დაეხმაროს ადამიანს პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის?

ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ სფეროში, რომელშიც ვხედავთ წარმატებულ ადამიანებს, მათ უკან დგანან პროფესიონალები, სხვადასხვა მიმართულებით. სპორტულ სფეროში ქოუჩი არის არა მხოლოდ ტრენერი, არამედ მოტივატორი და გამარჯვების სულისჩამდმელი. ყველა მსოფლიო დონის ლიდერი, რომელიც იწვევს საყოველთაო აღიარებას და აღფრთოვანებას, გეტყვით, რომ მას უმუშავია ან მუდმივად მუშაობს ქოუჩთან ერთად თავის პიროვნულ განვითარებაზე და ტრანსფორმაციაზე.

რაც არ უნდა კარგი პროფესიონალი ვიყოთ ჩვენს კარიერულ გზაზე, თუ არ გვაქვს ძლიერი და ეფექტური პიროვნული თვისებები და ღერძი, ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას იმ მასშტაბით, რისი პოტენციალიც არის ჩვენში. წარმატებამდე მოდის ბედნიერება და არა პირიქით – რაც ხშირად არასწორად არის აღქმული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ დასახულ კრიტერიუმებს ან მიზნებს რომ შევასრულებთ, გარკვეულ შედეგებს რომ მივაღწევთ, მერე ვიქნებით ბედნიერები, მაგრამ ეს ასე არ არის. ასე მუდმივად ბედნიერების ძიებაში ვიქნებით და მას ვერასოდეს დავიჭერთ. შინაგანი ჰარმონია, პიროვნული იდენტობის აღიარება და შექმნა, ცხოვრებისეული მისიის ხედვის შექმნა, კარგი კომუნიკაციის დამყარება საკუთარ თავთან და სხვებთან, მაღალი ემოციური ინტელექტის გამომუშავება – არის სწორედ წინაპირობა იმისა, რომ ბედნიერი და წარმატებული ვიქნებით და შევძლებთ ეს გავუზიაროთ ჩვენს გარშემომყოფებს.

ადამიანის პიროვნული ზრდის და ტრანსფორმაციის პოტენციალი შეუზღუდავია, მაგრამ მას სჭირდება გზამკვლევი, რომელიც ამ პოტენციალის გახსნაში დაეხმარება. ამ როლს ასრულებს სწორედ ქოუჩი. ის ძლიერი, ტრანსფორმაციული შეკითხვების და ტექნიკების გამოყენებით ააქტიურებს კლიენტში ახალ, განსხვავებულ სააზროვნო და ემოციურ პროცესებს, რაც საბოლოოდ მოქმედებაში გამოიხატება. ქოუჩს თითქოს სარკე უჭირავს და საკუთარ თავში გვახედებს, იმ დიდი სურათის დანახვაში გვეხმარება, რასაც მთლიანად ჩვენი არსებობა ჰქვია და ასევე ამ პროცესში ნათელი ხდება ის მცირე ელემენტები თუ მივიწყებული ან არააქტიური ნაწილები ჩვენი პიროვნების, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენში, მაგრამ ჩრდილში რჩებოდა სხვადასხვა მიზეზით. ქოუჩის სახით ადამიანი იძენს პარტნიორს, რომელთანაც გარკვეული ანგარიშვალდებულება უჩნდება, რომ შეასრულოს ის პირადი პასუხისმგებლობები, რომლებსაც მარტო არ ან ვერ ასრულებდა.

თავად ქოუჩინგის სესია საკმაოდ სასიამოვნო, კომფორტული პროცესია, რომლის დროსაც ხდება ახალი გაცნობიერებები, დაკავშირება სიღრმისეულ ფასეულობებთან და გრძნობებთან, ამ დროს შესაძლოა არაკომფორტული სიმართლე ამოვიდეს ზედაპირზე და ადამიანმა მიიღოს ბიძგი საკმაოდ გაბედული დიდი ცვლილებებისთვის.

უპირატესობა ენიჭება სესიის ჩატარებას ცოცხალ რეჟიმში, როცა ქოუჩი და კლიენტი ფიზიკურად ერთად არიან, თუმცა ონლაინ ქოუჩინგი ერთ-ერთი აპრობირებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან ეფექტურად მუშაობს.

რაც შეეხება ქოუჩინგის მიმართულებებს, არიან ქოუჩები, რომლებიც უფრო ვიწრო სპეციალობით მუშაობენ, მაგალითად კარიერული ქოუჩი, ურთიერთობების ქოუჩი, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ქოუჩი, ფინანსური ქოუჩი და ა.შ.

პირადად მე პერსონალურ ფორმატში ვმუშაობ “Life Coaching” ე.წ. ცხოვრებისეული ქოუჩინგის პრინციპებით. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ვამუშავებთ ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ადამიანი მიიჩნევს მისთვის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვნად. ამავდროულად საქართველო ამჟამად არის ამ პროფესიის დიდი ქსელის გავრცელების და ჩამოყალიბების მომსწრე. ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ფორმირების პროცესშია “ICF Sakartvelo” – ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობა გამოცდილი პროფესიონალების მეთაურობით. ქოუჩინგი იწყებს ინტეგრირებას არაფორმალური განათლების სექტორში და დიდი სისწრაფით კორპორატიულ სექტორში.

კომპანია “LifeSkills“-ის პარტნიორობის ფარგლებში მე და ჩემი პარტნიორი ხოსრო ასლანი (იხ. www.lifeskills.ge) ვმუშაობთ სწორედ კორპორატიული ქოუჩინგის და მასთან დაკავშირებული პერსონალის მენეჯმენტის სერვისების მიწოდებაზე. დღევანდელი კრიზისული პერიოდის დადგომამდე, რომელიც გლობალური პანდემიით არის განპირობებული, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან ქართულ კორპორატიულ ბაზარზე, რომლის დროსაც გამოიკვეთა ის კონკრეტული კრიტიკული საჭიროებები და გამოწვევები, რაც კომპანიებს აქვთ და ასევე ის კონკრეტული მიზანმიმართული ინსტრუმენტები, რომლებითაც პიროვნული და პროფესიული განვითარების პროფესიონალებს შეუძლიათ უპასუხონ ამ გამოწვევებს.

  1. არის თუ არა საჭირო ყველა ადამიანს ჰყავდეს ინდივიდუალური ქოუჩი?

ვიტყოდი, რომ კი და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა დღევანდელი გლობალური კრიზისი ფონზე. ეს მაღალი ხარისხის საზოგადოების ფორმირების გარანტია იქნებოდა, რადგან ერთი გაძლიერებული, მოტივირებული, გაჯანსაღებული, გონებრივად და ემოციურად დაბალანსებული ინდივიდი აკეთებს ტალღისებრ ეფექტს თავის გარემოში და ამ გარემოში იზრდება ბედნიერების, წარმატების, გამარჯვების ენერგია.

ქოუჩინგის სერვისი საკმაოდ მაღალანაზღაურებადია სწორედ იმიტომ, რომ ის, ვინც ამ პროცესს გაივლის ერთხელ ან განმეორებით ყოველთვის მონახავს თავის თავში რესურსს, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს, სწრაფად გამოვიდეს რთული მდგომარეობებიდან და არ შეაჩეროს სვლა თავისი საოცნებო ცხოვრებისკენ. ეს კი, დამეთანხმებით, ფასდაუდებელია.

დღევანდელ მუდმივად ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემო პირობებში, რაც ახლა განსაკუთრებით მწვავედ დადგა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე, როდესაც ერთ დღეში შეიძლება დარჩე უმუშევარი, დაკარგო სტაბილურობის განცდა, შეგექმნას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, პირველ რიგში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, ჩავარდე შიშის და პანიკის მდგომარეობაში, გახდე ყოველდღიური სტრესის და ზეწოლის მსხვერპლი და ასე შემდეგ, გადარჩებიან და მენტალურ-ემოციურ მდგრადობას შეინარჩუნებენ ისინი, ვისთვისაც ცხოვრებისეული პრიორიტეტია პიროვნული სიძლიერე. სწორედ ეს ადამიანები გადაარჩენენ სხვებსაც და დაეხმარებიან სამყაროს აღიდგინოს დაკარგული და დაიწყოს ახლებური წყობის შექმნა. ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ფასად მუშაობენ თავის თავზე, საკუთარი თავის  საუკეთესო ვერსიის შექმნაზე, რადგან ესმით, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული დღეს, რაც სამყაროს სჭირდება. არა მსხვერპლის, ავადმყოფობის, სიღარიბის, უქონლობის, უბედურების, წარუმატებლობის მენტალიტეტის მქონეები, არამედ სამყაროს სჭირდება შემოქმედები, ინოვატორები, ინსპირატორები, სულით და ხორცით ჯანსაღები, სასიცოცხლო „დრაივის“ მქონეები.

დავასრულებ გენიალური ვეინ დაიერის სიტყვებით:

“With everything that has happened to you, you can feel sorry for yourself or treat what has happened as a gift. Everything is either an opportunity to grow or an obstacle to keep you from growing. You get to choose.”

„ყველაფერი, რაც შენ დაგემართა, შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ თავი შეიცოდო ან იმისთვის, რომ მიიღო ეს როგორც საჩუქარი. ყველაფერი არის შესაძლებლობა ზრდისთვის ან წინააღმდეგობა, რომელიც ხელს გიშლის განვითარებაში. არჩევანი შენზეა“.

ხშირად ამ არჩევანს ჩვენით ვერ ვაკეთებთ და გვჭირდება მხარდაჭერა. სწორედ ამ მხარდაჭერას იღებთ ქოუჩინგის პროცესში. ბედნიერება და წარმატება ეს ხომ არჩევანია და არა გამართლება ან მოცემულობა!

ესაუბრა მარიამ გვარამია

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81