უოლტ დისნეის კრეატიულობის სტრატეგია

0

შემოქმედებითობა, კრეატიული აზროვნება, „კრეატიული დირექტორი“- ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად გაისმის ნებისმიერ სფეროში. სამსახურში ლიდერები ითხოვენ სამუშაოსადმი შემოქმედებით მიდგომას , კერძო სკოლებში გამოცდილი პედაგოგები ცდილობენ ბავშვებში განავითარონ შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ბევრი ინტერნეტ პროექტი ეძებს „კრეატიულ დირექტორს“ თავისი გუნდისთვის … თანამედროვე დროში, როგორც ჩანს, შემოქმედებითობა აუცილებელი პირობაა, რადგან კლიშეების და დამკვიდრებული ტენდენციების დრო წარსულს ჩაბარდა. მაგრამ მაინც რა ფენომენს წარმოადგენს  ეს ყბადაღებული სიტყვა – შემოქმედებითობა?

საბედნიეროდ, შესაძლებელია კრეატიულობის, როგორც ნებისმიერი სხვა უნარის განვითარება და შედეგად  თანდათანობით საკუთარი პიროვნული პოტენციალის აღმოჩენა. არსებობს მრავალი ტექნიკა, რომელიც ამ მიზანს ემსახურება – გონებრივი იერიშის მეთოდი, სინეტიკის მეთოდი, ფოკალური ობიექტების მეთოდი და სხვა. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური სტრატეგია, რომელსაც უოლტ დისნეის კრეატიულობის სტრატეგია ჰქვია.

დისნეის კრეატიული სტრატეგია

სტრატეგიის აღწერამდე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მისი ავტორი  უოლტ დისნეი კი არა რობერტ დილტსი გახლავთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ითქვას ზემოხსენებულ  ადამიანებზე.

დილტსი  ნეიროლინგვისტური პროგრამირების(NLP)  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ სფეროში – ავტორია მრავალი მეცნიერული ნაშრომისა და პრაქტიკული ტექნიკის. რობერტ დილტსი NLP – ის დამფუძნებლების – რიჩარდ ბენდლერისა და ჯონ გრინდერის მოსწავლე იყო, ასევე განათლება მიღებული აქვს გრეგორი ბეითსონთან და მილტონ ერიქსონთან, რაც მას, როგორც სპეციალისტს უპირობოდ  მეტ ავტორიტეტს სძენს.

უოლტ დისნეის, სავარაუდოდ ყველა იცნობთ. ის ანიმაციური ფილმების მხატვარი, სცენარისტი, კინო-რეჟისორი და პროდიუსერი გახლდათ. მან დააფუძნა კომპანია «Walt Disney Productions», რომელიც მოგვიანებით ნამდვილ  მულტიმედიურ იმპერიად იქცა. მისი შექმნილია მსოფლიოში პირველი ხმოვანი და მუსიკალური მულტფილმები, გადაღებული აქვს 111 ანიმაციური ფილმი და პროდიუსერია 576 ფილმისა.

უოლტ დისნეი თავის საქმიანობაში იყენებდა მრავალ ეფექტურ  სტრატეგიას შემოქმედებითობისთვის. შესაძლოა სწორედ ამიტომ, იგი დღემდე არ კარგავს სიყვარულს მილიონობის მაყურებლისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ფილმები მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და პოზიტიური ემოციებით ავსებს.

რობერტ დილტსმა მიაგნო დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულ სტრატეგიას. სტრატეგია განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ ცხოვრებისეულ  სფეროში. მეთოდის ძირითადი მიზანი გახლავთ აზროვნების პროცესის იმგვარად ორგანიზება, რომ მოხდეს  შემოქმედებითი პოტენციალის აქტივაცია ნებისმიერ   დროს და ადგილას. სტრატეგიას ორი ძირითადი პრინციპი აქვს.

უოლტ დისნეის კრეატიული სტრატეგიის პრინციპები

კრეატიული სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – გამოიყოფა აზროვნების ოთხი ტიპი (აღქმის პოზიცია) : „მეოცნებე“, „დამკვირვებელი“, „რეალისტი“ და „კრიტიკოსი“. როგორც წესი, ჩვეულებრივ ადამიანს ეს პოზიციები თავში  არეული აქვს , მათი მიზანმიმართული დაყოფა კი გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითეულის რესურსი.

მეორე ძირითადი პრინციპი კი ისაა, რომ ეს ოთხი პოზიცია, წარმოადგენს ერთობლიობას, მთლიან მექანიზმს, რომლის მიზანიცაა შეიმუშავოს ნებისმიერი პროექტის რეალიზაციის საუკეთესო სტრატეგია.

მოდით აღვწეროთ, ეტაპობრივად რა ნაბიჯების განხორციელებაა საჭირო:

უოლდ დისნეის სტრატეგიის ნაბიჯები

  1. წარმოსახვით სივრცეში გამოვყოფთ ოთხ ადგილს.
  2. შევდივართ „მეოცნებეს“ პოზიციაში: წარმოვიდგენთ ჩვენი პროექტის რეალიზაციის საუკეთესო, იდეალურ ვარიანტს. წარმოვიდგენთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას და იმას, თუ როგორ ვახერხებთ მიზნის რეალიზებას. ამ დროს ეფექტურია ვიზუალიზაცია – წარმოიდგინეთ ყველაფერი ლამაზი და ფერადი კინოკადრების სახით.
  3. შევდივართ „დამკვირვებლის“ პოზიციაში: ჩვენიროგორც დამკვირვებლის  ამოცანაა დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია პოზიციებს შორის, შევქმნათ სწორი ურთიერთკავშირები. აუცილებელია შევაფასოთ „მეოცნებეს“ შესრულებული სამუშაოს  პროდუქტიულობა, დავუბრუნოთ მას უკუკავშირი და კონკრეტული რჩევები, შემდეგ კი  „მეოცნებეს“ გეგმის აზრობრივი რეპრეზენტაცია წარვუდგინოთ „რეალისტს“.
  4. შევდივართ „რეალისტის“ პოზიციაში: ვირგებთ „საქმის ადამიანის“ როლს, რომელიც შრომისა და საქმიანობისგან იღებს სიამოვნებას. ვეცნობით პროექტის რეალიზაციის გეგმას და ამოვარჩევთ მასში მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც 100%ით რეალური და გარანტირებულია. ვიფიქრებთ, რა ქმედებებითაა შესაძლებელი გეგმის განხორციელება.
  5. შევდივართ „დამკვირვებლის“ პოზიციაში: ვაფასებთ რეალისტის მიერ შესრულებული სამუშაოს პროდუქტიულობას, ვაკეთებთ დასკვნებს და თუ საჭიროა, შეგვაქვს გარკვეული კორექცია ან დამატება. ამის შემდეგ, „რეალისტის“ დამუშავებულ იდეას გადავცემთ „კრიტიკოსს“.
  6. შევდივართ „კრიტიკოსის“ პოზიციაში: განვეწყობით პოზიტიურად. ამ ეტაპზე გვევალება ჩვენი გეგმის ანალიზი, განვსაზღვროთ შესაძლო დაბრკოლებები, შეცდომები და შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ ისინი. ამის გაკეთება გეგმის განხორციელებამდეა საჭირო. მნიშვნელოვანია მოვახერხოთ „მეოცნებეს“-თვის კითხვებისა და ამოცანების ფორმულირება. რა შეიძლება მოხდეს რეალიზაციის პროცესში? შესაძლებელია თუ არა პროექტზე რამე გარემოებამ უარყოფითად იმოქმედოს? გეგმის სრულყოფისთვის შემუშავებული შენიშვნები საჭიროა პოზიტიური ფორმით ჩამოვაყალიბოთ.
  7. შევდივართ „დამკვირვებლის“ პოზიციაში: ვაფასებთ კრიტიკოსის მიერ შესრულებული სამუშაოს პროდუქტიულობას. საჭიროებისამებრ რაიმეს ვამატებთ. შემდეგ არსებულ ინფორმაციას გადავცემთ „მეოცნებეს“ საბოლოო კორექტივების შესატანად.
  8. შევდივართ „მეოცნებეს“ პოზიციაში: ვაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით ვქმნით პროექტის  განახლებულ და მოდიფიცირებულ ვერსიას. ახლა პროექტი უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და კონკრეტული ნაბიჯებისგან შედგებოდეს.
  9. შევდივართ „რეალისტის“ და შემდეგ „კრიტიკოსის“ (მათ შორის კი დამკვირვებლის პოზიციიდანაც აღვიქვამთ სიტუაციას) პოზიციაში: ბოლოს განახლებული და დამატებული დეტალების გადამუშავებას ვახდენთ
  10. რიგ-რიგობით ვიყენებთ ყველა პოზიციის აღქმას მანამ, სანამ შემუშავებული გეგმა დამაკმაყოფილებელი არ გახდება ყველა „მონაწილისთვის“ .
  11. პოზიციების ინტეგრაცია – როგორც კი ჩვენი გეგმა საბოლოო იერსახეს მიიღებს, საჭიროა შევიდეთ „დამკვირვებლის“ გარდა ყველა პოზიციაში და განვსაზღვროთ თითოეული მონაწილის როლი და ფუნქცია, დასახული გეგმის შესრულების საკითხთან მიმართებაში. ამის შემდეგ ვაერთიანებთ ინფორმაციას ერთ მთლიანობად.
  12. მომავალზე ორიენტირება – ამ ეტაპზე გვაქვს სრული სურათი, თუ როგორ ვაპირებთ გეგმის განხორციელებას და რა საშუალებები დაგვჭირდება ამისთვის. შესაბამისად, დროა დავგეგმოთ პირველი რეალური ქმედებები და შევუდგეთ მათ პრაქტიკულ განხორციელებას.

უოლტ დისნეის კრეატიულობის სტრატეგია პრაქტიკაში ძალიან ეფექტურია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მას იყენებენ არა მარტო კინოხელოვანები და რეჟისორები, არამედ ასევე ხალხი, რომელთა საქმიანობის სფერო სრულიად განსხვავებულია – ბიზნესმენები, მეცნიერები, მეწარმეები, მხატვრები თუ დიასახლისები.

სცადეთ დისნეის სტრატეგიის გამოყენება და დარწმუნდებით, რამდენად შედეგიანია!

 

მოამზადა ნონა შიუკაშვილმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81