მაგდა ფერაძე – დაიბადე თავიდან

0

იმისათვის რომ დაიბადოს ახალი, მთლიანი ,, მე” ძველი ,, მე”-ს ნაწილი სიმბოლურად უნდა მოკვდეს ჩვენში.

ცნობილია რომ ადამიანის დაბადება საკმაოდ რთულ და მტკივნეულ პროცესთან არის დაკავშირებული, რადგან დაბადება თავისთავშივე მოიცავს ტრამვას და ყოველ ჯერზე როდესაც ეგზისტენციალური კრიზისის გადალახვა გვიწევს, ანალოგიურ გზას გავდივართ ცხოვრებაში. თავიდან ვიბრძვით დაბადებისთვის, თავიდან ვეჯახებით დაბრკოლებებს და თავიდან ვაღებთ კარს სამყაროში, თუმცა სამყარო ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გვხვდება. ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს ემბრიონის განცდებს; რამდენად სასურველი ვარ? რამდენად უსაფრთხოდ ვიქნები ახალ გარემოში? რამდენად კეთილგანწყობილი იქნება სამყარო ჩემს მიმართ? და ყოველ ჯერზე, როდესაც იმედგაცრუება დგება, როდესაც მტკივა და იარა მოუშუშებელი და სისხლმდენია პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ემბრიონის პოზას ვიღებ. ვიკეტები ჩემს ნაჭუჭში და ამით, ცნობიერად თუ არაცნობიერად ვიქმნი კომფორტულ და უსაფრთხო ზონას.რაც დრო გადის მით მეტად მიჭირს ამ ზონიდან გამოსვლა. მეტად გაუბედავი ვხდები, მეტად საშიში ხდება ნებისმიერი სიახლე, სანამ არ აღმოვაჩენ რომ უჩინარი გავმხდარვარ.

და ვიწყებ კითხვების დასმას ისეთ დაუნდობელ და სასტიკ მენტორთან, რომელსაც ჩემი თავი ჰქვია.

რომელმაც ერთ დროს თავად გამომკეტა საკუთარ ნაჭუჭში და თავადვე შეუძლია ამ ნაჭუჭის დამსხვრევა.

დაბადება…

და ყოველ ჯერზე თავიდან ვიბადები…

იმ დროს როდესაც ყველა კარი დაიხურა სამყაროში ჩემთვის…

იმ დროს როდესაც ცხოვრებამ სილა გამაწნა…

იმ დროს როდესაც ყველაზე მწარედ დავეცი ცხოვრებაში…

რადგან ყველაზე რთულ მომენტში ვაცნობიერებ

რომ ადგომა შემიძლია.

რომ ყველა კარის გაღება შემიძლია თუ მოვინდომებ.

რომ საკმარისი ძალა მაქვს სილის დასაბრუნებლად…

რომ იმ ტყავის დატოვება შემიძლია რომელიც ,, მე” ვე – ჩავიცვი.

რომ თავიდან დაბადება შემიძლია…

იმისათვის რომ დაიბადოს ახალი, მთლიანი ,, მე” ძველი ,, მე”-ს ნაწილი სიმბოლურად უნდა მოკვდეს ჩვენში.

 

✔გეშტალტთერაპევტი ✔ ფსიქოთერაპიის სახლ ,, კამარას” თერაპევტი ✔ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი ?0 32 2 982 195