ანუკა კალმახელიძე – ემოციები

0

ანუკა კალმახელიძე – სუპერვიზანტი პრაქტიკოსი გეშტალტფსიქოთერაპევტი.

ადამიანი იბადება ავთენტური. ის კარგად იცნობს თავის ემოციებს, შეგრძნებებს, მოთხოვნილებებს, ის მათთან კონტაქტშია. რაკი ის თავის ემოციებს იცნობს, გამოხატავს კიდეც – ტირის, ყვირის, იცინის და ა.შ.  დროთა განმავლობაში, ბავშვის აღზრდაში ერთვებიან მშობლები, ბებია, ბაბუა, მის გარშემო მყოფი ზრდასრულები. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ ასწავლიან ბავშვს რა და როგორ უნდა გააკეთოს, რა ფორმით უნდა, ან არ უნდა გამოხატოს ემოციები. მაგ. მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ „სირცხვილია ხალხში ხმამაღალი საუბარი, სიცილი, კაცები არ ტირიან, უხერხულია საკუთარ გრძნობებზე საუბარი“ და ა.შ.

ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ის აღიაროს, მისთვის იყოს მისაღები, მშობელს უყვარდეს, ამიტომ ის ცდილობს, შეასრულოს მშობლის მითითება.  დროთა განმავლობაში ბავშვი სწავლობს ემოციის შეკავებას, რაც ხდება დასწავლადი. ზრდასრულობაში ადამიანმა უკვე კარგად იცის, თუ როგორ დაბლოკოს ემოციები.

რა ხდება მაშინ, როდესაც არ გამოვხატავთ ჩვენს  ემოციებს, გრძნობებს და ვაკავებთ მათ? – ეს რეტროფლექსიაა. სხეულში გაჩენილ ემოციას, ისევე, როგორც ყველაფერს, სამყაროში, აქვს ენერგია. ადამიანი თავის ენერგიას, რაც გარემოში უნდა მიმართოს,  მიმართავს თავის თავისკენ. ის საკუთარი თავისკენ მიმართვს იმას, რაც უნდა, რომ სხვისკენ მიმართოს, ან/და საკუთარ თავს უკეთებს იმას, რაც უნდა, რომ სხვამ გაუკეთოს.

იმპულსი შეიძლება იყოს, როგორც აგრესიული, ასევე ნაზი. ის არ ცდილობს, გავლენა მოახდინოს გარემოზე, მკვეთრად აქვს შეზღუდული გარემოსთან კონტაქტი. რეტროფლექსიით წყდება გარემოსთან კონტაქტი (მეს და არა მეს შორის კონტაქტი) და ადამიანი იწყებს დიალოგს საკუთარ თავთან, შეიძლება ეს შინაგან ბრძოლაშიც კი გადაიზარდოს.

შეკავებული, რეტროფლექსირებული ემოციები შეიძლება გახდეს დესტრუქციული. დაბლოკილი ენერგია სხეულის სხვადასხვა ნაწილში იჩენს თავს, რამაც შესაძლოა, დააზიანოს სხვა და სხვა ორგანოები, შემდეგ შესაძლოა, გაჩნდეს სხვა და სხვა სახის დაავადებები,  გაჩნდეს შფოთვა.

საკუთარი თავის, საკუთარი ემოციების არ გამოხატვით ადამიანი შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ მან დაკარგოს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებთან, ემოციებთან, მოთხოვნილებებთან კონტაქტი.

ემოციის არ გამოხატვამ შესაძლოა, ურთიერთობებშიც შეგვიქმნას პრობლემები, მაგ. კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ჩნდება გაღიზიანება, ბრაზი, წყენა და არ გამოვხატავთ, რადგან, „სირცხვილია“, „კულტურულ ადამიანს არ შეეფერება“. სინამდვილეში ეს ემოცია არ გვავიწყდება და შესაძლოა, სრულიად სხვა სიტუაციაში, მეტად უმნიშვნელო სიტყვამ თუ მოვლენამ „დაატრიგეროს“ წარსულში შეკავებული ემოცია და გამოიხატოს, ენერგიის განტვირთვა მოხდეს კონკრეტული სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებლად. გარემოდან წამოსულ იმპულსზე ჩვენი რეაქცია არ იქნება ადექვატური.

ზოგჯერ მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კი, ადამიანმა იცოდეს ემოციის შეკავება, მაგ. როდესაც მშობელს უნდა შვილის მიმართ აგრესიის გამოხატვა, ის კი იკავებს ამ ემოციას, ეს ჯანსაღი რეაქციაა. მთავარია, ვაცნობიერებდეთ, ცხადად ვგრძნობდეთ, რას ვაკეთებთ და რისთვის.

რჩევის სახით –  პირველ რიგში, მოდით, გავიცნოთ ჩვენი ემოციები, რაშიც გვეხმარება ჩვენი სხეული, სხეულთან კონტაქტით ხდება ჩვენ ემოციებთან შეხება, მაგ. გამიხარდა და სხეულის რომელ ნაწილში ვგრძნობ ჩემ სიხარულს.

შემდეგ კარგია, თუ ამ ემოციას ჯერ საკუთარ თავთან გავაჟღერებთ, შემდეგ კი ვერბალურად გამოვხატავთ მას გარე სამყაროში, გავუზიარებთ მეორე ადამიანს, რადგან სიტყვას მიყვება ენერგია და ხდება განტვირთვა. თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ემოციის ვერბალურად გაჟღერების შემდეგ მისი ინტენსივობა სხეულში იკლებს.

რა თქმა უნდა, გამოხატვის ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ჩვენ სწორად შევარჩევთ ფორმას ჩვენი ემოციის გამოხატვის დროს, თავიდან ავირიდებთ უხერხულობას. მესიჯი არ უნდა იყოს განსჯითი, დამრიგებლური, მაგ. გამოხატვის ასეთი ფორმა: „შენ მე გამაბრაზე, შენ მაწყენინე“, გულისხმობს – „შენ ცუდი ხარ, შენ შეგეშალა.“  უკეთესია, აქცენტი გავაკეთოთ ჩვენ ემოციებზე, რას ვგრძნობთ ჩვენ, მაგ „მეწყინა“, „ბრაზი ვიგრძენი“.

მოამზადა სალომე სისაურმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81