ადელის სინდრომი

0

ფსიქიატრიაში არსებობს ასეთი ტერმინი – „ადელ ჰიუგოს სინდრომი“, რომლითაც ცალმხრივი, პათოლოგიური სიყვარულით შეპყრობილ ადამიანებს მოიხსენიებენ. დაავადების სახელი სახელგანთქმული ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილს უკავშირდება, რომელსაც მთელი ცხოვრება ინგლისელი ოფიცრის ალბერტ პინსონის უპასუხო სიყვარული სტანჯავდა.

ადელმა საკუთარი თავი შთააგონა, რომ ლეიტენანტი მისი ცხოვრების მამაკაცი იყო და აუცილებლად ცოლად უნდა გაჰყოლოდა. ავადმყოფური გრძნობით შეპყრობილი ქალი შეყვარებულის სანახავად ნებისმიერ მიზეზს პოულობდა და სულაც არ აღელვებდა, რომ მამაკაცი აბუჩად იგდებდა. ოფიცერი ყველანაირად ცდილობდა უგონოდ შეყვარებული ქალისგან თავის დაძვრენას, მაგრამ ადელი უკან არ იხევდა – ის თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა.

ქალი ლეიტენანტს უამრავ წერილს სწერდა. ადელი მშობლებსა და ნათესავებს არწმუნებდა, რომ ის და პინსონი კანონიერი მეუღლეები იყვნენ, სინამდვილეში კი ქორწინება მხოლოდ მის დაბინდულ ცნობიერებაში შედგა. მალე პინსონი ნამდვილად დაქორწინდა, თუმცა მისი რჩეული, ადელის ნაცვლად, ადგილობრივი მოსამართლის ქალიშვილი იყო.

ამ ფაქტმა ჰიუგოს ქალიშვილის ფსიქიკური და მორალური მდგომარეობა უფრო დაამძიმა. ქალმა ადვოკატები დაიქირავა და სასამართლოს განცხადებით მიმართა, სადაც ეწერა, რომ პინსონი მისი ქმარი იყო და სხვა ქალზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა. ამ სკანდალის გამო, ალბერტის ქორწინება ჩაიშალა. ქალის დევნისგან დაღლილი ლეიტენანტი ცდილობდა, ადელი დაერწმუნებინა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა.ემუდარებოდა, რომ მისი დევნისთვის თავი დაენებებინა და საფრანგეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ოჯახისა და ძმის – ფრანსუა ვიქტორის შეგონებებს, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, ადელი ყოველთვის კატეგორიული უარით პასუხობდა.

ადელის სინდრომი -არაადექვატური, ავადმყოფური სიყვარულის და ვნების გამოხატვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ, რაც უპასუხოდ რჩება. ადლერის სინდრომით დაავადებული ადამიანი გრძნობს არანორმალურ მიჯაჭვულობას რჩეულის მიმართ და მისი ცხოვრება უმართავი ხდება. ასაკს, გარეგნობას თუ სოციალურ სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამ სინდრომის გარჩევა ნამდვილი სიყვარულისგან მარტივია.

თავდაპირველად, ადამიანი უბრალოდ შეყვარებულია, შემდეგ მძიმდება, გამუდმებით საკუთარ რჩეულზე საუბრობს და ნებისმიერი თემა საბოლოოდ ერთ პიროვნებამდე მიდის. მეგობრები მას ნელ-ნელა ეცლებიან. კომუნიკაციის ნაკლებობა კი, უფროდაუფრო ამძიმებს მდგომარეობას. ადელის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი მძიმე დეპრესიულიდან უაზრო სილაღისკენ. ერღვევათ ძილი და ეკარგებათ მადა.

იმდენად შთანთქმულნი არიან გრძნობებით, რომ შეუძლებელია იმუშაონ ან სახლის საქმეები გააკეთონ. სინდრომით შეპყრობილი დაინტერესებულია მხოლოდ „საყვარელთან“ დაკავშირებული მოვლენებით.

თუ თქვენ თავს ატყობთ სიმპტომებს, დაფიქრდით, როგორ შეიძლება ადამიანის განკურნება ასეთ დროს? მხოლოდ ერთ ადამიანზე მიჯაჭვულობა ხდება მთელი უბედურების მიზეზი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელია ყურადღების გადატანა, რაც შესაძლოა, ფსიქოლოგის დახმარებით უფრო მარტივად მოხდეს. შეიძინეთ ჰობი, გადით გარეთ, გადაყარეთ სურათები და წერილები, არ იაროთ ისეთ ადგილებში სადაც მას ნახულობდით ხოლმე. არ შეიცოდოთ თქვენი თავი, დაფიქრდით, ვინ უფრო მეტი დაკარგა იმით, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგა.

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81