თინათინ ბასილაია – როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ემოციებს?

0

თინათინ ბასილაია – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ჩემი მისია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დავეხმარო შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.  მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში დიდი შინაგანი ძალაა და რომ ყველას შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი ოცნების ცხოვრება და გავხდეთ ბედნიერები, თვით-რეალიზებულები, ვიყოთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში. უკვე მრავალი წელია, რაც აქტიურად ვესწრები პროფესიული და პიროვნული ზრდის ტრენინგებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ვსწავლობ საუკეთესო პროფესიონალებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან ბაირონ ქეითი, ტონი რობინსი, ბრაიან თრეისი, მიკოლა ლატანსკი და ა.შ. შემდეგ კი ადამიანებს ვუზიარებ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავისი პროგრამების საშუალებით.

მოგეხსენებათ დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის, ყველასთვის უჩვეულოა, ამ რეალობისგან გამომდინარე ჩვენ გვიწევს ადაპტაცია ახალ წესებთან, ახალი ცხოვრების სტილთან, ის ჩვეული რუტინა რაც ადამიანებს გააჩნდათ დაირღვა. ეს კი, ბუნებრივია, ჩვენში იწვევს შფოთვას. ვნერვიულობთ ჩვენს ოჯახის წევრებზე, საკუთარ თავზე და ზოგადად ირგვლივ მყოფებზე. გვადარდებს იმის მოლოდინი, თუ რა იქნება ხვალ. ეს ჩვენში შესაძლოა იწვევდეს შიშს, შფოთვას, გაღიზიანებას, ბრაზს და სხვა არასასურველ განცდებს. გვიჩნდება უსუსურობის შეგრძნება, ვინაიდან მოვლენებს ვერ ვაკონტროლებთ, რაც, ბუნებრივია, ნორმალურია ამჟამინდელი სიტუაციისგან გამომდინარე.

იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ემოციებს, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ის რაც ხდება, მეტწილად ჩვენი კონტროლის მიღმაა და მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია. მაგალითად ჩვენი ემოციები, ჩვენი აღქმა – ის თუ როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ სიტუაციას. სიტუაცია არასოდეს წარმოადგენს პრობლემას, პრობლემას წარმოადგენს ჩვენი აღქმა და ის შეხედულება, რაც გვიყალიბდება. სწორედ ჩვენეული ინტერპრეტაციებისგან გამომდინარე წარმოიქმნება ემოციებიც. ხშირ შემთხვევაში ადამიანის შფოთვა დაკავშირებულია იმასთან თუ რა ელის მომავალში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია დავრჩეთ აწმყო დროში, შევამჩნიოთ რა ხდება ახლა, შევამჩნიოთ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ უსაფრთხოდ ვართ და ჩვენი შფოთვა უკავშირდება იმ მომავალს, რომელიც ამ მომენტისთვის არ არსებობს და რისიც გვეშინია, შესაძლოა არც მოხდეს. ასევე დაგვეხმარება დავკავდეთ ისეთი აქტივობებით, რაც პროცესში ჩაგვრთავს.. ეს შეიძლება იყოს საინტერესო წიგნის წაკითხვა, ონლაინ კურსების გავლა, მედიტაცია, საინტერესო და სასარგებლო ლაივ-ჩართვებში მონაწილეობის მიღება, ახალი კერძების მომზადება, ხატვა, ახალი ჰობის აღმოჩენა. ახლახან აღმოვაჩინე საინტერესო თერაპიური პროცესი ,რომელიც გულისხმობს მანდალების გაფერადებას. ზოგიერთ მანდალას აქვს თავისი დატვირთვა, მაგალითად ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება, ან როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენი სურვილები და ა.შ. (კარლ გუსტავ იუნგის მანდალები). ყოველივე ეს გვეხმარება, ვიყოთ კონტაქტში საკუთარ თავთან, ჩვენს ემოციებთან, გრძნობებთან და მოვიპოვოთ სიმშვიდე. ასევე  ძალიან მნიშვნელოვანია გავუზიაროთ ოჯახის წევრებს, თუ რას ვგრძნობთ ,ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენ მარტო ვართ ამ განცდებში, აქედან გამომდინარე კავშირი, შენთვის საყვარელ ადამიანებთან ,იმ ემოციის გაზიარება ,რაც შენ ასე გაშინებს და მარტოდ გაგრძნობინებს თავს, აუცილებელია . მნიშვნელოვანია , ვესაუბროთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ და ვუთანაგრძნოთ , ვუთხრათ ,რომ ამ პრობლემას ერთობლივად დავძლევთ .

ვფიქრობ ეს პერიოდი კარგი შესაძლებლობაა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, გავაანალიზოთ, აღმოვაჩინოთ ახალი რესურსები, პოტენციალი ჩვენში, გავიგოთ რა გვსურს. ახალი რესურსების პოვნა საკუთარ თავში ,შეიძლება იმდენად საინტერესო აღმოჩნდეს, რომ სრულიად სხვა ტალღაზე გადავეწყოთ.

ასევე ფიზიკური აქტივობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თუ ვმოძრაობთ და ვართ დაკავებული სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით ,ეს დადებითად აისახება ჩვენს განწყობაზე . ცნობილი ამერიკელი სპიკერი, ტონი რობინსი გვასწავლის, რომ  “ემოციები წარმოიქმნება მოძრაობით.” ყოველ ჯერზე, როდესაც ვვარჯიშობთ, თავს უკეთ ვგრძნობთ და განწყობაც ამაღლებულია.

ნეგატიური ემოციები ნაკლებად რომ დაგვეუფლოს, ვფიქრობ, საჭიროა ვაკონტროლოთ ის დრო, რასაც ტელევიზორის წინ ვატარებთ. რა თქმა უნდა ახალი ამბების კურსში უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ საინფორმაციო საშუალებებს, ეს გვთრგუნავს და ჩვენზე ნეგატიურად აისახება, აგრეთვე ხელს გვიშლის ვკონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე – იმაზე თუ რას ვგრძნობთ, რა გვინდა, რა შეგვიძლია, თუნდა როგორ შეგვიძლია დავემალოთ სხვა ადამიანებს და ვიყოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო ამ მნიშვნელოვან მომენტში.

თუ გვიჭირს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მათთან საუბარიც დაგვეხმარება თავი უკეთ ვიგრძნოთ. მოვუსმინოთ, ვანუგეშოთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვინაიდან ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც შეიძლება ,ჩვენ გვაგრძნობინოს ,რომ არ ვართ მარტო კონკრეტული პრობლემის წინაშე. გვყავს ერთმანეთი და გვიჩნდება დაცულობის განცდა ,რაც ამაღლებს ჩვენს თვითშეფასებას და გვმატებს მხნეობას.

მოამზადა მარიამ გვარამიამ

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81