მარიამ აბულაძე – სწორი კვება და ემოციური მდგომარეობები თვითიზოლაციის პირობებში

0

მარიამ აბულაძე – ტრენერი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიული ცენტრი ,,ბისიეი’’-ს კვებითი ქცევის სპეციალისტი

ყოველგვარი სიახლე, რომელიც შემოდის ჩვენს ცხოვრებაში საჭიროებს გარკვეულ პერიოდს იმისათვის, რომ მოვერგოთ ამ ახალ მდგომარეობას და ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება დროებით თუ ხანგრძლივი ვადით. თვითიზოლაცია განსაკუთრებულ სიახლეთა რიგს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომელიც ჯერ არც ჩვენს და არც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა გამოცდილებაში არ ყოფილა. ეს გახლავთ პერიოდი, რომელმაც შეიძლება მსუბუქად ან საკმაოდ მწვავედ გაუწიოს პროვოცირება რიგ უარყოფით ემოციებს. ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საინტერესოა ამ დროს როგორ შეიცვალა კვებითი ქცევა? შესაძლებელია გაზარდეთ ულუფები ან პირიქით სტრესის ფონზე თავდაპირველად რადიკალურად შეამცირეთ საკვები პროდუქტები, შემდეგ კი თანდათანობით მატებაზე გადახვედით. ეს ყველაფერი თავისთავად არ ხდება ისევე როგორც არაფერი ხდება სამყაროში თავისთავად მიზეზის გარეშე.

თვითიზოლაცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სტრეს ფაქტორი, რომელიც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სტრესი იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას და ორგანიზმს მეტად მგრძნობიარეს ხდის სხვადასხვა დაავადებების მიმართ. მას შეუძლია სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის დათრგუნვა და ორგანიზმის დასუსტება. აღსანიშნავია, რომ სტრესის ხანგძლივი მოქმედებისას ვითარდება ნერვული დაძაბულობა და ხშირ შემთხვევებში იწყება ისეთი დაავადებები, როგორიცაა, შაკიკი, იმპოტენცია და სხვა მრავალი. მათ რიგს მიეკუთვნება ჭარბწონიანობა, რომელიც შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში გადადის სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხში და საბოლოოდ შეიძლება სასიკვდილო დაავადებადაც იქცეს. ჭარბი საკვების მიღება და ორგანიზმში ცხიმის რაოდენობის ზრდისთვის ხელშეწყობა სტრესული მდგომარეობებისას მხსნელის როლს ასრულებს. მაგალითად, იმისათვის რომ სევდა არ შევიგრძნო თავს ტკბილეულით ვიმხნევებ. საბოლოოდ კი სევდაც ჩემთან რჩება და ჭარბი ცხიმიც. რაში არის გამოსავალი? გამოსავალი უარყოფითი ემოციების გაცნობიერებაშია და არა დროებით კვებით დაკავებაშია, რომელიც მგონია რომ დისკომფორტს ხსნის საბოლოო ჯამში კი ორგანიზმიც და ფსიქიკაც დაზარალებული რჩება. შფოთვის, გაღიზიანებადობის, აგრესიის და სხვა ემოციური დისკომფორტის გამომწვევი ფაქტები ისევ ფაქტებად რჩება, ჩვენი ემოციური დამოკიდებულებებიც უცვლელია, სხეული ჭარბი კვებით დროებით გაბრუებულია და ადამიანს ჰგონია, რომ წრეზე ტრიალებს. ეს მართლაც რომ ჩაკეტილი წრეა, რომელსაც მხოლოდ დისკომფორტის გაცნობიერებით, მოქმედებით და საკუთარ თავზე მუშაობით გავარღვევთ და გავაქრობთ. ამ ყველაფერში ადამიანს ფსიქოთერაპიული მუშაობა ეხმარება და გასაოცარია, შეუფასებელია ის შედეგები რომლებიც ცხიმის დნობასთან ერთად ადამიანის ფსიქიკაში ხდება.

ვიდრე საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისათვის მზად ვიქნებით შეიძლება მცირე ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს კვებით ჩვევებში, რომლებიც შემდეგ კვებით ქცევებად ჩამოყალიბდებიან და გაგვიადვილებენ ცხოვრების ახალ მეტად პოზიტიურ, თვითსიყვარულით, თვითპატივისცემით და ენერგიით სავსე ეტაპზე გადასვლას. პირველ რიგში საჭიროა:
– შევამციროთ კუჭის მოცულობა, ამაში ყოველ 3-4 საათში ერთხელ რეგულარული კვება დაგვეხმარება;
– გავაკონტროლოთ ყოველ კვებაზე მიღებული საკვების ულუფის ოდენობა, რომელიც 260-360გრამს არ უნდა აცდეს
– დღის მანძილზე აუცილებელია მივიღოთ 1,5-2ლიტრი ონკანის წყალი (და არა მინერალური რადგან ის დიდი ოდენობით მიღებისას უარყოფით შედეგებს გვაძლევს, მაგ: შეშუპება)
– პურის რაოდენობა დავიყვანოთ 1-2 ნაჭერზე და უპირატესობა მივანიჭოთ შავ და ცეხვილ პურეულს;
-საუზმეს შევუნარჩუნოთ მისი ფორმატი;
-პირველ, მეორე და მესამე კვებაზე შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შიმშილს დააკმაყოფილებენ, სასურველია თუ გავაკეთებთ ცილისა და ნახშირწყლის კომბინაციას, შეგახსენებთ, რომ რაც უფრო რთულია პროდუქტი მით უფრო რთულია ის გადასამუშავებლად, შესაბამისად გადამუშავებისათვის მეტ დროს დაჰყოფს ორგანიზმში და შიმშილის შეგრძნებაც არ დადგება 3-4 საათზე ადრე;
– აუცილებელია დღის მანძილზე ორი კვება დავასრულოთ ტკბილეულით (მაგ: 10-15გრ. შოკოლადი) რომელიც დააჩქარებს გლუკოზის დონის აწევას და დანაყრების განცდაც იქვე დადგება;
-დღის რაციონში აუცილებლად ჩავრთოთ ხილი. მისი ამოღება რაციონიდან არ არის სასურველი, რადგან ამ დროს ცოცხალ ვიტამინებზე ვამბობთ უარს, საჭიროა ხილის მიღება კვებიდან 1 საათის შემდეგ, შეგვიძლია ნებისმიერი ხილი დავამატოთ ერთ ან ორ კვებას (დღის 5-6 საათამდე) 100-200 გრამამდე;
– დღის ბოლო კვება მივიღოთ დაძინებამდე 2 საათით, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მაღალი კალორიულობით არ გამოირჩევიან და შიმშილსაც დააკმაყოფილებენ. მაგ: სტაფილო, კიტრი, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათი, გოგრა;
– თვეში ერთხელ ან ორჯერ კი შესაძლებელია ე.წ. განტვირთვის დღე გამოვიყენოთ და მივირთვათ მხოლოდ ცილა ან ნახშირწყალი 1,5-2ლ. წყალთან ერთად

დამოუკიდებლად კვებით ჩვევასა და ქცევაზე მუშაობის დაწყება ყველას შეუძლია, თუმცა გრძელვადიანი მიზნის მიღწევა, საკმაოდ რთული და რიგ შემთხვევებში, შეუძლებელიც არის. ასეთ დროს საჭიროა პროცესში პროფესიონალი კვებითი ქცევის სპეციალისტებისა და ფსიქოთერაპევტების ჩართვა, რომლებიც დაგეხმარებიან სწორი კვებითი ჩვევებისა და ქცევის ჩამოყალიბებაში, გასწავლიან საკუთარ მიზნებზე მუშაობას, აღმოგაჩენინებენ საკუთარ თავში მეტ დადებითს, გასწავლიან თვითსიყვარულსა და თვითპატივისცემას, უარყოფით ემოციებთან გამკლავებას საკვების გარეშე, საბოლოო ჯამში კი საკვები გახდება სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტი და არა სიამოვნების შეუცვლელი წყარო.

✔ტრენერი ✔ფსიქოთერაპევტი ✔ფსიქოთერაპიული ცენტრი ,,ბისიეი’’-ს კვებითი ქცევის სპეციალისტი ? 598 24 91 24