ნათია ქოიავა – მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა იზოლაციის პირობებში

0

როცა მშობელი ხარ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, როცა მიდის ჭიდილი გონებასა და ემოციას შორის. სწორედ ამის გამო, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბავშვის აღზრდა დანის პირზე სიარულს ჰგავს. ერთმა არასწორმა პასუხმა ან შენიშვნამ შეიძლება ბავშვი დათრგუნოს, ხოლო სწორად ნათქვამმა სიტყვამ, სწორმა კომენტარმა, ის გაამხნევოს, წაახალისოს, ფრთები შეასხას. დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ, ჩვენი ურთიერთობის ყოველ წუთს, შეგვიძლია მორალურად, ემოციურად გავაძლიეროთ ან გავტეხოთ ჩვენი შვილები, თავდაჯერებულობა შევმატოთ ან თვითშეფასება დავუქვეითოთ, დავეხმაროთ მათ ნაბიჯების წინ გადადგმაში ან გამოვაცალოთ საყრდენი, გამოვიწვიოთ მათი სტაგნაცია, ერთ ადგილზე გაყინვა.

ზრდასრულები, მშობლები, ყოველთვის ვთვლით, რომ ბავშვებს ჩვენ უნდა ვასწავლოთ და გვავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ ჯერ თავად უნდა ვისწავლოთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ და ამაში სწორედ ჩვენი ბავშვები დაგვეხმარებიან. თუ მოვუსმენთ, მათგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით, მათი მეშვეობით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გავაცნობიერებთ. ჩვენ იმდენად ორიენტირებული ვართ მითითებაზე, სწავლებაზე, აღზრდაზე, რომ ხშირად ვერც კი ვგრძნობთ, რა საინტერესო ფორმით წარმოაჩენენ ხოლმე ჩვენი შვილები თავიანთ უნიკალურობას, გვაჩვენებენ, რომ ისინი არ გვანან არავის, ვისაც კი ოდესმე ამ პლანეტაზე გაუვლია.

ზოგადად, მას შემდეგ, რაც გაცნობიერებული მშობლობის საკითხებზე ვმუშაობ და თავადაც გავხდი დედა, ძალიან და ბევრ რამეს ვაკვირდები და ვამჩნევ, განსაკუთრებით კი დღევანდელ მოულოდნელი და უცნაური ცვლილებების პერიოდში, სწორედ იმიტომ, რომ მე 3,6 წლის გოგონას დედა ვარ, რომელიც ახლა ყველაზე მეტ დროს ატარებს ჩემს გვერდით. ასევე, ვუყურებ სხვა ბავშვებს, ჩემს დიშვილებს, ძმიშვილს, ბავშვებს ქუჩაში, მშობლებთან ერთად. ვხედავ მშობლებისა და შვილების ურთიერთობას. და ვხვდები, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების მიმართვა ბავშვებისკენ, რადგან ბავშვები ძალიან ძლიერად გრძნობენ ჩვენს დაძაბულობას.

ახლა, როცა თანდათანობით დაგვიწესეს შეზღუდვები, ერთ დღეს შეკრებას გვიკრძალავენ, მეორე დღეს – გადაადგილებას, მესამე დღეს – გასეირნებას და ა.შ., სტრესის ხარისხი თანდათან იმატებს. ამასთან ერთად, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, და არ იციან, რა იქნება ხვალ, ზოგიერთს კი დისტანციურად, სახლიდან უწევს მუშაობა და მოგეხსენებათ, ბავშვებთან ერთად, ერთ ჩაკეტილ სივრცეში, ეს როგორი ძნელია. ახლა, ჩვენი მთავარი ამოცანა, ამ რთულ პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნებაა. ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება, რომ არ მივმართოთ ენერგია იმისკენ, რაც არ გვსურს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.

დღევანდელი ბავშვები ისეთ ძალას, ისეთ ენერგიას ავლენენ, რომ ხშირად, მშობლებს მათთან გამკლავება ისედაც უჭირთ. ახლა კი, როცა ჩვენგან მოითხოვენ, რომ საკუთარ სახლებში შევიყუჟოთ და ჩავიკეტოთ, და როცა ზრდასრულებს ეს ასე გვიჭირს, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის ბავშვების მდგომარეობა, ჩაკეტილ სივრცეში. ყველაზე მეტად ეს მათზე აისახება და ამას ალბათ ძალიან ხმაურიანადაც გამოხატავენ; აღარ იციან, ეს მოჭარბებული ენერგია სად დახარჯონ, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, ხმაურობენ, სხვადასხვა თამაშს იგონებენ, რაც ჩაკეტილ სივრცეში ძალიან მოუხერხებლად გამოდის, ქმნის არეულობას, შესაძლოა, რაღაც ნივთებიც დაიმტვრეს, ფანჯრის მინებიც ჩატყდეს და ა.შ. მათ არ სურთ, იყონ მშობლების შიშის თუ სტრესის ერთგვარი ფილტრი და არ სურთ, თავიანთ თავში დაიტოვონ ის, რაც მათ დისკომფორტს უქმნის. ისინი ამ უარყოფითი ენერგიის გარეთ გამოსროლას ცდილობენ. ამიტომაც, ახლა ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

ახლა რაც შეეხება ჩვენში მიმდინარე პროცესებს. ბავშვთან ერთად ამდენ ხანს ერთ სივრცეში, მით უმეტეს, ჩაკეტილად ყოფნას მიჩვეული არ ვართ. თუ ვმუშაობთ, ბავშვი არის საბავშვო ბაღში, ძიძასთან, ან ოჯახის სხვა წევრთან. ახლა კი უეცრად აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, როცა გვიწევს, მათზე თავად ვიზრუნოთ, აღარც ძიძა გვყავს, არც დამხმარე; გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, დაძაბულები ვართ, სტრესში ვართ, ან შესაძლოა, კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში, გვჭირდება სიმშვიდე, სიჩუმე, დრო საკუთარი თავისთვის, რაც ასეთ მოცემულობაში ფაქტობრივად შუძლებულია. თუ მივიღებთ უარყოფით ინფორმაციას, ის ჩვენდაუნებურად მაშინვე ვინმეზე გადაგვაქვს, რადგან არ გვსურს, ის ჩვენს თავში დავიტოვოთ, რადგანაც ის მტკივნეულია. ბავშვები ლაკმუსის ქაღალდივით არიან, ისინი ასახავენ მშობლების განწყობილებას, ენერგიას. მიუხედავად იმისა, მშობელი რამეს ამბობს ან გამოხატავს თუ არა. ის შეიძლება დუმდეს, არ გამოხატავდეს, მაგრამ ის ფიქრობს, მას აქვს ემოციები, რაც ზუსტად აისახება ბავშვზე.

არაერთი მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, რომლებიც ლაბორატორიაში ბავშვების სისხლზე ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სახლში ჰარმონიულ გარემოში იმყოფებიან, ანუ ჰყავთ ადეკვატური, მზრუნველი, მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ბავშვისთვის საზიანოს, აქვთ ძალიან ძლიერი იმუნური უჯრედები, რომლებიც თავისი სტრუქტურით განსხვავდება სხვა ბავშვების იმუნური უჯრედებისგან, რომლებიც განსხვავებულ გარემოში იზრდებიან, და ასევე – ზრდასრული ადამიანის იმუნური უჯრედისგან; მეცნიერების დაკვირვებით, ასეთ იმუნურ უჯრედს შეუძლია, ძალიან ადვილად და საკმაოდ კარგად იმუშაოს სხვადასხვა ინფექციის დონეზე. გამოდის, რომ ეს უჯრედის დონეზეც კი არის დამტკიცებული.

ჩვენი ბავშვების თაობა, რომელიც ახლა მოდის, არის რეალურად ჩვენი მომავალი, ესენი სრულიად განსხვავებული ბავშვები არიან, კრისტალივით სუფთა, სინათლის და სიბრძნის შვილები. ეს ბავშვები სრულიად არ გვანან წინა თაობების ბავშვებს, რომლებმაც ამ პლანეტაზე იცხოვრეს. ამიტომ, ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გავაკეთოთ, და შესაბამისად, ჩემი შემდეგი რეკომენდაცია იქნება, ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ გამოვამჟღავნებთ საკუთარ თავს ბავშვებთან. ძალიან კარგად დავაკვირდეთ ჩვენს შინაგან დაძაბულობას და არ მივმართოთ ის ბავშვისკენ. იმიტომ, რომ ბუნებით, თუ რაღაც ჩვევის გამო, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება სიჩუმე, გვჭირდება სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, ჰარმონიული მდგომარეობა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, სტრესის, დაძაბულობის პერიოდში. დავუშვათ, ვიღაცამ რაღაც გვითხრა, რაღაც გავიგეთ ან დავინახეთ, მოკლედ, რაღაც, არც თუ ისე სასიამოვნო მოხდა და ამას მოჰყვა შინაგანად გაღიზიანება; ასეთ დროს, ყოველთვის ასე ვთქვათ, „ხელში მოგვყვება“ ეს პატარა არსება, რომელმაც რაღაც კონკრეტული ქცევით შესაძლოა გაღიზიანება გააძლიეროს და მის მიმართ ჩვენი არც თუ ისე სასიამოვნო და სწორი მოქმედების პროვოცირება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, როცა ბავშვებისკენ მივმართავთ მზერას, ჩვენი თვალებიდან თითქოს ცეცხლი იფრქვევა, ელვა, რომელსაც გამანადგურებელი ძალა აქვს, ეს არის შინაგანი ენერგია, რომელიც ამ დროს არის ჩვენს შიგნით.

ამისთვის, ახლა შემოგთავაზებთ ერთ ძალიან ძლიერ და ეფექტურ პრაქტიკას. ეს არის საკუთარი თავის სწავლების, თქვენს შიგნით კონცენტრაციის, საკუთარ მოქმედებაზე დაკვირვების მეთოდი. დახუჭეთ თვალები. გაიხსენეთ, როცა რაღაცის გამო დაძაბული ხართ და ბავშვს ეჩხუბებით, როცა ბავშვს ეუბნებით: „ნუ ხმაურობ“, „ამას არ შეეხო“, „ეს არ გააკეთო“ და ა.შ., და როცა მისკენ მზერას მიმართავთ, ეს მზერა ტკივილამდე დაძაბულია. კარგად გაიხსენეთ ეს შეგრძნება თქვენს შიგნით და თქვენი თვალების გამომეტყველება. ენერგიის კონცენტრაცია იმდენად ძლიერია, რომ ის პირდაპირ ტკივილს იწვევს. და ეს ტკივილი ჩვენი თვალებიდან მოდის. ახლა კი მოდი, გარედან შევხედოთ და დავინახოთ, ეს ტკივილი როგორ აღწევს ბავშვში. დავინახოთ, მხოლოდ ეს მზერა როგორი დამანგრეველი ენერგიის მატარებელია. ხოლო თუ ბავშვთან ვიწყებთ ყვირილს, უკვე წარმოიქმნება სიტყვის ენერგია, და ახლა დაინახეთ, როგორი დამანგრეველი ტალღით მიდის ეს ენერგია, და ასევე მიაქციეთ ყურადღება, როგორ ურტყამს ის ბავშვს უკანა მხრიდან – კეფა, ზურგი, გულის ცენტრი, ხერხემლის დონე. ანუ მთლიანად იბლოკება მხარდაჭერა. რატომ არის ზურგის მხარე ასეთი მნიშვნელოვანი? ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბავშვისთვის არის, როცა მშობელი მის ზურგს უკან დგას. ასეთი მოქმედებით კი ეს კავშირი იშლება, ბავშვი მშობელს აღარ ენდობა, მისი ეშინია, იწყებს თავის ნაჭუჭში ჩაკეტვას. ბავშვის ასეთი მდგომარეობა მისი მშობლებისგან გამომდინარეობს. შესაძლოა, ჩვენს თაობაში ყველა ასე გავიზარდეთ, მაგრამ აღარ უნდა დავუშვათ, რომ ეს ისევ ასე გაგრძელდეს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის არის თქვენი შვილი, 2000-იან წლებში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებული ბავშვები არიან ამ პლანეტაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭრათ მათ იმაში, რომ იყონ ისინი, ვინადაც მოევლინონ ამ პლანეტას, თავიანთი პოტენციალით, თავიანთი სინათლით და ბრწყინვალებით, იპოვონ სულიერი საზრისი და სრულფასოვნად რეალიზდნენ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ვუშვებთ დამანგრეველ ენერგიას. დავუბრუნდეთ ისევ თვალებს, მზერას. ახლა კონცენტრაცია გააკეთეთ ამ მზერაზე და შეარბილეთ ის თქვენს წარმოსახვაში. კიდევ უფრო მეტად შეარბილეთ, მერე კიდევ უფრო მეტად. დახუჭული თვალებით ახლა უყურებთ თქვენს შვილს და თქვენს მზერას, მისკენ მიმართულს. მზერას თანდათან ვარბილებთ, შემდეგ ვხდით თანდათან უფრო კეთილს, თბილს. რაც შეიძლება მეტად შეარბილეთ ეს მზერა და შეამჩნევთ, რომ ის დამანგრეველი ენერგია, რომელიც არის სხეულის შიგნით, თანდათან დაბლა იწევს. გაღიზიანებაც თანდათან მცირდება და ჩვენს გულში არსებული სიყვარულის მეშვეობით, როცა ბოლომდე შვიგრძნობთ ჩვენი ბავშვების ძალიან ძლიერ სიყვარულს, ეს შიშიც, შფოთიც, ნეგატიური ენერგიაც ნეიტრალიზდება. ახლა კი, საკუთარ თავში უნდა დავაყენოთ ე.წ. „წითელი ღილაკის პროგრამა“, რომელიც გააქტიურდება მაშინ, როცა დავაპირებთ, რომ ეს დაძაბული მზერა გამანადგურებელი ენერგიით ბავშვისკენ მივმართოთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის „STOP” ღილაკი, რომელიც ასეთ დროს ავტომატურად გვანიშნებს: „შეჩერდი, ამის გაკეთება არ შეიძლება!“ თუ ამ „პროგრამას დააყენებთ“, თავადაც დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ეფექტურად მუშაობს. როცა ღრმად ჩაისუნთქავთ და დააპირებთ, რომ ბავშვს რაღაც მისთვის არასასარგებლო უთხრათ, დაე, „STOP” ღილაკი ავტომატურად გააქტიურდეს და წითლად აინთოს. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თქვენს ბავშვებს ზიანი არ მიაყენოთ, ამის დაპროგრამებას თქვენს თავში ძალიან ადვილად შეძლებთ და საჭირო დროს, ის ყოველთვის თქვენს თვალწინ აინთება. ეს პატარა სავარჯიშო ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ის დამანგრეველი ენერგია, რომელიც რიგი გარემო ფაქტორების გამო თქვენს შიგნით გროვდება, ბავშვებზე არ გადაიტანოთ.

სანამ ბავშვს რამეს ვეტყვით, შენიშვნას მივცემთ ან ვუსაყვედურებთ, ხმამაღლა ვუყვირებთ, ჯერ უნდა გავიაზროთ „რას გავაკეთებ ახლა მე მისთვის. რას ვუზამ ახლა მე მას?“ გაიხსნეთ, როგორ ელოდებოდით ამ ბავშვს, როგორ ელოდებოდით იმას, რომ ეს დადებითი ენერგია თქვენს ოჯახში შემოსულიყო, ელოდებოდით ამ სასწაულს, როდის მოევლინებოდა ამ ქვეყანას, როგორ ეფერებოდით, ფიქრებში როგორ პირდებოდით, რომ მასზე იზრუნებდით, მხარს დაუჭერდით, და მოდი ეს გავაკეთოთ შემდგომშიც, რადგან ამ პლანეტაზე, მათ ცხოვრებაში ბევრი არასასიამოვნო რამ ისედაც მოხდება, მათ ყველაფერი ისედაც წინა აქვთ, ისინი თავიანთ გაკვეთილებს ცხოვრებისგან ისედაც მიიღებენ. მშობლები კი ყოველთვის მათ ზურგს უკან უნდა იდგნენ და გამოხატავდნენ მხარდაჭერას, სიყვარულს. თუ ბავშვი ისეთ გარემოში გაიზრდება, სადაც მშობლები მის უკან დგანან და ეუბნებიან, „მე შენთან ერთად ვარ, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მხარს გიჭერ“, ბავშვს აღარ ეშინია, გადადგას ნაბიჯები იმ დიდ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ის მოვავლინეთ. და თუ შეცდომებს მაინც დავუშვებთ, და ცხადია, დავუშვებთ, რადგან შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მეც ვუშვებ, ყველანი ადამიანები ვართ, მაშინ ბავშვს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვუთხრათ, „მაპატიე, რომ ახლა ასე დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად, ასეთი ტკივილი მოგაყენე…“

და ბოლოს, ჩვენს მკითხველსაც მინდა გავუზიარო ის ისტორია, რომელსაც ჩემს სესიებსა თუ ტრეინინგებზე ხშირად ვყვები ხოლმე: ახალგაზრდა, 35 წლის ქალს, მცირეწლოვანი ბავშვების დედას, რომელიც მძიმედ იყო ავად და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ჰკითხეს, რას ინატრებდა იმ მომენტში ყველაზე მეტად. ქალმა უპასუხა, ახლა ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, ავდგე და ჩემს შვილებს საფენები გამოვუცვალოო. გახსოვდეთ, რომ არასოდეს, არც ერთ ადამიანს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში არ უნატრია, რომ მეტი დრო გაეტარებინა სამსახურში. ისინი ნანობდნენ, რომ მეტი დრო არ გაატარეს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა კი ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება, ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან.

ახლა, როცა ამის წაკითხვას დაასრულებთ, მაგრად ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს, უთხარით, რომ ყველაზე მეტად გიყვართ და საკუთარ თავს მიეცით პირობა, რომ ქვეცნობიერ დონეზე ეს „STOP“ ღილაკი დააპროგრამოთ, რათა თავიდან აიცილოთ მათთვის გაუცნობიერებლად ტკივილის მიყენება; ყველა მომენტში, როცა ასეთი რამის გაკეთებას დააპირებთ, ეს ღილაკი ავტომატურად აინთება და თავს შეგახსენებთ.

 

 

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81