ნეგატიური ემოციების პარადოქსი

3

მაია ხოსიტაშვილი – ფსიქო-განათლების ცენტრის – ,,Psycho-Solutions”-ის დამფუძნებელი; ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი.

ტრადიციულად ითვლებოდა, რომ ემოციები ხელს გვიშლიან ნორმალურ ფუნქციონირებაში და მუშაობაში. დღეს, ეს შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, ემოციების  დისკრედიტაციისა და ნეგატივიზაციის ნაცვლად, ჩვენ უკვე თავისუფლად ვსაუბრობთ მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და სარგებელზე, რაც ემოციური ინტელექტის კონცეფციის დამსახურებაა.  ეს კონცეფცია თავისთავად პარადოქსულია, რადგან საუბრობს ორი, ისეთი აბსოლუტურად განსხვავებული, ერთი შეხედვით, არათავსებადი კომპონენტის კომბინაციაზე, მათ ჰარმონიულ და შეთანხმებულ ურთიერთქმედებაზე, როგორიც არის ფიქრი და გრძნობა.

გასულ საუკუნეებში საუბარი პოზიტიური ემოციების აუცილებლობაზეც კი აბსურდულად განიხილებოდა. დღეს კი, მოცემულ სტატიაში, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ პარადოქსზე, რომელიც გვაჩვენებს რომ ნეგატიური ემოციების სასარგებლოდ გამოყენებაც კი შესაძლებელია.

ცუდი და კარგი ემოცია არ არსებობს. ზოგიერთი ემოცია სასიამოვნოდ, ზოგი კი – უსიამოვნოდ განიცდება. როდესაც ვსაუბრობთ  „ნეგატიურ ემოციებზე“, ვგულისხმობთ მხოლოდ იმას რომ ამ ტიპის ემოციები არასასიამოვნოდ განიცდება. კერძოდ, ფუნქციურად ყველა ემოცია პოზიტიურია, რადგან ემსახურება გარკვეულ ადაპტაციურ მიზანს.  მაგალითად, რომ არ განვიცდიდეთ შიშს, სოციალურ გარემოში სრულყოფილად ფუნქციონირების უნარს დავკარგავდით. ამდენად, აუცილებელია ნებისმიერი ემოცია მივიღოთ, ვაღიაროთ და განვიცადოთ.

ემოციები მხოლოდ მაშინ ხდებიან დისფუნქციური, როდესაც ჩვენ არ ვიცით მათთან სათანადო მოპყრობა და მათი რეგულირება. კერძოდ, ნეგატიური ემოციების დროს, ჩვენ ხშირად მივმართავთ კონტროლს, ჩახშობას ან შეკავებას, ნაცვლად რეგულირებისა. გვავიწყდება, რომ ემოცია აუცილებელია იყოს განცდილი და გამოხატული, სხვა შემთხევაში ხდება მისი აკუმულირება სხეულში და ინტენსივობის ზრდა, რაც ნიშნავს იმას რომ, ადრე თუ გვიან, მოხდება მისი ,,გარეთ გამოსვლა“. ეს შესაძლებელია მოხდეს  ა) ქცევის დონეზე ან  ბ) ფიზიკური სხეულის დონეზე (ფსიქოსომატური დაავადებები). სწორედ ამიტომ, ნაცვლად ემოციების კონტროლისა და ჩახშობისა, აუცილებელია მივმართოთ ემოციური ინტელექტის კონცეფციით გათვალისწინებულ შემდეგ მიდგომებს:

ა) ემოციების რეგულირებას ანუ ინტენსივობის მართვას შესაბამისი განზომილების გრადაციების  გათვალისწინებით;

ბ) ემოციების ტრანსფორმაციას ანუ გარდაქმნას სასარგებლო რესურსად.

ბრაზისა  და შიშის რეგულაცია

ბრაზიც და შიშიც წარმოადგენენ ბაზისურ ემოციებს, რომლებიც ევოლუციური თვალსაზრისით, ემსახურებიან საფრთხისგან დაცვას. ორივე ემოციას ახასიათებს მაღალი ენერგოეფექტურობა, კერძოდ მათი განცდის დროს  ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. გარდა ამისა, ბრაზის და შიშის ემოციებს ახასიათებთ განსხვავებული ინტენსივობის შესაბამისი გრადაციები (იხ. ქვევით ბრაზის და შიშის განზომილება). რეგულირება გულისხმობს ერთგვარი ,,მართვის პულტის“ ფლობას, რომელიც ინტენსივობის აწევის ან დაწევის, გრადაციების ცვლილებისა და  ზომიერების/ბალანსის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

ბრაზი არის ჩვენი ბუნებრივი რეაქცია მაფრუსტრირებელ და დისტრესულ მოვლენაზე, ან ისეთ მოვლენაზე, სადაც თავს ვგრძნობთ უსუსურად და არ გვაქვს კონტროლის განცდა. ბრაზი ნორმალური რეაქციაა, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს  და ხელი შეუწყოს ორგანიზმის გათავისუფლებას დაძაბულობისაგან, ერთგვარ განტვირთვას – „ემოციურ ვენტილაციას“. ბრაზის ემოცია ვლინდება აგრესიის, ფრუსტრაციისა და მუქარის დროს.

ბრაზის განზომილება და რეგულირება:

ბრაზის გრადაციების გათვალისწინებით, ყველაფერი იწყება უკმაყოფილებითა და გაღიზიანებით, რომელიც სოციალური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ღიად არ გამოიხატება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, ხდება მისი კონტროლი/ჩახშობა და  „სხეულში გამოკეტვა“. შედეგად, მისი ინტენსივობა იზრდება და უკიდურეს შემთხვევაში იღებს რისხვის ან აფექტის ფორმას, რა დროსაც რაციონალური აზროვნება გადაიფარება ემოციით (,,გადამეკეტა“) და ბრაზი ხდება დისფუნქციური. სწორედ ამიტომ, მნიშნელოვანია ამ განზომილების საწყის წერტილშივე მოხდეს ბრაზის ემოციის იდენტიფიცირება, აღქმა და სახელდება, ასევე აკუმულირების და ჩახშობის ნაცვლად მისი რეგულირება – ინტენსივობის შემცირება, კონსტრუქციული გამოხატვის ან განტვირთვის, ასევე ბრაზის ენერგიის მოტივაციურ ენერგიად  ტრანსფორმაციის გზით.

შიში არის ჩვენი პირველადი ბუნებრივი რეაქცია საფრთხეზე. შიშს გამოვხატავთ, როდესაც ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ საფრთხეს ვგრძნობთ. ევოლუციური თვალსაზრისით შიშის მიზანს წარმოადგენს გადარჩენა. შიშის რეაქცია არის ნორმალური და ადაპტური. ის გვეხმარება ამოვიცნოთ საფრთხე და მოვახდინოთ დროული რეაგირება. ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს ჩვენს განცდას, რომ არ გვაქვს საკმარისი რესურსი გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას.

შიშის განზომილება და რეგულირება:

შიშის განზომილების გათვალისწინებით, ყველაფერი იწყება დაურწმუნებლობით/ეჭვით და სიფრთხილით. თუკი, საწყის წერტილშივე არ მოხდება  ეჭვის გაქარწყლება და დარწმუნებულობის გაზრდა სიტუაციის უსაფრთხოებაში ან სიტუაციასთან გამკლავების რესურსების არსებობაში, შედეგად მისი ინტენსივობა იზრდება და უკიდურეს შემთხვევაში იღებს პანიკის ფორმას, რა დროსაც შიში ხდება დისფუნქციური.

ამრიგად, ემოციების რეგულირება, გულისხმობს 1) ცალკეული კლასის ემოციის განხილვას, როგორც განზომილება განსხვავებული ინტენსივობითა და გრადაციებით; 2) ემოციების ,,მართვის პულტის“ გამოყენებას, რათა ინტენსივობის ადრეულ ეტაპზევე მოხდეს შესაბამისი რეაგირება და ინტენსივობის ზრდის პრევენცია. შესაბამისი რეაგირება და ჩარევა, ტვინის ევოლუციური სამსახოვანი თეორიის გათვალისწინებით (Paul MacLean, 1985),  დაკავშირებული შესაძლებელია იყოს:

ა) ფიზიკურ/სხეულებრივ აქტივობასთან (ვარჯიში, ცეკვა, იოგა, მაინფულნესი და სხვა);

ბ) ფსიქოლოგიურ აქტივობასთან (პოზიტიური აზროვნება, ვიზუალიზაცია, დისოციაცია და სხვა).

ემოციების სხეულებრივი რუკა და ენერგეტიკა

ემოციების რუკა გვიჩვენებს თუ  სად ვგრძნობთ ემოციებს, რა სხეულებრივ შეგრძნებებში აისახება ეს ენერგეტიკა. კვლევების თანახმად (Body maps of emotions – იხ. წყარო),  სუბიექტურად განცდილი ემოციებს აქვთ ბიოლოგიური საფუძველი და შესაბამისი, უნივერსალური  სხეულებრივი გამოხატულება. ამ მხრივ, სხვა ემოციებისგან განსხვავებით, ბრაზი და შიში ხვდებიან ერთ კლასტერში. მათ შორის მხოლოდ მცირე განსხვავებაა, კერძოდ იგულისმხება ენერგეტიკული აქტივაციის ინტენსივობა.

ბრაზის დროს განსაკუთრებით ძლიერი აქტივაციაა  სრულად ზედა კიდურებში (ხელები). ასევე, შიშისგან განსხვავებით მეტი აქტივაცია დაფიქსირდა ფეხის ტერფებში;

შიშის დროს განსაკუთრებით ძლიერი აქტივაციაა გულმკერდის არეში. ასევე, ბრაზისგან განსხვავებით აქტივაცია დაფიქსირდა მუცლის მიდამოში.

ამ ორ ემოციას შორის მსგავსების გათვალისწინებით, ცალსახად შეგვიძია ვთქვათ, რომ  ემოციას შეუძლია გადაფაროს აზროვნება (თავის ტვინის არეში აქტივაცია), ამიტომ აუცილებელია დროული რეგულირება მოხდეს მცირე შეგრძნებების დაფიქსირებისთანავე, რათა ემოციების ინტენსივობა არ გაიზარდოს უკიდურეს გრადაციამდე (პანიკა ან აფექტი).

სხეულებრივი აქტივაციის მსგავსება მიგვანიშნებს ამ ორ ემოციას შორის სხვა ტიპის კავშირებზეც. კერძოდ, ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ბრაზი წარმოადგენს მეორედ ემოციას, რაც ნიშნავს იმას რომ თუკი ბრაზის მიზეზებს ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ მის საფუძველში დევს შიში, სირცხვილი,  ტკივილი და ერთგვარი უსუსურობის განცდა, რომელიც დაკავშირებულია ადმიანის რომელიმე  დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებასთან (ფრუსტრაციასთან). ამავდროულად ეს არის „აქტიური უმწეობის“ ანუ ,,ბრძოლის“ მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს პრინციპით „საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა“. მაგალითად, შიში პატივისცემის ან თვითპატივისცემის დაკარგვის, უსაფრთხოების ან სხვა მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის (იხ. Maslow’s Hierarchy of Needs). როდესაც ბრაზის ემოციას განიცდით, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რისი დაკარგვის შიშით შეიძლება იყოს განპირობებული?  როდესაც ბრაზის რეგულირებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავაცნობიეროთ თუ რა დევს მის საფუძველში, კერძოდ რომელი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებული შიში, ტკივილი. ეს მიდგომა კი ამცირებს ბრაზის ინტენსივობას, ასევე  აადვილებს ემოციის რეგულირებასა და რეალიზაციას.

ბრაზის და შიშის ტრანსფორმაცია

ტრანსფორმაციაზე ფიქრისთვის საწყის წერტილად ავიღოთ ინგლისური სიტყვა ,,Emotion“, რომელიც შეგვიძლია პირობითად დავშალოთ ორ ნაწილად – “Energy in Motion”, ანუ „ენერგია მოძრაობაში“. ემოციების მიზანია, რომ  ადამიანი მოიყვანოს მოძრაობაში, მოქმედებაში.

თუკი ემოციას  განვიხილავთ, როგორც ენერგიას ჩვენს სხეულში, ეს გაამარტივებს ნეგატიური ემოციების გარდაქმნისა და სასარგებლოდ გამოყენების საკითხს. კერძოდ, ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად, „იზოლირებულ სისტემაში არსებული ენერგია მუდმივია,  ის არ შეიძლება  გაქრეს. ენერგიას შეუძლია მხოლოდ შეიცვალოს ფორმა და გარდაიქმნას ერთი ენერგიიდან მეორეში“. როდესაც საქმე ნეგატიურ ემოციებს ეხება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი ენერგოეფექტურობის საკითხი და ის შესაძლებლობა, რომ ნეგატიური ვალენტობის მქონე ენერგია გარდავქმნათ სასარგებლო ენერგიად და რესურსად.

ემოციების ტრანსფორმაციისთვის საჭიროა რამდენიმე ნაბიჯი:

1) ემოციური სიტუაციის, აგზნებისა და შესაბამისი აზრების აღქმა/დაფიქსირება (სხეულებრივ პროცესებზე დაკვირვება); 

2) ემოციის სახელდება ინტენსივობის გათვალისწინებით (განზომილების გრადაციები);

3) ემოციის სახელის შეცვლა და ალტერნატიული ემოციის შერჩევა (პოზიტიური აზროვნება); 

4) ალტერანტიული ემოციით ჩანაცვლება და შესაბამისი ქცევების განხორციელება (მოქმედება).

ბრაზი საკმაოდ რესურსული ემოციაა, ენერგოეფექტურობის მაღალი ხარისხით, შესაბამისად შესაძლებელია ამ ენერგიის გამოყენება და მიმართვა სასარგებლო მიზნებისაკენ. კერძოდ, შეგვიძლია ბრაზის ენერგია გარდავქმნათ მოტივაციად ან შეუპოვრობად.  მაგალითად, წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ ისინი ახერხებენ სიტუაციაზე, ვინმეზე ან საკუთარ თავზე განცდილი ბრაზის გარდაქმნას და გამოყენებას მოტივაციად, რაც მათ დაეხმარათ  წინსვლაში, ბარიერების გადალახვასა და წინააღმდეგობების დაძლევაში.

შიშის ემოციის გარდაქმნა კი შესაძლებელია ენთუზიაზმად. მაგალითად, სიტყვით გამოსვლების დროს, მომხსენებელი რომელიც ღელავს გარდაქმნის ენთუზიაზმად, მსმენელთა მიერ აღიქმება ბუნებრივად, ენთუზიასტად და უფრო პოზიტიურად ფასდება. ,,ემოცია არის ინფექცია“ და აუდიტორიასთან ემოციური კონტაქტი აუცილებელი პირობა რაპორტის დამყარებისთვის. სწორედ ამიტომ, შიში და ღელვა ხელშემწყობი პირობაა კარგი სიტყვით გამოსვლისთვის, თუკი ენერგიის გარდაქმნა და გამოყენება ხდება ენთუზიაზმის რესურსად.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ჩვენი ემოცია, რაც ნიშნავს იმას რომ შეგვიძლია მათი რეგულირება. იმისათვის, რომ ნეგატიური ემოციების ჩვენს სასარგებლოდ, კერძოდ სასიცოცხლო ენერგიად გამოყენება შევძლოთ აუცილებელია ემოციური განათლება, რათა კარგად გავიცნოთ ისინი (მათი მიზანი, მოქმედების მექანიზმი და ენერგეტიკული მდგომარეობა) და გამოვიყენოთ სასიცოცხლო ენერგიად, რესურსად.

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81