აქვს თუ არა კაცობრიობას იზოლაციაში ყოფნის გამოცდილება?

0

ციცინო ბზიშვილი – ფსიქოლოგი

როდესაც ადამიანი აღმოჩნდება სიახლის ან განსაცდელის წინაშე, მისი მეხსიერება „აწვდის“ მას მსგავს გამოცდილებას,  როგორც სამოქმედო გეგმას. ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ეს გეგმა, გაუკეთოს მას ადაპტირება მოცემულ სიტუაციასთან შესაბამისად და ასე გაართვას თავი პრობლემას. გადავხედოთ, რა გამოცდილება აქვს ადამიანს იზოლაციაში ყოფნის და რამდენად გამოყენებადია დღეს ეს გამოცდილება.

არის მთელი რიგი პროფესიები, რომელიც მოითხოვს იზოლირებულ და ექსტრემალურ გარემოებებს, ცნობილი როგორც ICE (isolated, confined, extreme) settings. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჩრდილოეთ/სამხრეთ პოლუსებზე მომუშავე მეცნიერები, ასტრონავტები, ჭაბურღილზე და წყალქვეშანავზე მომუშავე პერსონალი და ა.შ.

გასაგებია, რომ ფიზიკური კონტექსტი  ზემოხსენებული სიტუაციების შეიძლება განსხვავდებოდეს სახლის პირობებში იზოლაციისაგან, მაგრამ ფსიქოსოციალური მოთხოვნილებები (სტრესორები), რასაც ეს ხალხი განიცდის დიდად არ განსხვავდება იმისგან რასაც ჩვენ განვიცდით დღევანდელ მოცემულობაში.

ფსიქოლოგების მიერ შესწავლილი იქნა  ICE პოპულაციის  ქცევითი სტრატეგიები, რომლის მეშვეობითაც ისინი უმკლავდებიან ექსტრემალურ სტრესორებს, ინარჩუნებენ ფიზიკურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ასევე ასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობებს.

კვლევებმა ( Palinkas LA, 2003; Berrett & Martin, 2014) აჩვენა შემდეგი ძირითადი სტრატეგიები ექსტრემალური სტრესორების გასამკლავებლად.

ადაპტაცია

ადაპტაციის პროცესში დიდი როლი აქვს ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას, ეს იძლევა ვითარებაზე  კონტროლის  შეგრძნებას,  შეაქვს თანმიმდევრული  სტრუქტურა ყოველდღიურობაში, რაც დადებითად მოქმედებეს ადამიანის ფსიქიკაზე.

საფრთხის და გაურკვევლობის შეგრძნება

გაურკვევლობა, ფიქრი იმაზე თუ რა გველის წინ, იწვევს შფოთვით შეგრძნებებს და შიშს. ემოციური დისტანცირება და ფოკუსი რაციონალურ აზროვნებაზე, გააზრება იმის, თუ  რა რისკებთან გვაქვს საქმე,  რა შეიძლება გაკეთდეს რისკების შესამცირებლად, ეს ყველაფერი აქვეითებს საფრთხის   განცდას და  შიშს.  ICE-ის სიტუაცია ხაზს უსვამს აწმყოში დარჩენის მნიშვნელობას და არა მომავლის შედეგზე ორიანტაციას, სასურველია ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვან, მიღწევად და აქტუალურ ამოცანებზე,  რაც შეიძლება გაკეთდეს ახლა, დღეს ან ამ კვირას.

ერთფეროვნება და მობეზრება

რაც  უფრო გაგრძელდება იზოლაციის პირობებში ყოფნა, მით უფრო მოიმატებს მონოტონურობის და ერთფეროვნების შეგრძნება. მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების შეტანა, კრეატიული აქტივობები,  ჰობი, სხვა და სხვა გასართობი ღონისძიებების გამოგონება.

გარე სტიმულების ნაკლებობის დროს, მნიშვნელოვანი ხდება ფოკუსის გადატანა შიგნით: საკუთარ თავთან დიალოგი, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია.

გუნება-განწყობილების შეცვლა და დაბალი მოტივაცია

გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად და მოტივაციის ასაწევად მნიშვნელოვანია ფოკუსი პროგრესზე და მცირე მიღწევებზე. სასურველია ამ მიღწევების და ასევე პოზიტიური ცვლილებების აღნიშვნა ახლო ადამიანებთან ერთად, მაგალითად სოციალური ქსელის მეშვეობით სადღესასწაულო ვახშმის მოწყობა, რაც ხელს უწყობს ერთობლიობის განცდას. მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტის ან მიზნის დასახვა.

სხვებთან მჭიდრო ურთიერთობა

სხვა ადამიანებთან მჭიდრო და ხანგრძლივი ურეთიერთობის დროს, მნიშვნელოვანია ტოლერანტულობის მაღალი ხარისხი. აუცილებელია პირადი სივრცეების გამოყოფა, გარკვეული ნორმების დაწესება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ღიად  და გულწრფელად შეეძლოთ გამოთქმა იმის, თუ რა აღიზიანებთ სხვაში, რომ არ მოხდეს ნეგატიური ემოციების და გრძნობების ესკალაცია.

გასაგებია,  რომ პანდემიის დროს იზოლაციას განსხვავებული გამოწვევებიც ახლავს თან, მაგალითად: რით დავასაქმოთ ბავშვები, როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ კრიზისს – ამ საკითხებს სჭირდება თავისებური კრეატიული გადაჭრა.

ჩვენი დღევანდელი მოცემულობა მოითხოვს გონების ახალ რეჟიმზე გადაყვანას, კრეატიულობის მაქსიმალურად გამოყენებას და ასევე,  ეგზისტენციალურ საკითხებში ჩაღრმავებას.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81