რომანტიული ჯანსაღი ურთიერთობის აუცილებელი პირობები

0

მარიამ სახოკია- ჯანსაღი ურთიერთობების ცენტრის დამფუძნებელი, ფსიქოკონსულტანტი და ქოუჩი, healthyrelationships.ge შემქმნელი და მთავარი რედაქტორი

წყვილის ურთიერთობებში მკვეთრი ცვლილებები ურთიერთობის დამთავრების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორ გადალახოს წყვილმა მსგავსი კრიზისი?

ისევე როგორც ადამიანი გადის სიცოცხლის განმავლობაში განვითარების ფსიქო-სოციალურ სტადიებს, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ასაკობრივი კრიზისი, იდენტურად შეგვიძლია ვთქვათ რომ ურთიერთობას გააჩნია თავისი სტადიები.

ის დროის დინების ნაწილია, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, გამოსავალი არის ავუწყოთ ფეხი მას და შემოქმედებითად მოვერგოთ ახალ ეტაპს, აღმოვაჩინოთ სიახლეები  და რაც მთავარია, მივიღოთ ისინი.

ყველაზე დიდი საფრთხე არის მაშინ, როდესაც ადამიანები ვერ ეგუებიან ურთიერთობის, პირველი- რომანტიკული ფაზის დასრულებას, რადგან ეს ეტაპი არის განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული.

ჩვენ ხშირად ახალ ეტაპებზე ვერ გადავდივართ, ძველი სასიამოვნო განცდების გამო, რადგან ისინი გვენანება მათ ისე ვეჭიდებით, რომ ავტომატურად, არაცნობიერად  ვამბობთ უარს ახალ შესაძლებლობებზე.

ურთიერთობის ფაზების ცვლილებები შეუქცევადი პროცესია, ამის, დანახვა, მიღება და მისგან სარგებლის მიღება დაგვეხმარება ის მკვეთრი ცვლილებები, რომელიც ურთიერთობას ახლავს გავხადოთ უფრო საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო.

ადამიანებს, ვისაც სურთ , რომ ჰქონდეთ გრძელვადიანი, ჯანსაღი ურთიერთობები, რა რეკომენდაციებს გასცემდით მათვის?

    1. საკუთარი თავის აღმოჩენა- გახსოვდეთ რომ მანამ სანამ საკუთარი პიროვნების შესახებ, საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების შესახებ არ გექნებათ ინფორმაცია, მუდამ დაკარგულად იგრძნობთ თავს ურთიერთობებში, ვერ გაავლებთ საზღვარს საკუთარ თავსა და პარტნიორს შორის, რადგან თქვენი საზღვარი ჯერაც არ გექნებათ ნაპოვნი.
    2. საკუთარი თავის ფასის დადგენა – როდესაც საკუთარ თავს აღმოვაჩენთ, იქ ვიპოვნით თვისებებს, რომელიც არ მოგვეწონება და გვექნება სურვილი დავხვეწოთ ისინი, მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა როდია საკმარისი, მნიშნელოვანია მისი განვითარების და დახვეწის სურვილი და საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტის შექმნა. თუ ჩვენ საკუთარ თავს თავად არ ვაფასებთ, ვერავინ შეძლებს ამას, გახსოვდეთ თუ ის როგორ ვეპყრობით საკუთარ თავს, აწესებს სტანდარტებს სხვებისთვის და მხოლოდ ჩვენ ვასწავლით ხალხს, როგორ უნდა მოგვეპყრონ.
    3. საკუთარი “შაბლონური” შეხედულებებისა და სტერეოტიპების აღმოჩენა- რას ველი ურთიერთობისაგან, რა არის ჩემი სტანდარტები და მათზე დაკვირვებით გადახარისხება, არის თუ არა ეს ნამდვილად საკუთარი სურვილები, დაგვეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში, რადგან ხშირია შემთხვევები, რომ ჩვენ ვეძებთ პარტნიორს არა ჩვენი, არამედ ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების მოთხოვნილებების მიხედვით და როდესაც მას აღმოვაჩენთ ვხვდებით, რომ თავს ისევ დაკარგულად განვიცდით, ამ ყველაფერს კი პარტნიორს გადავაბრალებთ, რადგან რთულია გაიაზრო და აღიარო, რომ ფიქრები რომლითაც ის აარჩიე, სულაც არ გეკუთვნოდა შენ.
    4. კომუნიკაცია, არის ჯანსაღი ურთიერთობების გასაღები, ხშირად კომუნიკაციის უნარები არის იმ ფსიქო-განათლების ნაწილი რომლის დასწავლითაც, ჩვენ შევძლევთ ურთიერთობები გავხადოთ ჯანსაღი, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ დიდი ძალის სწორად ფლობას, ის აუცილებლად დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას.
    5. მიმღებლობა – სასარგებლოა გავიაზროთ, რომ ურთიერთობა  ეს არის არჩევანი და თუ ჩვენ ამ არჩევანს ვიღებთ, საჭიროა საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მხოლოდ ჩვენი ქმედებებისთვის და არა ჩვენი პარტნიორის, ადამიანის შეცვლის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული და მნიშვნელოვანია შევძლოთ მათი მიღება ისეთებად როგორებიც ისინი არიან.
    6. მოლოდინებისგან განთავისუფლება – მოლოდინები ანადგურებენ ურთიერთობებს.
    7. ცვლილებების მიღება – როგორც უკვე ავღნიშნე ცვლილებები შეუქცევადი პროცესია და მას ფეხი უნდა ავუწყოთ.
    8. სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი- ყველა ემოციას აქვს თავისი სიმძლავრე და ხანგრძლივობა, რატომღაც ვფიქრობთ, რომ თუ ერთხელ ადამიანი შეგვიყვარდება, ეს სიყვარული საკმარისი უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე და თუ ასე არ არის  გული გვწყდება და სიყვარულს ვადანაშაულებთ  დროებითობაში, ამ შემთხვევაში თვალს არ ვუსწორებთ საკუთარ ბრალეულობას, სიყვარულს მუდმივი განახლება სჭირდება, ახალი ისტორიებითა და თავგადასავლებით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვქმნით..
    9. იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი მნიშნელოვანია, წყვილი, ვითარდებოდეს ერთი ტემპით, რაც არ გულისხმობს ერთი მიმართულებით განვითარებას​ . მე ვსაუბრობ იმ მენტალურ და პიროვნულ ზრდაზე, სადაც აზრობრივად ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ პარტნიორები ფუნდამენტურ რწმენა-შეხედულებებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან ეს გამოიწვევს მუდმივ უთანხმოებას. რასაკვირველია, შესაძლებელია სხვადასხვა პრინციპებისა და რწმენა შეხედულებების მქონე ადამიანების ჯანსაღი ურთიერთობა, თუმცა შემთხვევაში საჭიროა, ერთმანეთის რწმენა-შეხედულებების ემპათიისა და თანაგრძნობის უმაღლესი ხარისხის ქონა..​
    10. პასუხისმგებლობის გადანაწილება- პასუხისმგებლობის გადანაწილება- ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, თუმცა პასუხისმგებლობის ჯანსაღი გადანაწილება გულისხმობს ერთმანეთის შესაძლებლობებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობების გადანაწილებას და არა გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარეს.

ერთი შეხედვით ჰარმონიული, იდეალური ურთიერთობები მოულოდნელი კამათის, გაუგებრობის მსხვერპლი ხდება, როგორ ავირიდოთ თავიდან ასეთი სიტუაციები?

დიახ, არსებობენ ერთი შეხედვით ჰარმონიული და იდეალური ურთიერთობები, რომელიც იმ დენთის კასრს გავს, რომელსაც ერთი ნაპერწკალი უნდა, რომ ვულკანი ამოიფრქვას და გაანადგუროს მის ირგვლივ ყველაფერი, იმისთვის რომ ამ ვულკანურ ურთიერთობას თავი ავარიდოთ საჭიროა, ურთიერთობის დაწყების პირველივე წამიდან ვისწავლოთ საკუთარი მოთხოვნილებების, სურვილების და წყენების გამოხატვა, თუმცა, როგორც აღვნიშნე ამის აღმოჩენა არც ისე მარტივია და ამისთვის ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიმეცნოთ.

ჩვენ იმ დოგმების მსხვერპლი ვართ , რომელიც გვიმტკიცებდა, რომ კამათი არის “საზიანო”, რეალურად კამათი, რომელიც არ არის დესტრუქციული,(დამანგრეველი)  რესურსული და მეტიც მნიშვნელოვანია,  რადგან თავიდანვე მოხდეს ემოციების გამოსვლა და აქტუალური საკითხების გამოკვეთა.

ემოციებს აქვს დაგროვებითი ხასიათი, ის არ იკარგება უმისამართოდ და ყველა ნეგატიური თუ პიზიტიური გამოუხატავი ემოცია შეიძლება გარდაიქმნას დიდ საფრთხედ  ურთიერთობისათვის.

ადამიანები მოწონების მიზნით კონტაქტის პირველ ეტაზე განსხვავებულად წარმოვაჩენთ ხოლმე თავს, ეტაპობრივად ვუბრუნდებით ძველი ჩვევის გამოვლენას, მეწყვილისათვის მოულოდნელი ხდება, რაც დისკომფორტს იწვევს, როგორ შეიძლება ამ დისჰარმონიის თავიდან აცილება?

  • როდის არის სწორი დრო გამოვავლინოთ საკუთარი რეალური სახე?
  • ურთიერთობის დაწყების წამიდან.

რასაკვირველია, როდესაც ურთიერთობაში შევდივართ, ადამიანთან და მით უფრო თუ ჩვენ მის მიმართ სიმპათიები გაგვაჩნია, არაცნობიერად ვცვლით ჩვენი ქცევის მოდელებს და მათ უფრო მომხიბვლელ იერს ვანიჭებთ.

მარტივი მაგალითის მიხედვით, რომ დააკვირდეთ ადამიანის ხმას, როდესაც ის უცხო ადამიანს ესაუბრება გაცილებით სხვა ტონალობისაა, ვიდრე როდესაც ის საკუთარ მეგობარს ესაუბრება, ეს იმიტომ რომ ჩვენ ვირგებთ სხვადასხვა იმიჯებსა და  ნიღბებს, იმისთვის, რომ სოციალურად მისაღებები და მოსაწონები გავხდეთ, ეს კი ძალიან დიდ  საფრთხესთან არის დაკავშირებული.

როდესაც ადამიანს ნიღბით ვეცნობით, ეს ნიღაბი -დრო და დრო თავად გვამძიმებს და მისი მოხსნა პარტნიორის იმედგაცრულებას გამოიწვევს .მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა მოთხოვნილება რომელიც გაგვაჩნია არის ჩვენი   და დასაფასებელია, თუ ჩვენ მიზნად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა, მნიშვნელოვანია პარტნიორს გავეცნოთ რეალური სახით, ავთენტურად, ამას კი მხოლოდ იმიტო არ ვაკეთებთ რომ გავქვს არაცნობიერი შიში, რომ ჩვენი რეალური სახე არ მოეწონება პარტნიორს, თუმცა გახსოვდეთ, როდესაც ადამიანი საკუთარ თვითშეფასებაზე მუშაობს და საკუთარი თავის განვითარების ტენდენციისკენ არის მიმართული, ყოველთვის იპოვნის ისეთ პარტნიორს, ვისაც მისი ნამდვილი სახე შეუყვარდება. ნიღაბს მხოლოდ ის ირგებს, ვისაც საკუთარი რეალური სახე მიღებული არ აქვს, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დაფასება, შემდეგ კი საჭირო აღარ იქნება ვითამაშოთ როლები, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის, გავაწბილოთ ადამიანები და იმედი გავუცრუოთ მათ ვისაც სრულიად სხვა ადამიანი გაიცნეს და შეიყვარეს.

 

 

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე