Psychologist.ge

ნუცა ვერხვიაშვილი – უსმინე შენს სხეულს

ნუცა ვერხვიაშვილი – ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმულის“ დამფუძნებელი;
„კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის“ დამფუძნებელი

წარმოიდგინეთ: გყავთ მეგობარი, რომელზეც ყველანაირად ზრუნავთ, რომელსაც ხელს უწყობთ მაქსიმალურად ყველაფერში, ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდში ხართ, ის კი არა თუ არ გიფასებთ ამ მზრუნველობას, არამედ მუდმივად უკმაყოფილოა თქვენით, ხან ეს არ მოსწონს, ხან ის, ქრონიკულად გსაყვედურობთ და მუდმივად რაღაც ხარვეზს პოულობს თქვენში. როდესაც ამ ყველაფერს წარმოიდგენთ, დაფიქრდით, როგორ იგრძნობდით თავს ასეთი მეგობრის გვერდით  და კიდევ მოგინდებოდათ თუ არა მასზე ზრუნვა…
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი „უმადური“ მეგობარი – ეს თქვენ თვითონ ხართ, თქვენს როლში კი თქვენი სხეულია, რომელიც უკვე ამდენი წელია, უანგაროდ გემსახურებათ და აქვე იმაზეც დაფიქრდით, საპასუხოდ რას იღებს თქვენგან – მადლიერებას, მზრუნველობას, დაფასებას თუ პირიქით, კრიტიკას, უკმაყოფილებას, უყურადღებობას და ა.შ? როგორ გგონიათ, სხეული როგორ გრძნობს თავს თქვენი ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე? შესაძლოა, ზუსტად ისე, როგორც თქვენ იგრძნობდით თავს პირველი აბზაცის წაკითხვისას.
ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის მიზანი ის არის, რომ ამ სტატიის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს და რწმუნებულებებს იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მეტად ეფექტური და ჰარმონიული გახადოთ როგორც გარემოში, ასევე პირველ რიგში, საკუთარ სხეულში.

სოციუმში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძირითადი აქცენტი ლოგიკურ აზროვნებასა და გონებრივ შესაძლებლობებზე კეთდება, ამდენად, ბავშვები მშობლებისა და სხვა ავტორიტეტი პიროვნებების ზემოქმედების შედეგად ძირითადად ამ მიმართულებით ვითარდებიან და ისინი წლებთან ერთად უფროდაუფრო კარგავენ კონტაქტს საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან.
შემდეგ კი ის ხდება, რომ ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის კაბინეტს უამრავი ისეთი ადამიანი სტუმრობს, რომელიც სოციუმის გადმოსახედიდან ძალიან წარმატებული და „შემდგარია“, ოღონდ თავად ეს ადამიანები რატომღაც არც თუ ისე ბედნიერად გრძნობენ თავს, რადგან ამ გრანდიოზული მიღწევების მიუხედევად სხვადასხვა სხეულებრივი სიმპტომი აღენიშნებათ. ეს სიმპტომები იმდენად შემაწუხებელია მათთვის, რომ მათი წარმატება თითქოსდა გახუნებული ფერის ხდება ამ სიმპტომების ფონზე.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ეს ადამიანები ფსიქოთერაპევტთან მივლენ, როგორც წესი, მანამდე მინიმუმ ერთი მედიკამენტოზური კურსი აქვთ ჩატარებული. რადგან ჩვენს სოციუმში სხეულებრივი სიმპტომი მტრულ პრობლემად აღიქმება, მისი მოგვარების ყველაზე მარტივ გზად რაიმე აბის თუ კაფსულის გადაყლაპვაა. მედიკამენტოზური კურსის პერიოდში სიმპტომი ზოგჯერ სუსტდება ან საერთოდაც ქრება და ადამიანი ისევ ბედნიერად გრძნობს თავს, ოღონდ კურსის დასრულების შემდეგ ხშირად ეს სიმპტომი ისევ აღმოცენდება ან მის მაგივრად რომელიმე სხვა, უფრო უცნაური გამოვლინება იჩენს ხოლმე თავს. აქ ზოგიერთი ადამიანი ისევ მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართავს, ზოგი კი – ფსიქოთერაპევტს.
რატომ ფსიქოთერაპევტს? იმიტომ, რომ ბუნებაში არსებობს უამრავი სიმპტომი, რომელიც ფსიქოგენური წარმომავლობისაა.

როდესაც ფსიქოგენური ბუნების სიმპტომებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ეს არის სხეულის მხრიდან წამოსული სიგნალი, რომლითაც სხეული ცდილობს, საკუთარ პატრონს ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, რომ რაღაც ვერ არის ისე, როგორც სასურველია, რომ იყოს, რომ რაღაცის შეცვლა არის აუცილებელი.  საქმე იმაშია, რომ ფსიქიკა და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკური პროცესები ავტომატურად აისახება სხეულზე, ხოლო სხეულში მიმდინარე პროცესები – ფსიქიკაზე.
ამ ყველაფრის კლასიკური მაგალითი დღესდღეობით გავრცელებული პანიკური შეტევებია. ადამიანი ფსიქოთერაპევტს მიმართავს იმ დაკვეთით, რომ ეს შეტევები აღარ ჰქონდეს. ხშირად გამიგია პაციენტებისგან ფრაზა „მირჩევნია სიმსივნე მქონდეს, ვიდრე ეს“. სინამდვილეში კი ეს არის სხეულის ძახილი, რომელიც საკუთარი პატრონისკენ არის მიმართული იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა „გამოიღვიძოს“. ადამიანი კი პანიკურ შეტევას აღიქვამს, როგორც მის მიმართ მტრულად განწყობილ სიმპტომს და ყველანაირ ხერხს მიმართავს მასთან საბრძოლველად და მის გასაქრობად.
ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება უკვე მიხვდა იმას, რომ ამ სტრატეგიითა და ტაქტიკით ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ებრძვის ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს საერთოდ, რას წარმოადგენს პანიკური შეტევა, რამ განაპირობა მისი აღმოცენება, რისთვის არის ის და ა.შ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს არის ერთგვარი „ბრმა ჭიდილი“ რაღაც ამოუცნობ ფენომენთან. ამ ჭიდილში ისედაც ენერგია ნაკლული ადამიანი კიდევ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, თან სრულიად უაზროდ.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თქვენი სხეული სინამდვილეში თქვენს მხარესაა. და იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი სხეული „გამთლიანდეთ“, პირველ რიგში უკეთ უნდა გაიცნოთ ის.

გაიხსენეთ, რას აკეთებთ, როდესაც ახალ ადამიანს იცნობთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ამ ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა, მისი მოსმენა და თქვენი აქტიურობა საუბრით თუ სხვადასხვა ქმედებით.
შეგიძლიათ სხეულის შემთხვევაშიც ასე მოიქცეთ – ყოველდღიურად უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ სხეულს და მოუსმინოთ, სინამდვილეში რისი თქმა უნდა მას თქვენთვის.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სხეული არის ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტი რაც კი გაგვაჩნია, რადგან ჩვენ ვიბადებით, როგორც სხეული, ვცხოვრობთ, როგორც სხეული, გვიხარია და გვტკივა, როგორც სხეულს და ბოლოს, ვკვდებით, როგორც სხეული.

სავარაუდოდ თქვენს სხეულს გაუხარდა ის, რომ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ  🙂

 

 

 

 

Exit mobile version