Psychologist.ge

ედუარდ თორნდაიკის – ეფექტის კანონი

ედუარდ ლი თორნდაიკის(1874 -1949) – ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცის პრეზიდენტი(1912 წელს)

ეფექტის კანონი ეს არის დასწავლის ძირითადი კანონი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეაქციის ალბათობა შეიძლება გაიზარდოს გარკვეული შედეგებით და შემცირდებს სხვა შედეგებით. თორნდაიკის ტერმინებით თუ ვიტყვით, სტიმულის ძალა, გამოავლინოს რეაქცია, ძლიერდება, როცა რეაქციას მოჰყვება ჯილდო და სუსტდება, როდესაც მას არ მოჰყვება ჯილდო.

თორნაიკი ბევრს ექსპერიმენტირებდა კატებზე, რომლებსაც ყუთი-ლაბირინთიდან უნდა ეპოვათ გამოსასვლელი  მან აღმოაჩინა, რომ მშიერი კატები თავდაპირველად მხოლოდ დატყვევების წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ რადგან ერთმა მათმა რომელიღაც შემთხვევითმა იმპულსურმა მოქმედებამ კარის გაღება გამოიწვია, „ყველა წარულატებელი და გამოუსადეგარი მცდელობები ჩაახშო და წინ წამოწია მხოლოდ ისინი, რომლებსაც შეიძლება კატები სასურველ შედეგამდე მიეყვანა“ (Thorndike, 1898, გვ. 13). რა ისწავლეს თორნდაიკის კატებმა? მათ დაისწავლეს ისეთი ქცევა (მაგალითად, ღილაკზე თათის დაჭერა), რომელის განსაზღვრული სტიმულის პირობებში (დატყვევება ყუთში) მათ სასურველ მიზნამდე (დაუყოვნებლივ განთავისუფლებამდე) მიიყვანდა.

თორნდაიკის თანახმად, დასწავლა არის კავშირის დამყარება მოქმედებასა (რეაქციას) და სიტუაციას (სტიმულს) შორის. თავად ტერმინი კავშირის განსაზღვრება ასეთია: კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის არსებობს მაშინ, თუ მოცემულ სტიმულზე პასუხის აღმოცენების ალბათობა ნულზე მეტია. იმისათვის, რომ წარმოიქმნას S-R კავშირი, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები, რომლებითაც თორნდაიკი ე.წ. დასწავლის სამი (ეფექტის, ვარჯიშისა და მზაობის) კანონით აყალიბებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვენლოვანი ეფექტის კანონია (იმედაძე, 2004).

მარტივად რომ ვთქვათ, თუ რეაქციას ანუ სიტუაციასა და მასზე საპასუხო ქცევას შორის კავშირის დამყარების პროცესს თან სდევს ან ცვლის სიამოვნების, ან დაკმაყოფილების მდგომარეობა, მაშინ S-R კავშირის სიმტკიცე იზრდება. თუ რეაქციას თან სდევს ან ცვლის უსიამოვნების მდგომარეობა, მაშინ S-R კავშირი სუსტდება.

თორნდაიკი (1913) ამ მდგომარეობებს ოპერაციულად შემდეგნაირად განსაზღვრავს: „სასიამოვნოა მდგომარეობა, რომელშიც ცხოველი არაფერს აკეთებს სიტუაციისთვის თავის ასარიდებლად და ხშირად ისე იქცევა, რომ შეინარჩუნოს ან განაახლოს ის. უსიამოვნოა მდგომარეობა, რომელშიც ცხოველი არაფერს აკეთებს სიტუაციის შენარჩუნებისათვის და ხშირად ისეთ ქცევებს ახორციელებს, რომ დასრულდეს ან შეიცვალოს ეს სიტუაცია“ (გვ. 2). ამრიგად, ეფექტის კანონის თანახმად, ცდა და შეცდომა თავისთავად კი არ განაპირობებს ქცევას, არამედ ორგანიზმის გარკვეული შინაგანი პოლარული მდგომარეობებით (კომფორტი-დისკომფორტი) ხდება მისი დეტერმინირება (იმედაძე, 2004).

თორნდაიკმა მოგვიანებით შეცვალა ეფექტის კანონი და სასჯელს (უსიამოვნოს) ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე — დაჯილდოების (დამაკმაყოფილებლის) ეფექტს. უფრო ზუსტად, ჯილდო პირდაპირ/უშუალოდ აძლიერებს S-R კავშირს, ხოლო სასჯელი არაპირდაპირ/გაშუალებულად ასუსტებს მას (Thorndike, 1932).

წყარო:

გერიგი, ზიმბარდო,  (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება

იმედაძე, ი. (2004). XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები.

Exit mobile version