Psychologist.ge

პროფ. თეა გოგოტიშვილი – პროფესიული კომპეტენცია ფსიქოთერაპიაში

პროფ. თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული,
EAP სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი,
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის
ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

1996 წელს, როდესაც გამიჩნდა მოთხოვნილება გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი და შევუდექი სწავლას, უკვე მქონდა წარჩინებით დამთავრებული ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მოსკოვში, ბრიტანული გაზეთის „Times“ კორესპონდენტის რეფერენტ-თარჯიმნად, მაგრამ ფსიქოლოგიის შესწავლის და ფსიქოთერაპევტად დადგომის დაუოკებელმა სურვილმა დამაბრუნა თბილისში. მიმიღეს ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, რომელიც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებლის, დიმიტრი უზნაძის მიერ დაფუძნებული ფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებდა და წარმატებით ახორციელებდა ფსიქოთერაპიის მიმართულებით სწავლებას. მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ, აქვე დავიწყე ლექციების კითხვა, ჩავაბარე ასპირანტურაში, რამდენიმე წელიწადში, დავიცავი დისერტაცია და მეცნიერად დავიწე მუშაობა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა, უკვე ამ დროისთვის ჩემი მეუღლე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. სწორედ მან შემოიტანა და დანერგა საქართველოში, დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე საკმაოდ ცნობილი გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდის სწავლება. ერთად ბევრს მუშაობდით ამ მიმართულებით, ჩართული ვიყავით ინტენსიურ ტრენინგებში ევროპელ და ამერიკელ წამყვან სპეციალისტებთან და 2011 წელს, დავაფუძნეთ კავკასიის მასშტაბით პირველი, გეშტალტთერაპიის ევროპული სტრანდარტით სწავლებაზე ორიენტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი.“
2015 წელს, დიმიტრი და მე გავხდით კავკასიის რეგიონში პირველი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტები და 2017 წელს, უკვე ჩვენი ინსტიტუტის კურსდამთავრებულებმა მიიღეს ეს საერთაშორისო აღიარება. 2018 წელს, დიმიტრის და მე მოგვენიჭა ევროპაში ყველაზე მაღალი, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტის ცენზი.

არ შეიძლება არ გამოვყო გასული წელი, რომელიც განსაკუთრებული იყო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიღწევით:
ინსტიტუციურ დონეზე მოვიპოვეთ გამორჩეული სტატუსი: „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი,“ ევროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელი ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დიპლომები ევროპული აკრედიტაციის ტოლფასია და „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ კურსდამთავრებულებს ნებისმიერი ქვეყანა სცნობს, როგორც საერთაშორისო რანგის ფსიქოთერაპევტებს. ჩვენამდე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მხოლოდ პეტერბურგის, რიგის და კიევის გეშტალტ ინსტიტუტებს ჰქონდა მიღებული. ევროპული EAGT აკრედიტაცია;
გარდა ამისა, 2019 წელს, საქართველოში მოქმედ გეშტალტთერაპიის ინსტიტუტებთან ერთად, დავაფუძნეთ „საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია“, რომელიც ევროპული გეშტალტთერაპიული გაერთიანების ქოლგა-ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში. ასოციაციის პრეზიდენტად დიმიტრი იქნა არჩეული, ხოლო მე – „ტრენინგ სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების“ კომიტეტის თავჯდომარეობის პასუხისმგებლობა მხვდა წილად.

უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში გეშტალტთერაპია, ევროპაში წარმატებულად ინტეგრირებული და ადგილობრივ დონეზე, გამორჩეულად ორგანიზებული მიმართულებაა, რომლის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
ამ თვალსაზრისით, ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო 20 წლის წინ, როდესაც პრაქტიკულ მუშაობას ვიწყებდი, ჩემი მასწავლებლების სუპერვიზიის ქვეშ. იმ დროს წარმოუდგენლად გამოიყურებოდა ფსიქოთერაპიაში ევროპული მოთხოვნების შესაბამისი სწავლებისა და პროფესილი კვალიფიკაციის მიღება საქართველოში, იმდენად მაღალია ფსიქოთერაპიის პროფესიული სტანდარტი ევროპაში.
ფსიქოთერაპიის სწავლება, ნებისმიერ მოდალობაში, უნივერსიტეტის შემდგომ, ანუ პოსტ-სადიპლომო განათლებას განეკუთვნება.
თუ შევადარებთ, ევროპული კრიტერიუმებით კლინიკური ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის პროფესიულ სტანდარტს, დავინახავთ, რომ ორივე შემთხვევაში, პროფესიონალად ფორმირება ბაკალავრიატის შემდგომი საფეხურია. ნებისმიერი ფსიქოთერაპიული მეთოდის შესწავლისათვის მინიმუმ 4-6 წლიანი კურსის გავლაა საჭირო შესაბამისი მიმართულების ინსტიტუტში. საერთო ჯამში, ფსიქოთერაპევტად ფორმირებისა და ევროპული აკრედიტაციის მიღებისათვის 1400- 1600 საათი უნდა ჰქონდეს კურსდამთავრებულს გავლილი. აქედან, მინიმუმ 250 საათი პირადი ფსიქოთერაპია (ჯგუფური და ინდივიდუალური); 600 საათი თეორია და მეთოდოლოგია; 400 საათი კლინიკური პრაქტია, 150 საათიანი სუპერვიზიის ქვეშ და 50 საათი კონფერენციები, ვორქშოფები და სხვა ტრენინგები. იმისათვის, რომ მოხდეს გავლილი კრედიტ-საათების აღიარება, ყველა მათგანი ევროპული აკრედიტაციის მქონე სპეციალისტების მიერ უნდა იყოს ჩატარებული. კრედიტ საათების აღიარება ხდება შესაბამისი ევროპული ასოციაციების მიერ, რომლებიც ფსიქოთერაპიული მოდალობების სფეროში ევროპაში მარეგულირებელ ინსტანციებს წარმოადგენენ და EAP (ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში) არიან გაერთიანებული, რომელიც ამ სფეროში უმაღლეს მარეგულირებელ გაერთიანებას წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე.
თქვენი კითხვა, გარდა შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა, თუ რა პიროვნული თვისებები უნდა ახასიათებდეს ფსიქოთერაპევტს, მაძლევს საშუალებას შევეხო ყველაზე მთავარს: ჰუმანურობა, ემპატიურობა, ღიაობა, ავთენტურობა, ეთიკურობა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა. სამწუხარო ფაქტია, რომ ბევრი სარგებლობს ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპიის სფეროში, ჩვენს ქვეყანაში რეგულაციების ჯერ არ არსებობით. ყოველგვარი სპეციალური ცოდნისა და განათლების გარეშე ირქმევს ფსიქოლოგს, ფსიქო-კონსულტანტს, თუ ფსიქოთერაპევტს, რაც საკმაოდ სარისკოა, რადგან ჩვენს სფეროში საბაზისო ცნების, „არ ავნო“-ს პრინციპის იგნორირებას ახდენს.

ზემოთჩამოთვლილი საერთაშორისო მოთხოვნები ფსიქოთერაპიაში, ძალიან ახლოს დგას კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ სტანდარტთან. კლინიკურ ფსიქოლოგიაში სპეციალისტად ფორმირებისათვის აუცილებელია ამ მიმართულების მაგისტრატურის დამთავრება და ამის შემდგომ, მინიმუმ 2 წლიანი კლინიკური პრაქტიკის განხორციელება სუპერვიზიის ქვეშ (რა თქმა უნდა, აქაც სუპერვიზორი უნდა იყოს ევროპული ცენზის მქონე პროფესიონალი). ანუ, ამ შემთხვევაშიც ბაკალავრიატის შემდგომ, მინიმუმ 4 წელია მოთხოვნა კლინიკურ ფსიქოლოგად, თ ფსიქოკონსულტანტად ჩამოყალიბებისთვის.
ვინაიდან, საქათველოს მიზანი ევროპაში ინტეგრაციაა, ყველა სფეროში უნდა იქნას დასახული ამოცანები, რომ ევროპულ პროფესიულ სტანდარტებზე მოხდეს სწორება. სხვაგვარად მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
რაც შეეხება ფსიქოთერაპიას და კონკრეტულად კი გეშტალტ მეთოდს, მისი თეორიული საფუძვლები ენათესავება ქართულ განწყობის ფსიქოლოგიურ სკოლას, რომლის წარმომადგენლებიც დიმიტრი და მე გახლავართ. ჩვენი თანაავტორობით დაწერილმა და 2019 გამოცემულმა წიგნმა „გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა,“ გარკვეულწილად შეასრულა მოთელვის როლი, საკმაოდ მასშტაბურ ერთობლივ ნაშრომზე მუშაობის დაწყებისათვის. წიგნი, რომელსაც ახლა ვწერთ, განწყობის თეორიით გეშტალთერაპიის გამდიდრებაზეა ორიენტირებული, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები დიდი ინტერესით ელოდებიან. წიგნი, ქართულის გარდა, ინგლისურად გამოიცემა, რაც განწყობის ფსიქოლოგიური სკოლის, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სივრცეში გატანის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ინსტიტუტი ამითაც გამოირჩევა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გეშტალტთერაპიაში კვლევებს და ამ მიმართულებით განწყობის თეორიის განვითარებას.
რას ვურჩევდი მომავალ ფსიქოთერაპევტებს? პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ცოდნის, როგორც მყარი ფუნდამენტის შექმნას, რაც უნივერსიტეტის შემდგომ, კონკრეტული ფსიქოთერაპიული მეთოდის თეორიისა და მეთოდოლოგიის მაღალ დონეზე შესწავლას, სუპერვიზირებული კლინიკური პრაქტიკის წარმატებით განხორცილებას დაედება საფუძვლად, მაგრამ არავითარი ცოდნა არ არის საკმარისი, თუკი მომავალი ფსიქოთერაპევტი, საფუძვლიანად არ გაივლის პირადი ფსიქოთერაპიის კურსს, როგორც ჯგუფურს, ისე ინდივიდუალურს.
ევროპული სტანდარტის სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გეშტალტთერაპევტებს ჩვენი ინსტიტუტი აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიარონ „ტრენერთა მომზადების ტრენინგი თანამედროვე გეშტალტთერაპიაში“ და მიიღონ საერთაშორისო რანგის ტრენერის ცენზი.
არ შეიძლება არ ვახსენო, ჩვენი ინსტიტუტი ტრენერები, გეშტალტთერაპიის მსოფლიო „თანავარსკვლავედი“ ჯანი ფრანჩიზეტი, იან რუბალი, პიტერ ფილიპსონი, ნურით ლევაი, ჰანა შერლერი, დიკ ლომპა და სხვ. ჩემთვის ეს ადამიანები მისაბაძი მაგალითები არიან, არა მხოლოდ პროფესიული არამედ პიროვნული თვალასაზრისითაც.

დღეს, საქართველოში უკვე ბევრმა იცის, რომ გეშტალტთერაპია, არა მხოლოდ ფსიქო-ემოციურ სფეროში არსებული პრობლემების, თუ ფსიქო-სომატური სიმპტომების სწრაფი და სიღრმისეული აღმოფხვრის საშუალებაა, არამედ მიმართულია შინაგანი რესურსების აქტუალიზაციასა და პიროვნული ზრდაზე.
უამრავი ადამიანი, თავისი კარიერული წარმატების, ურთიერთობების გაუმჯობესების, საკუთარ თავთან და გარემოსთან ფსიქოლოგიურ კომფორტში ყოფნისთვის მიმართვას გეშტალტთერაპიას, როგორც ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ მიმართულების უაღრესად ეფექტურ ფსიქოთერაპიულ მეთოდს.

Exit mobile version