Psychologist.ge

როგორ დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ თავთან და ოჯახთან სტრესულ გარემოში?

თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. რადიკალურად და დრამატულად შეიცვალა ფონი ჩვენს გარშემო. სოციალური სივრცე უფრო და უფრო დავიწროვდა და ძირითადად, ჩვენს ოჯახებში გადმოინაცვლა. ერთის მხრივ, ადამიანებს შეგვეზღუდა არჩევანის თავისუფლება, თუმცა მეორეს მხრივ, ამან საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა და შეგვეცნო საკუთარი თავი, საკუთარი როლი, ფუნქციები და შესაძლებლობები.

ოჯახებმა ახალ რეალობაში დავიწყეთ ცხოვრება, შეიცვალა კომუნიკაციის პირობები, ხანგრძლივობა, სიმჭიდროვე. სტრესულმა გარემომ ჩვენში არსებული გარკვეული ,,პატერნები“(მახასიათებლები)  კიდევ უფრო აშკარა და თვალსაჩინო გახადა. ეს ცვლილებები შეეხო ოჯახის თითოეულ  წევრს, თუმცა, ყველაზე მოწყვლადი ამ მხრივ ბავშვები აღმოჩნდნენ.  გაჩნდა ახალი საზრუნავი და ამასთანავე ახალი შესაძლებლობებიც ამ სიტუაციასთან ადაპტაციისათვის. სწავლებამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში, რამაც უჩვეულო დაძაბულობა შეიტანა ბავშვების ისედაც შეცვლილ რუტინაში. მშობლები დამატებითი წნეხის წინაშე აღმოვჩნდით: ერთის მხრივ, საფრთხის შესახებ ინფორმაციის ადექვატური  მიწოდება და  მეორეს მხრივ, იმის ახსნა, რომ ცხოვრება ამ პირობებშიც გრძელდება, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ასეთ შეცვლილ  ვითარებაში (და არა მარტო),  ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები, მოვუსმინოთ საკუთარ თავს, რისი შემძლენი შეიძლება ვიყოთ. როგორ და რა გზით შეგვიძლია დავამყაროთ კომუნიკაცია, ისე რომ ყველა მხარე ურთიერთ გათვალისწინებული და გაგებული დარჩეს? როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუადვილოთ ცხოვრება, ისე რომ საკუთარი თავი არ დავაზარალოთ, არ უარვყოთ?

ურთიერთობების მოდელების შესახებ საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს ვირჯინია სატირი თავის წიგნში -„როგორ შევქმნათ საკუთარი თავი და ოჯახი“.

ავტორი გამოყოფს ურთიერთობის ხუთ მოდელს; მშვიდობისმოყვარე, მბრალდებელი. გამომთვლელი (კომპიუტერი), განდგომილი და დაბალანსებული. თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს სტრესთან გამკლავების საკუთარი გზა.

კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია, არამარტო კომუნიკაციაში მონაწილეთა სიტყვები, არამედ მათი  სხეული, სახე, პოზა, ხმის ტონი, ტემბრი, თვით კუნთებიც კი. შეუთანხმებლობა ვერბალურ და არავერბალურ არხებში ქმნის ურთიერთობაში ორაზროვნებას, სიტყვები ერთს ამბობენ, სხეულებრივი შეგრძნებები კი- მეორეს. მსმენელი აწყდება ორმაგ მესიჯს. მისი რეაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ მათგანს აღიქვამს მოცემულ სიტუაციაში. მსმენელს შეუძლია ყურადღება მიაქციოს მხოლოდ ვერბალურ არხს და იგნორირება გაუკეთოს არავერბალურს, ან პირიქით, ან შესაძლოა ორივე მათგანს განერიდოს და სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი, ან კიდევ გააცნობიეროს და გაანალიზოს ორივე არხი და შესაბამისად იმოქმედოს. მაგალითად, მე როდესაც ვამბობ გაღიმებული, რომ ,,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“, მე ვაგზავნი ორმაგ მესიჯს. რეაგირება შეიძლება მოხდეს შემდეგი ვარიანტებით: 1- შეიძლება გამოეხმაურო მხოლოდ ჩემს სიტყვებს და მითხრა- „ძალიან ცუდი“,

რაზეც ჩემი პასუხი იქნება, ,,არაფერია,- მე უბრალოდ ვიხუმრე“. 2- შესაძლოა, ყურადღება მიაქციო მხოლოდ ჩემს გაღიმებულ სახეს და მითხრა- ,,შენ კარგად გამოიყურები“ , რაზეც ჩემი რეაქცია გაბრაზება იქნება, ,,ამას როგორ მეუბნები“?, 3- იგნორირება გაუკეთო როგორც ჩემს სიტყვებს, ასევე სახეს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, ამ შემთხვევაში, ჩემი რეაცია იქნება, ,,რა ხდება, სულ არ გადარდებ“ ?  ასევე შესაძლოა, შენ კარგად დააკვირდე, როგორც ჩემს სიტყვებს, ასევე სხეულებრივ გამოვლინებებს და  მკითხო, ,,როცა შენ მეუბნები, რომ საშინლად დაიღალე და თან იღიმი, მე ამ დროს ვერ ვხვდები რა გაქვს მხედველობაში, შეგიძლია ამიხსნა?“

თუ კარგად დავაკვირდებით ამ ურთიერთობების მოდელებს, აღმოვაჩენთ რომ, მათ მიღმა იმალება ადამიანის სურვილი, გაექცეს თავის რეალურ სისუსტეს, ითვალთმაქცოს და იფიქროს იმაზე, რომ სხვას არ აწყენინოს, ან ჩადგეს მბრალდებლის პოზიციაში და დაანახოს მეორე ადამიანს თავისი სიძლიერე, ან რაციონალურად მიუდგეს და მაღალფარდოვანი სიტყვებით ახსნას ყოველივე, ან კიდევ საერთოდ განერიდოს სიტუაციას, თითქოს არც კი არსებობდეს. იმისათვის რომ ეს რეაგირების მოდელები უფრო თვალსაჩინო გახდეს, ავტორმა გამოყო ოთხი დიაგრამა, სადაც უფრო მძაფრად წარმოაჩინა ურთიერთობის გარეგანი და შინაგანი გამოხატულებები.

მშვიდობისმყოფელი- ვერბალური გამოხატულება:-„რაც შენ გინდა, ყველაფერი კარგია“, ,,,მე აქ იმიტომ ვარ, რომ ბედნიერება მოგანიჭო“; სხეული- მსხვერპლის პოზაში, შინაგანი მდგომარეობა- „მე სრულიად დაუცველი ვარ, უშენოდ არარაობა ვარ“. იმისათვის რომ გავხდეთ „ნამდვილი“ მშვიდობისმყოფელი, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მართლა არაფერს წარმოვადგენთ. სხეულებრივად ეს გამოიხატება შემდეგნაირად: ცალფეხზე დაჩოქილი, ხელგაწვდილი და თავი იმ დონეზე გადაწეული უკან, რომ კისერი აგვტკივდეს.  საკმარისია ცოტა ხანი დავყოთ ამ პოზაში, რომ მაშინვე ვიგრძნობთ გულისრევის შეგრძნებას.

მბრალდებელი-ვერბალური გამოხატულება: -„შენ ვერაფერს ვერ აკეთებ კარგად, რა გჭირს?“. სხეული-„მე ვარ აქ მთავარი“; შინაგანი მდგომარეობა -„მე სრულიად მარტო ვარ და უბედური“. მბრალდებელი ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა, ის დიქტატორია, იმისათვის რომ წარმოვიდგინოთ ეს სხეულებრივად, საკმარისია დავდგეთ შემდეგ პოზაში, წელში გამართული, ერთი ხელი წელზე, მეორე ხელის საჩვენებელი წინ გაწვდილი, სახე დაძაბული და დაჭიმული.

გამომთვლელი (კომპიუტერი)-ვერბალური გამოხატულება -მაღალფარდოვანი სიტყვები არაფრის მთქმელი, სხეულის პოზა -მე ვარ მშვიდი და ცივი, შინაგანი მდგომარეობა- ,,მე დაუცველი ვარ“. იმისათვის რომ კარგად შევიდეთ მის როლში, სასურველია მივიღოთ შემდეგი პოზა: გამართული ხერხემალი, ისე თითქოს კისერთან დიდი რკინის გალიაა და განძრევის საშუალებას არ გვაძლევს, ხელები უმოძრაოდ, მიუხედავად მოძრაობის სურვილისა, შევეცადოთ სხეული შევინარჩუნოთ ასეთ პოზაში. ვიგრძნობთ, რომ ხმამ დაკარგა სიცოცხლე, გახდა მონოტონური. ამაში სევდიანი ის არის, რომ ერთი შეხედვით ასეთი ადამიანი აღიქმება ძლიერად და თვითმყოფადად.

განდგომილი- ვერბალური გამოხატულება- არაადექვატური, ან თემას არ ეხება, ან უაზრო შინაარსი, სხეული-უხერხულ მდგომარეობაში. „საერთოდ სად ვარ’? შინაგანი მდგომარეობა-„ჩემზე არავინ ზრუნავს, აქ ჩემი ადგილი არაა“. იმისათვის რომ შევიდეთ ამ მდგომარეობაში, წარმოვიდგინოთ, რომ ვართ ტოტი, რომელიც მუდმივად ირყევა, თუმცა არასდროს იცის საით

მიდის. მუხლები შიგნით შეტრიალებული, მხრები მოხრილი, ხელები სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი. თავიდან თითქოს ადვილია ამ პოზაში ყოფნა, თუმცა, მალე იგრძნობთ საოცარ მარტოობას, თავბრუსხვევას.

ყველა ეს მოდელი ასე თუ ისე ნაცნობია თითოეული ჩვენგანისათვის ბავშვობიდან, მაშინ როცა ვეძებდით გარკვეულ გზებს, რომ სიტუაციას მოვრგებოდით.

გეშტალტთერაპიული მიდგომით თუ გადავხედავთ კომუნიკაციის ამ სახეებს, შესაძლოა, პარალელი გავავლოთ კონტაქტის წყვეტის მექანიზმებთან.
მშვიდობისმოყვარე ძალიან ჰგავს კონფლუენციას, როდესაც საზღვრები დაკარგულია „მე“-სა და „გარემოს“ შორის.
მბრალდებელის პოზიცია პროექციული ქმედების ანალოგია, როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარ თავში დაინახოს ის, რასაც სხვაში ასე მძაფრად ხედავს.
გამომთვლელი(კომპიუტერი) მოდელი კი, თავისი შინაგანი გამოხატულებით, სხეულის ენით მოგვაგონებს რეტროფლექსიული მექანიზმით მოქმედ ადამიანს.
განდგომილი -ეხმიანება დეფლექსიის მექანიზმს, როდესაც ადამიანი გაურბის რეალობას,  მისი არ დანახვითა და იგნორირებით.

არსებობს ურთიერთობის მეხუთე მოდელიც ,რომელსაც ავტორი უწოდებს დაბალანსებულს. დაბალანსებული ურთიერთობის დროს ყველა საკომუნიკაციო არხი კონგრუენტულია-  სიტყვები, ხმა, მიმიკა ,სხეული, კუნთები ემსახურება ერთსადაიმავეს. გეშტალტთერაპიული მიდგომით, ეს არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ცხადად აღიქვამს საკუთარ მოთხოვნილებებს და გარემოსა და ფონის გათვალისწინებით რეაგირებს მათზე აუთენტურად. ამ დროს ადამიანი თავისუფალია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, ის მოქმედებს სპონტანურად და მისი ქმედების მიღმა არ იკითხება ორმაგი მესიჯები. ასეთ დროს ურთიერთობაც მარტივია.

ამ მოდელების განხილვისას ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა დროს აღმოჩნდეს სხვადასხვა მოდელის მონაწილე.  თუმცა, როდესაც ამას უკვე ვცნობთ, ანუ როდესაც ვაცნობიერებთ, აქ შესაძლოა არჩევანიც მარტივად გავაკეთოთ, დავრჩეთ მასში ან ავირჩიოთ სხვა გზა ჩვენი სიტუაციური საჭიროებიდან გამომდინარე.

ყოველი მშობელი ადრე თუ გვიან უსვამს საკუთარ თავს ორ შეკითხვას- ,,როგორი მინდა გავზარდო ჩემი შვილი“? და ,,რა შემიძლია მე ამისათვის გავაკეთო“? მშობელი არის მასწავლებელი ყველაზე რთულ სკოლაში, რომელსაც პიროვნების ფორმირება ჰქვია. მშობლობა მოითხოვს მაქსიმალურ მოთმინებას, საღ აზრს, უანგარო სიყვარულს, სიბრძნესა და პასუხისმგებლობას. ყოველივე ეს კი უპირველეს ყოვლისა  გულისხმობს   საკუთარი თავის მიღებას, აღიარებასა და შეცნობას. ეს კი  მნიშვნელოვანია შვილებთან ჰარმონიული და დაბალანსებული ურთიერთობის დასამყარებლად არამხოლოდ ახლანდელ კრიზისულ ვითარებაში, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევასა თუ სიტუაციაში.

მოამზადა თამუნა ჩიხლაძე

Exit mobile version