Psychologist.ge

სოფო მელაძე – ბავშვისთვის ეფექტური სწავლების მეთოდი

სოფო მელაძე – ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი

ჯერომ ბრუნერი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგია. მას დიდი წვლილი მიუძღვის კონსტრუქტივისტული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში. ვინც არ იცნობს კონსტრუქტივისტული პეგაგოგიკის ფილოსოფიას, ჯერომ ბრუნერის ნაშრომების, თეორიების და კვლევების გაცნობის შემდეგ, უკვე ნათელი წარმოდგენა შეექმნებაა ამ ტერმინზე.

კონსტრუქტივიზმი გულისხმობს აქამდე არსებული დირექტიული სწავლებისგან სრულიად განსხვავებულ მიდგომას, სადაც აქცენტი კეთდება არა მასწავლებელზე, რომელიც მთლიანად აკონტროლებს სასწავლო პროცესს და სწავლების ცენტრალური ფიგურაა, არამედ ბავშვზე. კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად მასწავლებელი ბავშვს მზა სახით არ აძლევს ცოდნას, არამედ დაუსრულებელი სახით, სადაც ბავშვი თვითონ ახორციელებს აღმოჩენებს სწავლების პროცესში და ახდენს ცოდნის კონსტრუირებას.

კონსტუქტივისტი პედაგოგი უკვე ხდება ბავშვის კოორდინატორი და ორგანიზატორი სწავლების პროცესში, რომელიც მოსწავლეს ამარაგებს საჭირო ცოდნით და რესურსებით, მაგრამ არ არის  ერთადერთი და წამყვანი ფიგურა. მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა საშულებებით, სხვადასხვა წყაროებიდან და ახდენს საკუთარი დასკვნების კონსტრუირებას, კავშირებას აღმოჩენას.

ჯერომ ბრუნერი გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო სწავლების მეთოდს- „სპირალურ კურიკულუმს“.  იგი უმეტესად დაინტერესებული იყო  სასწავლო წლის კურიკულუმების, პროგრამების გაანალიზებით და კვლევებით.

სპირალური კურიკულუმი გულისხმობს მეთოდს, რომლის მიხედვით ბავშვს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია ვასწავლოთ ნებისმიერი საგნის ფუნდამენტური სტრუქტურა. ოღონდ რა თქმა უნდა მასალა უნდა მივაწოდოთ იმ რაოდენობით, იმ ენაზე, თუ კოგნიტური განვითარების რა ეტაპზეა ბავშვი. ცოდნა მიწოდება ხორციელდება მარტივიდან რთულისკენ სპირალურად, ტერმინის სახელწოდებაც აქედან მოდის. ჯერ საგანს ვაცნობთ მარტივად, საბაზისოდ, განვითარების ეტაპების მიხედვით კი ვართულებთ და საგანს უფრო სიღრმისეულად ვაწვდით.

ფსიქოლოგი გვთავაზობს ცოდნის გამოხატვის სამ ფორმას: ჯერ ბავშვს ვასწავლოთ მოტორულ დონეზე- ეს გულისხმობს საგნის მოქმედების დონეზე სწავლებას. იგივე პროცედურულ ცოდნას, როგორ გააკეთოს რაიმე. შემდეგია წარმოსახვითი დონე- ამ დროს ბავშვს ნებისმიერ საგანს ვასწავლით წარმოსახვითი უნარების გამოყენებით, ხოლო ბოლო ეტაპია სიმბოლური დონე, როცა ბავშვი სიმბოლოებს იყენებს ცოდნის გამოსახატავად.

ეს დაყოფა ძალიან ჰგავს პიაჟეს კოგნიტური განვითარების საფეხურებს: სენსომოტურული- ქმედების დონე, ცნებამდელი აზროვნების დონე – წარმოსახვითი, ხოლო ფორმალურ ოპერაციული საფეხური კი სიმბოლურ დონეს. მაგრამ პიაჟესგან განსხვავებით ბრუნერი არ არის კატეგორიული და თანმიმდევრული ფორმების მიმართ, იგი თვლის რომ პედაგოგმა შესაძლოა მუდმივად ცვალოს სწავლების ფორმები ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით.

გაჩნდება კითხვა, კი მაგრამ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა სიხარული ნებისმიერ ასაკში?! ამ შემთხვევაში ქმედების დონე იქნება- უბრალოდ გავაცინოთ და მხიარული სასწავლო გარემო შევქმნათ ბავშვის ირგვლივ, წარმოსახვითი დონე იქნება როცა ბავშვი ეთამაშება  როლურად მხიარულ თამაშებს მის საყვარელ დათუნიას, ან დავხატოთ სასაცილო ნახატები, პერსონაჟები, რომლებიც იცინიან და გავახმოვანოთ მათი ემოციები და ბოლოს სიმბოლურ დონეზე როცა ბავშვი უკვე კარგად ფლობს მეტყველებას, შეგვიძლია დავასახელოთ და წინადადებაში გამოვაყენებინოთ სიტყვები დაკავშირებული სიხარულის გრძნობასთან.

ჯერომ ბრუნერს ასევე შემოაქვს ორი მნიშვნელოვანი ტერმინი: „კატეგორიზაცია“ და „კოდირება“, რომელიც გვჭირდება იმისთვის რომ ბავშვმა ცოდნა მოაწესრიგოს გონებაში. კატეგორიზაციაში იგი გულისხმობს სხვადასხვა საგნების ერთ კატეგორიებად გაერთიანებას, მაგ: რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ხოლო კოდირება ეს უფრო იერარქიული სისტემაა, სადაც ძველი ცოდნა (წინარე ცოდნა) უკავშირდება უკვე ახალ ცოდნას და იქმნება კოდირება. როგორც ხედავთ ეს ტერმინიც ძალიან ჰგავს პიაჟეს ტერმინებს „ასიმილაციას“ და „აკომოდაციას“.

სპირალური კურიკულუმი საკმაოდ ეფექტური და მარტივად გამოსაყენებელი სასწავლო ტექნიკაა, რადგან იგი მიჰყვება ბავშვის განვითარების ეტაპებს და ამავე დროს მოქნილია, რადგან ნებისმიერ ეტაპზე ახდენს სწავლების ფორმების ცვლას ბავშვის საჭიროებების შესაბამისად. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სკოლის პედაგოგებს, ასევე სპეც. მასწავლებლებს და ბავშვთან მომუშავე სხვა სპეციალისტებს.

 

Exit mobile version