Psychologist.ge

როგორ შევინარჩუნოთ კეთილგანწყობილი ოჯახური ურთიერთობები COVID 19 პანდემიის პირობებში

სოფიო ანდღულაძე – პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი და ნლპ პრაქტიკოსი

მიმდინარე მოვლენებმა გარკვეულწილად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესი. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ოჯახის წევრთა ერთდ ყოფნის და ურთიერთობის უჩვეულოდ გახანგრძლივება.

უცებ უამრავმა სურათმა გაიელვა თვალწინ, ოჯახებში სხვადასხვანაირი ურთიერთობების, სიტუაციების, დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, შვილების, შვილიშვილების, ცოლ-ქმრის, გადაძახილ-გადმოძახილი, ჟრიამული, სასიამოვნო კომპლიმენტები, თამაში, აქა იქ ხმამაღალი შელაპარაკებები, ბოდიში, მადლობა და კიდევ უამრავი რამ, რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველა ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები ძალიან განსხვავდება ოჯახში მიღებული ურთიერთობების ინდივიდუალური ნორმებით.

რადგან ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა სტატიის საშუალებით შეუძლებელია, შევეცდები ზოგადი სახით შემოგთავაზოთ ფსიქოლოგიური სახის რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან და გავუმკლავდეთ ოჯახურ ურთიერთობებში წარმოქმნილ სირთულეებს.

რა გავითვალისწინოთ ოჯახის თითოეულმა წევრმა ერთმანეთთან ურთიერთობის დროს?

  1. ოჯახის წევრების ესა თუ ის ქცევა ყოველთვის არ ნიშნავს მიზანმიმართულად „თქვენს ნერვებზე თამაშს“ მიზანმიმართულად. იყავით მომთმენნი ერთმანეთის ქცევებისა და გამოხატული ემოციებისადმი. რთული სიტუაციების მიმართ ყველას თავისებური გამკლავების სტრატეგიები აქვს, რომელიც შეიძლება თქვენთვის სულაც არ იყოს მისაღები.
  2. ერთმანეთის ნათქვამს, მოსაზრებებს ცნობისმოყვარეობით დააკვირდით და ხშირად იხმარეთ სიტყვა „საინტერესოა“, ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე გამოხატოთ ემოციური რეაქციები და მოიყვანოთ საწინააღმდეგო არგუმენტები. სიტყვა „საინტერესოა“ მოგცემთ საშუალებას უფრო მეტი ინტერესით მოუსმინოთ ერთმანეთს და უფრო კარგად დაინახოთ ერთმანეთის პერსპექტივა, გამოცდილება და შეგრძნებები.
  3. არავის გამოგვიცდია აქამდე მსგავსი სიტუაცია. შესაბამისად, ყოველი ჩვენგანი თავისებურად ვუმკლავდებით და ვსწავლობთ ერთმანეთის რეაქციებს, რაც ნორმალურია. ზოგჯერ, ოჯახის წევრებს გვგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და შესაბამისად, ახლაც ზუსტად ვიცით, რას გრძნობს და რა სჭირდება მეორე ადამიანს. თქვენი ვარაუდი, რომელიც შეიძლება არასწორი იყოს, გადაგადგმევინებთ არასწორ ნაბიჯებს, რაც უკმაყოფილებას და ცრუ მოლოდინებს გამოიწვევს. თქვენი ვარაუდების საპირწონედ შეგიძლიათ ღიად დასვათ ყველა შეკითხვა და თავიდან აირიდოთ აზრების ამოცნობა.
  4. თქვენ მხოლოდ თქვენს ფიქრებზე, ემოციებზე და ქცევებზე შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა და დაეხმაროთ პირველ რიგში საკუთარ თავს. იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე, ემოციებზე და პოზიტიური ჩვევების ჩამოყალიბებაზე. შედარებისთვის, კარგად მოგეხსენებათ, თვითმფრინავში გამგზავრებამდე უსაფრთხოების წესების გაცნობის დროს გვაფრთხილებენ, რომ ჟანგბადის ნიღაბი ჯერ თქვენ უნდა მოირგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ სხვების დახმარებას. თქვენი დადებითი შინაგანი მდგომარეობა, თანდათან აუცილებლად აისახება ოჯახის წევრებზე.
  5. ზოგჯერ ზედმეტი მზრუნველობა გამაღიზიანებელია, რადგან ადამიანს სტრესის თვითრეგულირება შეუძლია, თუმცა ამისთვის დროს და სივრცეს უზღუდავენ. ოჯახის თითოეულ წევრს სჭირდება რეგულარულად საკუთარი დრო, რომელიც საჭიროა სტრესის თვითრეგულაციისთვის.
  6. მიუხედავად სახლში ფიზიკურად ერთად ყოფნისა, მაინც დროის უმეტესი ნაწილი შეიძლება ეკრანთან, ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობას დავუთმოთ. ეს ნორმალურია, რადგან ამით ვახდენთ სოციალური დისტანცირებით გამოწვეული დანაკლისის ანაზღაურებას.
  7. ოჯახს, როგორც ერთ მთლიანობას, აქვს რთულ სიტუაციებში ქცევის და რთული სიტუაციების გადალახვის გამოცდილება. გავიხსენოთ ის სიტუაცია, როდესაც ერთად გადაგვილახავს რაიმე სირთულე და გავიხსენოთ როგორ, რა ქმედებებით, რა უნარების გამოყენებით შევძელით ეს. აღმოჩენილ ქმედებებზე და რესურსებზე დაყრდნობით შევქმნათ სტრესის გამკლავების ახალი სტრატეგია და შევთანხმდეთ როგორ შევასრულებთ დაგეგმილ ქმედებებს. შეადგინეთ დღის განრიგი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი ინდივიდებისგან შედგება და ამიტომ აუცილებელია ერთად შეთანხმდეთ და შედგენილი გეგმის მიხედვით ყველამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
  8. შეიმუშავეთ ისეთი ქმედებების ჩამონათვალი, რომელსაც ერთად დიდი სიამოვნებით აკეთებთ: მაგ. ერთად ვარჯიში, ცეკვა, სახალისო მოძრაობები მუსიკის ფონზე, სიმღერა, ხატვა, სამაგიდო თამაშები, ფილმების ყურება და ა.შ. და აკეთეთ ყოველდღე.
  9. გაუზიარეთ ერთმანეთს ოცნებები, მიზნები, იმედები. სასიამოვნოდ გაოცდებით რამდენ სიახლეს გაიგებთ ერთმანეთზე. დაუსვით ერთმანეთს ისეთი კითხვები თქვენი ცხოვრების, გამოცდილების შესახებ, რაც სასიამოვნო სიტუაციებს გაგახსენებთ. დაათვალიერეთ ფოტოები და ისაუბრეთ ამ ფოტოებზე ასახულ ადამიანებზე და ისტორიებზე.

გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა და დრო, იმისთვის რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, აღმოაჩინოთ თქვენთვის აქამდე უცნობი თვისებები, მისწრაფებები, ნიჭები და უამრავი საინტერესო რამ ერთმანეთის შესახებ. მიღებული რჩევები მოარგეთ თქვენს ოჯახურ გარემოს და დანერგეთ ყოველდღიურობაში. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ კონფლიქტების თავიდან აცილებას ან გამკლავებას, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს, რომელიც დღეს ამ ვითარებასთან დაკავშირებით მზად არიან დახმარება გაუწიონ ადამიანებს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების საშუალებით.

 

Exit mobile version