Psychologist.ge

შიში თუ ბედნიერება ?!

ხატია ჯოხარიძე – განათლების ფსიქოლოგი

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანზე, ადამიანზე რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად მისი ასაკისა , სქესისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, სოციალურ – ეკონომიკური სტატუსისა.

შიში – ბუნებრივი ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანშია ჩადებული როგორც დაცვითი მექანიზმი. არსებობს მისი უამრავი სახე,  ახლა მინდა  ვისაუბრო ისეთ შიშზე, როგორიცაა ცვლილების, გადაწყვეტილების მიღების, დისკომფორტის რისკის , ახალი ეტაპის შიში.  ტვინში ავტომატური პასუხი საფრთხის შეგრძნებებზე არის –  „ბრძოლა ან გაქცევა“ ამ ემოციისგან. ცნობიერის მდგომარეობა, რომელსაც გონება უნდა დაეხმაროს მიმართულების სწორად აღქმაში – რაც გულისხმობს იმას რომ  კი არ უნდა გავექცეთ, უნდა ვიბრძოლოთ მასთან ერთად და ვძლიოთ მას, პროცესი კი ჩვენი განვითარების და „გაწვრთნის“ სავარჯიშოა .

ადამიანის და შიშის  თანაარსებობა ცნობილია რომ ბუნებრივი მოცემულობაა, მაგრამ მთავარი  სწორი არჩევანის დეფიციტია, ამიტომ ხშირად  ისმის კითხვები:  რა ჯობია ? –  შიში უნდა გავაქციოთ, დავძლიოთ თუ  ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება?

 რომელი ვერსიაა ჩვენი სრულფასოვანი პიროვნების შექმნის პატერნი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ამა თუ იმ შიშის შეგრძნებამ არ გაგვიმრუდოს?

შიში არის ნორმალური დაცვითი რეაქცია, რომელიც უნდა გვქონდეს და რომ არ გვქონდეს ძალიან ცუდი იქნებოდა, აქ მთავარია დოზა, მან დღეს უფრო გადაინაცვლა ფსიქიკურ პროცესებში, როდესაც ადამიანებს ყოფნა უფრო გვაშინებს ვიდრე არ ყოფნა,  სიცოცხლე უფრო დიდი საფრთხედ გვეჩვენება ვიდრე სიკვდილი. თუ არ მოქმედებ, ნიშნავს არ ცოცხლობ.  გარემო, ყველაზე დიდი მასტიმულირებელია შიშის და დაძაბული შეგრძნების, რაც თავისთავად იწვევს დაუცველობის განცდას, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია შეშინებული ადამიანების რიცხვი, მათ ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, რადგან ვერ გრძნობენ, ხელში არ უჭირავთ თავიანთი ხვალინდელი დღე, არანაირი უსაფრთხოების კუთხით, არც მატერიალური, არც სამართლებრივი კუთხით. შიში დაბრკოლების სახით დგას ჩვენსა და ცხოვრებას შორის, ის ზოგს ნაკლებად, ზოგსაც მეტად უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში. თანამედროვე სამყაროში ადამიანი იღებს ინფორმაციის აუარებელ რაოდენობას, სადაც რაოდენობრივად ფაქტია ნეგატიური ინფორმაცია ჭარბობს, ამიტომაც შიშის და შფოთვის დონე იმატებს, რადგანაც ჩვენი ფსიქიკა ამდენი პესიმიზმით გაჟღენთილ ინფორმაციას ვერ უმკლავდება და შესაბამისად  ჩვენი ტვინი იტვირთება.

ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ემოცია მიმართული იყოს რაღაცისკენ, ადამიანებს გვეშინია იქ, სადაც გვაქვს სირთულეები არსებობაში, სიცოცხლე გულისხმობს სირთულეებს, რაც ნიშნავს რომ სიცოცხლით ტკბობა გვიჭირს.  თუმცა საკუთარი თავის ფლობის უნარი არის უმნიშვნელოვანესი, რაც გვეხმარება ამ პროცესებთან  ურთიერთობაში.

რით შეიძლება დავეხმაროთ საკუთარ თავს, რომ ესა თუ ის შიში დავთრგუნოთ, დავძლიოთ ?

ერთ – ერთი პირველი ამოცანა და მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე არის ის რომ ამ ნეგატიური ინფორმაციისგან (ადამიანებისგან) მაქსიმალურად დავიცვათ თავი. გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, შინაგანი იმპულსები მოვმართოთ პოზიტიური აზროვნებისკენ და არ გავჩერდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდეთ. დავუთმოთ  დრო იმის კეთებას რაც სიამოვნებას გვანიჭებს, რაც მოგვწონს, თუ ადამიანი შეშინდა, ჩაიკეტა – ის დამარცხდება. მუდმივ შიშში ცხოვრება ახდენს იმის რეალიზებას რისიც გვეშინია.  რა უნდა მოიმოქმედო?

რაოდენ დაშტამპულადაც არ უნდა ჟღერდეს ახალი საქმიანობის შესწავლა, ვფიქრობ სიცოცხლის გასახალისებლად აუცილებელია გადაწყვიტო საით მიმართო შენი ენერგია და მისწრაფება.

ინდოელ ბრძენს აქვს კარგი გამონათქვამი: „ თუ შენ ცხოვრობ სინანულში, მაშინ შენ ცხოვრობ წარსულში, თუ შენ ცხოვრობ შფოთში და გეშინია, მაშინ შენ ცხოვრობ მომავალში,  თუ შენ ხარ ბედნიერი ცხოვრობ აწმყოში.“ ამიტომ თუ ჩვენ გვინდა  ვიყოთ ბედნიერები – ვიცხოვრო  აწმყოში.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მე- ზე გამარჯვებას . )

 

 

Exit mobile version