Psychologist.ge

ფსიქოსექსოლოგია შენთვის ანუ როგორ დავიბრუნოთ ბედნიერება

ეთერ ფილიპოვიჩი –  მედიცინის დოქტორი, ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, არტთერაპიის სასწავლო ტრენინგების წამყვანი, არქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი.

ალბათ გსმენიათ გამოთქმა, ცოლ-ქმრის ურთიერთობებში რომ გაერკვე, მათ შორის უნდა იწვეო…  დიახ, მამაკაცსა და ქალის ურთიერთობების ლამაზი ბანერების მიღმა, ხშირად, ღრმა ფსიქოლოგიური, თუნდაც ფიზიკური პრობლემებია, რომლებსაც სხვადასხვა სახის ნევროტულ დარღვევებთან, მეუღლეთაშორის კონფლიქტებთან, ღალატთან და წყვილის დაშორებამდეც მივყავართ.

უამრავია მიზეზი, პირობა და გარემოება, რომლებიც განსაზღვრავენ ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობების ჰარმონიულობას.  შეიძლება ვინმემ იფიქროს,  ჰო, მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქონდეს კარგი სექსუალური ურთიერთობები ქალთანო…  მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ქალისთვის, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის, პარტნიორთან ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ კითხოთ გინეკოლოგებს, ისინი უამრავ მაგალითს მოგიყვებიან ამ თემის გარშემო. მარტო „თავისა“ და „წელის“ ქრონიკული ტკივილები რად ღირს…  ვინმეს გაეცინება, თუმცა ამ ფრაზების უკან დიდი  ტკივილია – არშემდგარი ურთიერთობების, გაუზიარებელი გრძნობების და კიდევ ბევრი სხვა რამის გამო, რაზედაც, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ.

კიდევ კარგი, ადამიანების გამრავლება ავტომატური პროცესების თანმიმდევრობაა, თორემ ხომ დავრჩებოდით ადამისა და ევას ამარა… თითქმის…

შეიძლება გააგრძელოთ ჩუმად, დამალულად, საკუთარ თავში ჩაკეტილად ცხოვრება ან, დალაგებული სექსუალური ურთიერთობების ძიებაში, ახალ-ახალი ურთიერთობებისა და პარტნიორების მოძიება.  მაგრამ, სხვა გზაც არსებობს – შეიძლება დაინტერესდე, რა ხდება, რატომ ხდება,  რატომ არ ხდება, როგორ ხდება და, რაც მთავარია, რა შემიძლია გავაკეთო, როგორ შევცვალო, გავაუმჯობესო, გავალამაზო, გავაჯანსაღო ცხოვრების ის სფერო, რომელზეც კეკლუცად დუმან – ჯერ როგორც ადამიანმა, მერე კი, თუ პროფესიაც ხელს მიწყობს, სხვებს დაეხმარო, იმ კითხვებზე პასუხების მოძიებაში, რომლებიც წლებია თავზე დატრიალებენ, მაგრამ უპასუხოდ რჩებიან – იგივე სიმორცხვისა თუ პრობლემასთან კეკლუცობის გამო. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ პროფესიული დახმარება იგულისხმება,  ექიმების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების მხრიდან. შესაბამისი ცოდნებისა და გამოცდილების შემთხვევაში, მათ შესწევთ უნარი, ინტიმური ურთიერთობების ძალიან დელიკატურ სფეროში, გამოავლინონ უარყოფითი ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც სექსოლოგიური პრობლემების უდიდესი ნაწილის საფუძველს წარმოადგენენ.

სწორედ ამიტომ, 30 და 31 მაისს ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ფსიქოსექსოლოგიის საერთაშორისო სასწავლო-სასერტიფიკაციო  პროგრამაზე, რომელიც დენდრონის ბაზაზე არსებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდება. კურსს უძღვება ავტორი, პროფესორი  ვლადიმერ დომორაცკი (ბელორუსია)  – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  რუსეთის სამეცნიერო სექსოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი,  ევროპული პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის ნამდვილი წევრი, პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ოფიციალური საერთაშორისო კლასის წარმომადგენელი, ერიქსონის თერაპიისა და კლინიკური ჰიპნოზის, ოჯახური და წყვილთა თერაპიის, პრობლემაზე ორიენტირებული თერაპიის სერტიფიცირებული სპეციალისტი; პროფესიულ ფსიქოთერაპიულ ლიგაში  ბატონი ვლადიმერ დომორაცკი ხელმძღვანელობს მოდალობას „ერიქსონის თერაპია და ერიქსონის ჰიპნოზი“,  არის სასწავლო პროგრამების „ერიქსონის ჰიპნოზი“, „სექსუალური დისფუნქციისა და წყვილებს შორის დისჰარმონია ფსიქოთერაპიის სფეროში“, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაციის მიმართულებით (EMDR)  წამყვანი.

ცნობილი მიზეზების გამო, კურსის ეს მოდული ონლაინ ფორმატში გაიმართება, ანუ მსურველები შეძლებენ, ჩაერთონ სასწავლო პროგრმაში ინტერნეტით,  სახლიდან გაუსვლელად.

კურსის მთავარი მიზანია, სისტემატიზირებული წარმოდგენების მიღება ადამიანის ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, ნორმაში და პათოლოგიის დროს, ადამიანების სექსუალური აქტივობის ფორმებისა და მოტივების, სექსუალური ცხოვრების ფსიქოჰიგიენის,  დისჰარმონიული პარტნიორული და სექსუალური ურთიერთობების მიზეზების, ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა სექსუალური დარღვევის განვითარებისა და მეუღლეთა შორისი ურთიერთობების ტიპიური პრობლემების შესახებ.

სპეციალისტებისთვის კი ეს კურსი იქნება უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ადექვატური წარმოდგენები  სექსუალური დეზადაპტაციის ძირითად ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე და მათი კორექციის  ფსიქოთერაპიულ მეთოდებზე  – უამრავი მიდგომის, მათ შორის, უნივერსალური საავტორო, ინტეგრირებული მიდგომების დემონსტრირებით.  სპეციალისტები ასევე შეისწავლიან სექსოლოგიური კონსულტირების მიდგომებს ინტიმურ-პიროვნულ სფეროში არსებული პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად, სექსუალური დისფუნქციებისა და დისჰარმონიების კორექციას ნლპ, ერიქსონის ჰიპნოზის, EMDR და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.

შემოგვიერთდით, თუ გსურთ, გაეცნოთ პროფესიულ წარმოდგენებსა და მიდგომებს ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარებისა და შესაძლო სირთულეების შესახებ, წყვილთა შორისი ინტიმური ურთიერთობების პრობლემებისა და მათი კორექციის შესახებ, ფსიქოლოგიური, არა მედიკამენტოზური მეთოდებით, ადამიანთაშორისი ურთიერთობების სიჯანსაღისთვის და მეტი ბედნიერებისთვის.

ტექსტს კი კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმით დავასრულებ: „ ბედნიერი მამაკაცის  ცოლს თვალები უბრწყინავს, მისი შვილები კი ხმამაღლა იცინიან“.

 

 

Exit mobile version