Psychologist.ge

შიზოფრენია

ფსიქოპათოლოგიის მწვავე ფორმა, რომელიც ხასიათდება ინტეგრირებული პიროვნული ფუნქციონირების რღვევით, რეალობიდან გასვლით, ემოციური გასადავებით, აზროვნებისა და აღქმის დარღვევით. შიზოფრენია რთული სინდრომია, რომელსაც ინდივიდის ყოველდღიური სოციალური ცხოვრების საგრძნობი გაუარესება ახლავს თან.

შიზოფრენიისათვის დამახასიათებელია არათანმიმდევრული, არალოგიკური აზროვნება. იდეათა შორის ასოციაციები ხშირად ყოველგვარ აზრს და სქემას მოკლებულია, ხოლო მეტყველება არათანმიმდევრული ხდება. ზოჯერ ადგილი აქვს ე.წ. „სიტყვიერ სალათას“ — ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შემთხვევითი და გაუგებარი სიტყვების უაზრო შეთანხმებას. ზოგ შემთხვევაში კი შიზოფრენიის მქონე ინდივიდი შეიძლება საერთოდ დამუნჯეს (მუტიზმი).

ემოციური სფერო გაღარიბებულია, ხშირია ემოციების გარეგანი გამოხატულების გაქრობა, ან სიტუაციისათვის შეუფერებელი აფექტის გამოხატვა. ფსიქომოტორული ქცევა შეიძლება დეზორგანიზებული ან რიგიდული გახდეს, რაც უცნაურ გრიმასებსა და მანერებში, ან გაშეშებაში გამოიხატება. ხშირად აღინიშნება ჰალუცინაციები და ბოდვა. ჰალუცინაციები უმეტესად წარმოსახვით სენსორულ აღქმებს: ხატებს, სუნს, ან ბგერებს (ძირითადად ხმებს) მოიცავს. შიზოფრენიის მქონე ინდივიდს მათ მიმართ კრიტიკა არ გააჩნია და რეალურად მიიჩნევს. ბოდვის შემთხვევაში ეს არის მცდარი და ირაციონალური რწმენა, რომელიც არ იცვლება საწინააღმდეგო ინფორმაციის ნათლად არსებობის შემთხვევაშიც კი.

ფსიქიატრები შიზოფრენიის სიმპტომებს დადებით და უარყოფით კატეგორიებად ყოფენ. მესამე განზომილება — დეზორგანიზებული სიმპტომატიკა აშლილობის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. დადებით სიმპტომატიკაში მოიაზრება რეალობის დამახინჯებული აღქმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგალითად, ჰალუცინაცია, ბოდვა, ხოლო უარყოფით სიმპტომებში — ნორმალური ქცევის დეფიციტი, მაგალითად, სოციალური გარიყულობა, მოტივაციის ნაკლებობა, ანჰედონია, გასადავებული ემოციები. დეზორგანიზებულობა მოიცავს შეუფერებელ და არაადეკვატურ აფექტს, დაბნეულ და უთავბოლო მეტყველების პატერნს, უცნაურ ქცევებს.

იმისდა მიუხედავად, კონკრეტულად რა ტიპის სიმპტომატიკა აქვს ინდივიდს, მოსალოდნელია, რომ შიზოფრენიის არსებობის შემთხვევაში პროფესიული ფუნქციონირებისა და პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ხარისხი საგრძნობლად უარესდება. როგორც წესი, პაციენტი სოციალურად გარიყული და ემოციურად გულგრილი ხდება.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტირების და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-5) გამოყოფილია კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია შიზოფრენიის დიაგნოზის დასადგენად. ეს კრიტერიუმებია:

  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორი (ან მეტი) სიმპტომი, რომელთაგან თითოეული ხშირად უნდა ვლინდებოდეს ერთი თვის მანძილზე:
  1. დაავადების აღმოცენების ეტაპიდან მოყოლებული, საგრძნობი გაუარესება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ ან რამდენიმე სფეროში: სამსახური, ინტერპერსონალური ურთიერთობები, საკუთარი თავის მოვლის უნარები (ბავშვობის პერიოდსა და ახალგაზრდობაში აღმოცენებული დაავადების შემთხვევაში საგრძნობი გაუარესება აღინიშნება ინტერპერსონალურ ან/და აკადემიურ სფეროებში).
  2. დაავადების ნიშნები და სიმპტომები მინიმუმ 6 თვე ვლინდება. ამასთანავე, მოცემული 6-თვიანი პერიოდი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ერთ ერთთვიან პერიოდს, რომლის დროსაც A ნაწილში მოცემული კრიტერიუმები ვლინდება (ე აქტიური ფაზის სიმპტომები); აგრეთვე, უნდა მოიცავეს ავადმყოფობის მომასწავებელ პერიოდს ან რეზიდუალურ სიმპტომებს. ხსენებული 6 თვის მანძილზე დაავადების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ უარყოფითი სიმპტომატიკის სახით, ან A ნაწილში ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ორი ან მეტი სიმპტომით (მაგალითად, უცნაური რწმენები, უცნაური პერცეპტუალური გამოცდილებები).
  3. უნდა გამოირიცხოს შიზოაფექტური აშლილობა და დეპრესიული აშლილობა ან ბიპოლარული აშლილობა ფსიქოტური მახასიათებლებით. (1) აქტიური ფაზის სიმპტომების გამოვლენის დროს ადგილი არ უნდა ჰქონდეს დეპრესიულ ან მანიაკალურ ეპიზოდებს; (2) იმ შემთხვევაში, თუ გუნება-განწყობის ეპიზოდები აქტიური ფაზის სიმპტომებთან ერთად აღმოცენდება, მათი ხანგრძლივობა აქტიურ და რეზიდუალურ პერიოდებთან შედარებით რაოდენობრივად უფრო მცირე უნდა იყოს.
  4. სიმპტომები და ნიშნები არ უნდა წარმოადგენდეს ნივთიერებების ფიზიოლოგიურ გვერდით ეფექტს. (მაგ. ნარკოტიკი,  მედიკამენტი). ასევე, მდგომარეობა არ უნდა იყოს გამოწვეული სხვა სამედიცინო პრობლემებით.
  5. თუ ინდივიდს ადრეულ ასაკში აღმოცენებული აუტიზმის სპექტრის აშლილობის ან კომუნიკაციის აშლილობის ისტორია აქვს, შიზოფრენიის დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისმება, თუ ერთი თვის მანძილზე გამოვლინდება ჰალუცინაციები, ბოდვები და დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი სხვა სიმპტომები.

დასაწყისი, მიმდინარეობა და მიზეზები

შიზოფრენია ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს და თანაბრად არის ქალებსა და მამაკაცებს შორის გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით, შიზოფრენიის გავრცელების დონე 0.2%-დან 1.5%-მდე მერყეობს. შიზოფრენიის შედარებით მწვავე სიმპტომების აღმოცენება, როგორც წესი, გვიანდელ ყმაწვილობაში ან ადრეულ ახალგაზრდობაში ხდება. მათგან, ვისაც შიზოფრენია აღმოუცენდება, 85% ე.წ. დაავადების მომასწავებელ პერიოდს გადის. ეს არის 1 ან 2-წლიანი პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს შიზოფრენიის უფრო მწვავე და მძიმე სიმპტომების გამოვლინებას. დაავადების მომასწავებელი პერიოდის დროს ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაგ. მაგიური აზროვნება (რწმენა, რომ გააჩნიათ სპეციფიკური და განსაკუთრებული უნარები, მაგ ტელეპათიის უნარი), ილუზიები (მარტო ყოფნისას განცდა, რომ ვიღაც კიდევ არის მათთან ერთად) და ა.შ. ამასთანავე, საგრძნობლად უარესდება სოციალური ფუნქციონირების დონე, კლებულობს ინიციატივიანობა, ინტერესები, ენერგია და ა.შ.

შიზოფრენიის მიმდინარეობის გავრცელებული პატერნისთვის იხ. სურათი.

შიზოფრენიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული არაერთი თეორია არსებობს. მაგ. გენეტიკური გავლენების თეორიის მიხედვით, გენები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმაში, რომ ზოგიერთი ინდივიდი უფრო მოწყვლადია შიზოფრენიის მიმართ.

ნეირობიოლოგიური გავლენების თეორია ხაზს უსვამს (ნეიროტრანსმიტერი) დოფამინის როლს აშლილობის აღმოცენებაში. ამ თეორიის მიხედვით, რომელიც კვლევებს ეყრდნობა, როდესაც დოფამინის აგონისტების ჭარბი გამოყოფა ხდება, მატულობს შიზოფრენიული ქცევის გამოვლინება, ხოლო როდესაც დოფამინის ანტაგონისტები აქტივირდება, შიზოფრენიის სიმპტომები კლებულობს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნეირობიოლოგიური გავლენების თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ინდივიდში შიზოფრენია დოფამინის ჭარბი აქტივობით არის გამოწვეული. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას.

ტვინის სტრუქტურის შესწავლით მკვლევართა გარკვეული ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ თავის ტვინის დაზიანებამ ან დისფუნქციამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შიზოფრენიის აღმოცნებაში. ერთ-ერთი ყველაზე სანდო აღმოჩენა, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, არის ის, რომ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს უფრო დიდი ტვინის პარკუჭები აქვთ, ვიდრე შიზოფრენიის არ მქონე ინდივიდებში. აგრეთვე, გაზრდილი პარკუჭები მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში.

პრენატალური და პერინატალური პერიოდის გავლენების თეორიის მომხრეთა აზრით, ჩვილის დაბადებამდე (პრენატალური) და დაბადების შემდგომი (პერინატალური) პერიოდის გარემო პირობები კავშირშია შიზოფრენიის აღმოცენებასთან. ფეხმძიმობის პერიოდში გადატანილი ვირუსები, ფეხმძიმობის გართულება, მშობიარობის პრობლემები და ა.შ. გარკვეულ გავლენას ახდენს შიზოფრენიის აღმოცენების ალბათობაზე. აგრეთვე, ნავარაუდებია, რომ მარიხუანას ხშირი მოხმარება კავშირშია შიზოფრენიის აღმოცენებასთან; მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ მარიხუანას დიდი დოზით მომხმარებელ ინდივიდებს უფრო მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ შიზოფრენია, ვიდრე არამომხმარებლებს.

ფსიქოლოგიური და სოციალური  გავლენა, რაც მწვავე ემოციური სტრესითა და სხვა ფაქტორებით გამოიხატება, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიზოფრენიის აღმოცენებასა და განვითარებაში. სტრესისადმი მოწყვლადობის მოდელის მიხედვით, შიზოფრენიის სიმპტომები კიდევ უფრო მძიმდება სტრესული ცხოვრებისეული გამოცდილებებით.

არაერთი კვლევა მიეძღვნა შიზოფრენიის მქონე ინდივიდების ოჯახს შიგნით არსებული ინტერაქციების სტილის შესწავლას. ნავარაუდებია, რომ ისეთი მშობელი, როგორიც ე.წ. შიზოფრენოგენიკური დედაა (ცივი, დომინანტური და უარმყოფელი), დიდი ალბათობით იწვევს შიზოფრენიას შვილებში. გარდა ამისა, ე.წ. ორმაგი დაბმის კომუნიკაცია, როდესაც მშობელი ერთ წინადადებაში ორ ურთიერთსაწინააღმდეგო და კონფლიქტურ შეტყობინებას აერთიანებს, ხელს უწყობს შიზოფრენიის აღმოცენებას.

თუმცა, ოჯახს შიდა კომუნიკაციის ფარგლებში, მკვლევრებს დღესდღეობით უფრო მეტად დაავადების რეციდივის გამომწვევი ქცევის პატერნები აინტერესებთ. კვლევები ადასტურებს, რომ შიზოფრენიის მქონე ინდივიდებში მკურნალობის გავლის შემდეგ სიმპტომების ხელახალ აღმოცენებას ხელს უწყობს: ოჯახის წევრების მხრიდან გამოთქმული კრიტიკული აზრები (მიუღებლობა); მტრული განწყობა და ემოციური ჰიპერჩართულობა (თვალშისაცემი, გადაჭარბებული, დემონსტრაციული ჩართულობა).

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.

Exit mobile version