Psychologist.ge

ლიკა ბარაბაძე – როგორ გადავიწვი ონლაინ

ლიკა ბარაბაძე-ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი

გადაწვა, როგორც ასეთი

გეშტალტთერაპიში გაზიარების ძალის გვჯერა. გვჯერა კონტაქტის, გვჯერა იმ ადგილის, სადაც მე ვყვები, შენ მისმენ და ამის შედეგად ორივე ვიცვლებით, შემდეგ კი შენ ყვები და მე გისმენ და ისევ ვიცვლებით. ხოდა, ახლა დილის 5ზე, გაგანია უძილობისას, როდესაც საკუთარი თითების კაკუნი მესმის, მუცელზე თბილი ლეპტოპი მაწევს, თვალები დამძიმებულია, გული კი შფოთვისგან მომატებულად ხმაურობს, ზუსტად ამას ვაკეთებ  – პიროვნულად და გეშტალტურად გიზიარებთ, რაც მოხდა ჩემს თავს. გწერთ ადამიანებს, რომლებიც ადამინებთან მუშაობთ. გწერთ შინგამოკეტილ თერაპევტებს, ლექტორებს, ტრენერებს, ქოუჩებს, მკვლევარებს, უფლებადმაცველებს. გამოვდივარ თქვენთან კონტაქტზე, რადგან მაკლიხართ, რადგან ერთმანეთის მხარდაჭერის ინსტიტუტები დაგვერღვა.

ერთი წლის წინ დავიწყე ეს ჯერ ნახევრადდისტანციური, შემდეგ კი სრულებით დისტანციური მუშაობა. ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა ჯერ ხუთმა, შემდეგ ათმა, შემდეგ კი ოცდახუთმა კლიენტმა. ციფრულ სივრცეში გადავიდა ორი ლექცია. ციფრულ სივრცეში ჩაისახა და დაიწყო არტ თერაპიული ჯგუფი. ტრენინგები. კონფერენციები. მეგობრები. ოჯახის წევრები. სუპერვიზია. საკუთარი თერაპია. წიგნი. ფილმი. ფლირტი. ჰობი.

დილა კომპიუტერის გახსნით იწყება და საღამო კომპიუტერის დახურვით მთავრდება. გაჯეტებთან გატარებული რეკომენდირებული საათების რაოდენობა, რომელსაც უკვე ბავშვებთანაც ვარღვევთ, უფროსებთან აღარც კი განიხილება. კლავიატურა ჩემი ორგანული ნაწილი გახდა, ალბათ თვალდახუჭულიც კი შევძლებ ბეჭდვას. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, ლეპტოპი თუ გამიფუჭდა.

ამას დაუმატეთ არაწინსაწარმეტყველებადი და არასაიმედო გარემო, გაზაფხულის ტრანზიციული პერიოდი (რაღაც წელს უფრო ტრანზიციულია, ვიდრე ადრე, თავისი მზე-თოვლის მოულოდნელი მონაცვლეობით), კლიენტების გასამმაგებული მომართვინაობა და არსებული კლიენტების პრობლემების გამწვავება, ხოდა, გასაკვირი არ არის, რომ მე და ჩემს კოლეგებს რთული პერიოდი დაგვეწყო.

როგორც გვჩვევია, სხეულს ვაიგნორებთ და ვივიწყებთ. ვსხედვართ მთელი დღე ერთ პოზაში, ხან ზურგი გვკტივდება, ხან – თავი, ჩვენ კი ჯიუტად ვაგრძლებეთ სამყაროს მართკუთხედი ფანჯრიდან აღქმას, რომლის თეთრ ნათებას ჩემი თვალები უკვე ვერ უძლევს. ახლაც კი, როდესაც ამას ვბეჭდავ, ვატყობ, როგორ მღლის მაიკროსოფტ ვორდის ვირტუალური ფურცელი, თავისი სითეთრით.

და რა ადვილი გახდა, აიღო მეტი საქმე საკუთარ თავზე, როდესაც ამოვარდა ტრანსპორტირების, გზაში დახარჯული დროის, ლანჩისა და ყავა-ორცხობილების საკითხი. როგორი ადვილი გახდა, სამუშაო შეხვდერების ღამე, ცხრაზე და ათზე დანიშვნა. როგორი მისაღები. აბა, წელიწადნახევარის წინ, რამდენად ხშირად მიიღებდით კლიენტს ღამის ათ საათზე? ანდაც, ტრენინგს თუ დაიწყებდით საღამოს ცხრაზე? თან ერთხელ და ორჯერ კი არა, რეგულარულად. თან ისეთ ტრენინგს, შუაში ყავა, გარეთ გასვლა და უმნიშვნელო თემებზე საუბარი, ხელში დასაჭერი მასალა რომ აკლია, სახალისო სავარჯიშოები რომ აკლია, ნამდვილი, თვალითა და არავერბალური კონტაქტით გამყარებული ურთიერთობა რომ აკლია. ახლა ეს დავწერე და შფოთვა სევდამ შეცვალა.

ჩემთვის პირადად ონალინ გადაწვა ჩვეულებრივი გადაწვისგან ორი მახასიათებლით გამოირჩევა: საზღვრების მტკივნეული რღვევა და შინაგანი პასუხისმგელობის, ნებელობის აუტანელი მატება.

საზღვრების რღვევა

სივრცითი საზღვრები – ჩემი სტუდენტები ხედავენ ჩემს სახლს, მე კი – მათ სახლს. ისინი იცნობენ ჩემს შვილს, რომელიც სანამ ლექციას ვატარებ, ტელევიზორს არის მიერთებული და შიგა და შიგ მოდის და გველაპარაკება. იცნობენ ჩემს კატას, რომელიც კალთაში მიზის, ან ყურადღებას ითხოვს და სანამ ვსაუბრობ, კბილებით პატარა ბურთის მაწვდის, რომ ვესროლო და ვეთამაშო. ხანდახან იმასაც კი ხედავენ, როგორ მოაქვს გლოვოს ყავა ან სურსათი. დალაგებული მაქვს თუ არა სამზარეულო (ფონად ჩანს).  მე კი ვხედავ, ვინ ჭამს, ვინ წევს, ვინ ცხოვრობს ოჯახის უამრავ წევრთან ერთად, ვის რა ფერის კედელი აქვს შინ.  ჩვენ შევდივართ ერთამენთის სივრცეებში, ჩვენ ვკარგავთ საზღვრებს პირადულსა და პროფესიულს შორის, მე მიწევს დამატებითი წესების შემოტანა, რომ ყველას გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ერთნაირად გვიჭირს, მე ლექტორი ვარ, ისინი კი – სტუდენტები. ეს ჩემთვის დამატებითი ძალისხმევაა, ძალისხმევა, რომელსაც ადრე არ გავწევდი, რადგან უნივესრიტეტში მისვლა უკვე ქმნიდა სასწავლო განწყობას. მე არ მიწევდა დამატებითი კედლების შენება, რადგან აუდიტორია, პროექტორი, ქაღალდზე ამობეჭდილი ტესტი, სივრცე, რომელშიც სტუდენტები ხან ჯგუფდებოდნენ, ხან იყოფოდნენ, ეს ყველაფერი თავად აწესრიგებდა საზღვრებს. თუნდაც ის დრო, რომელიც უნივერსტეტამდე მისასვლელად მჭირდებოდა, იმისთვის იყო, პირადი გადამედო და პროფესიული ჩამერთო.

შარშან რიგის საერთაშორისო კონფრენციაზე გამოვედი სიტყვით. ეს თან კარგი იყო და თან  – ცუდი. ალბათ ონლაინ კონფრენცია რომ არა, ვერც მოხერდებოდა ეს ამბავი. მოერეს მხრივ კი წარმოიდგინეთ, კონფერენციის ყველა ნაწილი, საზღვარგარეთ გაფრენა, დაბინავება, სასტუმრომდან მარშრუტის დაგეგმრება, მონაწილეების გაცნობა, გამომსვლელებთან მისვლა და უკუკავშირის მიწოდება, საკუთარი პრეზენტაციის წინ ნერვიულობა და საუბრის დროს აუდიტორიასთან ცოცხალი კონატაქტი, ეს ყველაფერი დაიკარგა. ფენომენოლოგიურად, მოცემული კონფერენცია ჩემი ჩვეული, ყოველკვირეული ლექციისგან არაფრით განსხვავდებოდა. გეშტალტი კი, ვიცით, ფენომენოლოგიაზე დგას.

დროითი საზღვრები – მარტის დასვენების დღეები არ მქონია. დაბადების დღეზე ვმუშაობდი. ამხელა მომართვიანობის ფონზე, არ მაქვს ფუფუნება, დასვენების დღეები ავიღო. მაგრამ, მეტიც, ერთსა და იმავე პოზაში გატარებული ყოველი დღე ერთანაირი ხდება, ვეღარ ვამჩნევ, ორშაბათია დღეს თუ პარასკევი, მომერღვა ბავშვობიდან გამომუშავებული (შეიძლება არასწორი, მაგრამ ნაცნობი და ადვილი) ხუთდღიანი სამუშაო კვირის განცდა. გამიზნულად ფანჯრის წინ ვზივარ, რომ დღის რიტმი არ დავკარგო, თვალ-ყური ვადევნო როგორ იცვლება ცა დილის ვარდისფერიდან ღამის იასამნისფრამდე. სეზონები დავკარგე. სეზონები, რომელსაც ისეთი გარემო ფაქტორები განაპირობებდა, როგორიცაა ტემპერატურა, შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტრანსპორტის არჩევანი, კარგ ამინდში სამხურიდან შინ ფეხით დაბრუნება…ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მე აღარ ვიმყოფები აქ და ამჟამად, რომ აღარ მაქვს შეხება ჩემს გარემოსთან, რომ იმის ნაცვლად კონტაქტში ვიმყოფებოდე რეალობასთან, კონტაქტში ვიმყოფები ფსევდო-რეალობასთან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც საკუთარ თერაპიაზე წლების განმავლობაში ვავითარებდი.

აქედან გამოსავლი ერთია, ჯდები და აძალებ შენს თავს იყო კონტაქტში, ფიზიკურად იტვრითები, ვარჯიშბ, სეირნობ, არ გინდა, მაგრამ მაინც აიძულებ თავს სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვა, ახსენებ შენს თავს, რომ დღეში ერთხელ ჭამა გამოსავალი არაა, და არც ის არის გამოსავალი, გლოვოდან ჯანქ ფუდი უკვეთო და სესიებს შორის 10 წუთში ინდაურივით ჩაყლაპო.

პასუხისმგებლობა და ნებელობა

აიძულებ და მიდიხარ მეორე გამოწვევამდე – ნებელობის ავადაგამოყენებამდე. სხვა ტერმინი  ამ თვითძალადობის აღსაწერად მე არ მაქვს. თუკი ნებელობა არ ჩავრთე, ყველა საზღვარი ირღევავა. თუკი ნებელობა არ ჩავრთე, ვერ მივყვები იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ქვემოთ მოგახსენებთ. თუკი ნებელობა არ ჩავრთე, შეიძლება დილით ვერც კი ავდგე. და ასე არაგეშტალტურად, ასე არაორგანულად, ორგანიზმული საჭიროებების საწინააღმდეგოდ, მთელი ჩემი საქმიანობა გადაიქცა ერთ დიდ „უნდად“. ხოლო, ვისაც გეშტლატთერაპია ოდნავ მაინც შეგხებიათ, იცით, რამდენი ძალა და ენერგია, რამდენი ჯგუფური თუ ინდივიდუალური თერაპია იხარჯება იმაში, რომ განვაგდოთ „უნდა“ ინტროექტები და აღმოვაჩინოთ და განვახორციელოთ ყველაფერი ცნობიერად და პასუხისმგებლობით შევცვალოთ „უნდა“ „მინდათი“. ეს რომ დავბეჭდე, გავჩერდი. დავფიქრდი, რა მინდა. პასუხი ერთია, მთელი დღე ვიწვე ლოგინში. აღარ მინდა არც მიწაში ჩიჩქნა, არც კულინარული ლაივები, არც აივნის მზეზე მიფიცხება. დასწავლილი უსუსურობაა, რომ აზრი დაეკარგა ამ რესურსებს. პრენატალური სწრაფვაა, შევძვრე სადღაც თბილსა და ბნელში, თავზე საბანი დავიხურო და სხეულის ტემპერატურის ბალიშებში ავითქვიფო…მაგრამ, რა თქმა უნდა, ნებელობას კიდევ ერთხელ მოვიკრეფ, ამ სტატიის წერას მოვრჩები, დღის მრავალი ყავის პირველ ჭიქას დავისხამ და ჩემს საჭიროებას, ვიპოვო ემბრიონული კომფორტი, ჩავახშობ კოფეინის ზედოზირებით.

ხოდა, ამ ყველაფრის ფონზე ონლაინ ხელშეკრულების ფორმას რომ ვერ ვავსებ, თვიურ ანგარიშს ვერ ვწერ და სასერტიფიკაციო პროგრამის აპლიკაციაში ორი დოკუმენტი ვერ მიმიბია, არ მიკვირს. ის, რაც ადრე მხოლოდ ნებელობაზე იყო დამოკიდებული, უბრალოდ შეუძლებელი ამოცანა გახდა, რადგან ის, რაც ნებელობაზე დამოკიდებული არ იყო, ახლა მხოლოდ მის ხარჯზე ხორციელდება.

გამოსავალი

ჯერ ეს ერთი, მინდა იცოდეთ, მარტო არ ხართ. განსაკუთრებით კი მინდა ეს ჩემს კოლეგებს ვუთხრა. ამიტომაც ვწერ ასე ღიად და მოწყვლადად. არ გაგიკვირდეთ, თუკი ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ. არ გაგიკვირდეთ, თუკი ძილ-ღვიძილის ციკლი აგერიათ. არ გაგიკვირდეთ, თუკი კონცენტრაცია დაგიქვეითდათ, თუკი მეხსიერებაში ჩავარდნები დაგეწყოთ. ჩვენს ვენებში ახლა კორტიკოსტეროიდები ცირკულირებს, ჩვენს ტვინში სეროტონინი ნაკლებად გამოიყოფა, ჩვენი პრეფრონტალური კორტექსი „ემერჯენსი“ რეჟიმში მუშაობს, სინაფსებიდან დაწყებული და კუნთებით დამთავრებული, ის, რითიც ამ სამყაროში ვართ წარმოდგენილები, ნელ-ნელა იშლება და ნადგურდება.

ამიტომ, დათბობისა და ვაქცინაციის იმედით, ჭიქა კი ცარიელია, მაგრამ ამავე დროს სავსეცაა გაცნობიერებით, ეს მხოლოდ აქ და ამჟამად არის ახლა, მაგრამ აუცილებლად გაივლის ფილოსიფიით, გთხოვთ, ჩემთან ერთად, ბოლო ძალები მოიკრიფოთ და გაიხსენოთ, რომ სამყარო სავსეა რესურსებით და რომ საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში ჩვენი მოვალეობაა.

ამიტომაც გთავაზობთ ქვემოთმოყვანილ რეკომენდაციებს, ზოგს „დაგუგლულს“, ზოგს ჩემით მიგნებულს, რომ მოუხედავად ყველაფრისა, რესურსები არ დავივიწყოთ. გახსოვთ, დეპრესიიდან გამოსვლის პირველი საფეხური? რესურსების ძიება და საყრდენების მონახვა. ახლა კი მთელი ეს ცოდნა საკუთარ თავს დაახარჯეთ. არ ვართ ჩვენ სუპერ ადამიანები. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. და როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაიჭედა, ცოტა ხანი ამ გაჭედვაში ვრჩებით, ვშფოთავთ, ვბრაზობთ, ვსევდიანობთ, შემდეგ კი აღდგენას ვიწყებთ. სხვაგვარად, გარემოს შევერწყმებით, სრული კონფლუენცია გვექნება მიმდინარე პროცესებთან და არამხლოდ როგორც პროფესიონალები, როგორც ინდივიდები ავორთქლდებით.

პ.ს. ადამიანებთან მომუშავე ადამიანებმა ვიცით, რომ „სიზარმაცე“ არ არსებობს. რომ იმის კეთება, რაც ჯანსაღია, მაგრამ ვერ აკეთებ, ან გადაწვაა, ან დასწავლილი უსუსურობა, ან განამტკიცებლების სიმწირე, ან ჩვეულიდან გამოსვლის შიში და სტრესი ან კიდევ რაიმე. ამიტომ, არგუმენტს „ამ ყველაფრის გაკეთება მეზარება“ მე არ მივიღებ. გვინდა ვიყოთ უკეთ? ამისათვის რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ. მაგალითად, ქვემოთმდებარე რეკომენდაციებიდან რამოდენიმე მაინც შევასრულოთ.

აქვე დავძენ, ყველას არ გვაქვს ერთანირი შესაძლებლობები და იმაზე ფიქრს, რომ სად მაქვს მე ორი სამუშაო სივრცის ფუფუნება, ჯობია ეს რეკომენდაცია უბრალოდ გადავდოთ და იმას მივაქციოთ ყურადღება, რაც გვაქვს.

წარმატებები, კოლეგებო. თავს გაუფრთხილდით, თორემ სხვაზე ვეღარ იზრუნებთ. და ისედაც, თავს გაუფრთხილდით.

 

 

 

 

Exit mobile version