მაია ბეგაშვილი – საქართველოს ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ფედერაციის პრეზიდენტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიული კლინიკა დენდრონის ხელმძღვანელი, ექიმი ფსიქოთერაპევტი – ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპიაში, ევროპული სერტიფიკატების მფლობელი ფსიქოთერაპიაში: ECIP, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ECP, მულტიმოდალი
ფსიქოთერაპია არის სისტემური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელს ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რომელიც აღადგენს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმებს. შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.
ფსიქოთერაპიის მიზანია – პიროვნების დაბრუნება შინაგანი კეთილდღეობის განცდასთან.
ფსიქოთერაპია ორიენტირებულია: ქცევის, მოქმედების, თვით-გამოხატვისა და თვით-გამოვლინების აქტების ცვლილებაზე, ადამიანის განვითარებაზე (ფსიქომოტორული, ემოციური, შემეცნებითი, პიროვნული, კომპეტენტური, კომუნიკაციური განვითარება და ა. შ.), ფსიქომოტორული ფუნქციების რეგულაციაზე, ნებელობითი რეგულაციების გაძლიერებაზე, პიროვნული ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აზროვნების სტრუქტურირებაზე, მეხსიერების აქტივიზაციაზე, საკუთარი პოტენციალის შეცნობა/ანალიზსა და მისი გამოყენებაზე, თვითაქტუალიზაცია/თვითრეალიზაციაზე და ა. შ.
ფსიქოთერაპია ბაზირებს:
ა. ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებათა შემდეგ განხრებზე: ზოგადი, ასაკობრივი, ბავშვთა, სოციალური, კლინიკური, დიფერენციალური _ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, კონსულტაციური ფსიქოლოგია, ასევე ადამიანის ბიოლოგიური არსის გათვალისწინებით
ბ. მედიციანაზე: ნევროლოგია, ფსიქიატრია, ფიზიოლოგია და პათ. ფიზიოლოგია, სექსოლოგია, ენდოკრინოლოგია.
ფსიქოთერაპია დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინაა, ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის დეკლარაციის თანახმად ფსიქოთერაპია განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, ხოლო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას. ამ მოკლე და საკმაოდ კონკრეტულმა განმარტებამ საფუძველი დაუდო ევროპაში ფსიქოთერაპიული სწავლების ახალ და დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (European Association for Psychotherapy – EAP) არის ყველაზე მასშტაბური და მაღალი დარგობრივი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც ევროპის მასშტაბით წარმართავს დარგის ძირითად მიმართულებებს. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დასავლეთ ევროპაში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების გაზრდას და არაკვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკის აღმოფხვრას, რაც დღემდე კრიზისულ საკითხად რჩება ზოგ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას ფსიქოთერაპიის დარგი საქართველოში
საქართველოში არაკვალიფიციური პრაქტიკის ხელშემწყობ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორად გვევლინება ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ნაკლებობა. ფსიქოთერაპიის დარგის შესახებ გავრცელებული ცოდნის არარსებობა ან არასწორი ცოდნა ხელს უწყობს სხვა პროფესიის წარმომადგენელთა მიერ „კვალიფიკაციის მითვისების“ პრაქტიკას და შესაბამისი ზოგადი და სპეციალური საგანმანათლებლო სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე თერაპიული პროცესის წარმოებას.
EAP აერთიანებს ორგანიზაციებს და სპეციალისტებს (დაახლოებით 120.000 ფსიქოთერაპევტს). საქართველოდან EAP-ის ორგანიზაციული წევრობის სტატუსი აქვს EAP-ის სრულ წევრ (FULL MEMBER) ერთ ორგანიზაციას, – დენდრონს, (2014 წლიდან), ამას გარდა, რამდენიმე დარგობრივი ორგანიზაცია, EAP-ის სტანდარტთან შესაბამისობას უზრუნველყოფს EAP-ის რომელიმე სხვა წევრი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ.
რა გამოწვევის წინაშე დგანან ფსიქოთერაპიული სერვისის მიმღები პირები
დღეს-დღეისობით საქართველოში ისევ აქტუალურ კითხვად რჩება: როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო ხშირად ადამიანები მომსახურებას იღებენ არა იმ სპეციალისტისაგან, რომლის დახმარებაც რეალურად ესაჭიროებათ, არამედ სხვა დარგის წარმომადგენლისგან, ან თერაპიის განხორციელების კვალიფიკაციის არმქონე, ბაზისური (Basic) განათლების სპეციალისტისგან. არის შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმღები ვერ აცნობიერებს მის მიმართ ფსიქოთერაპიული ეთიკის ნორმების დარღვევას, ამ პროცესში ხარჯავს ბევრ დროს, ფსიქიკურ ენერგიას და ფინანსებს, მისი მდგომარეობა კი გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.
პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა: რა განსხვავებაა ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს შორის? – რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
როგორ ხდება დარგობრივი კომპეტენციის გამიჯვნა
ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელსაც, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ (იქნება ეს სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური) გავლილი აქვს სპეციალური გადამზადება ამა თუ იმ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაში. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პრაქტიკა სუპერვიზიის (გამოცდილი ფსიქოთერაპევტის ზედამხედველობის) ქვეშ.
არსებობს რამდენიმე ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამუშაო მიდგომებით. ფსიქოთერაპევტები კლიენტთან მუშაობენ მხოლოდ საუბრით, სხვადასხვა მიზანმიმართული ფსიქოთერაპიული ტექნიკის გამოყენებით. ეს პროცესი არ გულისხმობს მედიკამენტებით მკურნალობას. საქართველოში არსებობენ სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ფსიქოთერაპევტები, ასევე პირები, რომლებმაც დიპლომშემდგომ საფეხურზე მიიღეს განათლება რომელიმე ვალიდურ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაში. ამის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ რეესტრებში რომელზე წვდომაც საჯაროა. ასევე, ფსიქოთერაპიული დამადასტურებელ დოკუმენტის საშუალებით, რომელშიც აღინიშნება მიღებული განათლების დასახელება-ფსიქოთერაპევტი.
ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისათვის საჭირო ზოგად და სპეციალურ განათლებაში იგულისხმება საუნივერსიტეტო (დიპლომამდელი) და საუნივერსიტეტო ხარისხის მოპოვების შემდგომი (პოსტდიპლომური/დიპლომშემდგომი) განათლების ერთობლიობა, რომლის სტანდარტიც დაწესებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
რაც შეეხება თერაპიული პროცესის ხანგძლივობას, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ძირითადად, შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებს ფსიქოთერაპიის წარმოება? მხოლოდ ფსიქოთერაპიის შესწავლის და შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ეროვნული სტანდარტის ან ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ დაწესებული დიპლომშემდგომი განათლების სტანდარტის შესაბამისად.
ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის აკადემიური კვალიფიკაცია რაც გულისხმობს ადამიანის გონების შესწავლას. ეს ორი სფერო საკმაოდ შორს არის ფსიქოთერაპიის წარმოებისგან. ფსიქოლოგია საკმაოდ ფართო სფეროა, ფსიქოლოგიური განათლება შეიძლება მიღებული იყოს ქცევით, სოციალურ, განათლების და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და სხვა.
რა იწვევს დაბნეულობას
შესაძლებელია კლიენტმა/პაციენტმა ვერ განსაზღვროს თუ რომელი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ჩართულობა ესაჭიროება. ამ შემთხვევაში თითოეული სპეციალისტის პროფესიული პასუხისმგებლობაა სწორად გამოკვეთოს კლიენტის პრობლემა და საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართოს ის.
რაც შეეხება, ფსიქიატრებს, ფსიქიატრის ყოფნა ყოველთვის აუცილებელია ფსიქიკური პათოლოგიისთვის, მაგალითად, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია და სხვა.
ფსიქოთერაპიული პროფესიის დაუფლება
რა არის საჭირო ფსიქოთერაპევტის პროფესიის დაუფლებისთვის? – ფსიქოთერაპიული განათლება EAP სტანდარტით მოიცავს მინიმუმ 7 წლიან სწავლებას (3200 საათი), რომელთაგან არაუმცირეს 3 წელი უნდა დაეთმოს საუნივერსიტეტო (საბაკალავრო განათლება აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – უნივერსიტეტში) განათლებას, ხოლო დანარჩენი დიპლომშემდგომ სწავლებას.
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავდა ECP სერთიფიცირება, რომელმაც მიზნად დაისახა კვალიფიკაციის საერთო სტანდარტის დამკვიდრება მთელს ევროპაში. ECP სერთიფიცირებისთვის ჩამოყალიბდა მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის დეკლარაციის მოთხოვნებს.