ლიკა წერეთელი – ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი
რა გავლენას ახდენს ზოგადად დაავადებული პაციენტის მდგომარეობაზე შფოთვა და სტრესი?
თავისთავად, შფოთვა და შიში უკვე სტრესში აგდებს ორგანიზმს და ამ სტრესის სიძლიერე სწორედ, აღნიშნული განცდების ინტენსიურობის პირდაპირპროპორციულია. მით უმეტეს, დაავადებული ორგანიზმისთვის, რომელსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, ეს კიდევ უფრო საშიში ხდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შფოთვას იმდენად უნდა გავუძალიანდეთ, სანამ არ გავაგდებთ. აქ ძალზე მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ შფოთვის მართვა.
რა რჩევა შეიძლება მივცეთ კორონა ვირუსით დაავადებულ პაცინეტს ,რომელიც ფიზიკურ ჯამრთელობასთან ერთად ფსიქიკურადაც უდიდეს განსაცდელშია?
ზოგადად, ნებისმიერ ემოციასთან წინააღმდეგობა არაფრის მომტანია, ის მხოლოდ კიდევ უფრო მეტ ძალას გვაცლის. ხოლო როცა ავად ვართ, სასიცოცხლო ძალები განსაკუთრებით გვჭირდება. დადებითი ემოციები აუცილებელია, მაგრამ მათზე ძალადობრივად გადასვლა არაეფექტურია. აქ მნიშვნელოვანია, პაციენტმა გააცნობიეროს ის, რომ შფოთვა მისი ჩვეულებრივი და კანონიერი ემოციაა, რომ მას სრული უფლება აქვს განიცადოს შფოთვა. და თუკი ის ცოტა ხანს დარჩება ამ მდგომარეობასთან და დააკვირდება მას, მალევე მიხვდება, რომ შფოთვა იმ მომავლის შვილია, რომელიც ყოველი ჩვენთანაგნისთვის – ავადმყოფისთვისაც და ჯანმრთელისთვისაც სრულიად გაურკვეველია, რადგანაც უმძიმესი პაციენტების განკურნების შემთხვევებიც არსებობს და გაცილებით მეტი შემთხვევაა, როცა სრულიად ჯანმრთელი სახლიდან გასული ადამიანები შინ ვეღარ დაბრუნებულან. ასე რომ, მომავალი რეალურად უცნობია, ხოლო იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა და მხოლოდ ძალზე საეჭვო ვერსიის სახით არსებობს, დამეთანხმეთ, აზრს მოკლებულია?
რა გავლენა აქვს სიმშვიდეს ვირუსთან ბრძოლის დროს?
რა თქმა უნდა, სულიერ სიმშვიდესა და დადებით განწყობას ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ცოლ–ქმარმა საიმონტონებმა, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების ფსიქოსომატურ მხარეს იკვლევდნენ, ადამიანის იმუნური სისტემასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის უშუალო კავშირი დაადგინეს და მას ბიოლოგიური უკუკავშირი უწოდეს. მათი კვლევის თანახმად, უარყოფითი ემოციები და დეპრესიული მდგომარეობა გავლენას ახდენს ჰიპოტოლამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციებზე და, შესაბამისად, იმუნურ და ენდოკრინულ სისტემებზე, რაც იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას და, მაგალითად, ონკოლოგიის შემთხვევაში, ანომალური უჯრედების გამრავლებას. შეიძლება ითქვას, რომ ბიოლოგიური უკუკავშირის ეს სქემა ნებისმიერი დაავადების დროსაა აქტულაური. ასე რომ ყველაზე წინ –ექიმების რეკომენდაციების შესრულების შემდეგ– ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დავაყენოთ და მასზე ვიზრუნოთ.
საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა შიში სიკვდილისა , მიაჩნიათ ,რომ ბოლო ჟამი უახლოვდებათ და ამის გამო კარაგვენ სულიერ წონასწორობას .როგორ შეიძება ისინი განთავისუფლდენ ამ ფიქრებისგან და შეიძლება თუ არა ადამიანმა დღევანდელ მდგომარეობაში რაიმე პოზიტივის მარცვალი დაინახოს ,რათა დაძლიიოს პანიკა და გააგრძელოს ცხოვრება ?
იცით, გეშტალტთერაპიაში არსებობს ასეთი ძალიან ეფექტური კითხვა: რისთვის? როდესაც კლიენტი თავისი მტკივნეული პრობლემით მოდის და გულგატეხით სვამს კითხვას „რატომ?“, რომელიც, როგორც წესი, ვიღაცის ან რაღაცის დანაშაული დადგენაზეა მიმართული, ჩვენ თერაპევტები, ვუნაცვლებთ ამ კითხვას ძალიან ეფექტური კითხვით „რისთვის?“, ანუ რა მიზნით? რისი ჩვენება უნდოდა ამ მოვლებას ჩემთვის? რა გამომრჩა? რა მნიშვნელოვან ფაქტორს არ ვაქცევდი ყურადღებას? და აქ უამრავი ძალიან ხელშესახები პასუხის მოძიება შეიძლება. ფაქტია, რომ ეს პაუზა უამრავი ღირებულების გასააზრებლად და გადასაფასებლად მოგვეცა. ამიტომაც, თუკი თქვენ დროს ამ შინაგან ძიებასა და მუშაობას მოახმართ, დამერწმუნეთ, შემდგომში შეიძლება დაადგინოთ, რომ ეს პაუზა ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში. ამაში ადამიანების დახმარებას მეც ვცდილობ: 19 მარტიდან მოყოლებული ყოველ დილით ჩემს ფეისბუქზე მხარდამჭერ პოსტებს ვდებ, რომლებიც ამ შინაგან ძიებასა და მუშაობას ეხება.
ქალბატონო ლიკა, ბოლოს მინდა გთხოვოთ ,რომ ჩვენს მკითხველს გააცნოთ თუ რა სიმპტომებით ხასიათდება სტრესულობა და ზოგადად დეპრესია,რადგან დღეს უამრავ ადამიანს ჰქგონიათ რომ ვირუსი აქვთ, არადა ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან ,რომ ფსიქიკურად დაზარალდნენ .
რა თქმა უნდა, არაა გასაკვირი, რომ ასეთმა არაორდინარულმა მდგომარეობამ, რომელიც თავისთავად ისედაც განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა და რომლის გაღრმავებაც სოციალური ქსელებით კიდევ უფრო მეტად ხდება, მოსახლეობის ფსიქიკა გარკვეულწილად შეარყიოს. ეს გამოიხატება დათრგუნულ გუნება–განწყობილებაში, სიამოვნების განცდის დაკარგვაში, დაღლილობაში, აპათიაში, მადისა და ძილის დაკარგვაში, კონცენტრაციის პრობლემებში, ნევროზულობაში. ამიტომაც ვახსენე, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მოვუფრთხილდეთ. რაც შეეხება თვითდიაგნოსტიკას, ცოტა დადებით ნოტაზე გადავიყვან საუბარს და გეტყვით, რომ მედიკოსებსა და ფსიქოლოგებს მაგ საქმეში დიდი გამოცდილება გვაქვს. უამრავი ექიმი გეტყვით, რომ სტუდენტობისას ყველა შესწავლილ–შესასწავლი დაავადების სიმპტომები აღმოუჩენათ საკუთარ თავში. იგივე გვეხება ფსიქოლოგებსაც: პიროვნული აშლილობების უარავი სიმპტომისთვის მიგვიყურადებია საკუთარ თავში. ასე რომ, მე ასე ვიტყოდი: მთავარია, ვიყოთ ფხიზლად და მთლიანად დავემორჩილოთ ჩვენი ინფექციონისტების რეკომენდაციებსა და საგანგებო მდგომარეობის წესებს, ხოლო ზედმეტი შფოთისა და პანიკის საკუთარ თავზე აკიდება არ გვინდა, ესეც ხომ ინფექციას ჰგავს და ასევე შეუძლია დაგვაზარალოს.
ფიზიკურსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.
მოამზადა სალომე ეფრემიძემ