Psychologist.ge

ქრისტინე კარანაია – პირველკლასელების სირთულეები და მათი დაძლევის გზები

ქრისტინე კარანაია – ფსიქოლოგი, არტთერაპევტი

შემოდგომის დადგომა განსაკუთრებით ამაღელვებელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვისაა. მშობლები იაზრებენ, რომ მათი შვილები უკვე გაიზარდნენ, ცხოვრების ახალი ეტაპი ეწყებათ და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ბავშვისთვის კი თამაშის ეტაპიდან ახალ, პასუხისმგებლობით სავსე ეტაპზე გადასვლა არც ისე კომფორტული პროცესია, რადგან მას თან ახლავს ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. სკოლის დაწყებამდე ბავშვების უმეტესობა დადიოდა ბაღში, სადაც თამაშობდა, ერთობოდა, დროს სასიამოვნოდ ატარებდა. პირველკლასელს კი აქვს ახალი ყოველდღიური რუტინა, პასუხისმგებლობა, რაც ხშირად იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას. ბავშვი ვერ იგებს, რატომ უნდა იჯდეს მთელი გაკვეთილი წყნარად, რატომ არ უნდა ითამაშოს. ბაღის შემდეგ სკოლის წესები მოსაწყენი და რთულად შესასრულებელი ჩანს, რადგან ბავშვს უჭირს ემოციებისა და სურვილების კონტროლი. ახლა მისგან თამაშის ნაცვლად მოითხოვენ დისციპლინას, კარგად სწავლას. სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია და მნიშვნელოვნად არის განპირობებული, როგორ ოჯახურ გარემოში იზრდება იგი. ოჯახში უნდა სუფევდეს ისეთი ატმოსფერო, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რაც შეიძლება კომფორტულად ინტეგრირდეს სასკოლო ცხოვრებასთან და წარმატებით ადაპტირდეს ახალ გარემოში. თუ პირველკლასელს მშობლები სათანადოდ არ უჭერენ მხარს და მის პრობლემებს სერიოზულად, გაგებით და მოთმინებით არ ეკიდებიან, მაშინ სკოლაში პირველი სირთულეების ნეგატივი შეიძლება ჩამოყალიბდეს სწავლის მუდმივ ზიზღში. ამიტომ აუცილებელია, ბავშვი წინასწარ მოვამზადოთ სასკოლო ცხოვრებისთვის, რომ ეს პროცესი გავხადოთ მისთვის მიმზიდველი, საინტერესო, სასურველი, რაც მომავალში წარმატებულ შედეგებამდე მიიყვანს, ამისთვის კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ შესაბამის რეკომენდაციებს.
ესაუბრეთ ბავშვს სკოლაზე, მოუყევით, რა მოხდება სკოლაში, როგორი იქნება გაკვეთილები, შეუქმენით მასწავლებლის ავტორიტეტი.

 

Exit mobile version