Psychologist.ge

მაგდა მაჭავარიანი – პირადი სივრცე

მაგდა მაჭავარიანი სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, EAGT/გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტიმშობელთა მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი

რას ნიშნავს პირადი სივრცე,  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, და როგორ ჩნდება მოთხოვნილება პირად სივრცეზე?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პირად სივრცეში მოიაზრება ადამიანის გარემომცველი არე, სივრცე, რომელსაც იგი ფსიქოლოგიურად თავისად თვლის. პირად სივრცეში შეჭრის შემთხვევაში, ადამიანი განიცდის დისკომფორტს, ბრაზს ანდა შფოთვას. პირად სივრცეზე მზარდი მოთხოვნილება ადამიანის ზრდა-განვითარების განუყოფელი ნაწილია. დაბადების შემდეგ რამდენიმე თვე ჩვილი მთლიანად გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. უკვე დაახლოებით 9 თვის ასაკში, როცა ბავშვი გადაბრუნებით, ხოხვით, ანდა პირველი ნაბიჯების გადადგმით ცდილობს, დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს საკუთარი ბაზისური მოთხოვნილებები, პირველად უჩნდება მოთხოვნილება პირად სივრცეზე. პირადი სივრცისთვის 9 თვის ბავშვის სწრაფვაზე მიანიშნებს, როცა ბავშვს აღარ მოსწონს და აპროტესტებს თუ დედა დიდხანს მჭიდროდ მიიკრავს მკერდზე, თითქოს ამბობს: „დედა, მომეცი ცოტა სივრცე!“ პირად სივრცეზე მოთხოვნილება კიდევ უფრო იზრდება 2-3 წლიდან, როცა ბავშვი სულ უფრო და უფრო ხშირად აჟღერებს ფრაზას: „მე თვითონ“.

განსაკუთრებით აქტუალური ხდება პირადი სივრცე გარდატეხის ასაკში. რაში სჭირდებათ მოზარდებს პირადი სივრცე?

პირად სივრცეზე მზარდი მოთხოვნილების თვალსაზრისით, კულმინაციური მომენტია მოზარდობის პერიოდი. გარდატეხის ასაკში გადასვლისას, ბავშვი იწყებს დისტანცირებას ოჯახის ველისგან და მისი „მე“-ს – თვითობის საზღვრები იწყებს გამოკვეთას. მოზარდს უჩნდება გამძაფრებული სწრაფვა, რომ ქონდეს პირადი სივრცე და თავად გადაწყვიტოს, საკუთარ პირად სივრცეში რა აკეთოს, ვინ შეუშვას და ვინ – არა. მოზარდისთვის პირადი სივრცე არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან სივრცის გაფართოვება-დიფერენციაციის შესაძლებლობაზე დიდ წილად არის დამოკიდებული მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი როგორ წარიმართება. მოზარდ სივრცე სჭირდება იმისთვის, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც ოჯახისგან გამოცალკევებული, ჩაატაროს ექსპერიმენტები, გამოიკვლიოს საკუთარი სურვილები, შესაძლებლობები და მიიღოს ახალი გამოცდილება. გარდა ამისა, მოზარდობის პერიოდში მიმდინარეობს ფიზიკური ცვლილებები, რაც ზრდის პირადი სივრცის საჭიროებას. მაგალითად, თუ ბავშვი უპრობლემოდ იცვლის ტანსაცმელს მშობლების თვალწინ, მოზარდი ტანისამოსის გამოცვლისას უკვე საკუთარ საძინებელ ან სააბაზანო ოთახში განმარტოვებას ამჯობინებს. ეს ზრდის თანმდევი ბუნებრივი მომენტია.

 მშობლები და სხვა უფროსები ხშირად არღვევენ ამ სივრცეს, რაც მოზარდში გაღიზიანებას იწვევს და ჩნდება კომპლექსები, რა რჩევას მისცემდით უფროსებს?

როდესაც ბავშვს ეწყება გარდატეხის ასაკი და მოზარდი უკვე ყველაფერს აღარ უზიარებს მშობლებს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გააცნობიერონ, რომ პირად სივრცეზე მოზარდის გაზრდილი მოთხოვნილება არ ნიშნავს იმას, რომ ის მშობლებისგან რაღაცას მალავს. დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მოზარდი ძველებურად ღიად აღარ აზიარებს საკუთარი თავის შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას. მოზარდს სურს, რომ უფროსებმა ანდონ უფრო მეტი რამის დამოუკიდებლად გაკეთება, ვიდრე ბავშვობაში. მას ასევე სურს, რომ უფროსები ეპყრობოდნენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და დამოუკიდებელ ინდივიდს. მოზარდისთვის პირადი სივრცის უზრუნველყოფას, მისი პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, საოცარი შედეგი მოაქვს – გამოცდილება, რომ მშობლები და სხვა უფროსები მას ენდობიან, მოზარდს მატებს თავდაჯერებასა და საკუთარი ძალების რწმენას, ეხმარება გახდეს უფრო დამოუკიდებელი. როდესაც მოზარდი უზრუნველყოფილია პირადი სივრცით, რაც მას სჭირდება განვითარებისთვის, თუ მშობლები და უფროსები პატივს სცემენ მოზარდის პირად სივრცეს, მათ შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ყალიბდება. მოზარდი მშობლებს აღიქვამს, როგორც მეგობრებს და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს. ამ შემთხვევაში, მოზარდი შეიძლება თავისუფლად ესაუბროს მშობლებს, დაუსვას კითხვები ამა თუ იმ საკითხზე (მაგ., რომანტიკულ ურთიერთობებთან ანდა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე) ანდა საიდუმლოც კი გაანდოს, განსაკუთრებით იმავე სქესის მშობელს. მოზარდის მშობლებისთვის ზოგადი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ბალანსის დაცვა – რომ ეცადონ, უზრუნველყონ შვილის უსაფრთხოება – იცოდნენ რას აკეთებს მათი მოზარდი შვილი ისე, რომ ზედმეტად არ შეიჭრან მის პირად სივრცეში და თან იცოდნენ, როდის ჩაერიონ – ანუ რა არის ის „განგაშის ნიშნები“, როცა მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა მისი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 როდის შეიძლება გახდეს საჭირო მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მოზარდში გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ?

მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა აუცილებელია, როცა მოზარდი საყვარელი საქმიანობის მიმართ ინტერესს უეცრად კარგავს, ხდება დეპრესიული, თვითდაზიანებას მიმართვას ანდა უეცრად კარჩაკეტილი და დათრგუნული ხდება ანდა ჩნდება ეჭვი, რომ წამალდამოკიდებულია ანდა რამე ძალადობრივი აქტის ჩადენას გეგმავს. რადგან მშობლების უპირველესი მოვალეობაა საკუთარი შვილების უსაფრთხოების დაცვა, ამ ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია რეაგირება. უმჯობესია, რომ მშობელმა ჯერ მოზარდ შვილთან გასაუბრება სცადოს და გაუზიაროს, რა ცვლილებები შეამჩნია, და გაარკვიოს, რა ხდება. ამ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლის კომუნიკაციის სტილი რამდენად მხარდამჭერია. შესაძლოა, ამ სიტუაციაში საჭირო გახდეს მოზარდთა ფსიქოთერაპევტისთვის მიმართვა.

რას ნიშნავს თქვენთვის პირადი სივრცე, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით?

ჩემთვის, როგორც გეშტალტთერაპევტისთვის, პირადი სივრცე მოიაზრებს ჩემი თვითობის საზღვრებს – ჩემს პიროვნულ საზღვრებს. საკუთარ პროცესზე გეშტალტთერაპიული მუშაობის შედეგია, რომ საკმაოდ გამძაფრებული მაქვს პირადი სივრცისა და საზღვრების განცდა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე თერაპიულ სესიაზე. საკუთარი პიროვნული საზღვრების ცხადგრძნობა მეხმარება გარემოსთან, სხვა ადამიანებთან (ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, კლიენტებთან) ინტერაქციის პროცესში – ვაწესებ და ასერტულად ვიცავ საკუთარ საზღვარს და ვცდილობ სხვის საზღვარსაც პატივი ვცე.

რა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს მოზარდთა პირად სივრცეში უხეში ჩარევა?

ჩვენს კონფლუენციურ საზოგადოებაში, სადაც ჩვეულებრივი მოვლენაა მშობლების ჰიპერმზრუნველობა და შვილის პირად სივრცეში შეჭრა, პირადი სივრცის დეფიციტი ბავშვებისა და განსაკუთრებით მოზარდების აქტუალური პრობლემაა. თუ არ ხდება მოზარდის პირადი სივრცით უზრუნველყოფა, ეს ნიშნავს, რომ მოზარდი იზრდება არა მხარდამჭერ, არა მიმღებელ ან  მტრულ გარემოში. რაც უფრო მეტად ხდება მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა და რაც უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებს მოზარდი გარემომცველი ზრდასრულებისგან, მით მეტად ხდება მისი პიროვნული განვითარების შეფერხება – შედეგია განვითარების ტრავმა (კერძოდ, საკუთარ თავთან კონტაქტის დაკარგვა და საკუთარი საჭიროებებისა და სურვილებისგან გაუცხოვება), სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები (მაგ., შფოთვა, დეპრესია, ადიქციები, სუიციდი, უკიდურეს შემთხვევაში, პიროვნული აშლილობები).

თქვენი აზრით რამდენად იცავენ სკოლაში მოსწავლის პირად სივრცეს?

ეს დამოკიდებულია სკოლის მენეჯმენტი და პედაგოგები რამდენად ფლობენ ცოდნას ბავშვისა და მოზარდის განვითარებისა და მათი საჭიროებების შესახებ და შემდეგ რამდენად იყენებენ ამ ცოდნას პრაქტიკულად – სკოლის პოლიტიკის გატარებისას, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისას, სასწავლო პროცესში. ამ თვალსაზრისით, აქტუალური საკითხია სკოლაში ფსიქოლოგიური სამსახურის არამხოლოდ „არსებობა“, არამედ რეალური ამუშავება.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დარღვეული საზღვრების მქონე ოჯახში იზრდება, როგორ შეიძლება აისახოს ეს?

როდესაც ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთის პირად სივრცეს უხეშად არღვევენ, ასეთი გამოცდილება ზრდასრულობაში მასზე რა თქმა უნდა აისახება – ყველაზე მკვეთრი გამოვლინებებია: დაბნეულობა, საკუთარი თავისგან გაუცხოვება და გარემოსთან მანიპულაციური ურთიერთობა. ადამიანი ვერ ხვდება, რა უნდა და რა არ უნდა, უჭირს გადაწყვეტილების მიღება პროფესიის არჩევისას თუ ოჯახის შექმნისას. ასევე, უჭირს ჯანსაღი კონტაქტის დამყარება გარშემომყოფებთან და აქვს ურთიერთობის მანიპულაციური სტილი; გარდა ამისა,შესაძლოა განუვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა ფსიქოთერაპია, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქიატრის ჩართულობაც.

მოამზადა ქეთევან  კაცელაშვილმა

Exit mobile version