Psychologist.ge

ნატა თუმანიშვილი – ორსულობის შემდგომი დეპრესია

ნატა თუმანიშვილი – კარაფს მედლაინის ფსიქოლოგი,  “GGRC”  ქართულ გერმანული რეპროდუქციული კლინიკის ფსიქოთერაპევტი 

დედობა- ქალის უნიკალური მდგომარეობაა, მისი ორგანიზმის ბიოლოგიური ფუნქცია და ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მოითხოვს კოლოსალურ ენერგიას, მზაობას და უდიდეს პასუხისმგებლობას იმ პატარა ადამიანზე, რომელიც ჩნდება მის ცხოვრებაში. ბიოლოგიური გამრავლება მედლის ერთი მხარეა და ნამდვილი დედობა, შვილის აღზრდა, ჯანმრთელი და ჰარმონიული პიროვნების ფორმირება მეორე.

თუ ჩვენ განვიხილავთ დედობას, როგორც ფსიქო-სოციალურ ფენომენს, რომელიც ბავშვის განვითარების ყველა პირობას უნდა უზრუნველჰყოფდეს, უნდა შევეხოთ დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ორსულობა და მშობიარობა საკმაოდ სტრესულია ქალის ფიზიოლოგიასა და ფსიქიკისთვის, ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად იცვლება რეალობა და ხდება დედის ახალ როლთან ადაპტაცია, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს (პოსტნატალურ) პოსტმშობიარობის მქონე დეპრესიის თანხლებით, სხვანაირად მას კიდევ ,, baby Blues’’ უწოდებენ და ითვლება, რომ მშობიარეების 13-დან 18% განიცდის ამ მდგომარეობას.

ახალბედა დედას არ ახარებს ჩვილის მოვლის პროცესი, ის განიცდის ქრონიკულ გადაღლას და გაღიზიანებას, რაც კიდევ უფრო უმძაფრებს დანაშაულის გრძნობას, რომ ვერ აკმაყოფილებს იდეალური დედის პარამეტრებს ის ვერ აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს ხარისხიანად, მას არ აქვს ჩვილთან ემოციური და ტაქტილური კონტაქტი, რომელის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, უარს იძახის ბუნებრივ კვებაზე, რაც შემდგომში ბავშვის წონის მატებაზე ძილის დარღვევაზე და მოუსვენრობაზე აისახება. როგორც წესი ასეთი ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ და ჭირვეულობენ, მომავალში კი ამ სახის დეფიციტები ვლინდება ფსიქოლოგიური პრობლემების სახით, მაგალითად ჰიპერაქტიულობის სინდრომი ან ლოგონევროზი.

პოსტნატალური დეპრესია ხასიათდება დათრგუნული გუნება-განწყობით, სისუსტით, ძილიანობით, ან უძილობით, შფოთვითი აშლილობით, ხასიათის  ცვალებადობით, დანაშაულის გრძნობით და იმის შიშით, რომ ბავშვს მიაყენო ზიანი, რომელიც თავის მხრივ უფრო აძლიერებს დანაშაულის განცდას, ზოგადად პესიმისტური განწყობა და ტირილი, გაღიზიანება, ფიქრები იმაზე, რომ ,,ცუდი დედა ვარ და ვერ ვუმკლავდები მოვალეობებს’’, ასევე აგრესია ბავშვზე, რომელმაც შეცვალა ქალის ცხოვრების განრიგი, დედობრივი ინსტიქტის არქონა და სუიციდალური ფიქრები. თუ ახლად ნამშობიარებ ქალს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სუსტად აღენიშნება, კერძოდ კი აქვს შფოთი, ტირილი და ხასიათის ცვალებადობა და 2 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ,,ბები ბლუზმა’’ ჩაიარა და ქალი ნელ-ნელა რეაბილიტირდა, ხოლო თუ ეს სიმპტომატიკა არ იცვლება და დეპრესია გრძელდება, საფრთხე ექმნება არამარტო ქალის ფსიქიკას და მის ჯამრთელობას, არამედ ნეგატიურად აისახება ჩვილის განვითარებაზე და მის მომავალ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე. ობიექტ-ურთიერთობის თეორიის ფუძემდებელი ,ფსიქოთერაპევტი ვინიკოტი წერდა, რომ ,,სამყაროს მიმართ საბაზისო ნდობის ჩამოყალიბება, დამოკიდებულია დედის ზრუნვის ხარისხზე.

მშობიარობის შემდგომ დეპრესიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ასევე ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა: ფინანსური პრობლემები და კეთილმოუწყობელი საცხოვრებელი პირობები, მხარდაჭერის არქონა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან, პარტნიორთან დისჰარმონიული ან დაძაბული ურთიერთობები, პარტნიორის გულგრილობა ასეთ პერიოდში ძალიან მწვავედ აისახება ქალის ისედაც სენსიტიურ ფსიქიკაზე, დროებითი იზოლაცია ან სავალდებულო დეკრეტი. ქალი რომლისთვისაც კარიერული ზრდა და სოციალური თვითრეალიზება პრიორიტეტულია, მძიმედ განიცდის ამ პერიოდს. კიდევ მინდა დავამატო ის დამამძიმებელი ფაქტორები რისი გადატანაც უწევთ ქალბატონებს და რაზე არ საუბრობენ, ესაა ფიზიკური დისკომფორტი, რომელიც სხვადასხვა სომატურ დარღვევებს უკავშირდება, მაგალითად: მცირე მენჯის ორგანოების დაწევა, ჩახევები ან საკეისრო კვეთა, ლაკტაციის დამახასიათებელი ბზარები და მასტიტები, წონის მატება, სტრიები და შეცვლილი ფორმები, რაც ქალის თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება და დიდ განსაცდელში აგდებს, თუმცა გვახსოვდეს, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის ინდივიდუალური და თუ ჩვენ მომზადებულები და ინფორმირებულები შევხვდებით ამ უნიკალურ პერიოდს ყველა უსიამოვნო ნიუანსებს ავიცილებთ თავიდან. მე როგორც პერინატალური ფსიქოლოგი, რამდენიმე შეხვედრას დავუთმობდი ორსულობის ინფორმირებას, სადაც ჩვენ ვისაუბრებდით ფეხმძიმობის პერიოდზე და მშობიარობის შიშის დაძლევაზე, ძუძუთი კვების სარგებელზე, პოსტ ნატალურ პერიოდზე, ჩავრთავდი ნეონატოლოგის კონსულტაციას და გამოვუმუშავებდი დედებს ჩვილის მოვლის უნარებს, ასევე საკუთარ თავზე ზრუნვის უნარებს, გავაცნობდი ოჯახისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის საფუძვლებს. ჩემი მიზანია დავეხმარო ქალებს მიიღონ და გააცნობიერონ საკუთარი თავი ახალ როლში, მოვამზადო ის მშობიარობისთვის და მივაწოდო მას ინფორმაცია შესაძლო პოსტნატალური დეპრესიის შესახებ და ავუხსნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხარისხიანი ურთიერთქმედება ჩვილთან.

რეკომენდაციების სახით ახალგაზრდა დედებს მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად დატკბნენ ამ უნიკალური პერიოდით, ორსულობა და მშობიარობა ეს ის დროა როცა მხოლოდ საკუთარ თავზე და სურვილებზე უნდა იყონ ორიენტირებული და გაინებივრონ თავი, იყვნენ კონტაქტში საკუთარ შეგრძნებებთან და სურვილებთან.

მოითხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისაგან, ჩართეთ პროცესში მამა, მიიღეთ მისი ზრუნვა და ყურადღება მადლიერებით, გაიზიარეთ ბავშვზე ზრუნვის დრო და განრიგი, თავისუფალი დრო გამოიყენეთ გამოსაძინებლად და სავარჯიშოდ, ჰაერზე სასეირნოდ ან გასართობად. ჩართეთ ფსიქოთერაპევტი, რომელიც გაგიმარტივებთ კრიზისის გადალახვას, ამის გაკეთება ახლა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ ,,კარგი დედა ბედნიერი დედაა!!’’ ეს დრო ძალიან სწრაფად გაივლის, ბავშვები იზრდებიან, ჩვენ კი შევნატრით და ნოსტალგიურად ვიხსენებთ საყვარელ მომენტებს და გული გვიჩუყდება…

 

მოამზადა ეკა მიქაშავიძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Exit mobile version