Psychologist.ge

ოიდიპოსის კომპლექსი

ოიდიპოსის კომპლექსი კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელსაც სახელი ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის – ოიდიპოსის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი
ცოდვის ჩადენა ფიქრადაც არ მოსვლია. ოიდიპოსის კომპლექსი გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, რომელიც დაკავშირბეულია მშობლისადმი ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან –  მას ერთდროულად ორივე მშობელი უყვარს და სძულს, მათი სიკვდილი სურს, მაგრამ
ამასთანავე თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია.

იუნგმა ამგვარ კომპლექსს გოგონების შემთხვევაში ელექტრას კომპლექსი უწოდა, თუმცა ფროიდი ამ ორს შორის განსხვავებას მხოლოდ განვითარების ხასიათში ხედავდა და ამჯობინებდა ოკ-ის ცნების გამოყენებას, რადგან მას სქესისგან განურჩევლად, უნივერსალურად მიიჩნევდა. კონფლიქტის დაძლევა ხდება თავისივე სქესის მშობელთან ბავშვის იდენტიფიკაციით. კასტრაციის საფრთხეს და საკუთარი ინცესტური ლტოლვების გამო დასჯის შიშს ბიჭი მიჰყავს ოკ-ის ზიზღამდე, ანუ მასთან დაკავშირებული ეროტიული ლტოლვები დესექსუალიზდება, სუბლიმირდება და გადაირთვება სოციალურად მისაღებ
მიზნებში. კომპლექსის დაძლევისას მშობელთა ავტორიტეტი თითქოს ბავშვის ფსიქიკაში შედის და მის შინაგან მიღწევად იქცევა, რასაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ინსტანციის – სუპერეგოს წარმოშობა მოჰყვება. თეორიულად ეს კომპლექსი სრულად დაიძლევა მაშინ, როცა ადამიანი საპირისპირო სქესის მშობელს თავიდან აღმოაჩენს მომწიფებულ, ზრდასრულ სექსუალურ ობიექტში.

ფროიდიზმში ოიდიპოსის კომპლექსი განიხილება,  როგორც ეტაპი ფსიქოსექსუალური განვითარებისა. ის პირველად თავს იჩენს 2-3 წლის ასაკში (ორალური და ანალური მიზიდულობა ლიბიდოს განვითარების ამ სტადიაზე), პიკს აღწევს 3-დან 5 წლამდე, რის შემდეგაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც კომპლექსი ითრგუნება ამა თუ იმ ეროტიული ობიექტის არჩევით.

ფსიქოლოგებმა გარკვეული ვარიაციები შეიმუშავეს ამ საკითხთან დაკავშირებით:

ერიხ ფრომი:  ფროიდის დაკვირვებებს ოკ-ს გამოვლინებაზე მიიჩნევდა სწორად, მაგრამ სთავაზობდა მის უფრო ფართო გაგებას, რომლის მიხედვითაც კომპლექსის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ინდივიდს სურდა დარჩენილიყო სამუდამოდ ბავშვად, ყოფილიყო მიჯაჭვული მის დამცველ ფიგურებზე (არამარტო დედაზე). ამ მიჯაჭვულობას ფრომი არ განიხილავდა როგორც სექსუალურ ლტოლვას. ვაჟსა და მამას შორის კონფლიქტს კი ის ხსნიდა საზოგადოების ავტორიტეტული პატრიარქალური წყობით, რომლის ფარგლებშიც ვაჟი განიხილებოდა მშობლის (მამის) საკუთრებად.
ის თვლიდა, რომ ამ კონფლიქტს ცოტა რამ აქვს საერთო სექსუალურ მეტოქეობასთან. ის წარმოადგენს მიდრეკილებას, ინდივიდმა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფალი ნება.

მელანი კლაინი: ის თვლიდა რომ ოიდიპოსური გამოვლინებები უფრო ადრე იწყება, ვიდრე
ამას ფროიდი აღნიშნავდა, კერძოდ კი მაშინ, როცა ბავშვს წყვეტენ ძუძუს, ანუ 1-2 წლის
ასაკში.

ოტო რანკი: ის იხრებოდა კლასიკური ფროიდიზმიდან და მისი აზრით ყველა ნერვოზის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა დაბადების ტრამვა და ინდივიდის სურვილი დედის მუცელში დაბრუნებისა. რანკის წარმოდგენა იყო ფრომის მსგავსი. ის თვლიდა, რომ შვილი მიდრეკილია იმ მშობლის მიმართ, რომელიც ნაკლებად მოქმედებს მის ინდივიდუალიზმზე. ბიჭების შემთხვევაში როგორც წესი ეს დედაა, რადგან მამა ვაჟიშვილს თვლის საკუთარი ეგოს გაგრძელებად.

კარენ ჰორნი: მისი აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არ არის ნერვოზის პირველსაწყისი
და იგი თუ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ ოჯახური სცენების გამო. ჰორნი წერდა: ,,ოიდიპოსის კომპლექსი არ შეიძლება იყოს ნერვოზის პირველწყარო, რადგან თვითონ არის ნერვოზი“.  კომპლექსები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე, მის პიროვნებაზე და ეს გავლენა ხშირად დამაბრკოლებელი და უარყოფითია. ამიტომ სასურველია, მოვძებნოთ გზა მათ უგულვებელსაყოფად. ამისთვის კი მხედველობაში
უნდა მიოვიღოთ შემდეგი:

1) გავაცნობიეროთ თავად კომპლექსის არსებობა, ანუ მოვახდიონოთ მისი იდენტიფიცირება,  ცნობიერებაში დაბრუნება;

2) გავაცნობიეროთ, რა მიზანს ემსახურება ეს კომპლექსი;

3) მოვახდინოთ მისი ტრანსფორმირება ცნობიერი და ემოციური ძალისხმევით;

4) გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსთა ინტეგრაციის გზით.

კომპლექსების დასაძლევად არსებობს ბევრი ფსიქოთერაპიული მეთოდი. თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა იმ ფსიქოთერაპიულ მიდგომებს, რომლებიც პიროვნულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ამის მაგალითს წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებათა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც გლობალიზაციით გამოწვეული ფსიქიკური
ხარვეზების აღმოფხვრაზეა მიმართული და რომელიც მზადდება მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ და იქნება ცნობილი, როგორც პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრია. ის ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

1) ის მიმართულია პაციენტის მთელ პიროვნებაზე და არამარტო მის დათრგუნულ ნაწილზე.

2) მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ფსიქიატრის მთელი პიროვნება მისი ადამიანური რესურსით და არამარტო ის ნაწილი,  რომელიც საჭირო ინფორმაციით აღჭურვილ ტექნიკოსთან ასოცირდება.

3) მკურნალობის პროცესი ხელს უნდა უწყობდეს პიროვნების თვითრეალიზაციას.

4) სამკურნალო პროცესში პაციენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რაც ფსიქიატრის მიერ მასთან თანამშრომლობასა და დახმარებას გულიხმობს.

წყარო

Exit mobile version