Psychologist.ge

ნათია ქავთარაძე – თამაშდამოკიდებულება

ნათია ქავთარაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, მენტალ ჰაბის ფსიქოთერაპევტი და პროექტების ხელმძღვანელი.

რას ნიშნავს თამაშდამოკიდებულება?

თამაშდამოკიდებულება მიეკუთვნებოდა იმპულსის კონტროლთან დაკავშირებულ აშლილობებს, თანამედროვე კლასიფიკაციაში კი შევიდა ქცევითი ადიქციის კატეგორიაში. ასევე შეიცვალა სახელი, “პათოლოგიური თამაშდამოკიდებულების” მაგივრად, იყენებენ – “თამაშთან დაკავშირებულ აშლილობას (გემბლინგის აშლილობა)”.

თამაშდამოკიდებულება არ გულისხმობს ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას რაიმე ნივთიერებაზე. ამ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების მიუხედავად,  მოთამაშეს აქვს კონკრეტული ქცევის, თამაშის,  განხორციელების დაუძლეველი სურვილი.

ზოგადად, ნებისმიერი დამოკიდებულების დროს კონკრეტულ მოქმედებამდე ფიქსირდება აგზნება და მოქმედების განხორციელების შემდეგ- სიამოვნება, კმაყოფილება, დაძაბულობის შემსუბუქება. დროთა განმავლობაში აღნიშნული ქცევა ხდება ნაკლებად სასიამოვნო და უფრო მეტად ხდება ჩვევა, რომელიც ნეგატიურად არის განმტკიცებული.

რა შეძლება გახდეს მაპროვოცირებელი თამაშდამოკიდებულისთვის?

თამაშდამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მრავალი ფაქტორი იღებს მონაწილეობას. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ ამ სფეროს პროპაგანდაზე. სამწუხაროდ, თითოეულ ადამიანს, ინტერნეტ სივრცეში თუ გარეთ, გვხდება უამრავი რეკლამა თამაშთან დაკავშირებით. მოქალაქეებისთვის ფინანსურად, გეოგრაფიულად თუ ასაკობრივად მარტივად ხელმისაწვდომია თამაში. მაშინ, როდესაც მეტ ფინანსებთან და სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული ალტერნატიული აქტივობები – იქნება ეს სპორტი, ცეკვა, ცურვა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შეიძლება ადამიანმა აქციოს ჰობად ან პროფესიად. მსგავსმა არა თანაბარმა არჩევნის პირობებმა გაზარდა თამაშის აქტუალურობა. მოზარდი შეიძლება აღმოჩნდეს გარემოში, სადაც აზარტული თამაში ითვლება ნორმად. ის კი, სოციალიზაციის და ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიზნით, ჩაერთოს აზარტულ თამაშში და შემდეგ გაუჭირდეს უარის თქმა. ხშირად, მოთამაშეთა ოჯახის წევრები ასევე არიან მოთამაშეები, რაც ხდება მაპროვოცირებელი. მოუმწიფებელი გამკლავების მექანიზმები ერთ-ერთი ფაქტორია. მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ სტრესს და თამაშში პოულობენ მოკლევადიანი ეფექტის მქონე გამკლავების გზას.

ხშირია შემთხვევები, როდესაც თამაშდამოკიდებულება ვლინდება, როგორც მეორეული ფენომენი და თან ერთვის სხვა ფსიქიკურ დარღვევებს.

ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირებულობა აზარტულ თამაშებზე. მაგალითად, რა განსხვავებაა უნარებზე და ალბათობის პრინციპზე დამოკიდებულ თამაშებს შორის, მოგების და წაგების რა შანსი არსებობს და ა.შ

რა პრობლემები აქვთ თამაშდამოკიდებულებს?

თამაშდამოკიდებულებას ხშირად თან ახლავს  ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შფოთვა, დეპრესია, ემოციური სფეროს პრობლემები. საზოგადოებაში არსებული სტიგმა უარყოფითად აისახება მათზე და შესაძლებელია თავი გარიყულად იგრძნონ. მოთამაშეებს, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემები აქვთ სამსახურში, პირად ურთიერთობაში, ფინანსურ სფეროში. ისინი არიან ქრონიკული სტრესის ქვეშ, გაღიზიანებულები, კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზე, ატყუებენ ახლობლებს.

თამაშდამოკიდებული ადამიანის განკურნება დაკავშირებულია ხანგრძლივ თერაპიასთან. სეანსები პირველ ეტაპზე უფრო ინტენსიურია და შემდეგ იშვიათდება. მეტწილად, აუცილებელია ფსიქიატრის ჩართულობაც.

როგორ შეიძლება ოჯახის წევრი დაეხმაროს თამაშდამოკიდებულს, ზომიერად ჩაერიოს და დაიცვას ზღვარი, რომ ეს მეტად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი არ აღმოჩნდეს მისთვის?

მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მხარდამჭერები. მნიშვნელოვანია, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების ახლობლებმა მიიღონ სანდო ინფორმაცია ზოგადად თამაშდამოკიდებულებაზე, თანადგომით დაეხმარონ მათ და არა აგრესიით ან უარყოფით. თამაშთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თავის ოჯახის წევრს მისი სჯერა. თუმცა, ხშირად ნდობის ფაქტორი იმდენად დასუსტებულია, პრობლემა ხდება მხარდამჭერი გარემოს არსებობა. მათ უჭირთ იმის გააზრება რომ მოთამაშე ვერ აკონტროლებს ქცევას და თვლიან, რომ უბრალოდ არ ინდომებენ. აქედან გამომდინარე, თერაპიის პროცესში რეკომენდირებულია ოჯახის წევრების ჩართულობა.

რა დროს ხდება საჭირო სპეციალისტის ჩარევა?

არსებობს თამაშდამოკიდებულების დონეები. შესაძლებელია, რომ ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს, მაგრამ არ იყოს მასზე დამოკიდებული. თუმცა, არსებობს მისი ჩამოყალიბების რისკი, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა რისკ ფაქტორის არსებობაზე. თუ ადამიანი კარგავს კონტროლს თავის ქცევაზე და უარყოფითი შედეგების მიუხედავად, განაგრძობს თამაშს, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია სპეციალისტის ჩარევა. თუმცა, მომართვიანობა ხშირად ხდება თამაშდამოკიდებულების შემდეგ დონეზე, როდესაც თამაშთან დაკავშირებული პრობლემები მეტად გამოხატულია და კლასიფიცირდება როგორც – “თამაშთან დაკავშირებული აშლილობა (გემბლინგის აშლილობა)”. ამ შემთხვევაში მოთამაშეებს აქვთ შემდეგი პრობლემები: თამაშობენ მზარდი თანხებით; არიან მოუსვენრები და გაღიზიანებულები; მუდმივად თამაშზე ფიქრობენ;  ხშირად სტრესის დროს თამაშობენ; წარუმატებლად ცდილობენ თამაშზე თავის დანებებას ან სიხშირის შემცირებას; კარგავენ და ზიანს აყენებენ მნიშვნელოვან ურთიერთობებს; ცდილობენ წაგებულის “ამოღებას” ; იტყუებიან თამაშთან დაკავშირებით; იმისთვის, რომ გამოვიდნენ თამაშისგან გამოწვეული  რთული ფინანსური სიტუაციიდან, დამოკიდებულები არიან სხვებზე.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშს უყურებენ, როგორც გართობას?

რისკი იმისა, რომ მოყვარულის დონიდან ადამიანი ჩამოყალიბდეს თამაშზე დამოკიდებულად, დიდია. მოგების დროს, ისინი განიცდიან ძალაუფლებას, ყოვლისშემძლეობას, რის ხარჯზეც იღებენ სიამოვნებას და იწყებენ ფიქრს ილუზორულ წარმატებულ მომავალზე. ჩამოთვლილმა ძლიერმა განცდებმა შესაძლოა ჩაანაცვლოს სხვა აქტივობები და გამოიწვიოს ინტერესთა სფეროს შევიწროება. გარკვეულ დროში კი ადამიანი ხდება დამოკიდებული, ვეღარ აკონტროლებს თავის ქცევას და მიდის იმ შედეგებამდე, რაზეც ვისაუბრეთ.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია მდგომარეობის ადეკვატური შეფასება და ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ შედეგების განსაზღვრა, რაც უკავშირდება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ურთიერთობებს თუ ფინანსურ მდგომარეობას.

რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას პრევენციისთვის?

ჯანსაღი ცხოვრების წესი, გასართობი აქტივობები, სპორტის პოპულარიზება და დასაქმების ხელშეწყობა აზარტის სწორი მიმართულებით „ხარჯვის“ წინაპირობაა.

სასურველია ბავშვის ემოციურ რეგულაციაზე ყურადღების გამახვილება – როგორ გამოხატავსემოციას, როგორ ამოიცნობსსხვის განცდებს,  როგორ უმკლავდება სტრესს ან  როგორ აღწევს მიზანს. ასევე, მოხდეს ყურადღების გამახვილება ადაპტაციურ მექანიზმებზე.

აღნიშნულ პროცესებში საჭიროა როგორც ინდივიდუალური მიდგომა, ასევე ფართო მასშტაბის სტრატეგიის ჩამოყალიბება და საზოგადოების ფართო მასებში იმპლემენტაცია, რამეთუ კომპლექსური მიდგომის გარეშე მსგავსი მასშტაბის პრობლემასთან გამკლავება წარმოუდგენელია.

მოამზადა  სალომე სისაურმა

 

 

 

Exit mobile version