Psychologist.ge

ნათია ბაციკაძე – დაბალი გუნება-განწყობა და აშლილობა

ნათია ბაციკაძე, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი – ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის  ცენტრი “სტიმულის” ფსიქოკონსულტანტი და ტრენერი

გუნება-განწყობის აშლილობის გამო შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანი მივიდეს სუიციდამდე?

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ფიქრობენ  სუიციდის შესახებ, აწყობენ  განზრახ თვითდაზიანების გეგმებს, იფიქრებენ  სუიციდის სხვადასხვა ვერსიას, ზოგისთვის ამ ფიქრებს აქვს ეპიზოდური ფორმა და მალევე გაივლის, სხვებთან უფრო ინტენსიურადაა და  სამწუხაროდ ბევრ მათგანს სისრულეშიც მოჰყავს დასახული მიზანი. თუმცა, ყველა ჩაფიქრებული განზრახვა არ მთავრდება სუიციდით, მაგრამ ასეთი ფიქრების არსებობა სერიოზულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს და აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის (ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის) დროულ ჩარევას. რადგან სუიციდალური აზრები, როგორც წესი სხვა გამომწვევ მიზეზებს შორის, ასევე  უკავშირდება  დეპრესიას და სხვა აფექტურ აშლილობებს და ფსიქიკურ დარღვევებს, პრობლემებს სოციალურ გარემოში, ოჯახის ან პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და ა.შ ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს სუიციდალური აზრების მომატებაზე და შესაბამისად სუიციდის რისკის მატებაზეც.

 სეზონურ აფექტური აშლილობა, როდის ვლინდება  ადამიანში და  რა თვისებებით ხასიათდება?

ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად მისი ზეგავლენა ადამიანზე  საკმაოდ დიდია. სეზონური აფექტური აშლილობა სწორედ ამ ზეგავლენის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ. სეზონური აფექტური აშლილობა  არის დეპრესიის სახე, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ ცვლილებებთან, უფრო კონკრეტულად, იგი იწყება შემოდგომით,  მზის სინათლის შემცირებასთან ერთად და გრძელდება ადრეულ გაზაფხულამდე. იგი ხასიათდება  ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს დაწყებითა და დამთავრებით. პაციენტებში ვლინდება გუნება-განწყობის, შფოთვის, ლიბიდოს დაქვეითება. გაძლიერებული მადა და ძილიანობა. კონცენტრაციის დეფიციტი და ბრალეულობის განცდა. ასეთი პაციენტები,  ზოგჯერ ემოციური სფეროს დაქვეითებას უჩივიან გაზაფხულზე და ზაფხულშიც, სუსტი განათება ან მოღრუბლული ამინდის პირობებში. ზაფხულში ხშირად აღენიშნებათ მომატებული ლიბიდო და ენერგია, გუნება-განწყობის აწევა.  მადის, წონის და ძილის დაქვეითება..

როგორ ხასიათდება დაბალი გუნება-განწყობა?

ძალიან ხშირად  ადამიანები ცუდ ხასიათზე ყოფნას მოიხსენიებენ, როგორც დეპრესიას, ეს არ ნიშნავს რომ განზრახ აზვიადებენ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობას, მაგრამ  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი სხვაობაა გუნება-განწყობის აშლილობას  და უბრალოდ ცუდ განწყობას, მოწყენილობას შორის. ცუდი განწყობა თავს იჩენს უხასიათობით, მწუხარების, მცირე გაღიზიანების შეგრძნებით – რაც არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, რომელიც არის სტრესულ სიტუაციებზე რეაქცია. ამიტომ, ამაში არაფერია საშინელი, როდესაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა ძალიან საშიშია. ამან შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. და არა აქვს მნიშვნელობა რა არის ცუდი განწყობის მიზეზი. დეპრესია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე, აუარესებს მის ურთიერთობებს ახლობლებთან და კოლეგებთან და უარყოფითად მოქმედებს მუშაობაზე.  იმ შემთხვევაში, თუ ცუდი განწყობა ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ეს უნდა გახდეს  საგანგაშო ზარი და სპეციალისტისგან დახმარების აღმოჩენის მიზეზი.

რა შეიძლება გახდეს ჩვენი დაბალი. გუნება-განწყობის მიზეზი?

რა არის ცუდი განწყობის მიზეზები? ცუდი განწყობა არ არის გარეგანი მიზეზების შედეგი. პრობლემის საიდუმლო ყოველთვის ჩვენშია. ძალიან ხშირად, ეს არის ჩვენი სხეულის სიგნალი. ის გვეუბნება: ”ჩემში რაღაც არასწორი ხდება”. ეს შეიძლება იყოს: არა სწორი კვების რაციონი/განრიგი, სტრესი სამსახურში ან პირად ცხოვრებაში, გადაღლილობა, ისეთ ოთახში ძილი სადაც ჟანგბადის ნაკლებობაა, არა სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, „ცუდი“ ამინდი, წარუმატებლობა,  ცხოვრების უმოძრაო სტილი, მოსაბეზრებელი ყოველდღიური რუტინა, სოციალური კავშირების ნაკლებობა და ა.შ  აუცილებელია დაფიქრება, საკუთარ თავში ჩაღრმავება. გაიგეთ რა ემუქრება თქვენს კარგ განწყობას. მოუსმინეთ საკუთარ თავს? რა ემართება სხეულს – რას გრძნობთ, გონებას, სულს?

წარმოადგენს თუ არა დაბალი გუნება-განწყობა ხელისშემშლელ ფაქტორს სრულფასოვანი ცხოვრებისათვის?

გუნება-განწყობის ცვლილებას თან ახლავს პიროვნების აქტიურობის ხარისხის ცვლილება, სხვა სიმპტომები მეორე ხარისხოვანია და აიხსნება გუნება-განწყობისა და აქტიურობის დონის ცვლილებით. შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე, აუარესებს მის ურთიერთობას ნათესავებთან და კოლეგებთან, უარყოფითად მოქმედებს მუშაობაზე. წყვეტს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან  კომუნიკაციას, შესაძლოა უინტერესო გახდეს მისთვის სამსახურიც, ზოგჯერ დაბალ-გუნება განწყობას თან ახლავს ლტოლვის არ არსებობა, წუხილის, სასოწარკვეთის, გულგრილობის გრძნობები და ა.შ

როგორ ავირიდოთ თავიდან გუნება-განწყობის აშლილობა?

შეინარჩუნოს სტაბილური გუნება-განწყობა და სრულფასოვანი ცხოვრება:

  1. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოიწყეთ განტვირთვის დღეები ბუნებაში;
  2. დაკავდით სპორტით;
  3. ყურადღება მიაქციეთ რას მიირთმევთ;
  4. იფიქრეთ პოზიტიურად და იყავით მადლიერი ყოველივე დღის;
  5. დაფიქრდით თქვენს მიზნებსა და ოცნებებზე, ცუდი განწყობა მოულოდნელად მოდის, ამას ჩვეულებრივ არ ველოდებით. მაგრამ თქვენი მიზნები და პრობლემები არ ქრებიან. შეეცადეთ წარმოიდგინოთ მიზნები და პრობლემები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ლოგიკურად ყველაფერი ძალიან მარტივია. მიზნის მისაღწევად ან პრობლემის გადასაჭრელად, შედეგი გჭირდებათ. შედეგი კი მიიღწევა,  როდესაც მისკენ მიდიხართ.
  6. აკეთეთ ის, რაც გიყვართ. თითოეულ ჩვენგანს აქვს საქმიანობა, რომელსაც მოაქვს დამატებითი შთაბეჭდილებები, ემოციები და ძალა. გააკეთეთ ის, რაც გიყვართ! თქვენ არა მხოლოდ ეფექტურად იყენებთ დროს, არამედ იღებთ შედეგებსაც.

 

ინტერვიუ მოამზადა ქეთევან კაცელაშვილმა

 

Exit mobile version