ნანა ფაცაცია – ფსიქოლოგი
როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც რთულია ცხოვრების რიტმის უეცარი ცვლილება, ახალ რეალობასთან შეგუება, განსაკუთრებით თვითიზოლაციის პირობებში, როცა მათი ფიზიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეზღუდულია და უწევთ უჩვეულო პირობებთან შეგუება.
ბავშვებს აქვთ უნარი მარტივად შეეგუონ და ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან, გაუმკლავდნენ სირთულეებს და სტრესულ ვითარებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის წევრები იქნებიან მხარდამჭერი და დამხმარენი მათთვის, რათა გაანალიზონ მიმდინარე მოვლენები, მათ შეკითხვებს გაეცეს ადეკვატური პასუხი და შეძლონ შეგუება ახალ რეალობასთან უმტკივნეულოდ.
უნდა იცოდნენ თუ არა ბავშვებმა კოვიდ-19 ის შესახებ?
ბავშვების ასაკის გათვალისწინებით აუცილებელია მიეწოდოთ მათ რეალური ინფორმაცია უფროსებისგან, ისე რომ ეს არ იყოს მათთვის დამთრგუნველი და მატრავმირებელი. ბავშვები ძალიან კარგად აღიქვამენ მათ ირგვლივ მოვლენებს, უფროსების რეაქციებს, მშობლების ემოციურ მდგომარეობას, ესმით სხვა და სხვა სახის ინფორმაცია ტელე თუ ინტერნეტ საშუალებებით, შესაბამისად რეალობის დამალვა და ტყუილის თქმა ბავშვებისთვის არ იქნება სწორი. განსაკუთრებით, როცა ბავშვი სვამს შეკითხვებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს რომ მას აინტერესებს თუ რა ხდება მათ ირგვლივ, რატო შეიცვალა მისი ყოფითი ჩვეული ცხოვრების სტილი? შესაბამისად უფროსების პასუხი მათ კითხვებზე უნდა იყოს სწორი და ადეკვატური, ოპტიმისტური შინაარსის მესიჯით.
როგორ დავიცვათ ბავშვები უარყოფითი ემოციებისგან თვითიზოლაციის დროს?
ბავშებისთვის მაგალითის მიმცემია მშობელი და უფროსების ქცევა. მოგეხსენებათ თუ მშობელი ზედმეტი ემოციურობით აღიქვამს მოვლენებს, უჭირს საკუთარი ქცევისა და ემოციის კონტროლი, მუდმივად შფოთავს, უსმენს გაუთავებლად საინფორმაციო საშუალებებს და უჭირს ადაპტაცია რეალობასთან, შესაბამისად ბავშვებზეც აისახება მათი ემოციური ფონი უარყოფითად.
თვითიზოლაციის დროს ბავშვებმა შესაძლოა გამოხატონ უჩვეულო აქტიურობა, მოუსვენრობა, რაც გამოწვეულია შეზღუდულ სივრცეში ყოფნით და ფიზიკური ენერგიის მოზღვავებით, ასეთ დროს მათ უნდა მიცეთ განტვირთვის საშუალება, უფროსების დახმარებით დაგეგმოთ სხვა და სხვა სახის შიდა აქტივობები, რომელიც ფიზიკური ენერგიისგან განტვირთვის საშუალება იქნება: ფიზიკური ვარჯიში, შემეცნებით-გამააქტიურებელი სავარჯიშოები და ა.შ. თუ ეზო გაქვთ, მითუფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს აქტივობები, როგორიც არის ეზოში მუშაობა, მცენარეების მოვლა და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად თერაპიულია. შესაძლოა მოიმატოს ბავშვებში გაღიზიანებადობამ, შფოთვამ, შესაძლოა მოხდეს მათი მხრიდან დაავადების იმიტირება, ასეთ დროს აუცილებელია მშობლის მხრიდან აქტიური ჩართულობა, ბავშვების ინფორმირება, მათ ემოციის გაგება და ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელება.
შესაძლოა იზოლაციის დროს ბავშვების და მოზარდების მხრიდან მოიმატოს სმარტფონებისა და გაჯეტების გამოყენების სიხშირემ, რაც ასევე განპირობებულია მეტი თავისუფალი დროის ქონით, მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება მიაქციოს თუ რა სახის ინფორმაციას ისმენს და რა სახის თამაშებს უყურებს და თამაშობს მოზარდი.
მოგეხსენებათ გარდატეხის ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თვითიზოლაციის დროს გამწვავდეს ემოციური ფონი პუბერტატის ასაკის მოზარდებში, მნიშვნელოვანია ხელშეწყობა უფროსების მხრიდან, საუბარი და მოსმენა, მათი ემოციების გაგება, ინფორმაციის მიწოდება , თანადგომის და სიყვარულის გამოხატვა.
თვითიზოლაციის დროს უფროსების მხრიდან ბავშები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების განცდით, სწორი ინფორმაციის მიწოდებით, მათი ემოციის გაგებით და ადეკვატური რეაგირებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით სხვა და სხვა სახის ერთობლივი ატიბობების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. რაც ყველზე მთავარია, ჩვენთან ერთად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რთული სიტუაციის მართვა და სიძნელეების გარკვეულ რესურსად ქცევა .